კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემი სიძე მეარშიყება

მყავს თითქმის ჩემი ტოლი დეიდაშვილი, რომელთან ერთადაც გავიზარდე. და რომ მყოლოდა, ალბათ, ასე არ მეყვარებოდა და ასე ახლოს არ ვიქნებოდი. მე რომ გავთხოვდი, რამდენიმე თვეში ეკაც გათხოვდა. ჩვენი შვილებიც თითქმის ტოლები არიან და იმათაც ერთად ვზრდით. ერთი სიტყვით, ერთ დღესაც ვერ ვძლებთ უერთმანეთოდ.

ეკას ქმარი თითქოს ცუდი ბიჭი არ იყო, მართლა გულით შევიყვარე და ძმად მივიღე, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ქმარს გავშორდი, ჩემ მიმართ აშკარად შეიცვალა. თავიდან მეგონა, რომ მეჩვენებოდა, მაგრამ, ერთხელ, როცა ჩემს დაქალთან ერთად მივედი ეკასთან და ნიკაც სახლში დაგვხვდა, ისე მოიქცა, რომ ჩემმა დაქალმა იქიდან წამოსვლის შემდეგ მითხრა, ეს შენი სიძე უზნეო და უსინდისო კაცია და მასთან ფრთხილად იყავიო. ეს სიტყვები მენიშნა, რადგან, მე თვითონაც აშკარად ვგრძნობდი ხოლმე (ბოლო ხანებში), რომ სხვანაირად მიყურებდა, სხვანაირად მელაპარაკებოდა და, საერთოდაც, ისე მექცეოდა, რომ მისი საქციელი დაფარულ არშიყობას უფრო ჰგავდა, ვიდრე ახლობლურ და ნათესაურ, თუნდაც შეხუმრებულ ურთიერთობას. ერთხელ კი, ეკას შვილის დაბადების დღეზე რომ მივედი (რესტორანში გადაუხადეს), მთელი საღამო თავს დამტრიალებდა, ცდილობდა, სულ ჩემთან ეცეკვა და ორაზროვან ფრაზებს მეუბნებოდა. ისიც კი გამიბედა და მითხრა: ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და ქმართან გაყრა სულაც არ ნიშნავს უკაცოდ ცხოვრებას. ისეთი ქალი ხარ, შენზე უარს ვინ იტყვისო. ამას რომ მეუბნებოდა, ისეთი ბილწი მზერით ამათვალიერ-ჩამათვალიერა, შემეშინდა; ფაქტობრივად, საკუთარი თავი შემომთავაზა. ისეთ ხასიათზე დავდექი, ეკას ვუთხარი, უნდა წავიდე, ძალიან ცუდად ვარ-მეთქი. ეტყობა, ისეთი სახე მქონდა, ეკამ არაფერი აღარ მითხრა. წამოსვლისას ყველა გადავკოცნე, მათ შორის, ძალაუნებურად, ნიკაც, რომელიც უკვე საკმაოდ ნასვამი იყო. არ ვიცი, სიმთვრალის გამო ვეღარ „მოზომა“ თუ გულში ჰქონდა ამის გაკეთება, მაგრამ, ჩვეულებრივი გამოსამშვიდობებელი ლოყაზე კოცნის დროს უცებ ტუჩებში მაკოცა და თვალებში შეთქმულივით შემომხედა. ეს სულ რამდენიმე წამში მოხდა და არავის დაუნახავს, თუმცა, მე ისე ცუდად გავხდი და ისე შემეზიზღა ნიკა, კინაღამ ტირილი დავიწყე. მერე აიტეხა, მე უნდა წაგიყვანო სახლში მანქანითო. მაგრამ, იმან გადამარჩინა, რომ ძალიან ნასვამი იყო და ეკამ თავი გაიგიჟა – ასეთი მთვრალი საჭესთან როგორ უნდა დაჯდეო. მოკლედ, ბოლოს ეკას მამამ, ბიძაჩემმა გამომაცილა – რესტორნის წინ ტაქსები რომ დგანან, ერთ-ერთში ჩამსვა და ისე გამომიშვა სახლში.

მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე ნერვიულობისგან. დილით ისე ცუდად ვიყავი, შვილის მოვლის თავიც არ მქონდა და დედაჩემს ვთხოვე, ეტყობა, მოვიწამლე და ბავშვს შენ მიხედე-მეთქი, მე კი ისევ დავწექი, რომ ვინმეს რამე არ შეეტყო. მერე, როგორც იქნა, ჩამთვლიმა, მაგრამ, ათი საათიც არ იყო, რომ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ეკა მირეკავდა: ნიკა ძალიან ნერვიულობს შენ გამო და მთხოვა, გამეგო, როგორ ხარო. მერე თვითონ ნიკაც მელაპარაკა – ვითომ ჩემი ცუდად ყოფნით იყო შეწუხებული, ბოლოს კი მითხრა, დღეს ჩვენთან გამოდი, ერთად ვივახშმოთ, თუ გინდა, მე მოგაკითხავ მანქანითო. ეკამაც მთხოვა მისვლა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ წავედი. ის კი არა, მას შემდეგ ლამის ერთი თვე გავიდა და სულ ორჯერ ვიყავი ეკასთან, ისიც მაშინ, როცა ზუსტად ვიცოდი, რომ ნიკა სახლში არ იქნებოდა, თანაც, ნახევარ საათზე მეტ ხანს არ დავრჩენილვარ. ეკაც, მისი მშობლებიც და ჩემი მშობლებიც ძალიან გაოცებულები არიან ჩემი ასეთი საქციელით, მაგრამ, ვერაფერს ვამბობ. ყველას ჰგონია, რომ ეკასგან რაღაც სერიოზულად მეწყინა და მასზე გული გამიცივდა. მხოლოდ დედაჩემი ეჭვობს რაღაცას, მართალია, ჯერჯერობით ვერაფერს მეუბნება და მხოლოდ მაკვირდება, მაგრამ, ვიცი, რომ, ადრე თუ გვიან, პირდაპირ დამისვამს კითხვას და მერე როგორ უნდა მოვიქცე, წარმოდგენაც არ მაქვს.

ურთულეს მდგომარეობაში ვარ: თუ ხმამაღლა ვიტყვი მიზეზს, რატომ ვიქცევი ასე, შეიძლება, ამით ჩემს უსაყვარლეს ადამიანს დავუნგრიო ოჯახი, ცხადია, თუკი დაიჯერებს ჩემს სიტყვებს. თუ არ დაიჯერებს, მე გამოვალ უზნეო ქალი, რომელმაც მის ქმარს თვითონ დაადგა თვალი,  ამის დასაფარავად იქით  დასწამა ცილი და, ცხადია, სამუდამოდ დამკარგავს. უფრო მეორე ვარიანტია მოსალოდნელი, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მე და ეკა ისე ახლოს ვეღარასოდეს ვიქნებით და ამ აზრთან შეგუება ძალიან მიჭირს.

ნინიკო, 26 წლის.

скачать dle 11.3