ქალური შურისძიება
– შეიძლება, კიდევ გკითხოთ რაღაც? –არცთუ მორიდებით იკითხა უცებ ნუცამ.
– კი ბატონო, მკითხე.
– რის გარკვევას ცდილობთ?
– ეს შენ არ გეხება.
– დედაჩემს თუ ეხება, ესე იგი, მეც მეხება, – გაჯიუტდა გოგო.
– არა, ვერ გეტყვი, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, – თქვა მზიამ და წამოდგა, რომ ოთახში გასულიყო და ნანიტასთვის დაეხედა, მაგრამ, სკამზე დადებულ გახსნილ ჩანთას შემთხვევით გამოედო და ძირს ჩამოაგდო. ჩანთიდან უამრავი რამ გადმოცვივდა. როცა მზიამ თავისი ნივთების აკრეფა და ჩანთაში ჩალაგება დაიწყო, ნუცამაც ჩაიმუხლა მისახმარებლად და პატარა სარკესა და თეთრ კონვერტს წამოავლო ხელი, მერე მექანიკურად დახედა გარედან გაკეთებულ წარწერას და გაფითრდა:
– თქვენთან საიდან მოხვდა ეს წერილი?
– რა წერილი? – გაისმა სამზარეულოს კარიდან.
მზიამ და ნუცამ დაფეთებულებმა შეხედეს ნანიტას, რომელიც ისე შემოვიდა სამზარეულოში, რომ ვერც ერთმა ვერ შენიშნა.
– არაფერი, – დაბნეულმა გოგომ კონვერტიანი ხელი ზურგსუკან წაიღო და ამ პოზაში გაშეშდა.
– რა წერილი-მეთქი? – ახლა მზიას მიმართა ქალმა და მკაცრად შეხედა.
მზიამ თავი ჩაღუნა და ხმა ვერ ამოიღო. ყველა დუმდა და ამ დუმილმა კარგა ხანს გასტანა. ნანიტა მთვარეულივით მივიდა მაგიდასთან და მზიას წინ დაჯდა. მერე ხელი შვილისკენ გაიწოდა და შეუვალი ხმით უბრძანა:
– მომეცი!
ნუცა შეყოვნდა, მაგრამ მერე დაჰიპნოზებულივით დაიძრა ადგილიდან, კონვერტი ხელში ჩაუდო დედას და კედლისკენ დაიხია.
ნანიტამ ჯერ გარედან დახედა კონვერტს, შემდეგ გახსნა, ფურცელი ამოიღო და გაშალა.
– დედა, გთხოვ, გემუდარები, არ წაიკითხო! – ისტერიული ხმით იყვირა გოგომ და ფურცლის წართმევა დააპირა, მაგრამ, ვერ მოახერხა.
– დაჯექი! – უბრძანა დედამ.
შვილი მექანიკურად დაემორჩილა და სახე ხელებში ჩარგო.
ნანიტამ წერილი წაიკითხა და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
– ეს შენ დაწერე? – ჰკითხა შვილს მკაცრად და ფურცელი მაგიდაზე დააგდო.
ნუცამ ხმამაღალი ტირილი დაიწყო.
– შენ დაწერე-მეთქი? – გაუმეორა შეკითხვა.
შვილმა თავი დაუქნია, თან ტიროდა და სახიდან ხელებს არ იშორებდა.
– რამ მოგაფიქრა ასეთი საშინელი ტყუილის გამოგონება? – ჰკითხა ამჯერად უკვე ლმობიერად, რადგან, ძალიან შეეცოდა შვილი. ნუცამ უცბად ასწია თავი, ცრემლები პატარა ბავშვივით მუჭებით მოიწმინდა, მერე ღრმად ამოისლუკუნა და ჩურჩულით თქვა:
– შურისძიება მინდოდა...
– რა გინდოდა?! – მთლად დაიზაფრა ნანიტა, – რამ მოგაფიქრებინა ასეთი სისულელის გაკეთება?
ნუცა სლუკუნებდა და სიტყვებს ვერ უყრიდა თავს. მზიამ მოიფიქრა და ჭიქით წყალი მიაწოდა. ბავშვმა დიდი ყლუპებით გამოცალა ჭიქა, ტუჩები ხელის ზურგით მოიწმინდა და დედას შედარებით თამამად შეხედა. მერე ერთი ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:
– დედა, მე ახლა ყველაფერს გულახდილად გეტყვი, ოღონდ, არ შემაწყვეტინო. თუ რამის დაზუსტება მოგინდება, ლაპარაკს რომ დავამთავრებ, მერე მკითხე, კარგი?
