ქურდული ცხოვრება
– კაროჩე, ქუჩაში ერთი კაცი გავფცქვენი და გულის შიდა ჯიბიდან პატარა ხვეული ამოვუღე. სახლში რომ მივედი და გავხსენი, იქ მხოლოდ ფურცლები იდო და რაღაცეები ეწერა. არც კი წამიკითხავს, ისე მოვისროლე მტკვარში. ორი დღე რომ გავიდა, ეს ამბავი აღარც კი მახსოვდა და, „ძაღლებმა” არ ამაგდეს?!
– რა გინდათ, რას მერჩით? – ვკითხე მე. ერთ-ერთმა ყურის ძირში წამომარტყა და მითხრა:
– საიდუმლო პაკეტი რომ მოჰპარე ჩვენს კურიერს, სად წაიღე?
– რა საიდუმლო პაკეტი, უფროსო, რაღაც გეშლებათ-მეთქი. მან ისევ წამომარტყა, მერე კი ვიღაც კაცი შემოიყვანეს, რომელმაც თქვა, ამან მომპარაო. ერთი სიტყვით, კობრა, თურმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მილიციის კურიერისთვის საიდუმლო პაკეტი მომიპარავს.
ხვლიკას სიტყვებზე ავხარხარდი. როცა დავმშვიდდი, ვუთხარი:
– მოკლედ, ასეთ რამეებს ვერ გასცდი. მერე?
– მერე მითხრეს, თუ პაკეტს არ გამოაჩენ, ჯერ გაწამებთ, მერე კი დაგვხრეტთო. რა უნდა მექნა? ვუთხარი, გამოვაჩენ, მაგრამ, ისეთ ადგილზეა, თქვენ ვერ მიაგნებთ და მე უნდა წამიყვანოთ-მეთქი. მოკლედ, მთაწმინდაზე, ჩემს ერთ ძველ სამალავში მივიყვანე „ძაღლები”. სამალავი იტალიური ეზოს სამსართულიანი სახლის სხვენში იყო. ხელბორკილები მომხსნეს და გადამალული ტავარის ამოღება დავიწყე. იქვე ერთი „სკვაზნოი“ (სათადარიგო გასასვლელი) მქონდა შენიღბული, უცებ ჩავძვერი და მოვუტყდი. იმავე დღეს გავედი ქალაქიდან და, ჯერ ერევანში წავედი, იქიდან კი მოსკოვში გამოვემგზავრე. აქ ანუშკა შემხვდა, შემიფარა და მოსკოვში დავიწყე ჩალიჩი.
– გეუბნებოდა აფერისტა, ტუფტაზე ნუ იპარავო და არ უჯერებდი, – ვუთხარი ბიჭს.
– ეჰ, გარდაიცვალა ცხონებული. დაიძინა და აღარ გაუღვიძია, – სინანულით თქვა ხვლიკამ და აფერისტას შესანდობარი შევსვით.
მოუხელთებელი ხვლიკა მაინც დაიჭირეს მოსკოვში. როგორც მერე გავიგე, თურმე „მურს“ აუგდია და ჯიბგირისთვის უჩვეულო სროკი – თორმეტი წელი მიუციათ. მაგრამ ხვლიკა რა ხვლიკა იქნებოდა რამე არაორდინარული რომ არ ექნა. ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ ის ზონიდან გაქცეულა – როგორღაც მოუხერხებია, სანაგვე მანქანის კონტეინერში ჩამძვრალა და გაპარულა. დღესდღეობით ხვლიკა უცხოეთში ცხოვრობს და რაღაც პატარა ბიზნესი ჰქონია. უდავოდ ნიჭიერი ადამიანია, თანაც, ძალიან მოხერხებული და თავის გატანა ნამდვილად არ გაუჭირდებოდა.
ნიჭიერი და მოხერხებული ადამიანების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის პრისტუპნი მირი და თითოეული მათგანი არაორდინარული და თავის საქმეში გამოჩენილი პიროვნებაა. ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაერთ ასეთ ადამიანს შევხვედრივარ და მათთან ურთიერთობა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ხოლმე. ბუტირკის ციხეში ერთი კაცი გავიცანი, მეტსახელად „ხუდოჟნიკა“. რვაწლიანი სროკი იმის გამო აჰკიდეს, რომ თიხისგან შიშველი ლენინის ქანდაკება გააკეთა, რომელიც კედელთან შარდავდა... ხუდოჟნიკა თვითნასწავლი ხელოვანი იყო და ძერწვაც ეხერხებოდა და ხატვაც. ჩვენი საკანი ისე ჰქონდა მოხატული, ერმიტაჟი გეგონებოდათ. კედლებზე ცნობილი მხატვრების შედევრები იყო გამოსახული, რომლებიც მას ზეპირად ჰქონდა შესრულებული და ცარცებით ხატავდა. პურისგან კი პატარ-პატარა ქანდაკებებს აკეთებდა. ერთხელ, ცნობილ ბანდიტს, ბანკების მძარცველ რომან ხალუსს, რომელიც თხუთმეტწლიან სროკს ბუტირკაში იხდიდა, მისივე თხოვნით, პურისგან კალაშნიკოვის ავტომატი და ორი ცალი „ლიმონკა“ გაუკეთა. შემდეგ ისინი ცარცებით შეღება და, რომ ვნახეთ, ნამდვილები გვეგონა. სწორედ ხუდოჟნიკას იარაღებით განახორციელა ხალუსმა ცნობილი გაქცევა ბუტირკის ციხიდან. მან ჯერ ნადზორები შეაყენა და მათ ნამდვილი იარაღები აართვა, შემდეგ კი ციხის უფროსი აიყვანა მძევლად და ამგვარად გავიდა სვაბოდაზე. ამის გამო ხუდოჟნიკა ხელახლა გაასამართლეს და კიდევ ხუთი წელი დაუმატეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ზონაში გარდაიცვალა... ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი ასეთი ტალანტი დაიღუპა პატიმრობაში და, რომ არა ტრაგიკული გარემოებები, ნებისმიერ მათგანს შეეძლო, სახელოვანი ადამიანი გამოსულიყო. ხდება ხოლმე პირიქითაც და ყოფილა შემთხვევები, როცა ციხეში ახალგაზრდა, ყოვლად გამოუცდელი ადამიანი შესულა და, იქიდან რომ გათავისუფლებულა, საქვეყნოდ აღიარებული და დაფასებული პიროვნება გამხდარა. ერთ ძალიან ცნობილ ადამიანს, რომელსაც პირობითად თემურს ვუწოდებ, სწორედ ასე დაემართა. მას პირადად ვიცნობდი და ჩვენი ნაცნობობა სწორედ ციხეში შედგა. ის ძალიან გონებამახვილი, უნიჭიერესი ადამიანი იყო და დღეს მთელ მსოფლიოში იცნობენ. ჩვენს საკანში რომ მოიყვანეს და გაგვეცნო, ვკითხეთ:
– თემურ, ძმაო, რაზე ზიხარ?
