რატომ ელოდებოდნენ მთელი ერთი თვე სასწრაფოს მანქანები სცენაზე ასულ მეგი გოგიტიძეს და ვის გამო დატოვა მან უკრაინული „ვოისის” ნახევარფინალი
ეს წელი, მომღერალ მეგი გოგიტიძისთვის ნამდვილად ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა. სურვილი, რომ უკრაინაში პოპულარული მომღერალი გამხდარიყო, ამ ქვეყნის „ვოისის” კონკურსში მონაწილეობით აიხდინა და ხალხის სიყვარულიც მოიპოვა. ახლა მას საკმაოდ ბევრი მიწვევაც აქვს და როგორც თავად გაგვანდო, სულ მალე უკრაინაში მისი სოლო კონცერტიც იგეგემება. ის სცენაზე, ორსულობის მთელი ცხრა თავე იდგა და კონკურსანტების გვერდით, თავს არ ზოგავდა, გამოემჟღავნებინა ის შესaაძლებლობები, რაც მის შინაგან ბუნებაშია და გენეტიკურადაც დაჰყვა. თუმცა, ფინალში ეს ვეღარ შეძლო, რადგან მშობიარობის დრომ მოუწია. უკრაინული „ვოისის” მერე კი, მეორე, მთავარი მოვლენა ამ წელს ის გახდა, რომ – მეგი ულამაზესი, პატარა სიდონიას დედა გახდა. ჩვენი ჟურნალი, ულოცავს მას დედობას და ბედნიერ მომავალს უსურვებს!
მეგი გოგიტიძე: სასწაული გრძნობაა დედობა. ასეთი ბედნიერება მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ განმიცდია. ეს ყველაზე დიდი სასწაულია ჩემს ცხოვრებაში, საოცარი შეგრძნება. უბედნიერესი ვარ. სიდონია ხან წყნარია, ხან მტირალა, ხან ანჩხლი (იცინის). სასწაული სმენა აქვს, და რომ ტირის, ზარივით ხმას უშვებს, მგონია, უკვე მღერის (იცინის). ის ჩანაწერები მაქვს, რასაც ორსულობის პერიოდში ვმღეროდი და ახლა რომ ჩავურთავ, უნდა ნახოთ, როგორ განცვიფრებით ისმენს – ეცნობა მელოდიები. მსგავსებით კი მამას ჰგავს. თავიდან, მამიკომ გადაწყვიტა, მშობიარობას დავესწრებიო და მისი სახე რომ დავინახე, ვუთხარი: გადი, თორემ შენ უფრო მეტად გტკივა და განიცდი-მეთქი (იცინის). პატარა სიდონია მერაბიშვილი, 19 ივნისს გაჩნდა, ღამის 3 საათსა და 40 წუთზე. იყო 4 კილოგრამი და 56 სანტიმეტრი. ბუნებრივად ვიმშობიარე და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. უფრო ადრე ველოდით მის დაბადებას, მაგრამ ცოტა დააგვიანა. ვხუმრობ ხოლმე, მაცადა უკრაინული „ვოისის” სცენაზე ბოლომდე დგომა და ბრძოლა-მეთქი. დამთავრდა „ვოისი” და მე ნახევარფინალიდან წამოვედი. უკვე წარმოუდგენელი იყო ჩემი იქ ყოფნა და სიმღერა. დღე-დღეზე ველოდებოდი ბავშვის გაჩენას და პროდიუსერები, ჟიურის წევრები და თავად კონკურსანტებიც კი, ჩემზე მეტად განიცდიდნენ, სცენაზე ჩემ ამხელა მუცლით დგომას. ფიქრობდნენ, აქ რომ დაეწყოს მშობიარობა, ვერ გადავრჩებითო (იცინის). სხვათა შორის, პროდიუსერებს გათვლილი ჰქონდათ და ყოველი შემთხვევისთვის, კართან სასწრაფოს მანქანები იდგა, სულ კუდში დამდევდნენ. ნახევარფინალიდან ბავშვის გამო წამოვედი, რადგან ფიზიკურად ვეღარ ვიდექი სცენაზე.
– ანი ლორაკმა, თამარ გვერდწითელმა და შენმა კონკურენტმა, მაგრამ ახლა უკვე მეგობარმა მომღერლებმა თუ მოინახულეს პატარა სიდონია?
– ანი ლორაკმა, როგორც კი გავაჩინე, იმ დილითვე დამირეკა და მომილოცა. შოუს პროდიუსერი მოვიდა გამოყვანის დღეს, ყველა მეფერებოდა და მილოცავდა. თამარ გვერდწითელს ჯერ არ მოულოცავს, რადგან მოსკოვში წავიდა და არ იცის, რომ დედა გავხდი, თორემ აუცილებლად დამირეკავდა და მოგვიკითხავდა, ისე გვგულშემატკივრობდა. თან, ტელეფონის ნომერიც შევცვალე და შესაძლოა, ვერ მიკავშირდება. ქუჩაში, უცხო ადამიანები მაჩერებენ და მილოცავენ: ტელევიზიით რომ გიყურებდით ამხელა მუცლით, უფრო მეტად გიჭერდით მხარს, გილოცავთ დედობასო. მგონი, ჩემს გამარჯვებას ისე არ გულშემატკივრობდნენ, როგორც დედობას (იცინის). ხალხი სოციალურ ქსელში წერდა: დაასვენეთ ეს გოგო, მეცხრე თვეშია, ემოციით მღერის და რამე არ დამართოთო. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა.
