რა ექსპერიმენტებზე მუშაობს მალხაზ გველუკაშვილი ოკულტურ ლაბორატორიაში და რას ვერ უმტკიცებს ის მიხეილ სააკაშვილის მამას
მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს რთულ და პოლიტიკურად ცხელ შემოდგომას ჰპირდება – პოლიტპატიმარს, რომელიც ხისტი განცხადებების გაკეთებაზე უკან არასდროს იხევს, ბოლო პერიოდში კი, ციხეში უკან დაბრუნებასაც „ითხოვს,” იმ მოცემულობაზე, სადაც უწევს ცხოვრება, ბრეხტი ახსენდება, ჩვენი პოლიტიკოსების გარეგნულ ნიშნებზე კი – ფიზიოგნომიკის ცნობილი კანონები, რაც, როგორც წესი, თურმე არასდროს „ცდება”.
მალხაზ გველუკაშვილი: ჩემი დღევანდელი მდგომარეობა, იცით, რას ჰგავს? – „ვაზროვნებ, ესე იგი, ცოცხალი ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ, კი არ ვცხოვრობ, ვარსებობ, ოღონდ, რის ხარჯზე, წარმოდგენა არ მაქვს და ვერ ვხვდები, – ეტყობა, ასე სურს ღმერთს. ბრეხტს თუ დავუჯერებთ, ვინც კარგად არ იცის ორამდე დათვლა, ოთხ კერძს ყლაპავს, აი, ასეთი სიტუაციია დღეს ქვეყანაში, – აბსოლუტურად გაურკვეველი და გაუაზრებელი. როგორ უნდა იცხოვრო იქ, სადაც გარშემო სრული ჭაობია?! არაფერი შემრჩენია იმ წლებიდან, გარდა პოლიტპატიმრის სტატუსისა, რაც, ალბათ, იმიტომ მომცეს, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს ვიყავი აღიარებული პოლიტპატიმრად „ჰუმან ვრაითს ვოჩის” მიერ. ამათაც მაღიარეს. ასე რომ არ ექნათ, ამითაც არაფერი დაშავდებოდა; ყოველ შემთხვევაში, იმას ვერ იტყვიან, რომ ციხიდან გამომიშვეს. მე „უდო” შემეხო და ამიტომ გავთავისუფლდი.
– ანუ, თქვენც გაიზიარეთ სხვა პოლიტპატიმრების ბედი – ციხიდან გათავისუფლების შემდეგ არ დამდგარა თქვენი საზოგადოებრივი რეაბილიტაციის დრო.
– მე ვიცი, რომ ჩემი საზოგადოებრივი რეაბილიტაცია არ მომხდარა, არ გასულა საქმე სასამართლოზე, თუ რა მოხდა და როგორ. ის ხალხი, ვინც ჩვენ დაგვიჭირა, ისევ ძველ ადგილებზე არიან. მე არც მაქვს პრეტენზია პროკურატურასთან და სასამართლოსთან – ისინი დავალებებს ასრულებდნენ. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, დაიჭირონ წვრილფეხობა, ისინი აკეთებდნენ ცუდ საქმეებს, მაგრამ, იმათ რატომ არ მოჰკითხავენ, ვინც მათ ამ საქმეების გაკეთებას აიძულებდა? ესენი არც ფიქრობენ იმ მაღალჩინოსნების დაჭერას. ვინმე დაიბარეს? ვინმეს რამე ჰკითხეს მათზე? ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. ეს რას ნიშნავს? როდემდე? მერაბიშვილისა და ახალაიას გარდა არავინ იყო დასაჭერი? ისინიც შემსრულებლები იყვნენ, მთავარი დამკვეთები თავისუფლები არიან და აქეთ იმუქრებიან კიდევ. მიხეილ სააკაშვილის დაჭერას რა უნდა, ევროპას რომ „აბრალებენ”? ევროპამ სარკოზი დაიჭირა, ევროპას რად უნდა ქვეყანა, სადაც კანონი არ კანონობს? აგერ, თურქეთში დაიჭირეს 96 წლის კაცი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც, რაც გააკეთა 1980 წელს, იმ ამბავზე დაიჭირეს. მან რაც გააკეთა თურქეთისთვის, ეს იყო დემოკრატიისა და ევროპისკენ სვლის გზა. აგერ, სასამართლოში ხუთჯერ შევიდა ჩემი საქმე, რომლითაც აბანოთუბანში ჩემი მიწის დაბრუნებას ვითხოვ და რომელიც მიხეილ სააკაშვილის მამამ გადაიმტკიცა; ორდერით მიწა ჩემი საკუთრებაა. ის დღესაც მიხეილ სააკაშვილის მამაა, მე კი – მალხაზ გველუკაშვილი. უფრო მეტსაც გეტყვით, მე იმ დროს უფრო თავისუფალი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ.