– ტყუილა, – თქვა თემურმა.
– ეგ როგორ, არაფერი დაგიშავებია?
– არაფერი.
– აბა, რატომ დაგიჭირეს?
– უნივერსიტეტში მეჩქარებოდა და ქუჩაში ერთი „პობედა“ იდგა, მასში კი მძღოლი იჯდა. მივედი და ვთხოვე, უნივერსიტეტში წამიყვანე-მეთქი. დაჯექიო. ქუჩაში „გაი“ აგვეკიდა და გვიყვიროდნენ, გააჩერეთო. მძღოლმა კი სიჩქარეს მოუმატა, შემდეგ ერთ ჩიხში გააჩერა, გადმოხტა და გაიქცა. შიშისგან მეც გავიქეცი, მაგრამ, ფეხი გადამიბრუნდა, წავიქეცი და დამიჭირეს. მაბრალებენ, მანქანა მოიპარეო და არ სჯერათ ჩემი – თუ დამნაშავე არ ხარ, რატომ გაიქეციო.
თემური რომ სიმართლეს ამბობდა, მაშინვე მივხვდით და ვუთხარი:
– ტუფტაზე დაუჭერიხარ. რომ არ გაქცეულიყავი, მაინც დაგიჭერდნენ. რამდენი მოგისაჯეს?
– ოთხი წელი.
– ძალიან ცუდია, – თანავუგრძნე მე, – ოთხი წელი ტყუილა უნდა დაკარგო.
– ტყუილა რატომ, დავწერ, – მითხრა თემურმა.
– წერილებს?
– წერილებსაც და ლექსებსაც.
– ლექსებს წერ?
– კი, – მიპასუხა თემურმა და ერთი ლექსი წაგვიკითხა, რომელიც ყველას მოგვეწონა.
თავისი უშუალობისა და პატიოსნების გამო, თემური ძმად მივიღეთ, მაგრამ, ჩვენს წრეში შემოსვლა და მისი გაპრისტუპნიკება არც კი გვიცდია. ბიჭს წერის ნიჭი ჰქონდა და ეტყობოდა, რომ სახელოვანი კაცი გამოვიდოდა. ციხეში თემურმა ბევრი კარგი რამ დაწერა და კიდევ უფრო მეტი იდეა მოუვიდა თავში, რომლებიც შემდგომ განახორციელა კიდეც. სწორედ ამ განხორციელებულმა იდეებმა მოუტანა მას შემდგომში მსოფლიო აღიარება. ეს ბიჭი საოცრად ნიჭიერი იყო და ისე საინტერესოდ ყვებოდა ყველაზე უმნიშვნელო ამბავსაც კი, რომ სმენად იყავი ქცეული. ერთხელ ციხის უფროსმა ყველა არხი გადაგვიკეტა და ციხეში არაფერი შემოდიოდა. ბალანდაზე დაგვსვეს, არც სიგარეტი გვქონდა, არც ჩაი და არც სხვა საჭირო და პატიმრისთვის აუცილებელი ჩვეული რამ. ციხის უფროსი ახალი დანიშნული იყო, ფულის შოვნა უნდოდა და არხები ამიტომ გადაგვიკეტა.
– ვაჰ, მაგის დედა... – იგინებოდა ჭიპია, – ეს რა ხისთავა და ნაბოზარი ვინმეა, გალიაკზე არ დაგვსვა ეს ამდენი ხალხი?!
ერთი სიტყვით, ქურდები საგონებელში ვიყავით ჩავარდნილები. ფულის მიცემა კი იმიტომ არ გვინდოდა ახალგამოჩეკილი ციხის უფროსისათვის, რომ თავს გავიდოდა, უფრო მეტად დაგვინაჟიმებდა, ეს კი ჩვენი სირცხვილი იყო.
– ციხე ქურდებისაა, ძმებო და, დროზე რამე თუ არ ვიჩალიჩეთ, ეს ბოზი უარეს დღეში ჩაგვყრის, – თქვა ჭიპიამ.
ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და ბოლოს იმ აზრამდე მივედით, რომ ბუნტის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ოთხი ათასი პატიმარი აგვებუნტებინა და ისე გაგვეტანა ჩვენი. თემური ყურადღებით ისმენდა ჩვენს მსჯელობას და ხმას არ იღებდა. ბოლოს კი, როდესაც პატიმრების აბუნტების გადაწყვეტილება მივიღეთ, თემურმა გვითხრა:
– ძმებო! მე ვიცი, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა.
– თემოჯან, ძმაო, – უთხრა ჭიპიამ თემურს, – ბაზარი არაა, ლექსების წერა გეხერხება, მაგრამ, ციხის ავან-ჩავანი შენ რა იცი?
– სწორედ ლექსებით გამოვა ეს საქმე.
– ეგ როგორ? – გაოცდა ჭიპია.
– აი, მომისმინეთ, ძმებო, – თქვა თემურმა და ციხის უფროსზე დაწერილი, რამდენიმე ძალიან ადვილად დასამახსოვრებელი და ძალიან მწარე, გარითმული წინადადება წაგვიკითხა, რაზეც მთელი საკანი ახარხარდა.
– მერე, რას აპირებ? – ჰკითხა ჭიპიამ.
– ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, ჭიპიაჯან. მთავარია, ეს სტრიქონები ყველა პატიმარმა ისწავლოს ზეპირად და ერთ ხმაზე წარმოთქვას მუდმივად. ოთხი ათას კაცს ხომ არ დაგვსჯის ერთად. ჰოდა, ყელში რომ ამოუვა, უსტუპკებზეც წავა, – აგვიხსნა თემურმა.
– მერედა, ამ საქმიდან გამოვა რამე? – დაეჭვდა ჭიპია.
– დარწმუნებული ვარ, რომ გამოვა, – თქვა თემურმა.
