მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მიერ გამოხატული ერთგულების მაგალითები
ერთგულება თანამედროვე სპორტში უიშვიათესი მოვლენაა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს აღარ არიან თავისი კლუბის ერთგული ფეხბურთელები. მათმა უმეტესობამ არაერთხელ თქვა უარი მრავალმილიონიან შემოთავაზებაზე და მხოლოდ ერთ კლუბში გაატარა თავისი წარმატებული კარიერის საუკეთესო წლები.
ზეპ მაიერი – „ბაიერნი” (1962-1979)
გერმანელი გოლკიპერი ზეპ მაიერი 17 წლის განმავლობაში იყო მიუნჰენური გრანდის ძირითადი შემადგენლობის წევრი და მეკარეების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება, რომელმაც მთელი კარიერა ერთ კლუბში გაატარა. თავისი კარიერის განმავლობაში მაიერმა მრავალი ტიტული მოიგო, მათ შორის – მსოფლიო ჩემპიონატი 1974 წელს. რომ არა, დანიელი ლარს ჰოგი, რომელმაც დანიურ „ოდენსეში” 23 წელი გაატარა და 800-მდე მატჩში დაიცვა კლუბის კარი, ზეპ მაიერის სტაჟი, შესაძლოა, რეკორდული ყოფილიყო.
ლევ იაშინი – მოსკოვის „დინამო” (1949-1971)
მეოცე საუკუნის საუკეთესო გოლკიპერად დასახელებულ ლევ იაშინს მეტსახელი „შავი ობობა” შეარქვეს, რადგან მხოლოდ მას შეეძლო ექსტრაორდინარული შესაძლებლობების გამოვლენა კარში დგომისას. სამი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე და 1963 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი იაშინი 22 წელი ემსახურა „დინამოს” და სიცოცხლის ბოლომდე კლუბის ერთგული დარჩა.
კარლეს პუიოლი – „ბარსელონა” (1997-2014)
„თუკი „მილანს” ჰყავდა პაოლო მალდინი, „ბარსელონას” ჰყავდა კარლეს პუიოლი,” – ამბობენ საფეხბურთო ექსპერტები. რთული წარმოსადგენი იქნებოდა მისი ნახვა სხვა გუნდის მაისურში. სხვათა შორის, 2003 წელს „მანჩესტერ იუნაიტედს” ჰქონდა მცდელობა, რომ პუიოლი „ბარსელონიდან” გადმოეყვანა, თუმცა, საბოლოოდ კონტრაქტის გაფორმება ჩაიშალა, რადგან ფეხბურთელმა თვითონ არ ისურვა მშობლიური კლუბის დატოვება. წელს „ბარსელონა” ახალ სეზონს ლეგენდარული კაპიტნის გარეშე დაიწყებს.
ხუან-კარლოს პლატა – „მუნისიპალი” (1990-2010)
ევროპაში ნაკლებად ცნობილი, ცენტრალურ ამერიკაში კი ლეგენდად ქცეული პლატა ნამდვილი გოლების მანქანა იყო. გვატემალის „მუნისიპალში” გატარებული 20 წლის განმავლობაში მან 553 მატჩში 299 გოლი გაიტანა და მსოფლიო ფეხბურთისა და სტატისტიკის საერთაშორისო ასოციაციის მიერ, ის პლანეტის ყველა დროის 60 საუკეთესო მეგოლეს შორის არის დასახელებული.
რაიან გიგზი – „მანჩესტერ იუნაიტედი” (1990-2014)
24 წელი იცავდა უელსელი რაიან გიგზი „წითელი ეშმაკების” ღირსებას და, დიდი ხანია, „მანჩესტერის” ქომაგებმა ის „ოლდ ტრაფორდის” ლეგენდად შერაცხეს. 2003 წელს „ინტერის” მფლობელი მასიმო მორატი გიგზის გადაბირებას ცდილობდა „ჯუზეპე მეაცაზე,” თუმცა, მოლაპარაკება არ შედგა. გასულ სეზონზე მოთამაშე-მწვრთნელის რანგში მან უხელმძღვანელა უმწვრთნელოდ დარჩენილ „მანჩესტერს”, ხოლო ახალი სეზონიდან რაიანი ლუი ვან გაალის თანაშეწმე იქნება.
პაოლო მალდინი – „მილანი” (1985-2009)
პაოლო მალდინი მილანელი ტიფოზების ნამდვილი კერპია, რომელიც 16 წლის ასაკიდან, 24 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა მილანურ გრანდს. შვიდჯერ სკუდეტოს და ხუთჯერ ევროპული თასის მფლობელი მალდინის „ჩელსიში” გადაბირებას 1997 წელს ცდილობდა რუუდ გულიტი, თუმცა მალდინიმ მშობლიურ კლუბს უერთგულა, სადაც მის გარდა უთამაშია მამამისს, ჩეზარე მალდინის, ახლა კი მისი ორივე ვაჟი, კრისტოფერი და დანიელი, იუნიორთა გუნდებში თამაშობენ.