– ამას წინათ სოციალურ ქსელში დაწერეთ, ციხეში შებრუნებას ვითხოვო. რატომ?
– მე ციხეში უფრო თავისუფალი ვიყავი, ვიდრე ახლა, გარეთ ვარ. მაშინ ვიცოდი, რომ პატიმარი ვიყავი და ეს სასჯელი ჩემი მოსახდელი იყო. ვერც ვხედავდი ყველაფერს, რაც გარეთ ხდებოდა – არ მქონდა ყველა გაზეთის წაკითხვის საშუალება, მარტო რადიოს თუ მოვუსმენდით, რადგან, ტელევიზიას ხშირად გვითიშავდნენ. მე პირადად პატიმრისთვის ნორმალურ მდგომარეობაში ვიყავი, ცუდად არავინ მეხებოდა, თუმცა, ირგვლივ რა საშინელებებიც ხდებოდა, კარგად ვიცოდი. ახლა ძირითადად სახლში ვარ „პატიმარი.” დროდადრო მეგობართან დავდივარ ლაბორატორიაში – საინტერესო ექსპერიმენტზე ვმუშაობთ, ავაწყეთ ოკულტური ხელსაწყო, ფსიქოტრონული გენერატორი, რომლითაც ბევრი საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება. მაგრამ, რესურსი უკვე ამოგვეწურა და მუშაობას ვეღარ განვაგრძობთ. ახლა ჩემი ერთადერთი საქმე წიგნების კითხვაა, მეტი რა უნდა გავაკეთო? მე კი ვიცი, რომ საზოგადოების მოთხოვნა არსებობს, მაგრამ, ყველა მხრიდან დაკეტილი ვარ. მაშინ საზოგადოებას ვეუბნებოდი იმას, რაც რეალური იყო; ვერავინ ვერ იტყვის, რომ რამე ტყუილი ვთქვი ან ვინმეს მხარე დავიჭირე. ერთი საათი არ ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის” მომხრე და არც „ოცნების” მომხრეთა რიგებში ვიყავი. თავიდანვე ვიცოდი, რასაც გააკეთებდა ეს ხალხი, კოჭებში ეტყობოდათ. ჯერ ერთი, ეს იყო ერთი და იგივე ჯგუფი – მათგან, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ბევრი იყო ეგრეთ წოდებული „ვარდების რევოლუციის” მონაწილე. ალასანია იქ არ იყო? ძიძიგური? რესპუბლიკელები? მე ადამიანების აზროვნებას მარტივად არ ვსაზღვრავ, ჩემთვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია მათი ფიზიოგნომიკა – გამომეტყველება, მეტყველების კულტურა, მანერები, რაც მაძლევს საშუალებას, ვიფიქრო, სადამდე „მიდის” მათი ტვინი. ის, რომ მათ წიგნები აქვთ წაკითხული, არაფერს ნიშნავს; ბიბლიოთეკაში რომ წიგნები დევს, იმდენი სადაა, მაგრამ, ბიბლიოთეკა ინტელექტუალი საერთოდ არაა. წიგნი თუ არ გაიაზრე და შენი ცხოვრების წესს არ დაეტყო, გინდ წაგიკითხავს ის წიგნი და, გინდ – არა.