ერთი სიტყვით, ერთი საათის შემდეგ მთელი ციხე უკვე ციხის უფროსზე გარითმულ პახაბნი ლექსს ამბობდა და ის კრეტინიც ერთ საათში გატყდა, შუამავლები გამოგვიგზავნა და შეგვპირდა, რომ ჩვენს მოთხოვნებს შეასრულებდა. მართლაც, საღამოს ციხეში იმდენი გრევი შემოვიდა, სად რა წაგვეღო, არ ვიცოდით. ჭიპია თემურს გადაეხვია და უთხრა:
– საღოლ, ძმაო, გენიოსი ხარ. შენი ადგილი მწერალთა კავშირშია და არა ციხეში.
– აქ რა, ცუდი ხალხი ვართ? – გავეხუმრე ჩემს კოლეგას. მან კი მიპასუხა:
– ჩვენ სხვა მასტები ვართ, თემური კი სხვა მასტია. მისი ადგილი იქაა, მით უმეტეს, რომ ეს ბიჭი უდანაშაულოა.
თემურს გაუმართლა. „პობედის“ ნამდვილი ქურდი მილიციამ დაიჭირა და მან სიმართლე თქვა. ამიტომ, უდანაშაულო თემური პასუხისგებისგან გაათავისუფლეს და გაუშვეს. სვაბოდაზე რომ გადიოდა, ყველას გადაგვეხვია, მადლობა გადაგვიხადა. დამშვიდობებისას ვუთხარი:
– კარგად, თემურ! რა ტყუილად გამოგამწყვდიეს ამ ბოზებმა ექვსი თვით.
– სულაც არა, კობრა. ამ ექვს თვეში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე თქვენგან. თანაც, თქვენნაირი კარგი ხალხი გავიცანი და სულაც არ ვნანობ ამას.
– კარგად, თემო, მეტი აღარ მობრუნდე აქ. მშვიდობით, – უთხრა თემურს ჭიპიამ.
– მშვიდობით კი არა, ნახვამდის, ჭიპია, – ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და ჩვენი ძმობა გაგრძელდება, – თქვა თემურმა და საკანი დატოვა.
თემურს არასოდეს გაუწყვეტია ჩვენთან კავშირი და ციხეში რეგულარულად გვიგზავნიდა გრევებს, სვაბოდაზე კი ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. თემურს არც მაშინ დავვიწყებივართ, როდესაც მას უკვე მსოფლიო იცნობდა და მისი წიგნები უზარმაზარი ტირაჟებით იბეჭდებოდა. დღეს ის ცოცხალი აღარაა. ხშირად ვიხსენებ და გული მწყდება, რომ ასე უდროოდ წავიდა ჩვენგან ეს ახალგაზრდა კაცი. მის დასაფლავებაზე იმ პერიოდში სვაბოდაზე მყოფი ქურდები ერთად შევიკრიბეთ, დიდი გვირგვინი მივიტანეთ და ფეხით გავყევით სასაფლაომდე. თემო დიდი ადამიანი იყო და დიდი სახელიც დატოვა...
ქურდებისა და ცნობილი ადამიანების ძმაკაცობა საკმაოდ ხშირი მოვლენაა და, თემურის არ იყოს, დღემდე მრავალ მათგანთან მაკავშირებს ახლო ურთიერთობები. ნამდვილი მეგობრობა უკვდავია და მას გაფრთხილება უნდა. მეგობარი და ძმაკაცი საიმედო ბურჯია და, როცა ასეთ განძს ფლობ, ცხოვრებაც ბევრად უფრო სასიამოვნოა. თვრამეტი წელი პატიმრობაში მაქვს გატარებული და, საიმედო მეგობრები რომ არ მყოლოდა, დღეს ჩემი დუხიც არ იქნებოდა. როგორც ადრე ვთქვი, თურმე, მთელი ეს წლები ხუჭუჭა ფარულად მფარველობდა და ახლა მივხვდი, რამდენჯერ დამეხმარა მისი უხილავი ძალა.
ჯერ კიდევ გაგანია კომუნიზმის ხანა იდგა. უკვე საქვეყნოდ ცნობილი ქურდი ვიყავი და მილიციას საგანგებო აღრიცხვაზე ვყავდი. საკმარისი იყო, დამეცემინებინა, რომ მთელი მილიცია ფეხზე იდგა. იმ პერიოდში მოსკოვში ერთ ქალთან ვცხოვრობდი და ერთ მსხვილ საქმეს ვამზადებდი. დღე-დღეზე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ, სწორედ იმ დროს ერთი ბოლოლა პარტიული ბოსის ბინა გაქურდეს და მილიციაც ამოძრავდა. „მურის“ მთელი პირადი შემადგენლობა ფეხზე იდგა და დამნაშავეებს ეძებდნენ. მართალია, მე ძებნილი არ ვიყავი, მაგრამ მილიციას მაინც ვერიდებოდი და ჩემი საცხოვრებლის მისამართი არავინ იცოდა. ერთ საღამოს ტელეფონმა დარეკა. ჩემმა ნაშამ ყურმილი აიღო და მცირე პაუზის შემდეგ მითხრა:
– კობრა, შენ გკითხულობენ.
ქალი საიმედო იყო და მასში ეჭვი არ მეპარებოდა, ამიტომ, ძალიან გამიკვირდა. ყურმილი გამოვართვი და ვუპასუხე:
– გისმენთ!
– დღესვე გაემგზავრე მოსკოვიდან! – მითხრა მამაკაცის უცნობმა ხმამ ქართულად.
– რომელი ხარ?
– ამას მნიშვნელობა არა აქვს. სასწრაფოდ დატოვე მოსკოვი და ერთი თვით მაინც სადმე, ფსკერზე დაწექი.
– რატომ, რამე დავაშავე?
– დააშავე.
– რა?
– ის, რომ ქურდი ხარ. ქურდებზე კი ახლა ნადირობაა გამოცხადებული მოსკოვში.
– მაინც, ვინ ხარ და როგორ მოგმართო?
– კობრა, ჭკვიან კაცად გიცნობ და რა დაგემართა? წადი, დაიმალე, თორემ, შეიძლება, ვეღარავინ გიშველოს.
უცნობის საქციელი პროვოკაციად ჩავთვალე, რისთვისაც არაერთხელ მიუმართავს მილიციას და ვუპასუხე:
– მე არაფერი დამიშავებია და, ვისაც უნდა, გადაამოწმოს. დასამალი არაფერი მაქვს.
– გასულელებულხარ, – მოკლედ მომიჭრა უცნობმა და ტელეფონი დაკიდა.
