ექიმის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, მშობიარობის შემდეგ, ვიბრომასაჟორი რამდენ ხანში შეიძლება, გამოვიყენო მუცლის არეში. 4 თვის წინ ვიმშობიარე და ციკლიც აღმიდგა უკვე.
პასუხი: ვიბრომასაჟის გამოყენება არ არის რეკომენდებული მუცლის ზედაპირზე. ვიბრომასაჟორი უნდა მოთავსდეს ისეთ ადგილას, სადაც კანისა და კანქვეშა ქსოვილების ქვეშ ძვალია და არა უშუალოდ ორგანოები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხდება ორგანოების ვიბრაცია და შესაძლებელია, მათი დაზიანება.
კითხვა: ბოლო დროს მაწუხებს თავბრუხვევა, გულის რევის შეგრძნება და სისუსტე. ვარ 23 წის გოგონა. ადრე დაბალი წნევა მაწუხებდა, ახლა კი მოულოდნელად, შეიძლება, ამივარდეს და მეწყება კანკალი. რისი ბრალი შეიძლება, იყოს?
პასუხი: ამ ჩივილების გამომწვევი მიზეზების დადგენისა და შემდგომი მკურნალობისთვის ჯობია, უპირველესად, მიმართოთ ენდოკრინოლოგს. გამოსარიცხია ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია; სისხლში განსაზღვრეთ შაქრის დონეც.
კითხვა: მაინტერესებს, გენეტიკურია თუ არა კურდღლის ტუჩი და მამიდან გადადის თუ არა?
პასუხი: კურდღლის ტუჩი და მგლის ხახა თანდაყოლილი დეფექტია. მიზეზი უმეტესად ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში დედის მიერ გადატანილი ინფექციურ-ვირუსული დაავადებაა. შესაძლოა, ინფექცია ისეთი მსუბუქი იყოს, ორსულმა არც კი მიაქციოს ყურადღება, მაგრამ გამოიწვიოს კურდღლის ტუჩი, მგლის ხახა ან ორივე ერთად. მძიმედ მიმდინარე ორსულობამაც შეიძლება, კურდღლის ტუჩის განვითარების პროვოცირება გამოიწვიოს. ის ფაქტი, რომ მშობელს აქვს ასეთი ანომალია, სულაც არ ნიშნავს, რომ ანომალია ექნება შვილს.
კითხვა: მაინტერესებს, ექოსკოპიის დროს შესაძლებელია თუ არა დადგინდეს, რომ გოგონა ქალიშვილი არ არის?
პასუხი: ქალი ეწევა თუ არა სექსუალურ ცხოვრებას, ამის დადგენა ექოსკოპიით არ ხდება.
კითხვა: მაინტერესებს ძუძუთი კვების დროს რა ხილი შეიძლება მივირთვათ და თუ შეიძლება შინ გაკეთებული მოხუფული კომპოტის დალევა?
პასუხი: ლაქტაციის პერიოდში მეძუძურმა დედამ არ უნდა მიიღოს ალერგიული თვისებების მქონე ციტრუსები – ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ასევე, ატამი, საზამთრო და ისეთი ხილი, რომელიც იწვევს შებერილობას – (მსხალი, ბალი, ხურმა). არ არის რეკომენდებული ყურძენი, უნდა შეიზღუდოს ქლიავი, ლეღვი. ნებისმიერი საკვები, მათ შორის ხილი და ბოსტნეული რაციონში ეტაპობრივად უნდა შეიტანოთ და დააკვირდეთ ბავშვის რეაქციას; რაც შეეხება კომპოტს, უნდა მიირთვათ გამხმარი ხილის, ჩირის, ან ცოცხალი ხილისგან ახლად მომზადებული.
კითხვა: ერთი თვის ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე. შემიძლია თუ არა დუფალაკის მიღება და რა დოზით?
პასუხი: დუფალაკის მიღება დაშვებულია მეძუძური დედებისთვის. დოზირება უნდა მოხდეს შემდეგი სქემით: დასაწყისში 15-45 მილიგრამი დღეში ერთხელ, დილით, ჭამის დროს. ორი დღის შემდეგ, მდგომარეობის გათვალისწინებით, დოზა მცირდება 10-25 მილიგრამამდე.