როგორ ეძებს 73 წლის მამაკაცი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაკარგული მამის კვალს ნოვოროსიისკში
73 წლის ავთანდილ პოლიკარპეს ძე კაშია ეძებს მამას, 1910 წელს დაბადებულ პოლიკარპე პარნადის ძე კაშიას.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს, უფრო სწორად, რამე ინფორმაციას მამის შესახებ. მამაჩემი, 1910 წელს დაბადებული პოლიკარპე პარნადის ძე კაშია, მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარში გაიწვიეს და ბოლო ცნობა მისგან რუსეთიდან, კერძოდ კი, ქალაქ ნოვოროსიისკიდან მივიღეთ. მას შემდეგ მამის შესახებ არაფერი გაგვიგია. მამაჩემი არც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში იყო და არც გარდაცვლილთა სიაში. დაზუსტებით ვიცით, რომ ომში ის არ დაღუპულა, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, გამიწიოთ დახმარება მამის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიებაში.
– საიდან გაიწვიეს მამათქვენი და რატომ გგონიათ, რომ ის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის არ შეიძლება იყოს?
– მამაჩემი, მეორე მსოფლიო ომში ქალაქ სამტრედიის სამხედრო კომისარიატიდან გაიწვიეს. ომის შემდეგ, ანუ, როდესაც უკვე ყველაფერი დასრულებული იყო, კერძოდ, 1952 წელს, ჩვენმა ოჯახმა მისგან წერილი მიიღო, რომელშიც ის იწერებოდა, რომ დიდი ხანია სამშობლოში არ ყოფილა და მალე აპირებს ჩამოსვლას. წერილი ცხონებულმა დედაჩემმა ქალაქ ნოვოროსიისკის ჩერნომორიის ქუჩა ¹14-დან მიიღო. წერილში მამა დედას, ასევე, სწერდა: გთხოვთ, მკვდრად არ ჩამთვალოთ, მალე ჩამოვალ სამშობლოშიო. ამ წერილის შემდეგ ჩვენ მის შესახებ აღარაფერი გაგვიგია. მისი კვალი გაქრა, მაგრამ, ვფიქრობ, ამის რეალური მიზეზი არსებობდა. ფაქტია, რომ ის ცოცხალი გადარჩა და ჩამოსვლასაც აპირებდა, მაგრამ, შემდგომ რა მოხდა, უკვე აღარ ვიცით. პირადად ჩემი აზრით, იმ დროს, როდესაც ყველას ძალიან უჭირდა, მამაჩემი ვიღაცას შეეკედლა, ან, შეიძლება, ის მძევლადაც აიყვანა ვინმემ და ამის გამო ვეღარ მოახერხა, ჩვენთვის მოეწერა... ათასი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ძალიან მინდა, გავიგო, რა ბედი ეწია მამაჩემს.
– აქამდე თუ ეძებდით მამას?
– ყოველთვის მაინტერესებდა, რა მოხდა სინამდვილეში, რა იყო იმის მიზეზი, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მამა აღარ ან ვეღარ დაბრუნდა სამშობლოში, რამ შეუშალა მას ხელი. ბოლო ცნობილ მისამართზე, ანუ, ნოვოროსიისკში რამდენჯერმე გავგზავნეთ წერილი, მაგრამ, უშედეგოდ, პასუხი საერთოდ არ მიგვიღია. სრულიად შემთხვევით წავიკითხე თქვენი ერთ-ერთი სტატია და გადავწყვიტე, დახმარებისთვის თქვენთვის მომემართა. უზომოდ ბედნიერი ვიქნები, თუკი მამის შესახებ რაიმე ინფორმაციას მოვიძიებ. თავად მე 73 წლის ვარ, პენსიონერი. ისე კი პოლიციის თადარიგის პოლკოვნიკი ვარ. ძალიან კარგ და სასიკეთო საქმიანობას ეწევით და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველა თქვენს ისტორიასთან დაკავშირებით. ძალიან მიხარია, როდესაც ვკითხულობ, თუ რამდენ ადამიანს დაეხმარეთ ერთმანეთის პოვნაში. იმედი მაქვს, თქვენი დახმარებით მეც რამეს გავარკვევ. საწყალი დედაჩემი მთელი სიცოცხლე ელოდა მამაჩემის ჩამოსვლას. ის ამქვეყნიდან ისე წავიდა, რომ მეუღლის შესახებ სინამდვილე ვერ გაარკვია.
– კვლავ დაკარგულს დაუბრუნდეთ: რაიმე საბუთი ხომ არ მოგიძიებიათ, რომლის მიხედვითაც მამათქვენი გარდაცვლილად ფიქსირდება?
– ნამდვილად არ მაქვს ასეთი ინფორმაცია; ჩვენ მიერ არაერთგზის გაგზავნილი განაცხადი სულ პასუხგაუცემელი რჩებოდა. ის ფაქტი კი, რომ ის დედას ჩამოსვლაზე სწერდა და აპირებდა კიდევაც სამშობლოში დაბრუნებას, მოსვენებას არ მაძლევს. მინდა, გავიგო, რა მოხდა სინამდვილეში. ვიცი, რომ თქვენ გყავთ ნებაყოფლობითი დამხმარეები სხვადასხვა ქვეყანაში. იმედია, მათ შორის იქნებიან ისეთებიც, ვინც ომის დროს ან შემდგომ წლებში დაკარგულ ადამიანთა ძებნით არიან დაკავებულნი და, შეიძლება, მათ ჰქონდეთ საბუთების რაღაც რესურსი; ან, იქნებ, მათ შეძლონ და დაგვეხმარონ სიმართლის დადგენაში.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.