ნანიტამ თავი დაუქნია.
– ეს წერილი ჩემი დაწერილია. მამაჩემმა იმ დღეს მიიღო, ავარია რომ მოუვიდა. მანამდე კარგა ხნით ადრე დავწერე, მაგრამ, მის კაბინეტამდე მიტანას ვერ ვახერხებდი – იქ რომ გამოვჩენილიყავი, მაშინვე მიხვდებოდა, ვინც იყო ამ წერილის ავტორი. ბოლოს მოვიფიქრე და ერთ ჩემს მეგობარ ბიჭს ვთხოვე, ოფისის კართან დაეგდო – დარწმუნებული ვიყავი, ვინმე აიღებდა და, გარედან დაწერილ სახელსა და გვარს რომ წაიკითხავდა, თვითონვე შეუტანდა დიმიტრის. ასეც მოხდა – მან ეს წერილი მიიღო... სულ ეს არის.
– მაგრამ შენ მთავარს არ მეუბნები, – წარბის აწევით უთხრა ნანიტამ.
– რა მთავარს? – ვითომ ვერ მიხვდა ნუცა.
– როდის და რატომ გადაწყვიტე შურისძიება.
– კარგი, მაგასაც გეტყვი, – ამოიქშინა გოგომ, – ერთ დღეს, ელენე მოვიდა შენთან და ყველაფერი გავიგონე, რაც მოუყევი.
– ეს როდის იყო? – დაიძაბა ნანიტა.
– რამდენიმე წლის წინ, სანამ გუგას დაურეკავდი, – ნუცამ თავი ჩაღუნა და სახეზე ხელები აიფარა.
– ესე იგი, გუგაზეც ყველაფერი იცი? – გაფითრდა ნანიტა.
– ჰო, – აღიარა გოგომ, – იმ პირველი შემთხვევის შემდეგ უკვე ჩუმად გიგდებდი ყურს, როცა ელენე მოდიოდა ან ტელეფონზე ელაპარაკებოდი. მართალია, რაღაც-რაღაცეებს ვერ ვიგებდი, მაგრამ, იმას კი ვხვდებოდი, რომ ამ მდგომარეობამდე მამაჩემმა მიგიყვანა და, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა ვიყავი, ვგრძნობდი, რომ ჩემში ნელ-ნელა იღვიძებდა და მწიფდებოდა დედისადმი თანაგრძნობიდან გამომდინარე ქალური შურისძიების სურვილი, მაგრამ, როგორ უნდა გამეკეთებინა ეს, არ ვიცოდი. ერთ დღეს რაღაც ფილმს ვუყურებდი, მგონი, სერიალი იყო და იქ ერთმა პერსონაჟმა უთხრა მეორეს, შენ იმის შვილი არ ხარ, ვისაც მამას ეძახი, დედაშენმა სხვა კაცისგან გაგაჩინაო. ეს ფრაზა მაშინვე ჩამიჯდა გონებაში. რამდენიმე დღის მერე, ისე დაემთხვა, რომ თოკომ გითხრა, შენს გვარზე უნდა გადმოვიდეო. ეს თითქოს მინიშნება იყო. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ შევადგინე ამ წერილის ტექსტი, რომლისთვისაც წიგნებში ამოკითხული ზოგიერთი ფრაზაც გამოვიყენე, მერე კი, როგორც გითხარი, მხოლოდ მომენტს ვუცდიდი, კონვერტი რომ მამაჩემის კაბინეტამდე მიმეტანა.
მზია აქამდე ჩუმად იჯდა, მაგრამ უცებ ნანიტას შეხედა და მორიდებით ჰკითხა:
– ქალბატონო ნანიტა, შეიძლება ნუცას რაღაც ვკითხო?
ნანიტამ თვალები დახუჭა, სიმწრით მოიკვნიტა ტუჩები და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– ნუცა, შენ ხომ არ გეწყინება?
– არა, – უპასუხა ნუცამ, – რაც გინდათ, მკითხეთ, ყველაფერს სიმართლეს გეტყვით.
– გუგაზე შურისძიების სურვილი არ გაგჩენია? მანაც ხომ ატკინა გული დედაშენს?
– რა თქმა უნდა, გამიჩნდა, მაგრამ, არ გამომივიდა.
– რატომ, შეგეცოდა?
– არა. ასეთი კაცები, შეიძლება, მხოლოდ მშობლებმა და ძალიან ახლო ნათესავებმა შეიცოდონ. უბრალოდ, ვერ მოვიფიქრე ტექსტი, რომელიც მას გაანადგურებდა. თუმცა, იყო კიდევ ორი მიზეზი... – ნუცა გაჩუმდა.