სულ რაღაც ნახევარ საათში „მურის“ ოპერები შემომივცვივდნენ და პოლკოვნიკმა სიომინმა, რომელიც ძალიან კარგად მიცნობდა, მითხრა:
– შენს ძებნაში ქანცი გამიწყდა. წავედით.
– დაისვენეთ, ვადიმ პეტროვიჩ, სული მოითქვით, – ვუთხარი პოლკოვნიკს, მან კი მომიგო:
– ქურდების ხელში დაისვენებ, როგორ არა... ჩაიცვი, წავედით.
– სად?
– რესტორან „არაგვში“, – ირონიულად მიპასუხა პოლკოვნიკმა.
– რაღა იქ, აქვე აღვნიშნოთ ჩვენი შეხვედრა.
– „მურში“ აღვნიშნავთ. წავედით.
– „მურში“ რა მინდა, რა დავაშავე?
– ამას იქ გავარკვევთ. აბა, წავედით!
პოლკოვნიკი სიომინი განყოფილების უფროსი იყო და რადგან ის მოვიდა ჩემს წასაყვანად, მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული მოხდა. მივხვდი იმასაც, რომ სატელეფონო საუბარი პროვოკაცია კი არა, მეგობრული დახმარება იყო, თუმცა აზრადაც არ მომსვლია, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო.
„მური“ სავსე იყო ჩემი კოლეგებით. ბოლო დაკავებული მე ვიყავი და პირადად სიომინმა დამკითხა.
– აბა, კობრა, ამოღერღე, სად გადამალე პატივცემული რაიკომის მდივნის ბინიდან წაღებული ნივთები? – რიხიანად მითხრა სიომინმა.
– ვადიმ პეტროვიჩ, იქნებ საქმის კურსში შემიყვანოთ, რა ხდება, რომ მცირე წარმოდგენა მაინც მქონდეს, – ვუთხარი პოლკოვნიკს.
– თავს ნუ ისულელებ და ამოღერღე, – კოპები შეკრა სიომინმა.
– ვინ-ვინ, მაგრამ, თქვენ მაინც კარგად იცით, რომ თავის გასულელება არ მჩვევია.
– ეგ ადრე იყო, მე კი დღევანდელი დღე მაწუხებს. გამოტყდი.
– ვადიმ პეტროვიჩ, დავუშვათ და დანაშაული ვაღიარე. როგორც ვატყობ, თქვენთვის მთავარია ნივთების დაბრუნება და საიდან მოგიტანოთ?
– კობრა, ნუ მაბოლებ!
– არ გაბოლებთ, სუფთა ვარ.
– შენ სულ ასეთი სუფთა ხარ, – სიტყვა გამაწყვეტინა გაოფლილმა პოლკოვნიკმა, – თითქმის თხუთმეტი წელია, გიცნობ და სულ ასეთი სუფთა ხარ, ფაქტით ერთხელაც არ დამიჭერიხარ.
– იმიტომ, რომ მოსკოვში არ ვმუშაობ.
– აბა, სად?
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, აქ არ ვმუშაობ.
– კობრა, ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ნუ ფიქრობ, რომ ამჯერადაც გამოძვრები. ან აღიარებ, ან ძალიან ცუდად წაგივა საქმე.
– ვაღიარებ, – ვთქვი მე.
პოლკოვნიკი დაიბნა და პაუზა გააკეთა. შემდეგ გამოერკვა და მითხრა:
– მოიცა, მოიცა, თანმიმდევრულად მივყვეთ.
– მივყვეთ.
– რას აღიარებ?
– დანაშაულს.
– რომელ დანაშაულს?
– აი, ეგ კი უკვე თქვენ უნდა მითხრათ.
– კობრა! – ხმას აუწია პოლკოვნიკმა.
– დიახ, გისმენთ.
– სიმართლე თქვი და მომიყევი, როგორ გაქურდე რაიკომის მდივნის ბინა. სად წაიღე ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი ქვები. აი, ქაღალდი და პასტა, დაწერე.
პოლკოვნიკი „აჭრილი“ იყო და თავს ვერ აკონტროლებდა. ეტყობოდა, რომ ზემდგომები მაგრად უნაჟიმებდნენ. მაგრამ, რით დავეხმარებოდი?! ეს საქმე ჩემი გაკეთებულიც რომ ყოფილიყო, მაინც არაფერს ვიტყოდი და, ტუფტა საქმეს, აბა, როგორ დავიკიდებდი კისერზე? ამიტომ გამეცინა და ვუთხარი:
– წერა არ მეზარება, მაგრამ, ამ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს დაგიწერთ.
– დაწერე-მეთქი! – იღრიალა პოლკოვნიკმა და თვალები გაუფართოვდა.
– რა დავწერო, იქნებ თქვენ მიკარნახოთ?
– დაწერე, როგორ შეძვერი მეხუთე სართულის ფანჯარაში და როგორ გატეხე ფომკით (ძალაყინი) ფრანგული სერვანდი, საიდანაც სამოცდათხუთმეტი ათასი მანეთის ღირებულების ანტიკვარული სამკაულები გაიტაცე და როგორ გადახვედი უკან ფანჯრიდანვე.
– ვადიმ პეტროვიჩ, რომელი „ფორტოჩნიკი“ (ფანჯრიდან შემსვლელი ქურდი) მე მნახეთ? თანაც ფომკით არასდროს მიმუშავია. მსგავსი უხეშობა, კარგად იცით, რომ არ მახასიათებს, მისამართი შეგეშალათ.
– ვის აბოლებ, შე ძაღლიშვილო! – დამიღრიალა მოთმინებიდან გამოსულმა პოლკოვნიკმა, რომელმაც პირველად გადალახა ზომიერების ზღვარი და შეურაცხყოფა მომაყენა.
– ძაღლიშვილის ხმა მესმის, – მშვიდად მივუგე სიომინს, რომელიც ჩემმა სიტყვებმა გამოაფხიზლა და მეტი შეურაცხყოფა აღარ მოუყენებია. თუმცა, იხტიბარი არ გაიტეხა და მითხრა:
– მე შენ გიჩვენებ სეირს. ახლა კამერაში გამოგამწყვდევ და ნახავ, რაც მოგივა.
ათი წუთის შემდეგ უკვე „მურის“ ჯურღმულებში, ათადგილიან საკანში მიკრეს თავი, სადაც ჩემ გარდა კიდევ ცხრა ჩემი კოლეგა იჯდა. მე მათ სათითაოდ მივესალმე და ნარზე ჩამოვჯექი.
