ვისი მძღოლი იყო გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრში და ვინ დატოვა მან „კალგოტკის“ გარეშე
„დავიბადე თბილისში, ვერაზე, სატოს უბანში, იქვე ახლოს მდებარე ჩაჩავას სამშობიაროში. მამა არ მახსოვს – 3 წლის ვიყავი, როცა ჭლექით გარდაიცვალა. მხოლოდ ის მახსოვს, დედაჩემი სადმე რომ გადიოდა, მამაჩემს ერთი დიდი ბამბუკის ჯოხი ჰქონდა და იმას დაუტოვებდა, ახლოს რომ არ მივკარებოდი. საკმარისი იყო, იმ ოთახში შემეხედა, სადაც მამა იწვა, რომ ის უბედური ჯოხს მიღერებდა. მე, რა თქმა უნდა, ჩემი თავიდან მოშორების მიზეზს ვერ ვხვდებოდი, ამიტომ, პატარა ბავშვს არ მიყვარდა მამაჩემი...” – ამ სევდიანი მოგონებით იწყებს გივი ბერიკაშვილი თავის ცხოვრების დღიურებს დიტო ღვთისიაშვილის წიგნში – „სახალხო არტისტი”, მაგრამ მასში სახალისო ისტორიებიც საკმაოდ არის, თქვენ მხოლოდ უნდა წაიკითხოთ, თუ გინდათ, რომ თქვენი საყვარელი მსახიობი ახლოს გაიცნოთ.
მოგონებებში გაცოცხლებული
მამა, ზაქარია ბერიკაშვილი, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგიდან იყო; დედა კი თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშნიდან – ძულიაშვილის ქალი, ანა ერქვა. ჩემი მშობლები ადრე გადმოსახლდნენ თბილისში, მეც აქ გავჩნდი, თუმცა, კახეთთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია. სანამ მამაჩემის მამა – პაპა პანწკალა, ცოცხალი იყო, ყოველ ზაფხულს, უქმე დღეებშიც კი, სოფელში ვიყავი. თამრო ბაბოც კი კარგად მახსოვს... დედაჩემის დედას, სონა ბებოს, სულ პატარა წავუყვანივარ სოფელში. საწყალი, მეუბნებოდა: რომ ამიტირდებოდი, ძუძუს ჩაგიდებდი საწოვარას მაგივრადო. ას წელს იყო მიტანებული, რომ გარდაიცვალა. პაპა ფირუზას, დედაჩემის მამას, ზედმეტსახელად „ფხატას” ეძახდნენ, ისიც უაღესად მშრომელი კაცი იყო. ეგეთ ღვინოს კახეთში არავინ აყენებდა... ფეხსაცმელებსაც კერავდა, სოფლის კბილის ექიმიც ეგ იყო და პარიკმახერიც ქვემო ხოდაშენში. შაბათ-კვირას თავისი მოსავალიც თვითონ ჩამოჰქონდა ბაზარში... ვსწავლობდი თბილისში, მერვე ვაჟთა გიმნაზიაში. ომის წლებში დედაჩემი წინანდლისა და ქვემო ხოდაშნის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე იყო და, მეც, ძალაუნებურად, კახეთში გადამიყვანეს სკოლაში. თავისთავად, მძიმე წლები იყო. ამ რაიონს უამრავი დეზერტირი აფარებდა თავს, რომლებიც განსაკუთრებით ემტერებოდნენ ხელისუფალთ, ამ შემთხვევაში კი – დედაჩემს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს. მახსოვს, საწყალი ქალი გვერდით ვერ მიწვენდა – ეშინოდა, ღამით რამე თავდასხმა არ მომხადრიყო მასზე. ამის შემდეგ დავბრუნდით თბილისში. დედაჩემმა მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის თეატრის ბუღალტერიაში. მეც დავუბრუნდი ჩემს ძველ სკოლას. მერე დედაჩემი გათხოვდა. ჩემი მამინაცვალი რუსთავში იწყებდა მუშაობას და ბოლო წელი იქ გადამიყვანეს. რუსთავის სკოლა დავამთავრე.