– რა ორი მიზეზი? – ჰკითხა ნანიტამ.
– პირველი ის, რომ ვერ გავიგე, სად ცხოვრობდა; მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ რაღაც მომენტში მივხვდი – გუგასაც მამაჩემის გამო დაენგრა ცხოვრება, ისიც დიმიტრის მსხვერპლი იყო, ისევე, როგორც შენ, დედა. თანაც, თუ რამე დააშავა, მას თავისთავად მიეზღო სამაგიერო, მამაჩემი კი ლაღად ცხოვრობდა, დაგრიალებდა ქალებში და ვერც კი გრძნობდა თავის დანაშაულს.
– თორნიკემაც იცის ეს ყველაფერი? – ჩამქრალი ხმით ჰკითხა ნანიტამ.
– არა. მართალია, ჯერ სულ მთლად ბავშვი ვიყავი, მაგრამ, ვხვდებოდი, რომ სხვისი საიდუმლო უახლოესი ადამიანისთვისაც კი არ უნდა გამენდო. თან, გული მიგრძნობდა, რომ ეს იყო ისეთი საშინელი საიდუმლო, რომლის გაგების შემდეგ თოკო რაღაც საშინელებას ჩაიდენდა. მას ძალიან უყვარხარ, დედა, ამიტომ, არავის აპატიებს შენს წყენინებას.
ნანიტამ უცებ გახედა მზიას და მკაცრად ჰკითხა:
– როგორც ვხვდები, იმიტომ დამიკავშირდი, გეგონა, რომ ამ წერილის ავტორი მე ვიყავი?
– არა, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ წერილი სხვისი დაწერილი იყო, მაგრამ, ვფიქრობდი, იქნებ თქვენ მიმხვდარიყავით, ვინ გაუგზავნა ბატონ დიმიტრის...
– ანუ, დიმიტრის დავალებით მოქმედებდი? – ირონია გამოერია ხმაში ნანიტას.
– მარტო დიმიტრის არა, ბატონი გიორგიც იყო ამით დაინტერესებული. რა გასაკვირია, რომ ამის გამოკვლევის სურვილი გასჩენოდათ?
– გასაკვირი ის არის, რომ შენ, ექთანს, თითქმის უცნობ ადამიანს, დაგავალეს ოჯახის და პირად ცხოვრებაში ქექვა. საერთოდ, ვინ ხარ, რა საქმე გაქვს ან ჩემს წარსულთან, ან ჩემს აწმყოსთან? ექთანი და მომვლელი თუ ხარ, გაუკეთე ნემსი, დაალევინე წამალი და გამოუცვალე თეთრეული, ჩვენ კი თავი დაგვანებე! – იყვირა ნანიტამ.
– მართალი ბრძანდებით, ქალბატონო ნანიტა, არ უნდა დავთანხმებოდი, მაგრამ, მაშინ, ვინმე კერძო დეტექტივი უნდა აეყვანათ და ასე უფრო მეტი ადამიანი გაიგებდა ყველაფერს, მე კი, ასე თუ ისე, საავადმყოფოდან მოყოლებული, ძალაუნებურად ვიგებდი თქვენი ცხოვრების ეპიზოდებს და... – მზია წამოდგა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და გასასვლელისკენ გაემართა. მერე ნანიტას წინ შეჩერდა და თქვა: – ისე, ცნობისთვის, არც დიმიტრის და არც გიორგის არ დაუჯერებიათ, რაც ამ ფურცელზე წერია. პირველივე დღიდან ეჭვიც არ შეჰპარვიათ, რომ ეს იყო შურის საძიებლად გამოგონებული საშინელი სიცრუე და ამიტომაც უნდოდათ, გაერკვიათ, ვინ...
– ანუ, დიმიტრიმ არ დაიჯერა, რომ თოკო...
– დიახ, დარწმუნებულია, რომ ორივე თავისი შვილია.
– რატომ არის ასეთი დარწმუნებული? – მწარედ ჩაიცინა ნანიტამ, – რა, ისეთი ქმარი იყო, რომ ღალატის ღირსად არ ჩათვალა თავი?
– არა, – თვალებში შეხედა ექთანმა, – უბრალოდ, თქვენში იყო დარწმუნებული.
– ჩემს წესიერებასა და პატიოსნებაში? – ნერვიულად გაეცინა ნანიტას, – საერთოდ, არსებობს კი ბოლომდე წესიერი და პატიოსანი ადამიანი?
– არსებობს, – დარწმუნებით თქვა მზიამ, – მე ბევრი შემხვედრია ასეთი.