– რაო, კობრა, დანაშაული აღიარეო, ხომ? – გაეცინა „პუშკას“, რომელიც ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა და საკანში აქეთ-იქით დადიოდა.
– პოლკოვნიკმა სიომინმა გარეკა. ასე მითხრა, დამიწერე, ფორტოჩკიდან როგორ შეძვერი ბაითში, ფომკით სერვანდი როგორ გატეხე და სამოცდათხუთმეტი ათასის ანტიკვარები როგორ მოჰპარე რაიკომის მდივანსო.
ჩემს სიტყვებზე ჩემს კოლეგებს ხარხარი აუტყდათ, რადგან იცოდნენ, რომ არც ფორტოჩნიკი ვიყავი და, მით უმეტეს, არც ფომკით ვმუშაობდი.
– რომელი ფორტოჩნიკი შენ გნახეს, – თქვა პუშკამ, – ისე, საიდან რაიკომის მდივანს ამხელა ქონება?
– ბებიამისმა დაუტოვა! – ისროლა რეპლიკა ერთ-ერთმა კოლეგამ, პუშკამ კი მიუგო:
– ჰოდა, ბებიამისს მოჰკითხოს.
მე გამეცინა და ვთქვი:
– მიაკითხა კიდეც, მაგრამ, ბებიამისი ჩვენ გვაწვება.
ჩემს სიტყვებზე საკანი ახარხარდა. მე კი დავამატე:
– სიომინს კბილები აქვს ალესილი და დიდი ეგზეკუციით იმუქრება.
– მართალი ხარ, – დამეთანხმა პუშკა, – მითხრა, გასაქანს არ მოგცემთ, თუ ამ საქმეს ვერ მომიგვარებთო. როგორც ჩანს, მაგრად შეახურეს. რამე უნდა ვქნათ. იქნებ, ძვირფასეულობა ვიპოვოთ, რომ თავი დაგვანებონ?
– ძალიან რთული საქმეა, – თქვა „მელამ“, – ეგ საქმე ნაღდად ახალბედას გაკეთებულია. უხეში ნამუშევარია და ჩვენში ასეთი მოჩალიჩე არ მეგულება.
ბჭობა კარგა ხანს გაგრძელდა. უცებ საკნის კარი გაიღო და მორიგემ დაიძახა:
– გველესიანს ეძახიან!
– კობრა, შენ გიხმობენ, – მითხრა პუშკამ, მელამ კი დაამატა:
– ალბათ, სიომინი გეძახის. უთხარი, გაგვიშვან, რომ ვიჩალიჩოთ და იქნებ მართლა ვიპოვოთ მოპარული ნივთები. ჩვენს აქ ყოფნას რა აზრი აქვს?
– ვეტყვი, – მივუგე მე და მორიგეს გავყევი.
მართლაც, სიომინთან ამიყვანეს და პოლკოვნიკმა მითხრა:
– როგორ ხარ, კობრა?
– ძველებურად.
პოლკოვნიკმა საშვი მომაწოდა და მითხრა:
– თავისუფალი ხარ. შეგიძლია, წახვიდე.
– ქურდი იპოვეთ?
– არა, – თავი გააქნია სიომინმა.
– დარწმუნდით, რომ უდანაშაულო ვარ?
– ეგ ისედაც ვიცოდი.
– აბა, რას მერჩოდით?
– არც არაფერს. თავისუფალი ხარ, წადი.
– ვადიმ პეტროვიჩ, მაინც რა მოხდა, ასე უცებ რატომ შეიცვალეთ აზრი?
– კობრა, უშენოდაც თავი მიხურს და ნუ მგრუზავ. წადი და მორჩა. ის პატარა კონფლიქტი კი დაივიწყე.
– რა კონფლიქტი?
– ძაღლიშვილი და ასე შემდეგ... მოკლედ, გავცხარდი და ამიტომ ვერ შევიკავე თავი.
– ეგ არაფერი, მეც ხომ გიპასუხეთ. ბარი-ბარში ვართ, – მივუგე პოლკოვნიკს, – საკნიდან ქურდებმა შემოგითვალეს, გაგვიშვით და ვიჩალიჩებთ, იქნებ ნაქურდალი ვიპოვოთო.
– კარგი იდეაა, ვიფიქრებ. შენ კი თავისუფალი ხარ.
– ვადიმ პეტროვიჩ, ვინმემ გთხოვათ ჩემი გაშვება?
– მიბრძანეს.
– გიბრძანეს?
– კი.
– ვინ?
– „მურის“ უფროსმა.
– ხუმრობთ?
სიომინმა გაოცებით შემომხედა და მითხრა:
– ვგავარ ახლა მე ხუმარას?
– აბა, „მურის“ უფროსი რატომ მიშვებს?
– იმიტომ, რომ მასაც უბრძანეს.
– ვინ?
– აბა, ეგ მე რა ვიცი. როგორც ჩანს, ვიღაც ბობოლამ დაურეკა. ძლიერი მფარველი გყოლია, ძმაო.
„მურის“ პოლკოვნიკის სიტყვები არ მესიამოვნა. მავანს ამ სიტუაციიდან ძალიან ცუდი დასკვნის გამოტანა შეეძლო. მე ნამდვილად არ მინდოდა, რომ, თუნდაც მილიციელს ეფიქრა ჩემზე, „შეკრულიაო“ და პოლკოვნიკს ვუთხარი:
– არანაირი მფარველი არ მყავს და ეს თქვენ კარგად იცით. მე ქურდი ვარ და არავის მფარველობა არ მჭირდება. არსად არ მივდივარ და აქ ვრჩები.
კოპებშეკრული სიომინი ჩემმა სიტყვებმა გაახმიარულა და მითხრა:
– აქ რაში მჭირდები, „მურში“ ხომ არ გინდა მუშაობის დაწყება? წადი, ძმაო, მშვიდობით იარე. გინდა, ტყავი გამაძრონ შენ გამო?
– ვადიმ პეტროვიჩ, მიჩალიჩებ?
– რას? – გაოცდა პოლკოვნიკი.
– გამიშვებ და ცუდ ხმებს გამივრცელებ.
– ახლა შენი აჭრაღა მაკლია, თითქოს ჩემი არ მყოფნიდეს. არაფერს არ გიჩალიჩებ და, რაც გითხარი, მართალია. როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან შესტკივა შენზე გული და გეხმარება. მოკლედ, თავისუფალი ხარ. ისე, თუ შენც იჩალიჩებ და ნაქურდალის დავაზვრატებაში დამეხმარები, კუბოს ფიცრამდე არ დაგივიწყებ.