– მგონი, პატარა ქართველი სიდონია უფრო პოპულარული გახდა უკრაინაში, ვიდრე შენ?
– ასე გამოდის (იცინის). სამშობიაროში სამი დღე ვიწექით. ექიმები და მშობიარეები შემოდიოდნენ ოთახში, მეფერებოდნენ და დიდ სიყვარულს გამოხატავდნენ, თან მყვებოდნენ. ბევრი საჩუქარიც მივიღეთ.
– მეგი, ეს წელი შენთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. უკრაინაში, რისთვისაც იბრძოდი, პოპულარული გამხდარიყავი, ეს ოცნება აგიხდა. დედობის უბედნიერესი წამებიც შეიგრძენი – ეს ღვთის საჩუქარიც მიიღე და თან, უამრავი მიწვევაც გაქვს კონცერტებზე გამოსასვლელად. გამოდის, რომ ყველა ოცნება ერთდროულად აგიხდა?
– მე სასწაულებზე არ ვოცნებობ და ვცხოვრობ ყოველდღიური ცხოვრებით. ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ისედაც სასწაული და ოცნებების ახდენაა. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ აუხდენელი ოცნებები დამრჩა. იმიტომ კი არა, რომ ყველა ოცნება ამიხდა, უბრალოდ, ბედნიერი ვარ დღეს და ამისთვის უფლის მადლობელი ვარ. ფაქტია, ეს წელი, ნამდვილად წარმატებულია. არც შოუთი დაწყებულა და დამთავრებულა ჩემი შემოქმედება, უამრავი ზარია და შემოთავაზება. ახლა, ველოდები, როდის გავა ორმოცი დღე, რომ ჩემს კონცერტზე ვიმღერო. 23 აგვისტოს დაიგეგმა ჩემი სოლო კონცერტი კიევში და ძალიან ბედნიერი ვარ. ამ კონცერტზე „ვოისის” მონაწილე, ახლა უკვე ჩემს მეგობარ მომღერალსაც დავპატიჟებ და სპეციალურ სტუმრად, ანი ლორაკსაც მოვიწვევ. თუ სხვა მწვრთნელებიც აქეთ იქნებიან, რასაკვირველია, მათაც დავპატიჟებ.
– საქართველოში, ბავშვობიდან მღერი და მსმენელთა ვიწრო წრე გყავდა. არ გეწყინოს და პოპულარული არ იყავი. დღეს, სოლო კონცერტი კიევში – ეს უკვე დიდი წარმატებაა, არა?
– გეთანხმებით, დიდი და სერიოზული წარმატებაა და ესეც ჩემი ოცნების ახდენილი ნაწილია. უკრაინულმა „ვოისმა” გზა გამიხსნა წარმატებებისკენ – ბევრი შანსი მომცა, სხვა მასშტაბზე გამიყვანა. საქართველოში ჩემი მსმენელი მყავდა, მაგრამ უკრაინა, სხვა ეტაპია და ეს, უკრაინული „ვოისის” დამსახურებაა. მართალია, ეს პროექტი დამთავრდა და ახალი დაიწყება, წამოვა ახალი შემსრულებლები, მე კი, თუ ეს წარმატება არ შევინარჩუნე, ახალი სიმღერები არ ჩავწერე და სიახლეები არ მივაწოდე მსმენელს, პოპულარობას ვერ შევინარჩუნებ. ამიტომ, ახალ სიმღერებს ვწერ სტუდიაში, კონცერტისთვისაც ვემზადები და ყველაფერი კარგად მიდის ჯერჯერობით. მე ვიშრომებ და თავს არ დავზოგავ.
– ქართულ სიმღერებს შეასრულებ კიევში დაგეგმილ სოლო კონცერტზე? არის ამის მოთხოვნა მსმენელის მხრიდან?
– აქ ძალიან მოსწონთ ქართული სიმღერები და ერთგვარი ეგზოტიკაა უკრაინელებისთვის ჩვენს ენაზე ნამღერი. ქართველებს დიდ პატივს სცემენ და ძალიან უყვართ. ყველაზე დიდი მოთხოვნა „ყვავილების ქვეყანაზეა”. ეს სიმღერა პროექტშიც შევასრულე, დიდი ეფექტი მოახდინა და დღესაც მეკითხებიან, კონცერტზე ხომ იმღერებო. რა თქმა უნდა, ვიმღერებ.
– უკრაინულმა „ვოისმა” შენი მუსიკალური სტილი და გემოვნება არ შეცვალა?
– მე იმ დონის მომღერალი ვარ, ცოტა რთულია, შემიცვალო სტილი და გემოვნება. პროდიუსერები გაწვალებული მყავდა და ამბობდნენ, ძნელია, მეგის შეეკამათო, მაინც იმას აკეთებს, რაც მას სურსო (იცინის). ჩემი სტილი და გემოვნება ვერ შეცვალა უკრაინულმა „ვოისმა”, მაგრამ უდიდესი გამოცდილება მომცა და დიდი ტრამპლინი აღმოჩნდა ყველა კუთხით. მინდა, საქართველოშიც გავაკეთო კონცერტი. ამის დიდი სურვილი მაქვს და ვნახოთ, იქნებ მოვახერხო ახლო მომავალში.