– ნეტარ არიან მორწმუნენი, – გაეღიმა ნანიტას.
– მაპატიეთ, ქალბატონო ნანიტა, უსიამოვნება თუ მოგაყენეთ, მაგრამ, ვფიქრობდი, რომ ასე ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, მათ შორის – თქვენთვისაც, მაგრამ, ეტყობა, შევცდი, – მზია კარისკენ წავიდა.
–– მზია, არ წახვიდეთ, რა! – წამოხტა უცებ ნუცა, – ძალიან გთხოვთ, ცოტა ხანს კიდევ დარჩით! ვიცი, დედასაც უნდა, რომ დარჩეთ, მაგრამ, იმის შემდეგ, რაც უკვე გითხრათ, ერიდება თქმა.
მზია გაკვირვებით მოტრიალდა და ქალს შეხედა. მან ღიმილით დაუქნია თავი. გახარებულმა ნუცამ ექთანს მაჯაში ჩაავლო ხელი, ძალით შეაბრუნა უკან და სკამზე დასვა.
– მე რაღა საჭირო ვარ? ქალბატონი ნანიტა უკეთ არის და თქვენ უჩემოდაც კარგად გაუგებთ ერთმანეთს, – მორცხვად თქვა მზიამ.
– არა, მინდა, კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრო თქვენთან, – ღიმილით უპასუხა გოგომ.
– ნუცა მართალია, დარჩი. თან, რატომღაც, ძალიან მომშივდა და ერთად ვივახშმოთ.
მზიას ესიამოვნა ნანიტას თბილი ტონი.
– აღარ ბრაზობთ ჩემზე? – ჰკითხა ღიმილით.
– შენზე აღარ, მაგრამ, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ ვერასდროს, რომ ჩემი საქციელით შვილი კინაღამ მკვლელი გავხადე, რომ აღარაფერი ვთქვა იმ სტრესებზე, რაც მან ჩემ გამო გადაიტანა.
– შენ გამო არა, დედა, მამაჩემის გამო, – შეუსწორა ნუცამ.
– არა, ჩემ გამო. როგორი უვარგისიც არ უნდა იყოს მამა, დედამ ყოველთვის უნდა დაიცვას შვილები ზედმეტი სტრესებისა და ტკივილისგან, მე კი ეს ვერ შევძელი.
– რაც იყო, იყო, დროს უკან ვეღარ დააბრუნებთ, ქალბატონო ნანიტა, – მორიდებით ჩაერთო დედა-შვილის დიალოგში მზია.
– მართალი ხარ, ვერ დააბრუნებ, მაგრამ, მე ახლა მაინც ბედნიერი ვარ, რადგან, ნუცა დავიბრუნე – ის ისევ ჩემი ნუცაა, რომელიც, პრაქტიკულად, დაკარგული მყავდა.
ნანიტამ და ნუცამ სუფრა გააწყვეს.
– მიირთვი, არ მოგერიდოს, ისე გამოვიდა, რომ შენ უკვე შინაური ხარ, – მიმართა ნანიტამ მზიას და კერძი გადაუღო.
სამივე გემრიელად შეექცა ვახშამს. ამ დროს მზიას მობილურმა დარეკა. ნომერს დახედა თუ არა, გათიშა და უხერხულობისგან გაწითლდა.
– დიმიტრი იყო? – თითქმის მიხვდა ნუცა მისი გაწითლების მიზეზს.
– არა, ბატონი გიორგი. ძალიან დამაგვიანდა და, ეტყობა, შეეშინდათ.
– არა უშავს, არაფერი მოუვათ, გაძლონ უშენოდ როგორმე ცოტა ხანს, – ცოტა გაღიზიანებული ტონით თქვა ნუცამ, – არ შეჭამეს ამ ძმებმა ეს ქალი?!
ამ ბავშვურ რეპლიკაზე მზიას და ნანიტას გაეცინათ.
როცა ვახშამი მოათავეს, ნუცამ სუფრა აალაგა და ყავიანი ფინჯნები ჩამოარიგა.
– ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ ძალიან მაგარი ყავა გამომდის. საინტერესოა, თქვენ თუ მოგეწონებათ.
ქალებმა ერთხმად აღიარეს, რომ მსგავსი ყავა არსად დაულევიათ, რითაც ძალიან გაახარეს უკვე ისედაც ხასიათზე მოსული ნუცა.
– მზია, – მიმართა ექთანს ნანიტამ, როცა ყავის სმა დაამთავრეს, – ერთი რამ მაინტერესებს: რა მიზნით უნდოდა დიმიტრის წერილის ავტორის დადგენა, ჩივილს აპირებდა?
