რატომ არიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი, ძირითადად, ქალები და რატომ გაჩნდა აჭარაში მოთხოვნა მულსლიმანი გოგონების სექსუალურ მომსახურებაზე
სულ ახლახან გამოქვეყნდა აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ტრეფიკინგთან ბრძოლის შესახებ. ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ, ანგარიშის მიხედვით, „საქართველომ მიაღწია პროგრესს, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის, ისე პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხით. კერძოდ, გამოძიებების რაოდენობა გაზრდილია 40 პროცენტით, სისხლისსამართლებრივი დევნის რაოდენობა – 4-ჯერ, ხოლო სასამართლო განაჩენების რაოდენობა ხუთჯერ.“ ანგარიშის სხვა დეტალებზე, კერძოდ, ის რომ საქართველო ტრეფიკინგის ტრანზიტული ქვეყანაცაა, წარმომქმნელიც და მიმღებიც, არაფერია ნათქვამი; არც იმაზე, რამდენად ეფექტიანად იყენებს ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტს და რატომ არ არის ტრეფიკინგის პრობლემის მქონე ქვეყანაში მსხვერპლთა თავშესაფრები დატვირთული (სხვათა შორის, თავშესაფრების მონიტორინგის უფლება მხოლოდ ფონდს აქვს: ანუ მფლობელი თავადაა მაკონტროლებელი). ინფორმაციის მისაღებად, ფონდის ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე უშედეგოდ ვრეკავდი ერთი დღის განმავლობაში, რამაც შემიქმნა საკმაოდ მკაფიო შთაბეჭდილება ფონდის მუშაობის ხარისხის შესახებ. რა ტიპის ტრეფიკინგია გავრცელებული საქართველოში და როგორ ვიქეცით ტრეფიკინგის წარმომქმნელ და მიმღებ ქვეყნად? თემას ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების ხელმძღვანელთან, ნანა ნაზაროვასთან ერთად განვიხილავთ.
– ჩვენ უკვე მეორე წელია, ვხვდებით აშშ-ს სახდეპარტამენტის ანგარიშში იმ თვალსაზრისით, რომ ვართ ტრეფიკინგის ტრანზიტის, წარმოშობისა და დანიშნულების ქვეყანა. მანამდე ეს პრობლემა არ იყო, თუ რა მოხდა?
– 2007 წლიდან აშშ-ში მზადდება ანგარიში და ისინი, გინდა თუ არა, ახორციელებენ ტრეფიკინგის მონიტორინგს ნებისმიერ ქვეყანაში. ამასთან, შედარებებსაც აკეთებენ. მაგალითად, ვთქვათ, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს, მაგრამ უზბეკეთში გამოვლინდა, რომ ტრეფიკინგის მუხლით აღძრული იყო საქმე და არის 300 მსხვერპლი, რომლებიც გაყვანილი იყვნენ საქართველოში. ზოგადად, ქვეყნები სამ ჯგუფად იყოფა. კერძოდ, თუ სახელმწიფო მუშაობს და შედეგი არის, ქვეყანა ხვდება პირველ ჯგუფში; თუ მუშაობს, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ არის ხელშესახები, მაშინ – მეორე ჯგუფში და თუ ქვეყანა არ აღიარებს პრობლემას, არ აქვს შესაბამისი კანონმდებლობა და ძალიან ცუდი მაჩვენებლები გააჩნია, ის ხვდება მესამე ჯგუფში.
– ჩვენ სულ მეორე ჯგუფში ვართ?
– ჩვენ ახლა ვართ მეორე ჯგუფში, თუმცა დიდხანს ვიყავით პირველ ჯგუფში, ხოლო მანამდე – ეგრეთ წოდებულ „ვოჩ ლისტში“. საქმე ის არის, რომ 2000-ან წლებში მესამე ჯგუფში ვიყავით, მაგრამ, რადგან შეერთებული შტატები დაინტერესებული იყო საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობით, ბუშმა თავისი ბრძანებით, თუ არ ვცდები, 2004 წელს, საქართველო ამოიღო მესამე ჯგუფიდან და გადაიყვანა „ვოჩ ლისტში“, მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტს აქვს ამის უფლება. ნახევარი წლის განმავლობაში ვიყავით „ვოჩ ლისტში“, გვაკვირდებოდნენ, რას ვაკეთებდით და მიღწეული შედეგების შეფასების შემდეგ გადავედით მეორე ჯგუფში. იცით, რას ნიშნავს მესამე ჯგუფი?! შეერთებულმა შტატებმა უნდა შეაჩეროს ასეთ ქვეყანაში ყველა სამთავრობო პროგრამის დაფინანსება.
