ყოფილების გასაჭირი
„ერთ ბედ ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ“
გასული კვირა მძიმე არა მხოლოდ ქ. თბილისის უფლებაშეჩერებული, ოღონდ შემდეგ უფლებააღდგენილი მერისთვის, არამედ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტისთვისაც გამოდგა. თუმცა კარგა ხანია, ძიება მიმდინარეობს, ბ-ნი სარკოზის მიერ არჩევნების წაგების მომენტიდან, ის სულ ახლახან დააკავეს ჯერჯერობით მხოლოდ დაკითხვის მიზნით, მანამდე კი პრეზიდენტყოფილის ადვოკატი დაკითხეს: ეჭვი აქვთ, რომ ფრანგული სასამართლოს წარმომადგენლებისგან ლამობდა დახურული ინფორმაციის მიღებას საკუთარი კლიენტის დასახმარებლად. გამოიძება კი, ჩვენ რომ მოფერებით, „სარკოდ“ ვუხმობდით, 2007 წლის არჩევნებში ფულისადმი უკანონო მოპყრობას ედავება.
თავად ნიკოლა სარკოზი, მართალია, სევდიანია და არც უცენზურო ლექსიკას იყენებს ოპონენტთა მისამართით (დაკავებული ჩვენებური ერთ დროს პატიოსანი გვამების მსგავსად), მაგრამ მიუთითებს, რომ მის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს და ოპონენტები მის ჩამოშორებას ცდილობენ პოლიტიკური ასპარეზიდან. თუმცა ევროკავშირელი ბობოლები მაინც დუმან (შეშფოთება რაა, იმასაც კი არ გამოხატავენ! – ).
იმის მიუხედავად, რომ ბ-ნი სარკოზი ჯერჯერობით ერთადერთი ექსპრეზიდენტია საფრანგეთში, რომელიც პოლიციელებს დაუკითხავთ, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ მერყოფილსაც ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გამო წარედგინა და ისიც დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, ფაქტობრივად, ევროკავშირში ვართ! –