– არა, მსგავსი არაფერი უთქვამს.
– აბა, რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს?
– დიმიტრის თითქმის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს წერილი იყო გუგას შურისძიება და, თუ ეს დადასტურდებოდა, აუცილებლად დასჯიდა ამის გამო. ამიტომაც მოატანინა ოფისიდან გიორგის ვიდეოთვალის კასეტა, მაგრამ, იქ ვერაფერი ნახა.
– რით დასჯიდა?
– არ ვიცი, არც ეს უთქვამს, უბრალოდ, ვგრძნობდი, რომ რაღაცას აუცილებლად დაუშავებდა.
– მეტი რაღა უნდა დაეშავებინა? – მწარედ გაეღიმა ნანიტას.
– ჩემი აზრით, ფიზიკურად გაუსწორდებოდა, – ვარაუდი გამოთქვა მზიამ.
– ლოგინში მწოლიარე და დამტვრეულ-დასახიჩრებული?
– თვითონ ამას ვერ შეძლებდა, მაგრამ ვიღაცას ფულს გადაუხდიდა და... – ეს რომ თქვა, მზია საკუთარ თავზე გაბრაზდა: – მაპატიეთ, ქალბატონო ნანიტა, ვატყობ, რომ ზედმეტები მომდის და, ჯობია, საერთოდ გავჩუმდე. თუმცა, ერთი კითხვა მაინც მინდა დაგისვათ, სითამამისთვის თუ არ გამინაწყენდებით.
– არ გაგინაწყენდები, გისმენ, – უთხრა ნანიტამ და მოსასმენად მოემზადა.
– ქალბატონო ნანიტა, – მორიდებით დაიწყო მზიამ, – ბატონი დიმიტრი რეანიმაციაში რომ იწვა და კომაში იყო, თქვენ მის სანახავად მოხვედით, შუბლზე აკოცეთ, ფული დაუტოვეთ და ისეთი სიყვარულით შესცქეროდით, ვერავინ იფიქრებდა...
– ანუ, შენ იმის კითხვა გინდა, მიყვარდა თუ არა ქმარი? – ნანიტა წუთით ჩაფიქრდა და განაგრძო: – დიახ, იყო ასეთი ნათელი ეპიზოდებიც... ნათელი, მაგრამ, ძალიან ხანმოკლე; მერე თანდათანობით შემცირდა ამ ეპიზოდების სიხშირე, ბოლოს კი სულაც გაქრა... რაც შეეხება იმ დღეს, მეგონა, რომ კვდებოდა და, მინდოდა, იმქვეყნად ცოტაოდენი სითბო მაინც გამეტანებინა...
– გასაგებია... – ჩაილაპარაკა მზიამ, – კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, მტკივნეულ თემას რომ შევეხე.
– გუგას საქციელზე რას იტყვით? – ჰკითხა უცებ ნუცამ, – ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი.
– რომელ საქციელზე? – ვერ მიხვდა მზია.
– დედასთან რომ მივიდა, როგორც თვითონ თქვა, მამაჩემის ნებართვით და მერე წერილი დაუტოვა.
– ეს, რა თქმა უნდა, მის სასარგებლოდ არ მეტყველებს, – დაფიქრებით თქვა მზიამ, – მაგრამ, ჩემი აზრით, იმიტომ არ მივიდა, რომ ქალბატონ ნანიტას საქციელით არ აკადრა ის, რაც აკადრა სიტყვებით.
– წერილი? წერილში ხომ ეუბნება, სამაგიეროს გიხდიო?
– ვფიქრობ, რომ იმ სიტყვებით გუგამ, ასე ვთქვათ, თავი გაიმართლა საკუთარი თავის წინაშე... ან, იქნებ, ვცდები კიდეც...
– ახლა სად არის გუგა? – ჰკითხა ნუცამ.
მზიამ მოკლედ უამბო გუგაზე ყველაფერი, რაც იცოდა.
– საცოდავი ადამიანია, – ჩაილაპარაკა ნანიტამ, – მე შვილები მაინც მყავს, ეგ კი აბსოლუტურად მარტო დარჩა.
– ჰო, ცოდვაა, – დაეთანხმა მზია და წამოდგა, – ახლა კი მართლა უნდა დაგტოვოთ, თორემ, გამიგიჟდებიან ძმები.
– მზია, რაღაც უნდა გკითხოთ და არ გეწყინოთ, – უთხრა ნუცამ, ჰოლში რომ გავიდნენ.
– შენგან რა უნდა მეწყინოს, ნუციკო, მკითხე, რაც გინდა.