– ოო, ახლა გასაგებია, რატომ ამოგვიღო ბუშმა „ვოჩ ლისტიდან“. მესამე ჯგუფში რატომ მოვხვდით?
– მაშინ საშინელება ტრიალებდა ჩვენთან, თურქეთის საზღვარი ღია იყო, სადაც საქართველოდან ქალები ჯგუფებად მიჰყავდათ.
– ანუ ჩვენთან ტრეფიკინგის მსხვერპლი, ძირითადად, ქალია?
– საქართველოდან და საქართველოშიც ძირითადად ქალები მიჰყავდათ და შემოჰყავდათ. ტრეფიკინგი ეს არის ქალების მიმართ ძალადობის ყველაზე მწვავე ფორმა, ეს, პროსტიტუციაზე, ანუ სექსუალურ ექსპლუატაციაზე უარესია. სხვათა შორის, ის ქალები, რომლებიც ამ სფეროში არიან, ბავშვობაში, როგორც წესი, იყვნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი. მათ აქვთ დაბალი თვითშეფასება, არიან ტრავმირებულები, რის გამოც ფიქრობენ, რომ ყველა სხვა დანარჩენისთვის გამოუსადეგარნი არიან.
– საქართველოზე ტრეფიკინგის რა გზები გადის?
– ტრანზიტის ფუნქციას ადრე უფრო ვასრულებდით. როდესაც რუსი, უკრაინელი, შემდეგ – აზერბაიჯანელი და უზბეკი ქალები მიჰყავდათ თურქეთსა და ემირატებში.
– აქ ჩამოჰყავდათ და აქედან უშვებდნენ?
– აქ ჩამოჰყავდათ და შემდეგ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, აქედან აგზავნიდნენ. ეს იყო სააკაშვილის დრომდე. მაშინ ეს პროცესი გააჩერეს. ამიტომაც გადავედით პირველ ჯგუფში, ჩვენც ლობირება გავუკეთეთ ამ ყოველივეს. ანუ, სანამ „ვოჩ ლისტში“ არ ჩაგვსვეს, ჩვენი მთავრობა არაფერს აგვარებდა.
– როგორ მოვახერხეთ, რომ გავხდით ტრეფიკინის წარმომქმნელი და მიმღები?
– შემდეგ განვითარდა ტურიზმი, მოეწყო ინფრასტრუქტურა, ტურისტული სეზონი ხომ ისედაც ხანმოკლეა ჩვენთან? სულ რაღაც, 2 თვეს გრძელდება. რა ქნან? როგორ ამოიღონ თანხა? მეორე მხრივ, აჭარა არის საზღვარზე და ბათუმი არის საპორტო ქალაქი. ამ ფაქტორებმა გააჩინა მოთხოვნა მუსლიმანი ქალების სექსუალურ მომსახურებაზე.
– სულ მაინტერესებდა, რატომ ხვდებოდნენ აქ ქალები უზბეკეთიდან.
– აი, სწორედ ამიტომ: ორთოდოქსი მუსლიმანისთვის ქრისტიან ქალთან ურთიერთობა ცოდვაა. მათთან პროსტიტუცია დაკანონებულია, ეს მიღებული ფორმაა. ირანში, მაგალითად, საერთოდ არ არის პროსტიტუცია, რატომ, იცით? მეჩეთების გვერდით არის სპეციალური ადგილი, სადაც ქალი, რომელსაც ქმარი არ ჰყავს, თავისუფალი ქალი მიდის და ჯდება. მასთან მიდის თავისუფალი კაცი და ირჩევს ცოლს. მე არ ვიცი, როგორ, იმიტომ რომ ქალები ჩადრებში არიან, მიჰყავს მოლასთან, მოლა მათ აქორწინებს ერთი საათით, ორი დღით, სამი თვით, როგორც გადაწყვეტენ. ეს არის ქორწინება შეთანხმებით.
– ქალი ფულს არ იღებს?
– არა, მაგრამ, თუ დაფეხმძიმდება, ბავშვი კაცს რჩება, ასეთ შემთხვევაში, ქალი მშობიარობამდე ცხოვრობს იმ კაცთან, შემდეგ აჩენს ბავშვს და ტოვებს. მათ ასეთი კულტურა აქვთ.
– ჩემი წინაპრების სულებს მუდმივად მადლობას ვეუბნები, მეც რომ არ ვზივარ ახლა ჩადრით იმ სკამზე.