– ვიჩალიჩებ, – ვუთხარი სიომინს და დავამატე: – ვადიმ პეტროვიჩ, დანარჩენებიც გაუშვი და არც ისინი დაზოგავენ თავს.
– ჯერ უფროსებს შევუთანხმდები და, ალბათ, ასეც ვიზამ. შენ კი წადი. დროს მაკარგვინებ. მშვიდობით.
– ნახვამდის. იმედია, რომ კარგ ამბავში შევხვდებით, – ვუთხარი პოლკოვნიკს და წამოვედი.
სიომინმა დანარჩენებიც მალე გაუშვა და ჩვენ მართლაც შევძელით ნაქურდალი ნივთების დაბრუნება. ქურდის ვინაობას, რა თქმა უნდა, არ გავამხელ, მაგრამ, ვიტყვი, რომ ის მართლაც ახალბედა იყო და მილიციას მის შესახებ არაფერი შეუტყვია.
წლების განმავლობაში ვიმტვრევდი თავს, ვის შეიძლებოდა ჩემთვის დახმარება აღმოეჩინა, მაგრამ, ვერ ვხვდებოდი. „მურიდან“ სახლში რომ დავბრუნდი, კვლავ ტელეფონმა დარეკა, ისევ მე მიკითხეს და უცნობი მამაკაცის იმავე ხმამ მითხრა:
– გათავისუფლებას გილოცავ, კობრა.
– მადლობელი ვარ, მაგრამ, ვინ ხარ?
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? – კითხვითვე მიპასუხა უცნობმა.
– მართლა თქვენ დარეკეთ და ჩემი გათავისუფლება უბრძანეთ?
– მართლა.
– კი მაგრამ, ვინ ხართ?
– შენი მეგობარი.
– რომელი?
– ოდესმე მიხვდები, ახლა კი კარგად იყავი. წარმატებებს გისურვებ, – მითხრა უცნობმა და ყურმილი დაკიდა.
იმ მომენტში არც მიფიქრია, რომ ჩემი მფარველი შეიძლება ხუჭუჭა ყოფილიყო. არც კი ვიცოდი, თუ იმ დროს ხუჭუჭას დიდი გავლენა ჰქონდა. ხუჭუჭაზე მხოლოდ მაშინ ავიღე ეჭვი, როდესაც ის მრავალი წლის მერე თბილისის მეშვიდე იზოლატორის ჯურღმულში შემხვდა და მელაპარაკა. სწორედ შუა ლაპარაკის დროს ამოტივტივდა გონებაში ეს ამბავი და ხუჭუჭას ვუთხარი:
– მოიცა, მოიცა, მურის გენერალს შენ უბრძანე ჩემი გაშვება?
– მიხვდი, როგორც იქნა?
– სახლშიც შენ დამირეკე?
– ჰო, ქუჩიდან.
– რა ხმა გქონდა, რატომ ვერ გიცანი?
– სპეციალური მოწყობილობით ვისარგებლე, – მითხრა ხუჭუჭამ, – მაგრამ, მაინც უნდა მიმხვდარიყავი.
– როგორ, საიდან? აბა, მე რა ვიცოდი, ასეთი ბობოლა თუ იყავი?
ხუჭუჭას გაეცინა და მიპასუხა:
– რა, ბევრი მფარველი გყავდა?
ამ სიტყვებმა პოლკოვნიკი სიომინის ნათქვამი გამახსენა და მივუგე:
– პოლკოვნიკმა სიომინმა მითხრა მაშინ, ბობოლა მფარველი გყოლიაო და კინაღამ ჭკუიდან შემშალა.
– ალბათ, იფიქრე, მიჩალიჩებენო.
– აბა, სხვა რა უნდა მეფიქრა?
– „მეგობრობა გზად და ხიდადო“, – არ გახსოვს კომუნისტების დროინდელი ჩვენი ბავშვობის ლოზუნგი? – მითხრა ხუჭუჭამ და სწორედ მაშინ გამიმხილა, რომ მთელი ეს წლები მე და ყბედალოს გვმფარველობდა.
სიმართლე გითხრათ, ხუჭუჭას სიტყვები მაინცდამაინც არ მეპიტნავა და ვუთხარი:
– ჯიგარი ხარ, მადლობელი ვარ, ძმაო.
– ხომ არ გაგიტყდა, კობრაჯან? – ჩვეული, არაბოროტი ირონიით მკითხა ხუჭუჭამ.
– რა?
– ის, რომ მხედველობის არეში მყავდით.
– არა, – უხალისოდ ვთქვი მე.
– კობრა, კობრა... არ იცვლები, ისევ ისეთი ჯიუტი ხარ.
– შენ ხომ, რას ამბობ, გარდაიქმენი.
– პროსტო, გავბობოლდი – გენერალი გავხდი, მაგრამ, თქვენთვის ისევ ის ხუჭუჭა ვარ.
– ადრე პაგონები არ გქონდა, – წავკბინე მე, ხუჭუჭამ კი პასუხი არ დააყოვნა:
– ნუ იკბინები! აბა, რა უნდა მექნა? სამი ქურდი ძმაკაცი ნამეტანი იქნებოდა, თან, კრიშაც ხომ საჭირო იყო?
– ვინმე რომ გვისმენდეს, ნასედკობაში დამდებენ ბრალს.
ხუჭუჭას გაეცინა და მითხრა:
– ერთი გაბედოს ვინმემ და კარგ ჩიტს დაიჭერს. ძმები ვართ, კობრა, ტრუსიკის ძმაკაცები და ჩვენს ძმობას ვერც ჩემი პაგონები გადაფარავს და ვერც შენი ქურდობა. მერწმუნე, მოვა დრო და ისევ ერთად ვიქნებით.
– ეგ როგორ? მე უნდა დავიკრა პაგონები თუ შენ გახდები ქურდი?
– ჩვენს ბავშვობაში დავბრუნდებით.
– დროის მანქანა გამოიგონე?
– ჩვენ თვითონ არ ვართ ეს მანქანები? გამოგონება რაში გვჭირდება, საკმარისია, მხოლოდ წარსული გავიხსენოთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ჩვენი განშორების დანაკლისს კი ჩვენი შვილები აანაზღაურებენ.