– გიყვართ დიმიტრი? – თქვა გოგომ და ეშმაკურად მოწკურა თვალები.
– არა, – გაეცინა მზიას, – მე სხვა მომწონს, მაგრამ, არ ვიცი, მასაც მოვწონვარ თუ არა და, რაც მთავარია, ამას ვერც ვერასდროს გავიგებ.
– გამანდეთ, ვინ არის და მე დაგიდგენთ ყველაფერს, – გულუბრყვილოდ შესთავაზა ნუცამ.
– არ არის საჭირო. რაც მოსახდენია, ისედაც მოხდება, – უცებ დასევდიანდა მზია, – კარგად იყავით. ძალიან მიხარია, რომ გაგიცანით.
– არ დაგვივიწყო, შემოგვიარე ხოლმე, – გულწრფელად სთხოვა ნანიტამ და გადაკოცნა.
– შენი ტელეფონის ნომერი ჩამაწერინე, – უკვე კარში გასვლისას უთხრა ნუცამ და თავისი მობილური მოიმარჯვა.
მზიამ ნომერი უკარნახა და ლიფტს აღარ დაელოდა, კიბეები ფეხით ჩაირბინა.
***
– სად არის ეს გოგო ამდენ ხანს? – ადგილს ვერ პოულობდა გიორგი და ნერვიულობისგან ოთახში ბოლთას სცემდა.
– ნუ გეშინია, არავინ მოგტაცებს, – გაეცინა დიმიტრის, – ისე, მგონი, როგორც რუსები იტყვიან, „ვტიურილსია“. ჰა, მართალი ვარ თუ არა?
გიორგი ჯერ გააბრაზა ძმის კილომ და დააპირა, უხეშად ეპასუხა ხუმრობაზე, მაგრამ მერე საშინლად მოუნდა, ვინმესთვის გული გადაეშალა, ეს „ვინმე“ კი მხოლოდ დიმიტრი იყო, რომელმაც უკვე ისედაც გაშიფრა მისი გრძნობები, რაც უფრო გაუადვილებდა გულახდილ საუბარს. თანაც, ასე თუ ისე, ძმა იყო და მზიასაც კარგად იცნობდა.
– სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან და კარგად მომისმინე, მაიმუნობისა და ღადაობის გარეშე, – უთხრა უცბად, მერე ფანჯარა გამოაღო, სავარძელი საწოლთან მიაჩოჩა და სიგარეტს მოუკიდა.
– ჩემთან ნუ ეწევი, – შენიშვნა მისცა დიმიტრიმ, – თანაც, რომ გიყურებ, მეც მინდება მოწევა.
– ფანჯარა იმიტომ გამოვაღე, რომ ბოლი გარეთ გავიდეს, შენ კი როგორმე გაუძელი და მომისმინე, შენი რჩევაც მჭირდება.
– გისმენ, – დაემორჩილა დიმიტრი. მიხვდა, რა თემაზეც აპირებდა ძმა მასთან დალაპარაკებას და გულში ძალიან ესიამოვნა, შენი რჩევა მჭირდებაო, რომ უთხრა. ამ სამმა სიტყვამ სასწაული მოახდინა – უცებ იგრძნო, რომ გიორგიზე ახლობელი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ გააჩნდა.
– დამალვას აზრი აღარ აქვს – მზია მართლა შემიყვარდა. თან, ისე შევეჩვიე, რომ, როცა სახლიდან გადის, ადგილს ვეღარ ვპოულობ; სულ მეშინია, რამე არ დაემართოს, ან, სულაც შემთხვევით ვინმე ისეთს არ შეხვდეს, რომ... – გიორგი გაწითლდა და გაჩუმდა.
– ... რომ, შეუყვარდეს, – წაეშველა დიმიტრი, – მაგრამ, მაგის ნუ გეშინია, მზია ის ტიპი არ არის, შემთხვევით გაცნობილ კაცზე უცბად გაგიჟდეს; ამ მხრივ, შეგიძლია, მშვიდად იყო.
– მართლა? – გაუხარდა გიორგის.
– დარწმუნებული ვარ. განაგრძე.
– ამ ასაკში თუ ასე შემიყვარდებოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, – დამორცხვებით თქვა გიორგიმ, – ცოლი რომ მომიკვდა, ასე მეგონა, დედამიწაზე სიცოცხლე დასრულდა-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა... ქალების მეტი რა მყოლია, მაგრამ, ის გრძნობა, რაც მზიას მიმართ გამიჩნდა, აბსოლუტურად განსხვავებულია. ამ გოგოს გვერდით თავს მყუდროდ, მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ. მინდა, რომ ჩემი ცოლი გახდეს, მაგრამ, არ ვიცი, როგორ ვუთხრა.