– მაგრამ არ იფიქროთ, რომ ჩვენი კულტურა კარგია და მათი – ცუდი.
– მე არ ვამბობ ამას, უბრალოდ მე ჩემი წესები მირჩევნია.
– რაღაც პერიოდის შემდეგ უზბეკ გოგონებს ჩაენაცვლა აზერბაიჯანელი გოგონები, რადგან ჩვენმა მთავრობამ ზომები მიიღო და უზბეკეთიდან ახალგაზრდა გოგონებს უბრალოდ აღარ უშვებდნენ.
– უშუალოდ ჩვენთან ტრეფიკინგის რა ფორმაა გავრცელებული?
– მონობა ოჯახებში. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იტალიასა თუ საფრანგეთში მუშაობენ, ზოგ შემთხვევაში პასპორტი აქვთ წართმეული, რომ არსად წავიდნენ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება, ჩვენებს, ძირითადად, აუტანელ პირობებში ამუშავებენ. ხელთათმანებს არ აძლევენ, ცხელ წყალს არ ურთავენ და ცივ წყალში არეცხინებენ. ისეც ხდება, რომ დღეში 15 საათს ამუშავებენ.
– ჩვენი მოქალაქეების ტრეფიკინგს ეწევიან ევროკავშირის ქვეყნებში, ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას საქართველოს მთავრობამ? არ გაუშვას იქ სამუშაოდ თავისი მოქალაქეები?
– ამერიკაშიც იგივე ხდება, იმიტომ რომ ეს პრობლემა არსებობს ყველგან და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. რა თქმა უნდა, ის, როგორც ექცევიან ჩვენს მოქალაქეებს, არის საბერძნეთის მთავრობის პრობლემა, მაგრამ ჩვენ პრევენციის სახით აქ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, რომ ეს ადამიანები არ გაცვივდნენ საქართველოდან და არ იმუშაონ მონურ პირობებში.
– ვინ ავლენს და რა მეთოდით ტრეფიკინგის მსხვერპლს ჩვენთან?
– როდესაც ანტიტრეფიკინგულ ფონდს ვეკითხებით, ისინი ამბობენ, ჩვენ ხომ იდენტიფიკაციას არ ვაკეთებთ, ჩვენ ვმუშაობთ უკვე იდენტფიცირებულებთან.
– და ვინ უნდა გამოავლინოს?
– სამართალდამცველი ორგანოები უნდა მუშაობდნენ ამ საკითხზე. ერთადერთი ორგანიზაცია, ვინც ამ თემაზე მუშაობს, ჩვენი, მაგრამ ფონდის პარტნიორებს შორის არ ვართ, ვიყავით, მაგრამ ახლა აღარ ვართ. ტრეფიკინგის მსხვერპლის გამოვლენა ჩემთვის არ არის პრობლემა, იმიტომ რომ წლებია, ამ საკითხზე ვმუშაობ და 2-3 კითხვის დასმის შემდეგ ჩემთვის სურათი ნათელია, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ფონდს არ მიუცია მსხვერპლისთვის მსხვერპლის სტატუსი.
– რა ისტორია იყო?
– ცნობილი ისტორიაა, თურქ კაცს ჰქონდა ბარი „მარი“ ბათუმში. ამ გოგონას სცემდნენ და აიძულებდნენ, გაეწია სექსუალური მომსახურება, მაგრამ მან მიმართა პოლიციას, რითაც ავტომატურად გახდა მოწმე და აიყვანეს თავშესაფარში. ჩვენ ვთხოვეთ ფონდს, მოეხდინა იდენტიფიკაცია, რომ მსხვერპლის სტატუსი მიეღო. ეს სტატუსი მსხვერპლს აძლევს საშუალებას, მიიღოს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება და თავშესაფარშიც უნდა აიყვანონ, მაგრამ ფონდმა უარი თქვა. იცით, რამდენია ჩვენთან ტრეფიკინგის მსხვერპლისთვის კომპენსაცია? 1 000 ლარი, მაგრამ საქმე ის არის, რომ, თუ პოლიციამ აღძრა საქმე, მსხვერპლი იქცევა დაზარალებულად, ამ სტატუსს მას პოლიცია ანიჭებს. რითაც ენიჭება უფლება, მოსთხოვოს კომპენსაცია დამნაშავეს. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, მსხვერპლს მიეღოს კომპენსაცია. ერთი პრეცედენტი გვქონდა, როდესაც ადამიანს, რომელსაც ზიანი მიადგა, სასამართლომ მიაკუთვნა კომპენსაცია, მაგრამ დამნაშავეს, თურმე, ფული არ ჰქონდა და თანხას ვერ გადაიხდიდა, ამიტომ სახელმწიფომ გადაიხადა 1 000 ლარი. მაგრამ ამ ფულის მიღება რთულია: თუ ტრეფიკინგის მსხვერპლს არ აქვს პასპორტი, როგორ გახსნის ბანკში ანგარიშს? თუ უცხოელია, ძალიან რთული პროცედურაა, პასპორტიც რომ ჰქონდეს. 2013 წელს 4 მსხვერპლისთვის მოვითხოვეთ დახმარება, მაგრამ არაფერი მიგვიღია.
