მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: შეუძლია თუ არა მიცვალებულის სულს ცოცხლებთან კონტაქტი?
პასუხი: გარდაცვლილის სულთან კონტაქტი ლოცვით მიიღწევა. ჩვენ ლოცვებით ვეხმარებით გარდაცვლილის სულს იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ასევე, გარდაცვლილებიც ლოცულობენ ცოცხლებზე. რაც შეეხება გამოცხადებას, ამ საკითხს ჩვეულებრივი ადამიანები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ, ხშირად ასეთი რამ ბოროტი ძალისგან მომდინარეობს. ჭეშმარიტი ხილვები, ღვთის ნებით, უპირატესად წმიდანებს აქვთ. დაუშვებელია სულებთან კონტაქტისთვის სპირიტული სეანსების ჩატარება და მსგავსი რამ. ეს ბოროტი ძალების დახმარებით ხდება, უფალს გვაშორებს და მიცვალებულთა სულებს აფორიაქებს.
კითხვა: შეიძლება თუ არა ცოლქმრული ურთიერთობა მარხვაში?
პასუხი: ცოლქმრული ურთიერთობა არ შეიძლება განსაკუთრებით მძიმე მარხვაში, მაგალითად, დიდი მარხვის პირველ და ბოლო კვირას. ზიარების წინა დღეებში და შაბათ ღამეს.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, რომელსაც ყოველღამე გარდაცვლილი ახლობლები ესიზმრება. რაზე მიანიშნებს ეს?
პასუხი: ქრისტიანმა ეს უნდა მიიღოს, როგორც შეხსენება მეტი გულმოდგინებით ილოცოს გარდაცვლილი ახლობლებისთვის.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ვუამბო სხვას, რა ვუთხარი აღსარებაზე მოძღვარს და როგორი დარიგება მომცა მან?
პასუხი: მოძღვართან თქვენი საუბრის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეთ. შეგიძლიათ, ზოგადად გაუმხილოთ სხვას მოძღვრის რომელიმე რჩევის ან მისი გონივრული დარიგების შესახებ. აღსარებაზე ნათქვამი კონკრეტული ცოდვის შესახებ საუბრის უფლება არც მოძღვარს და არც მრევლის წევრს არ აქვს.