– მაგას რა ცოდნა უნდა? – გაეღიმა დიმიტრის, – ასე დაგაბნია ამხელა კაცი ამ თითისტოლა გოგომ?
– არ ვიცი, როგორ ვთხოვო ხელი ლამის შვილისხელა გოგოს. თითქმის ოცი წლით ვარ უფროსი...
– მაგის ნუ გეშინია, ეგ ახლა მოდაშია, – გაეხუმრა დიმიტრი.
– ხომ გთხოვე, მაიმუნობა არ დაიწყო-მეთქი? – ეწყინა გიორგის.
– არა, ეს ისე ვთქვი, სიტუაციის განსამუხტავად, – მოუბოდიშა ძმამ, – ისე კი, მართლა ვფიქრობ, რომ შენი ასაკი ბარიერი სულაც არ არის. თანაც, რაღა დაგიმალო და, ამ ბოლო ხანებში შევამჩნიე, რომ მზიაც არ არის შენ მიმართ გულგრილი, რაღაც სხვანაირად გიყურებს ხოლმე.
– მართლა? არ მატყუებ? – გაუხარდა გიორგის.
– რატომ უნდა მოგატყუო? მაგრამ, მე სხვა რამ მაფიქრებს: მზიას რომც უყვარდე და ცოლად სიხარულით რომ გამოგყვეს, შენ გაწყობს... – დიმიტრის აშკარად მოერიდა წინადადების დასრულება და გაჩუმდა.
– დაასრულე, მე ახლა ჰაერივით მჭირდება შენი თითოეული სიტყვა, რჩევა თუ მოსაზრება. არ მოგერიდოს, მითხარი ყველაფერი, რასაც ფიქრობ, თუნდაც გეგონოს, რომ მეწყინება, – სთხოვა გიორგიმ.
– კარგი, მაშინ, გეტყვი ყველაფერს და მერე თვითონ გადაწყვიტე, როგორ მოიქცევი. მოსულა?
– მოსულა, – აღელვებით თქვა გიორგიმ, – რა მაწყობს?
– იქნებ, შენ, უბრალოდ, გაწყობს მზიასნაირი ცოლი, რადგან, კარგად მოგივლის, მყუდროებასა და კომფორტს შეგიქმნის და პრეტენზიებით არ შეგაწუხებს? თუ, მართლა გიყვარს, როგორც ქალი?
გიორგი ცოტა ხანს ჩაფიქრდა, მერე თავი ასწია და გულწრფელად უპასუხა:
– მე ასე მგონია, რომ სიყვარული ცოტა ეგოისტური გრძნობაა და, აქედან გამომდინარე, თავის თავში მოიცავს ყველაფერ იმას, რაც შენ ჩამოთვალე. ლოგიკურია, რომ, თუ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი არ იწვევს შენში სიმყუდროვის, დაცულობის, სიმშვიდის, კომფორტისა და სტაბილურობის შეგრძნებას, ის არ შეგიყვარდება და, მით უმეტეს, არ მოინდომებ მასთან ერთად მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარებას. მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად, როცა მზია აქვეა, ჩემ გვერდით, მიჩნდება სურვილი (და ამ სურვილის შეგრძნებაც კი წარმოუდგენელ სიამოვნებასა და სიხარულს მანიჭებს), გავაკეთო მისთვის ყველაფერი, რაც გაახარებს, რაც თვალებში ვარსკვლავებს აუნთებს... მინდა, ყველა ის ნატვრა და ოცნება ავუსრულო, რაც მის გულში მხოლოდ ნატვრად და ოცნებად დარჩენილა; მინდა, ვიყო ის ადამიანი, ვისაც ენდობა, ვისი იმედიც ექნება ყველაფერში... მინდა, ჩემთან ბედნიერი იყოს და არასდროს ინანოს, რომ ცოლად გამომყვა, თუ, რა თქმა უნდა, გამომყვება...
გიორგი ისეთი ანთებული თვალებით ლაპარაკობდა, დიმიტრი მიხვდა, რომ მისი ძმა მართლაც ყურებამდე იყო შეყვარებული და კეთილი შურით შეშურდა, რაც არც დაუმალავს:
– მიხარია, ასეთს რომ გხედავ და, სიმართლე გითხრა, თეთრი შურით მშურს, რომ ამ ასაკშიც შეგძლებია ასეთი სიყვარული. ბედნიერი კაცი ხარ.