სუნთქვით დატანჯული გივი და ავლიპის თეატრი
ლილი იოსელიანმა კინაღამ შეგვაძულა პროფესია. ვიფიქრე, დავანებებ თავს, წავალ, ვენახს შევწამლავ, მუშად ვიმუშავებ-მეთქი. შევიდოდი გაკვეთილზე, ვუყურებდით ამ ქალს – არც ჭამა უნდა, არც სმა, არც სხვა ბუნებრივი მოთხოვნილებები აქვს... ისე იყო გატაცებული იმით, რომ ჩვენც რამე გაგვეგო ამ საქმეში, ღამის თორმეტ საათზე გვიმთავრდებოდა ლექციები და მერე რუსთაველიდან პლეხანოვამდე მთელი ჯგუფი ვაცილებდით ერთმანეთს.
პირველი გაკვეთილი გვაქვს მეტყველებაში. იღება კარი და შემოდის ჭაღარა, პატარა, კაფანდარა ქალბატონი. ისეთი ხმა ჰქონდა... აბა, დავიწყეთ სუნთქვის ვარჯიშებიო – გამოგვიცხადა, გავიფიქრე, რა სუნთქვის ვარჯიშები მინდა ახლა მე. სანამ სკოლაში ვიყავი, სპორტდარბაზი იქვე გვქონდა, სატოს უბანში რას აღარ ვაკეთებდი – ვცურავდი, ფეხბურთს ვთამაშობდი... ვიფიქრე, ამ პატარა ქალმა მე რა სუნთქვა უნდა მასწავლოს-მეთქი. აბა, აიღეთ სუნთქვა და ერთ ამოსუნთქვამდე ვინ რამდენს დათვლითო – იმეორებდა. ყველას ზინა კვერენჩხილაძემ არ გადაგვიჯოკრა?!. სხვათა შორის, კვერენჩხილაძე კარგი მოფარიკავე, საკავშირო ჩემპიონი იყო. ერთხელ ქალბატონი ლილი მეუბნება: აბა, გივი, გენაცვალე, წარმოიდგინე რომ მდინარის ერთ ნაპირას დგახარ, ეს მდინარე ძალიან ხმაურიანია, შენ კი მეორე ნაპირზე უნდა გააგონო – „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”... დავიწყებდი ბურდღუნს – გამაჩერებდა. როგორ გგონია ახლა, გაიგონებდნენ მდინარის იქით? დავიწყებდი თავიდან, იმდენჯერ მამეორებინებდა, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევდა. სულ თაფლივით იყო, გამშვიდებდა, გაწყნარებდა... ჩემი ლეილასავით ბუზღუნა კი არ იყო (ლეილა კაპანაძე, მეუღლე). მოკლედ, გავიდა წლები. მალიკო მრევლიშვილმა ლეილა ჯერ ასისტენტად დაიტოვა ინსტიტუტში, მერე ლეილა პედაგოგი გახდა, ჯგუფები ჩაიბარა. ერთ დღესაც, ქალბატონ ლილის ლეილასთან დაუწუწუნია: რაღაც, ვერ ვიძინებ და წამალი ყოფილა – რადედორმი, იმას ვეძებ, მაგრამ, ვერ ვიშოვეო. ეს აკრძალულ, ფსიქოტროპიულ პრეპარატად ითვლებოდა და ლამის მინისტრამდე უნდა მიგეღწია, რომ გეშოვა. მე მაშინ დიდი „დოსტუპი” მქონდა ავლიპ ზურაბიშვილთან. მივედი ბატონ ავლიპთან, მოვუყევი ჩემი გაჭირვება, მომისმინა და მითხრა: ახლა მე შენ მაგ წამალს მოგცემ, მაგრამ, თეატრზე უნდა ვილაპარაკოთ ცოტა ხანსო. ეს „ცოტა”, სამი-ოთხი საათი გრძელდებოდა. ამ დღის შემდეგ ხშირად მიწევდა საქართველოს პირველ ფსიქიატრთან კონსულტაციები, სამაგიეროდ, ვიცოდი, რომ ჩემს მასწავლებელს მშვიდად ეძინა. პატარა შვება იგრძნო და სულ მე მლოცავდა.
„ჟენიას, ვირიშვილო?..”