– ნამეტანი ხომ არ მოგდის? – გამეცინა მე, – სად გვყავს მე და ყბედალოს შვილები?
– დაგავიწყდა, ვინ ვარ? – გაეცინა ხუჭუჭას.
– რას გულისხმობ? – გულმა რეჩხი მიყო.
– იმას, ძმაო, რომ თითქმის ყველაზე ყველაფერი ვიცი. მით უმეტეს – თქვენზე.
– მაინც, რა იცი?
– ის, რომ ყბედალოს ბიჭი ჰყავს. როსტოვში რომ სახლიდან გაქცეული გოგონა შეიფარა, იმისგან. შენ მას იცნობ. აბა, გაიხსენე – გთხოვდა, უთხარი, ჯიბგირობა მასწავლოსო და ვასია ბრილიანტსაც იმავეს ეუბნებოდა.
– კი მაგრამ, ასეთი წვრილმანები საიდანღა იცი?
– ვიცი.
– სასიამოვნო სიურპრიზია. აქედან რომ გავალ, აუცილებლად ჩავაკითხავ და მივულოცავ.
– კობრა, – მითხრა უცებ ხუჭუჭამ, გამჭოლი მზერა მესროლა და გაიმეორა: – კობრა...
– რა იყო?
– რაღაც უნდა გითხრა...
– მერე, თქვი, შე ჩემა, რა ზახოდებს იწყებ, – მხიარულად ვუთხარი ხუჭუჭას, რადგან, ახალმა ამბავმა კარგ ხასიათზე დამაყენა.
– შენც გყავს შვილი... თათიამ ბიჭი გაგიჩინა...
– რაო, რა თქვი?!
– ოცი წლისაა და მე მისი ნათლია ვარ.
ვიგრძენი, რომ წნევამ ამიწია და გულისცემამ საგრძნობლად იმატა. ცივმა ოფლმა დამასხა და თვალებში დამიბნელდა.
– ცუდად ხარ? – მკითხა ხუჭუჭამ.
– პირიქით, ასე კარგად ჯერ არ ვყოფილვარ.
– და, მაინც უარს ამბობ დროზე ადრე ციხიდან გამოსვლაზე?
– ხუჭუჭ, ძმაო, არ გამოდის, რას იტყვიან სხვები?
– მართალი ხარ. ორ წელიწადში გამოხვალ. აქ კი ვერავინ შეგეხება.
– ხუჭუჭ, ძმაო, არ გადაამლაშო. მე აქ არაფერი მიჭირს. ბოლო-ბოლო, დამნაშავე ვარ და სასჯელს ვიხდი.
– ეჰ, კობრა, კობრა... ყველა ქურდი რომ შენნაირი იყოს, ეს ქვეყანაც ასე არეული არ იქნებოდა. ახლა კი მორჩა ბაზარი, ორი წლის მერე შევხვდებით და დანარჩენი მერე იყოს, – მითხრა ხუჭუჭამ და ასე დავშორდით ერთმანეთს...
ის წამი ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი იყო – დღედაღამ თათიასა და გიორგიზე ვფიქრობდი. შემდეგ ქვეყანა აირია, ხუჭუჭა იძულებული გახადეს, გაქცეულიყო, გამოსვლიდან მესამე დღეს კი მეც „პაბეგი“ ავიკიდე. რა არ გადამხდა ამ პერიოდში, რა ჯოჯოხეთი არ გამოვიარე, ბევრჯერ უკიდურესობამდეც კი მივსულვარ, მაგრამ ცოლ-შვილზე ფიქრი ძალებს მმატებდა და უკეთესი მომავლის იმედს მისახავდა.
ამას წინათ, ერთ მშვენიერ საღამოს, სახლში დაბრუნებულმა მასპინძელმა მკითხა:
– კობრა, როგორ ხარ?
– ძველებურად. რატომ მეკითხები?
– ერთ საათში ხუჭუჭა მოვა.
– რაო?! – საკუთარ ყურებს არ დავუჯერე.
– ხუჭუჭა მოვა. ნახევარი საათის წინ შემხვდა და მითხრა, ცხრაზე მოვალო, ახლა კი რვაა.
– გაქცეული იყო და მოაგვარა თავისი საქმეები?
– არა მგონია. შენიღბული იყო და თვითონ დამეკონტაქტა.
ამ ამბის გაგონებაზე გული ამიჩქარდა და წნევამ ამიწია, სიგარეტი გავაბოლე და ვთქვი:
– ეტყობა, რაღაც მოხდა. ნეტავი, რაშია საქმე?
– დაწყნარდი, რა გჭირს! მოვა და თვითონ იტყვის.
ერთი საათი ერთი საუკუნესავით გაიწელა და ამ ხნის განმავლობაში პირიდან სიგარეტი არ გამომიღია. შესრულდა თუ არა ცხრა საათი, მოულოდნელად ოთახში ხუჭუჭა შემოვიდა. ხელში ბინის გასაღები ეკავა, რომელიც მაგიდაზე დადო, გამიღიმა და მითხრა:
– აი, მეც მოვედი.
ძმაკაცს გადავეხვიე და ისე ავღელდი, რომ ცრემლები ვერ შევიკავე, მან კი მითხრა:
– არა, რა, დაბერდი, ძმაო! არადა, ახლა გჭირდება ძალები და მხნეობა.
– რინგზე ხომ არ აპირებ ჩემს გაყვანას? – ვკითხე ძმაკაცს და ცრემლები მოვიწმინდე.
– შენ შენი რინგი უკვე გამოიარე და გეყოფა. დროა, ოჯახს მოეკიდო. როგორ ხარ, კობრა?
– პაბეგში მყოფი კაცივით.
– საჭმელი თუ გაქვთ რამე? დილიდან ძაღლივით მშიერი ვარ და სული მძვრება.
– საჭმელიც გვაქვს და სასმელიც, – მივუგე ხუჭუჭას.
– სასმელი სხვა დროს, ახლა მაჭამეთ.
ჩემმა მასპინძელმა სუფრა გაშალა და სავახშმოდ დავსხედით. ხუჭუჭა რომ დანაყრდა, სიგარეტი გააბოლა და მკითხა:
– არ მოგბეზრდა აქ ჯდომა?
– თვრამეტი წელი სად არ ვარ ნაჯდომი და, ერთი წელი რაღა ყოფილა? – მივუგე ხუჭუჭას.
– დრო არ ითმენს, დრო! – თქვა ხუჭუჭამ, – ვინც დროს უძლებს, ის იგებს. ჩვენ კი დროს გავუძელით.