– ჰო, – ღიმილით დაეთანხმა გიორგი, – რუსებს კარგად აქვთ ნათქვამი – „ლიუბვი ვსე ვოზრასტი პოკორნი“...
– მაგაზე გალაკტიონმა თქვა უკეთესად: „მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, და ვით ყვავილი შემოდგომის, ხშირად პირველს სჯობს“...
– ჰო, მეც ასე მგონია; მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მართლაც ჩემი უკანასკნელი, მაგრამ, ყველაზე ძლიერი სიყვარულია, თუ არ ჩავთვლი ჩემი ცოლის სიყვარულს, მაგრამ, ის უკვე დიდი ხანია, ჩემთან აღარ არის, მე კი ცოცხალი, ჯანმრთელი და ჯერ კიდევ არც ისეთი ხნიერი მამაკაცი ვარ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ მისი სული არ მიწყენს.
– როდის აპირებ ხელის თხოვნას? – დაინტერესდა დიმიტრი.
– არ ვიცი... ალბათ, როცა შესაფერისი სიტუაცია შეიქმნება. არ მინდა, ბანალური ვიყო და, თან, იმისაც მეშინია, რომ არ დავაფრთხო.
– კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამ და არ გეწყინოს. არ ვიცი, გიფიქრია თუ არა ამაზე... – დიმიტრი უხერხულად გაჩუმდა.
– თუ ამბობ, თქვი, ნერვებს ნუ მიშლი! – გაბრაზდა გიორგი, – რაზე არ მიფიქრია?
– რაზე და, მოდი, სიმართლეს თვალებში შევხედოთ: მზია ძალიან კარგი ადამიანია, კარგი ექთანი, კარგი დიასახლისი, საკმაოდ გონიერი, ვერც უწიგნურობას დააბრალებ და, პრინციპში, გარეგნობითაც არ არის ურიგო, მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც უბრალო გოგოა, სოფელში გაზრდილი, თანაც, დედინაცვლის ხელში...
– მერე რა? – ისევ გაბრაზდა გიორგი, – მაგით რისი თქმა გინდა?
– რისი და, შენ და მზია აბსოლუტურად სხვადასხვა წრის შვილები ხართ. როგორ ფიქრობ, მოერგება მზიას ტიპაჟი შენს წრეს, იმ საზოგადოებას, რომელშიც შენ ტრიალებ? მისი ასეთი განსხვავებულობა რამე უხერხულობას არ შეგიქმნის?
– მაგაზე აქამდე არ მიფიქრია, მაგრამ, ახლა ვიფიქრე და თამამად გეტყვი, რომ მზია ძალიან მალე აითვისებს ეგრეთ წოდებული მაღალი საზოგადოების წესებს და, თავისი პიროვნული თვისებების წყალობით, ამ საზოგადოების სული და გული გახდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან, ამ გოგოს აქვს თანდაყოლილი ინტელექტი, ნიჭი, გონიერება და ბუნებრიობა, ეს ყველაფერი ერთად კი საკმაოდ ბევრია იმისთვის, რომ, იმაში, რაც მე ვთქვი, ეჭვი შეგეპაროს...
დიმიტრის უნდოდა, პატარა კომენტარი გაეკეთებინა ძმის სიტყვებზე, მაგრამ, უცებ კარის გაჩხაკუნების ხმა გაიგო და თემა შეცვალა:
– მე მზიას ახალი სახელი გამოვუგონე და ამის შემდეგ ყოველთვის ასე მივმართავ ხოლმე.
– რა სახელი? – ღიმილით ჰკითხა უკვე ოთახში შემოსულმა გოგომ.
– მარპლმზი, – ამაყად გამოაცხადა დიმიტრიმ, – ხომ მაგარია?
მზიამ მოწონების ნიშნად გულიანად გადაიკისკისა, გიორგი კი უცებ ვერ მიხვდა და იკითხა:
– ეგ რას ნიშნავს?
– მარპლი პლუს მზია, – სიცილით აუხსნა ექთანმა, – მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ვერ გავამართლე ჩემი ახალი სახელი.
– რატომ, ვერაფერი გაიგე? – უცბად შეეცვალა ხასიათი დიმიტრის.
– პირიქით, – დაამშვიდა გოგომ, – ყველაფერი გავიგე და დავადგინე, მაგრამ, არა ჩემი მოხერხებულობისა და ორიგინალური მეთოდების, არამედ, მისი უდიდებულესობა შემთხვევის წყალობით... – და მზიამ ყველაფერი უამბო, ნანიტასა და გუგას პაემნის გარდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში