რას საქმიანობდნენ რუსი „ოლიგარქები” 25 წლის ასაკში
თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი ნაწილი „ოლიგაქრები” არიან. ისინი მართავენ ქვეყნის უმთავრეს სამრეწველო და ენერგეტიკულ ობიექტებს. მათ ხელშია ნავთობისა და რკინის მომპოვებელი ქარხნები. ისინი ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირები არიან და მის გარეშე მათი „არსებობა,” პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. საინტერესოა რით იყვნენ დაკავებული და რას საქმიანობდნენ რუსი მილიარდერები „კარიერის” დასაწყისში.
ვლადიმირ ლისინი – ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ერთ-ერთი უმდიდრესი რუსი მილიარდერი ციმბირის მეტალურგიული ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ლისინმა საწარმოო გაერთიანება „ტულაჩერმეტში” ფოლადის გამომდნობად 35 წლამდე იმუშავა და იყო ასევე: „სტალევარი”, ფოლადის გამომდნობი მოწყობილობის ოპერატორი, ცვლის უფროსი, განყოფილების გამგე და ბოლოს საწარმოს უფროსის მოადგილე.
ვლადიმირ პოტანინი – კომპანია „ინტერროსის” პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1990 წლამდე პოტანინი საბჭოთა კავშირის ეკონომიკური კავშირების სამინისტროში მუშაობდა მთავარ ინჟინრად.
რომან აბრამოვიჩი – ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორი და საფეხბურთო კლუბ „ჩელსის” მფლობელი. ბიზნესაქტივობა მან 25 წლის ასაკში დაიწყო და დააფუძნა კოოპერატივი „უიუტი”, რომელიც რბილ სათამაშოებს აწარმოებდა და ყიდდა. 1992 წელს აბრამოვიჩის წინააღმდეგ საქმეც კი აღიძრა დიზელის საწვავის დიდი ოდენობით მიტაცების ფაქტზე. თუმცა, საბოლოოდ, საქმე ისე დაიხურა, რომ აბრამოვიჩის დაპატიმრება დღის წესრიგში არდამდგარა.
ვაგით ალეკპეროვი – „ლუკოილის” აქციების მფლობელი. 24 წლის ასაკში მან აზერბაიჯანის აზიზბეკოვის სახელობის ნავთობისა და ქიმიის ინსტიტუტი დაამთავრა და შემდგომ „კასპმორნეფტში” საბურღი საქმიანობით იყო დაკავებული, ნავთობის მომპოვებლად მუშაობდა.
ვიქტორ ვექსელბერგი – „რენოვას” მფლობელი მილიარდერი, მოსკოვის საინჟინრო ინსტიტუტის კურსდამთავრებული 22 წლიდან წყლის საქაჩი საწარმო „კონასში” მუშაობდა კონსტრუქტორად და სამსახურიდან 11 წლის შემდეგ ლაბორატორიის უფროსის თანამდებობის რანგში წამოვიდა კერძო ბიზნესში.
ალექსეი მორდაშოვი – „სევერსტალ-გრუპის” გენერალური დირექტორი, 23 წლის ასაკში დაამთავრა ტოლიატის სახელობის ლენინგრადის ინჟინერ-ეკონომიკური ინსტიტუტის საინჟინრო-სამშენებლო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მორდაშოვი ჩერეპოვეცკის მეტალურგიული კომბინატის მთავარ ეკონომისტად მუშაობდა. 25 წლის ასაკში კი, ეკონომიკის ბიუროს უფროსი, ხოლო 27 წლის ასაკში – „სევერსტალის” ფინანსური დირექტორი გახდა, მორდაშოვი ყველაზე ახალგაზრდა მილიონერია რუსეთის ისტორიაში.
მიხაილ ფრიდმანი - „ალფა-გრუპის” კონსორციუმის აქციონერი, საწარმო „ელექტროსტალში” მუშაობდა ინჟინერ-კონსტრუქტორად, 1988 წლიდან კი მეგობრებთან ერთად კომპანია „კურიერი” დააფუძნა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა მაღალსართულიან შენობებში ფანჯრების წმენდის სერვისს. 1980-იანი წლების ბოლოს ფრიდმანი კომპიუტერებითა და სხვა ტექნიკით ვაჭრობდა.
რუსტამ ტარიკო – ბანკ „რუსკი სტანდარტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, 27 წლის ასაკში ჩაერთო ბიზნესში. ის უცხოელებს მოსკოვის სასტუმროებში აბინავებდა. სპეციალობით ტარიკო ტრანსპორტის ინჟინერია.
ვლადიმირ ბოგდანოვი - „სურგუტნეფტეგაზის” გენერალური დირექტორი. 22 წლის ასაკში მან ტიუმენის ინდუსტრიული ინსტიტუტი დაამთავრა და გარკვეული პერიოდი ნავთობმომპოვებელ ბაზებზე მბურღავად მუშაობდა.
მიხაილ პროხოროვი – ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური რუსი მილიარდერი მიხაილ პროხოროვი მოსკოვის ფინანსური ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. კარიერის დასაწყისში ის „მოხარშული” ჯინსის საწარმოს ფლობდა.