– როგორია ჩვენი პოლიტელიტის ფიზიოგნომიკა?
– კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან, ამ მიმართულებით ადამიანების ხმამაღლა შეფასება მაინცდამაინც არ მგონია სწორი. ფიზიოგნომიკას აქვს ერთი უმთავრესი კანონი – აზრის მიხედვით ყალიბდება გარეგნობა. ნორმალურ ქვეყნებში ამ თეზას იყენებენ სხვადასხვა მეცნიერებაში, მათ შორის – კრიმინალისტიკაში. ადამიანის გარეგნობა გაჩვენებს მისი გონიერების მასშტაბს. მე არ მინდა კონკრეტულ ადამიანებზე საუბარი, მაგრამ, იმას გეტყვით, რომ ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, ფიზიოგნომიკის მიხედვით, ტიპური სოციოპათია, უმრავლესობას აქვს გაფანტული აზროვნება, ვიწრო, შეზღუდული ინტელექტით. თვალებზე შეხედეთ ამ ხალხს: როცა თვალების განლაგება მიმართულია ახლოს, ანუ, ახლოსაა ცხვირის ძგიდესთან, ადამიანს შეზღუდული აზროვნება და ინტელექტი აქვს; თუ თვალები შორს „გარბის” ერთმანეთისგან, მისი აზროვნება გაფანტულია, თვალები ცხვირის ძგიდისგან ერთნაირად უნდა იყოს დაშორებული. ახალ ფიზიოგნომიკაში ფორმები რიცხვებში გადადის და ისე „იზომება” ადამიანის გარეგნობა. თუ იცი ჟესტიკულაციის ენა, მათი მიმიკების მიხედვით ძალიან ადვილია იმის გამოცნობა, როდის გვატყუებენ.
– თქვენ თავიდანვე მძიმე პროგნოზებს აკეთებდით. ახლა როგორია თქვენი პროგნოზი, როგორი პოლიტიკური შემოდგომა გველის?
– ძალიან ცხელი. 2014 წელი ანტაგონისტური წელია. რომ თქვეს, არჩევნებზე ხალხი არ მოვიდა, მაგრამ მხარს გვიჭერენო, ეგრე არაა. ეს იყო საზოგადოების ჩუმი და წყნარი პროტესტი. ხალხმა, როგორც იქნა, დაიწყო გააზრება, რომ არჩევანი არ უნდა გააკეთო ცუდსა და უარესს შორის; არჩევანი თუ არ გაქვს, ჯობია, შენი პროტესტი გამოხატო თუნდაც დუმილით, თუმცა ეს დუმილი დიდხანს არ გრძელდება. წელს, შემოდგომაზე, ტემპერატურა მაღლა აიწევს. როგორც გითხარით, წლევანდელი წელი ანტაგონისტური წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში დაპირისპირების მუხტი აუცილებლად გაიზრდება. ეს მუხტი იყო პროტესტი არჩევნებზე და, წყობის მიხედვით, პროტესტის გამეორების პერიოდი დაიწყება სექტემბერში. წელს ჩვენი საზოგადოება „ზის” 11-სა და 20-ზე, რაც ნიშნავს, რომ მოხდება ძალის გამოყენება და სამართლის აღდგენა. შარშანდელი წელი იყო ცვლილების, ახალ ეტაპზე გადასვლის მოლოდინი, მაგრამ ახლა განწყობები უკვე სხვანაირია. ჩვენი საზოგადოება საკუთარი თვალით ნახავს, რომ არცთუ სასიამოვნო იქნება დღევანდელ ლიდერთა ხვედრი. ამ ორი ჯგუფიდან, ვინც დღეს არის პოლიტიკურ ორბიტაზე, არ დარჩება არავინ და ეს არც ისე შორეული პერსპექტივაა. როცა