– ესე იგი, მოგებულები ვართ? – ვთქვი მე.
– ცოტაღა დაგვრჩა.
– თქვი, რა ხდება, ნუ წიომნობ.
– რა უნდა ხდებოდეს, თქვენს სანახავად მოვედი, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა ხუჭუჭამ.
– შენს საქმეებს აგვარებ?
– ჰო. დღე-დღეზე ქურდი უნდა გავხდე.
– რა დროს ხუმრობაა, თქვი, შეგეშვნენ?
– ვინ შემეშვება, ბიჭო, დღედაღამ თავაუწევლად მეძებენ.
– აბა, აქ ჩამოსვლა როგორ გაბედე?
– მე მეტწილად სულ აქ ვიყავი, იშვიათად გავდიოდი ქვეყნიდან.
– რაო, რა თქვი?!
– ისეთი რა ვთქვი? ვიმალებოდი, რა...
– მერე, შე დალოცვილო, ერთხელ მაინც ვერ შემოგვიარე? – ვუსაყვედურე ხუჭუჭას.
– აი, ხომ მოვედი დღეს.
– მაინც, რატომ არ მეკონტაქტებოდი, რა, არ მენდობოდი?
– კუდი რომ მომეყვანა?
– რა კუდი?
– კუდი, კუდი... რა, კუდი რა არის, არ იცი? – გაეცინა ხუჭუჭას, – მე რომ დავეჭირე, ჯანდაბას, როგორმე გამოვძვრებოდი, მაგრამ, შენ მინიმუმ ათი წლით ციხეში ამოგალპობდნენ. დაგავიწყდა, რომ მფარველი აღარ გყავს?
– აქ არ მყავხარ?
– ჰო, მაგრამ, მეც პაბეგში ვარ. მოკლედ, ასე: ამაღამ აქედან ვტყდებით და მოემზადე, ამიტომ მოვედი, ყველაფერი მზადაა და თათია და გიორგი მოუთმენლად გელოდებიან.
ხუჭუჭას სიტყვებზე წნევამ ისევ ამიწია და, რომ დავმშვიდებულიყავი, წამალი დავლიე. ცოტა სული რომ მოვითქვი, ხუჭუჭას ვკითხე:
– სად მივემგზავრებით?
ხუჭუჭამ მითხრა, სადაც მივემგზავრებოდით და დაამატა:
– ბავშვობის გახსენება მოგვიწევს. გახსოვს, მამა დავითის მთების გამოქვაბულებსა და თბილისის მიწისქვეშეთში რომ დავძვრებოდით?
– ამას რა დამავიწყებს. ახლაც ასე უნდა ვქნათ?
– ცოტა სხვანაირად, მაგრამ, მთაწმინდაზე ასვლა მაინც მოგვიწევს.
– სად და რატომ?
– შენს სახლში. გვირაბიდან ჩუმად შევალთ.
– ჩემს სახლში?
– ჰო. რა, არ მოგენატრა?
– კი, მაგრამ... – ენა დამება და ვუთხარი, – არ დაგვიჭირონ, ბიჭო.
ხუჭუჭას გაეცინა და მითხრა:
– როდიდან გეშინია დაჭერის? დაბერდი, ძმაო. წამოდი, სიურპრიზი მაქვს შენთვის.
– რაღაცას წიომნობ, – გამეცინა მე.
– ადგილზე შეიტყობ ყველაფერს. ერთ საათში გავდივართ.
ერთი საათის შემდეგ მე და ხუჭუჭა ჩემს მასპინძელს გამოვემშვიდობეთ. მას მე ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადე და წავედით.
შუაღამე გადასული იყო, როცა საიდუმლო გვირაბით ჩემს ბინაში შევედით. ხუჭუჭა სასტუმრო ოთახისკენ გაემართა, კედლიდან ანტიკვარული საათი ჩამოხსნა და მითხრა:
– აი, რისთვისაც მოგიყვანე აქ, – შემდეგ საათს უკანა მხარე მოხსნა და იქიდან ოცდაათი ცალი მსხვილი ბრილიანტი გამოიღო, მაჩვენა და მითხრა:
– ეს თვლები ყბედალოსი, შენი და ჩემია. ოცდაათი მილიონისაა.
– საიდან?
– კობრა, გახსოვს, ჩვენი ობშჩიაკი რომ გვქონდა, რომელიც გამოქვაბულში დავმალეთ და გეგონათ, რომ დაიკარგა?
– კი, სამი ათასი მანეთი. მე და ყბედალოს არც კი გაგვხსენებია. გვეგონა, რომ მთის წყალმა წაიღო და არც კი მოგვიკითხავს.
– თქვენ ორივე რუსეთში იყავით მაშინ. თავდაპირველად, მინდოდა, თქვენთვის გამომეგზავნა წილები, მაგრამ, შემდეგ გადავიფიქრე, ეს ფული ერთ ბიზნესში ჩავდე, ოცდახუთი წელი ვატრიალე და აი, ამხელა მაყუთი გვაქვს. იმ ფულით ხუთი წლის წინ ეს ბრილიანტები შევიძინე, ახლა კი მათი ფასი გასამმაგებულია.
იმავე ღამეს მე და ხუჭუჭა საქართველოდან გავემგზავრეთ და იქ ჩავედით, სადაც ახლა ვიმყოფებით. ჩვენთანაა ყბედალოც და, მართალია, საქართველოს ფარგლებს გარეთ ვართ, მაგრამ, ჩვენს ტიტულზე არც უარი გვითქვამს და არც არავის ჩამოურთმევია ის... ყველაზე დიდი ბედნიერება კი ისაა, რომ სამივეს გვყავს ცოლ-შვილი და გამართლდა ხუჭუჭას სიტყვები – ჩვენს დანაკლისს ჩვენი შვილები აანაზღაურებენო. საქართველო, თბილისი და მთაწმინდა ძალიან მენატრება, მაგრამ, ჯერჯერობით ვერ ჩამოვდივარ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ოდესმე ყველანი ჩვენს ფესვებს დავუბრუნდებით, მაგრამ, ჩვენ თუ ვერ შევძლებთ, მაშინ ამას ჩვენი შვილები გააკეთებენ.
რას იზამ, ჩვენნაირი ხალხის ცხოვრება ამგვარადაა მოწყობილი: ხან იქ ვართ და ხან – აქ, ხან გვიჭირს და ხან გვილხინს.
ასეთია ქურდული ცხოვრება...