1958 წელს სოხუმის თეატრი ჩამოვიდა თბილისში დეკადაზე. იმ გასტროლებზე მნახა ვერიკო ანჯაფარიძემ და შემომთავაზა, მარაჯანიშვილის თეატრში დავრჩენილიყავი. მეც დავთანხმდი. დავიწყე მუშაობა. უკვე როლებსაც ვთამაშობდი. კაკო დვალიშვილი მაშინ კულტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ვერიკო მიმიღებდა შტატში, კაკო მომხნიდა შტატიდან – მაგას არ ჰქონდა უფლება, სოხუმი მიეტოვებინაო. ვერიკო ისევ აღმადგენდა, კაკო ისევ მხსნიდა და ასე გრძელდებოდა, სანამ კაკო თვითონ არ დანიშნეს ჩვენი თეატრის დირექტორად. მერე ძალიან დავმეგობრდით. ვასო გოძიაშვილის მძღოლი ვიყავი კარგა ხანს. მახსოვს, სომხურ თეატრში იყო რაღაც შეხვედრა და მიმყავს მანქანით ბატონი ვასო, მისი მეუღლე ქალბატონი ჟენია და ქალბატონი მედეა ჯაფარიძე. გზაში ქალბატონმა მედეამ რაღაცას გამოსდო ფეხი და „კალგოტკა” გაერღვა, არადა, საღამოს სცენაზე უნდა გამოვიდეს... დაიწყო ნერვიულობა. ვუთხარი: ნუ ნერვიულობ, აგერ, პუშკინის ქუჩაზე გზად შევიაროთ და ახალი „კალგოტკა” ვიყიდოთ-მეთქი. მართლაც, შევაჩერე მანქანა, შევვარდი მაღაზიაში, ერთი „კალგოტკა” გამოვიტანე და ქალბატონ მედეას მივეცი... ბატონი ვასო მიყურებს: „ჟენიას, ვირიშვილო?!” ვაიმე... ჯერ კი გავიფიქრე, ჟენიას ხომ არ გარღვევია „კალგოტკა” და რას მეუბნება-მეთქი, თუმცა მალე გამოვედი მდგომარეობიდან. ახლა საღამოს საათებია, მეტი არ ჰქონდათ და, ხვალ-ზეგ ქალბატონ ჟენიას ამოვუტან-მეთქი. მეორე დღეს, რასაკვირველია, ეს ამბავი დამავიწყდა, ასევე, მესამე დღესაც. უცებ ვასო შემხვდა თეატრში და მომაძახა: „სად არის ჩულქი?”
ჯერ დავიხოცეთ, მერე ვიქორწინეთ
ეს სპექტაკლი ვასო გოძიაშვილის „გედის სიმღერად” იქცა. ამ გადაღებების შემდეგ სცენაზე აღარც გამოსულა და მალე გარდაიცვალა კიდეც. ერთ დღეს, მივედი გადაღებაზე და ჩოჩქოლია. რა ხდება-მეთქი? გოძიაშვილმა შემოგვითვალა, გრიპია მოდებული და სახლიდან ვერ გამოვალო. საგონებელში იყო ჩავარდნილი მთელი ჯგუფი – რა ვქნათ, არ ვიცით. არადა, სხვა დროს ამ სტუდიას აღარ მოგვცემენო – ეს ერთი გადაღების დღე იყო დარჩენილი. მე ვუთხარი: ნუ ნერვიულობთ, თქვენ მიდით, ყველაფერი გაამზადეთ, დავიდიჩს მე მოვიყვან-მეთქი. წავედი. ფილარმონიასთან ცხოვრობდა. გზად აფთიაქში შევიარე, ორი ცალი პირბადე ვიყიდე, ერთი ცხვირზე ავიკარი, მეორე ხელში მეჭირა. დავრეკე ზარი. კარი თვითონ გამიღო. ვაჰ, ვაჰ, რა სწორად გიქნია, ცხვირი რომ აგიკრავსო, – ამ სიტყვებით შემომეგება. უნდა წავიდეთ-მეთქი. არა, რას ამბობ, გრიპი მინდა ახლაო? რას ამბობ, დავიდიჩ, აბა, ეს დოლბანდი რისთვის მოვიტანე, მთელი ქალაქი დოლბანდაკრული დადის-მეთქი; შენობის შიგნით კიდევ, გრიპის ვირუსი არ აღწევს, იქ დაცული იქნები. გადავიღოთ ეს ბოლო სცენა და უკანვე მოგიყვან-მეთქი. ძლივს დავითანხმე. ახლა, წარმოიდგინეთ, დოლბანდახევულები მე და ვასო რა სანახავები ვიქნებოდით, ქუჩაში რომ გამოვედით. ჩავსხედით მანქანაში და წავედით ტელევიზიაში. გზაზე გოძიაშვილმა შეამჩნია, რომ დოლბანდი არც არავის უკეთია ქუჩაში. გაგიჟდა. შენ რა, მასხრად მიგდებ?! აბა, ახლავე დამაბრუნე უკანო. უკან ვინღა დააბრუნებდა, ძლივს წამოვიყვანე. ასე მივიყვანე ბოლო გადაღებების დღეს. უკან რომ მივიყვანე, დაიწუწუნა, ახლა ზევით რა ამიყვანსო. ვუთხარი: თუმანი მომეცი და მე აგიყვან ზურგით-მეთქი... დაეჭვებულმა შემომხედა: ხუთი მანეთი არ გეყოფაო?!