პრეზიდენტად ირჩევდნენ კაცს, მოვიდა ის და დამინიშნა პრეზიდენტი, რომელიც გამოდის და მეუბნება: პლასტელინის ვარო, – იქ დამთავრდა ყველაფერი. ციხეში არსებობს ერთი სექტორი, რომელსაც „ქათმების სექტორს” ეძახიან. ყველას ჰგონია, რომ რადგან ქათამია, მაინცდამაინც ერთი მხარე ვერ უნდა ჰქონდეს კარგად. გეებიც კი არიან, მაგრამ იქ არის ხალხი, ვინც სანდო არაა, ვინც ნებისმიერ მომენტში „ჩაუშვებს” კაცს. ამ „ქათმებში” ერთი „მამალი” ყოველთვისაა – ის, ვინც მათ ხელმძღვანელობს. ეს იგივეა, როგორც კრიმინალებში – ქურდი. აი, ასეთი პოზიციაა ჩვენს პოლიტიკაში – ყველა კრიახებს და ერთი-ორი ცდილობს, იყოს მამალი.
– ჩვენთან „მამალი” ვინაა?
– ალბათ, ის, ამ ყველაფრის უკან რომ დგას და თავი მაგარი ბიჭი ჰგონია. არც იმ მასშტაბის არაა, როგორც თვითონ წარმოუდგენია. მე არ მჯერა კაცის, რომელიც თავის დროზე მამად აღიარეს, ამ კაცმა თავის დროზე ნაციონალები მოიყვანა ხელისუფლებაში და მერე წლების განმავლობაში აფინასებდა მათ. მე სწორედ მისმა დაფინანსებულმა ხალხმა დამიჭირა. მერე გაწია ნაციონალები და ხელისუფლებაში მოიყვანა მათი მსგავსი და უფორმო სტრუქტურა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ ჰქონდა. ესენიც ცუდად დაამთავრებენ. „ნაციონალური მოძრაობა” უინტელექტო ჯგუფი იყო, მაგრამ, საკმაოდ შეკრული. მე შენახვედრი ვარ ვიღაც-ვიღაცეებს, როცა დამიჭირეს. ახლა რა შედარებაა – ისინი უფრო ინტელექტუალები იყვნენ; ზედაპირულები, მაგრამ, მაინც ინტელექტუალები. ამათ საერთოდ არაფერი არ ესმით.
– სცადეთ კომუნიკაცია ამ ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან?
– მინდოდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, მაგრამ ეს შეხვედრა არ გამოვიდა. ემოციურად ის ჩემზე დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს; ვიცი ის გარემო, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი გაიზარდა; ვიცი ის ხალხი, ვინც ჰყავდა პედაგოგებად და, ვიცი, რომ კარგი ბიჭია. უბრალოდ, ისე გამოვიდა, რომ ივანიშვილმა, რომლის გავლენის ქვეშ არის დღემდე პრემიერი, ის გაწირა – ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერად არ შეიძლებოდა. ებრაელების უძველესი წყევლაა – ბავშვებმა გმართონო, ასეა ჩვენი საქმე. რაც შეეხება ბულკზე გაზრდილ პრეზიდენტს, მასზე საუბარიც არ ღირს. კარგად გადახედეთ ჩვენს ჩინოვნიკურ სპექტრს, ზოგიერთ ქალბატონს პოლიტელიტიდან, ისეთი გამომეტყველება აქვთ, რომ ისინი „კუხნაშიც” კი ცუდი სანახავები არიან, არათუ პოლიტიკაში.
– „არაკუხნური” სახეებიც გვინახავს, მაგრამ მათი გაკეთებული საქმეები – არა.
