ადამი და ევა
უსარგებლო სიტყვები
არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ შეუძლიათ კამათი, რომ არაფერი ვთქვათ, არგუმენტირებულ ჩხუბზე... საკმარისია, აღელდნენ, რომ მეტყველების უნარს კარგავენ და მათ ლექსიკაში სრულიად არასაჭირო სიტყვები ჩნდება. თუმცა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ „არასაჭირო“ სიტყვები, ფაქტობრივად, არ არსებობს. მღელვარებისას ენის დაბმა და სათქმელისთვის თავის ვერ მობმა, ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ განათლება, ლოგიკა გაკლიათ. შეგიძლიათ, მოიშველიოთ პაუზა, როგორც აზრების დალაგების, ამოსუნთქვის საშუალება. არ ილაპარაკოთ ჩქარა და არ მიაყაროთ სიტყვები ერთმანეთს. ამოირჩიეთ თქვენთვის კომფორტული ხმის ტემბრი და ტემპი. ის თქვენი ბუნებრივი ხმის ტემბრისგან შედარებით ოდნავ ნელი უნდა იყოს.
ბევრი ფსიქოლოგი საუბრით შთაბეჭდილების მოსახდენად საკმაოდ ორიგინალურ მეთოდს იყენებს – ეს ღიმილი და იუმორია. ერთიც ძალიან ეფექტური საშუალებაა და მეორეც. თუნდაც არგუმენტები საერთოდ არ გქონდეთ, თუკი ღიმილსა და მოსწრებულ იუმორს მოიშველიებთ, სასწორი თქვენს მხარეს გადმოიხრება. მამაკაცთან ურთიერთობისას ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ისე, როგორც ბავშვი
მამაკაცი პასიური არსებაა. მთელ მსოფლიოში მამაკაცთა 14 პროცენტი მოხუცებულობამდე ცხოვრობს მშობლებთან, ეზარება ოჯახის შექმნა და ცალკე გასვლა. ბუნებრივია, ეს ინფანტილურობის ბრალიც არის და უპასუხისმგებლობისაც. დანარჩენი 86 პროცენტი ჩვენი ძვირფასი მამაკაცებისა უარს ნამდვილად არ იტყოდა, თუკი ნაკლები მოვალეობები ექნებოდა. მაგალითად, ძალიან აქტიურ ქალებს ემუქრებათ ის, რომ მათი მეუღლეები ინფანტილურები და პასიურები გახდებიან. ამიტომ დაიხსომეთ:
* არავითარ შემთხვევაში, არ შეითავსოთ დედის როლი. ნუ მოემსახურებით და ნუ გააკეთებთ მის გასაკეთებელს. ნუ გეშინიათ, როგორმე მოახერხებს, ისაუზმოს და შესაფერისი ტანსაცმელიც შეირჩიოს. სადილზე თეფშს და ჩანგალსაც თუ თვითონ გამოიღებს კარადიდან, ამით არაფერი დაშავდება. უფრო პირიქით...
* აუცილებლად ხშირად სთხოვეთ დახმარება ნებისმიერ საქმეში და აღნიშნეთ, რომ ეს თქვენთვის მეტად ფასეულია. ის კი ყველაზე საჭირო ადამიანია.
* გადაანაწილეთ ოჯახური მოვალეობები. რას გააკეთებს ის, ანუ რა ევალება სახლში, აჯობებს, იცოდეს.
* პირდაპირ უთხარით, რა გინდათ. მინიშნებების მამაკაცებს არ ესმით. მით უფრო, ვერასოდეს გამოიცნობს, რა გაქვთ გუნებაში.
* დაამკვიდრეთ ურთიერთობის თქვენებური სტანდარტები, ანუ, თუ მამაკაცს არ ეტყვით, რას ელოდებით მისგან და რისი მიღება გსურთ ამ ურთიერთობიდან, ის იცხოვრებს ისე, როგორც ყოველთვის „კარნახობდა“ დედა და ეს არ მოგეწონებათ.
თქვენ – მსახიობი
საკუთარი თავის შეცნობა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებისთვის, მით უფრო, ქალისთვის, რომელიც ცხოვრების თანამგზავრის ძიებაშია. „სცენარის თერაპია“ – არსებობს ფსიქოლოგიაში ასეთი ცნება, თქვენ ერთი როლი მაინც აუცილებლად უნდა მოირგოთ, რომელიც „საჩვენებელ“ სპექტაკლს გათამაშებთ. ეს იმას არ ნიშნავს, ვინმე მოატყუოთ. უბრალოდ, უნდა შეხვიდეთ რამდენიმე პერსონაჟის ამპლუაში და მიხვდეთ, რა უფრო ახლოსაა თქვენთან. ამით ზუსტად მიხვდებით, რა გჭირდებათ...
მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ პირველი ლედი ხართ. როგორ ჩაიცვამდით, როგორ მოიქცეოდით, როგორ დაიჭერდით თავს მამაკაცების წინაშე. დიახ, ეს სტატუსი თქვენ ბევრ რამეს მოგცემდათ და ბევრსაც მოითხოვდა მსხვერპლად. ეს არ უნდა დაგავიწყდეთ.
ევროპაში ამბობენ, ქალი ანგელოზთან შედარებით, ერთი საფეხურთი დაბლა დგასო და ამას აქვს ლოგიკური ახსნა. ფაქტია, რომ ქალს ბევრი შეუძლია, თუ მან საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ფასი იცის. გახსოვდეთ ისიც, რომ, რა როლიც უნდა შეასრულოთ, მაინც დარჩებით იმად, რაც ხართ. ამიტომ, საკუთარი თავის მოტყუება არ სცადოთ, ნურც სხვებს მოატყუებთ, მით უფრო, როცა ხვდებით, რომ ცუდი მსახიობი ხართ.
რატომ მიდის ქალი
ქალები ბევრად უფრო იშვიათად ანგრევენ ოჯახს. მით უმეტეს, იმ საზოგადოებაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თუმცა, ზოგიერთს მოთმინების ფიალა მაინც აევსება ხოლმე. თანაც, თუ კაცი, რომელიც ოჯახს ანგრევს, მერე 90 პროცენტ შემთხვევაში ძალიან ნანობს ამას, ქალი უკან აღარასოდეს იხედება, სულ წინ და წინ მიდის. მამაკაცი დიდხანს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის განქორწინებამდე. ქალს შეუძლია, გადაწყვეტილება ერთ წუთში მიიღოს, მაშინ, როცა მისი მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი ჩაეშვება.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ქალების 38 პროცენტი ანგრევს ოჯახს, როცა მას ქმარი სცემს. ზუსტად ამდენივე პროცენტი წყვეტს კავშირს მამაკაცთან, თუ ის ცუდი მამაა და ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად ძალადობს შვილებზე.
28 პროცენტი ქალებისა ოჯახს ანგრევს მეუღლის ღალატის გამო. მათ არ შეუძლიათ მოღალატე მამაკაცის გვერდით ცხოვრება.
17 პროცენტს, უბრალოდ, სხვა უყვარდება.
P. S. რას მიიჩნევენ ფსიქოლოგები ოჯახის დანგრევის მთავარ მიზეზად?! უპირველესად, ნაადრევ ქორწინებას, როცა პარტნიორები სრულიად მოუმზადებლები არიან ოჯახური ცხოვრებისთვის. განქორწინების შემდეგ კი ამბობენ, ხასიათებით ვერ შევეწყვეთო.
უმიზეზოდ არაფერი ხდება
რა თქმა უნდა, ამაზე არც არავინ დავობს – უმიზეზოდ არაფერი ხდება. უმიზეზოდ მხოლოდ გიჟები და ფსიქოლოგიურად დაავადებული ადამიანები ჩხუბობენ. მაგრამ, განქორწინება ის შემთხვევაა, როცა მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია. თანაც, სქესთა შორის განსხვავებაც მკვეთრად იგრძნობა.
მოდი, გავარკვიოთ, რატომ ანგრევს ოჯახს მამაკაცი, ანუ რამ შეიძლება, მიიყვანოს ის ასეთ ფატალურ გადაწყვეტილებამდე.
* მამაკაცების 40 პროცენტი ვერ ეგუება იმ ცვლილებებს, რომელიც ქალში ხდება პასპორტში ბეჭდით ურთიერთობის დაკანონების შემდეგ. ისინი ამბობენ, რომ ვერც ერთი ქალი ვერ ხვდება ამ ცვლილებებს.
* უცებ აღმოაჩენს, რომ თურმე ამ ქალის ცოლად შერთვით დიდი შეცდომა დაუშვია.
* ძალიან ცოტა – 13 პროცენტი მიდის ოჯახიდან იმიტომ, რომ სხვა შეუყვარდა.
* 23 პროცენტს საერთოდ არ უნდა ოჯახი – მათ სცადეს და მერე აღიარებენ, რომ თურმე სრულიად მოუმზადებლები ყოფილან ოჯახური ცხოვრებისთვის – ანუ, პასუხისმგებლობის დეფიციტია.
* 7 პროცენტია ისეთი, რომელმაც ცოლს ღალატი არ აპატია და პროტესტის ნიშნად მიატოვა.