ზესტაფონელი ვირი და „პედარასტი” სიძე
ჩემი სიდედრი ხონელი იყო, სიმამრი – ქუთაისელი. ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა და ჩავედით ხონში, ცოლის ბიძაშვილებთან. იმერლებმა ახალი სიძე თუ არ წაახდინეს და ბაჟეში თავი არ ჩააყოფინეს, ისე რა მოასვენებთ... ხან ცოტა არაყს გამირევდნენ, ხან ღვინოს მოიპარავდნენ. რიგრიგობით ეცემოდნენ ბრძოლის ველზე. ლეილას შეეცოდა ცოცხლად გადარჩენილები და სთხოვა, მოეშვით ამ ჩემს ქმარს, კახელია, თქვენ ამის დამთრობი არ ხართ და, მოგკლავთ, თქვე უბედურებოო... ღვინით რომ ვერ მაჯობეს, კახელებზე ანეკდოტების მოყოლა დაიწყეს. ცოტა ხანს ვუსმინე, ვუსმინე და მერე ვუთხარი: მეც მოგიყვებით ერთ ანეგდოტს კახელებზე-მეთქი. კახელმა თელავიდან ვირი წამოიყვანა გასაყიდად ქუთაისში. მიდიან, მიდიან, გადაიარეს ნახევარი საქართველო და ზესტაფონში უცებ გაწვა ვირი. „ადე, ვირო! ადე, ვიროს” ძახილით აიკლო კახელმა იქაურობა. გამოესარჩლა ვირს ერთი ზესტაფონელი კაცი: პირუტყვი როა და ხმას ვერ გცემს, ამიტომ უნდა მოკლაო?! წადი, თქვენი ასე და ისეცო, – წაუკახურა თელაველმა და ვირის ცემა განაგრძო. გაბრაზდნენ იმერლები, ეს შენი კახელი კარგად მიტყიპეს და თავის ვირთან მიაგდეს. ცოტა ხნის შემდეგ, ოდნავ ჭკუაზე მოსულმა კახელმა ვირს გადახედა და უსაყვედურა: ამოდენა ბიძაშვილები თუ გყავდა ზესტაფონში, თელავში ვერ მითხარიო?..
ჩემი სიდედრი გიჟდებოდა ჩემზე. სანამ ჩვენს ბინაში გადავიდოდით (სატოს უბანში ბინა გავყიდეთ და თამარაშვილზე ამხანაგობის სახლის ასაშენებლად შევიტანეთ ფული), მანამ ჩემი ცოლის სახლში ვცხოვრობდით. ის ლეილას დედამთილი უფრო იყო, ვიდრე ჩემი სიდედრი. ერთხელ ნასვამი მივედი სახლში და ცოლმა მისაყვედურა: რა არის, ჩვენს სახლში არა ვართ, ამ ჩემს მშობლებთან რატომ მოდიხარ ნასვამიო... გამოუვარდა ჩემი სიდედრი და უთხრა: კაცი თუა, უნდა დალიოს, აბა, პედერასტი სიძე რა თავში სახლელად მინდაო. ჩემი სიმამრი არაჩვეულებრივი გარეგნობისა და ხმის პატრონი იყო, ეკლესიაში გალობდა ხოლმე. ადრე დაქვრივდა. გიჟდებოდნენ ჩემი შვილები ბაბუაზე. ერთხელ, მანქანით მოვდივარ და, დავინახე, ლუარსაბოვიჩი ქუჩაში მოსეირნობს ერთ სიმპათიურ რუს ქალთან ერთად. მაშინ, იქნებოდა ასე სამოცდაათი წლის. გავუჩერე მანქანა და ჩემი მომსახურება შევთავაზე. აბა, ბიჭო, იმ ჭკუაზე ვარ ზუსტად, შენ გასწავლო ამის მისამართიო, – მითხრა და გზა განაგრძო.