– არც კახპური უნდა გქონდეს სახე და არც „კუხნური”. წინა ხელისუფლებაში ყველას ჰქონდა დარღვეული მეტყველების მანერა, რაც ჰაერიდან, შემთხვევითი არ იყო. ჩამოყალიბებული კონსტიტუციური აღგზნებითი ფსიქოპათის ნიშნებიც ბევრი გვინახავს და საჯდომგასიებულებიც. რატომ გაუსივდა საჯდომები ყველა პოლიტიკოსს, ვინც გასუქდა? იმიტომ, რომ ჰორმონული დისბალანსი ჰქონდათ დარღვეული ფსიქიკისგან და არასწორი სექსუალური მოთხოვნილებებისგან. რომ ვამბობდი ერთ-ერთ ჩინოვნიკზე, მისთვის ქალი და კაცი ერთია-მეთქი, შემომითვალა – რაც გინდა, ილაპარაკე ჩემზე, ოღონდ მაგას ნუ შეეხებიო. ერთ ისტორიას გავიხსენებ, როცა მიქელანჯელო „იუდასა და ქრისტეს” ხატავდა: ქრისტეს დასახატად მოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, ეკლესიის მსახური. გაგიჟდა მიქელანჯელო მის დანახვაზე. წლების შემდეგ, როცა ეძებდა ვინმეს, იუდას სახის დასახატად, ქუჩაში იპოვა გალეშილი, მახინჯი არსება. წამოაყვანინა ის გალეშილი ბიჭი და დახატა. როცა ის ბიჭი გამოფხიზლდა, მიქელანჯელოს უთხრა: ეს მე ვარ, ქრისტე, სამი წლის წინ რომ დამხატეო. აი, ასე ცვლის ადამიანს ცნობიერება. მთელი ინსტიტუტები მუშაობენ ფიზიოგნომიკაზე. როგორ შეიძლება, ადამიანი დალაგებული იყო და არ გაწუხებდეს ის, რაც ირგვლივ ხდება?! ყველა იმ ჭაში ზის, რომელიც თავისთვის გათხარა. ერთი რამ ავიწყდებათ ამ პოლიტიკოსებს – სამყარო არ მუშაობს ჩვენი პარლამენტის დაწერილი კანონებით, არც ამერიკის კანონებით. სამყაროს ეს კანონები სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, მას აქვს ბუმერანგის პრინციპი – ყველა აგებს პასუხს კარგზეც და ცუდზეც. საქართველოში ყველაფერი დარღვეულია, ცხოვრება წაგვართვეს და მოგვაპარეს ამ პოლიტიკოსებმა; მეც მომპარეს ცხოვრების 22 წელი. ჩემისთანებმა, ვისაც აქვს უნარი, დაინახოს, ბევრმა დაკარგა ეს წლები. დეტალურად დავწერ ამ ყველაფერზე, ოღონდ, არა ახლა, მომავალში. სამყაროში ვითარება ძალიან იცვლება, 2040 წლისთვის ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად სხვა სამყაროს. აუცილებლად დაირღვევა ის მოცემულობა, რაც ახლა გვაქვს, ისტორიისთვის ეს ყველაფერი სასაცილო ფაფხურად დარჩება. 40-იანი წლებიდან ძალიან შეიცვლება კაცობრიობა. ინდიგოების ის თაობა, რაც დღეს მოდის, მიაღწევს ისეთ პროცენტს, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის. რუსეთი დაიშლება შვიდ ნაწილად; დაიშლება ევროპა; ამერიკა აღარ იქნება სუპერსახელმწიოფო და მის ადგილს დაიკავებს ჩინეთი. წავა „ფართუკიანი” ბიძიების პერიოდი და მოვა ცნობიერების ტრანსმუტაციის დრო, რაც უკვე აქტიურად არის დაწყებული. ეს არის გამოსავალიც – ცნობიერების ტრანსმუტაციის გარეშე კაციობრიობა გადაშენდება.