„დამწვარი ვარ მზისაგან“
ანუ ეფიცხებიან და სხვაგვარად არ ძალუძთ
ის, რომ ლეღვის ნახარში ჩვენებური სუსტი სქესის წარმომადგენელთა აქილევის ქუსლი იყო, ამაზე წინა წლების ზაფხულებიც მოწმობდა: არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ლეღვის ნახარშწასმულები მაინც ეფიცხებოდნენ, მთლად იამაიკის თუ არა, მშობლიური მზის სხივებს. ჰოდა, რაკი ეფიცხებოდნენ ასე და არა სხვაგვარად, იწვებოდნენ კიდეც, თუმცა საკითხს კრეატიულადაც უდგებოდნენ: ლეღვის ნახარშს ყინავდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ისვამდნენ სხეულზე (ოღონდ შედეგი იგივე დგებოდა – მძიმე ხარისხის დამწვრობა).
როგორც აღმოჩნდა, შეგონებამ თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ დამწვრობის ცენტრში მზის სხივებით დამწვარი პაციენტების რაოდენობამ მაინც იმატა. მაინც, რადგან აწ ლეღვის ნახარში „ჯონსონის“ ზეთითა და იოდის ნაზავით ჩაუნაცვლებიათ –
კერძოდ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დამწვრობის ცენტრისთვის 30-მდე ახალგაზრდას მიუკითხავს. თითოეულ მათგანს კი გარუჯვამდე სწორედ ზემოხსენებული ნაზავი წაუსვამს (ერთი ისაა გასახარი, რომ ჯერჯერობით კლინიკებისთვის ლეღვის ნახარშით დამწვრებს არ მიუმართავთ, თუმცა ახლა დამწვრებს შორის უკვე ვაჟებიც გვხვდებიან!).
ექიმები გარუჯვის მოყვარულ ორივე სქესის ახალგაზრდებს აფრთხილებენ, რომ მხოლოდ მზისგან დამცავი კრემები გამოიყენონ. მეტიც, მოერიდონ მზის სხივებს დილის 11-დან 4 საათამდე (მაგრამ, არ მგონია, ეს შეგონება მაინცდამაინც შეისმინონ გარუჯვას დახარბებულმა ჩვენმა თანამემამულეებმა, შესაძლოა, არც უმისობა იყოს: „რა ვუყოთ, რომ შავი ვარ, დამწვარი ვარ მზისაგან, მეც ხომ ადამიანი ვარ, გაჩენილი ღვთისაგან“).
ხოლო, თუ გარუჯვის მეთოდიკებისადმი ერთობ კრეატიულ მიდგომებს გავიხსენებთ და ზედ იმასაც, რომ გასარუჯებზე არანაირი ახსნა-განმარტება არ ჭრის, იქნებ მივცეთ დამწვრობის მიღების საშუალება, რაკიღა ეს მათი არჩევანია?! –