– ძირითადად, როგორია ჩვენებური ტრეფიკინგის მსხვერპლთა ისტორიები?
– ჩვენ, ძირითადად, ვმუშაობთ უზბეკეთიდან ჩამოყვანილ გოგონებთან. 10 წელზე მეტია, ვთანამშრომლობთ უზბეკეთის საკონსულოსთან, რომელიც ბაქოშია. ტრეფიკინგის მსხვერპლები, იქ ვერ მიდიან, იმიტომ რომ პასპორტი არ აქვთ, თუმცა საკონსულო მათ აძლევს უკან დასაბრუნებელ თანხას, მაგრამ ხშირად მსხვერპლი ამბობს, მე გადავიხდი, ოღონდ ინფორმაცია, რომ მსხვერპლი ვიყავი, არ გავრცელდეს. 2 წელიწადში საქართველოში პასპორტის დაკარგვის 47 შემთხვევა მქონდა, აქედან 11 იყო ტრეფიკინგის მსხვერპლი და მათგან მხოლოდ 5-მა მიმართა პოლიციას. გოგონებს ატყუებენ და საქართველოში ჰპირდებიან სამუშაოს, აქ მოტყუებით ართმევენ პასპორტებს და ეუბნებიან, ჩემი ვალი გაქვს, აქ რომ ჩამოგიყვანე 5 000 დოლარი და უნდა დამიბრუნოო. სცემენ და აიძულებენ სექსუალური მომსახურების გაწევას. ორი უზბეკი გოგონა იყო, ვერაფრით დაითანხმეს, ერთ-ერთმა მოახერხა და ტრეფიკიორს გადაუღო სურათი, გაუგზავნა მობილურით დედამისს და სთხოვა, პოლიციაში მიდიო. დედამისი მივიდა პოლიციაში, ჩვენი კოლეგა უზბეკური ორგანიზაცია დაგვიკავშირდა და დახმარება გვთხოვეს. ჩვენი პოლიცია მივიდა, ამ გოგონების პასპორტები გამოართვა ტრეფიკიორს და ამით დასრულდა საქმე.
– ვინ არიან ტრეფიკიორები?
– ისინიც უზბეკები არიან ან უზბეკი ქალები, რომლებსაც თურქი ბოიფრენდები ჰყავთ. ძალიან საინტერესოა ის, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი შემდეგ თავად ხდება ხოლმე ტრეფიკიორი. ეს ზვავივით გორდება და ამას ტრეფიკინგის მეორე ტალღა ეწოდება.
– საქართველოს მოქალაქეები რა დოზით არიან ჩართულნი ტრეფიკინგში?
– იმით, რომ თვალებს ხუჭავს ამ ყველაფერზე. ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს არავინ ჩამოჰყავთ, ერთი შემთხვევა იყო ასეთი და ის ადამიანი ახლაც ციხეში ზის. მაგრამ არის კიდევ ერთი პრობლემა: საზღვრების გახსნასთან ერთად და არ აქვს მნიშვნელობა ევროპასთანაა გახსნილი საზღვარი თუ აზიასთან, პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოჩნდა შემდეგი ტენდენცია – ჯერ, სექსუალური ექსპლუატაცია იწყება და შემდეგ მცირეწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაცია. ესტონეთში, უკრაინაში, მოლდოვაში გაიზარდა პედოფილიის შემთხვევები.
– ჩვენთან?
– ჩვენთან ეს ჯერ არ შეიმჩნევა, მაგრამ გველის. ყური მოვკარი ინფორმაციას, რომ თბილისში არსებობს ადგილები, სადაც პედოფილებს სთავაზობენ არასრულწლოვან, 14-15 წლის, გოგონებს საკმაოდ ძვირად, ოღონდ ვერ დავადასტურებ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, რომ პედოფილიის ტალღა გველის, თუ შესაბამის ზომებს არ გავატარებთ!