ლოგიკა რუსულად
ვინ მოწმენდს ოფლს
რფ-ის „დუმა“ ისე მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ, ვფიქრობ, მალე „დუმელთათვის“ ოფლის მომწმენდთა სოლიდური რაოდენობის მოხალისეთა ჯგუფის შერჩევაც მოუწევთ. ასე, მაგალითად, გასულ კვირას პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რის მიხედვითაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, ვინც გაბედავს და საჯაროდ გააკეთებს სეპარატისტულ განცხადებებს.
კანონპროექტის ავტორი ფედერაციის საბჭოს წევრი ვინმე ანდრეი კლიშასია (ეს იდეა თავში მაისში მოუმწიფდა, მას შემდეგ, რაც უკრაინას ყირიმი ასწაპნეს!). სასჯელი კი სეპარატიზმის გამღვივებლებისთვის შემდეგნაირი მოუმზადებიათ: ჯარიმა 100 000-დან 300 000 რუბლამდე; ან იძულებითი სამუშაო 3 წლამდე; ან დაკავება 4-დან 6 თვემდე, ასევე, თავისუფლების აღკვეთა 4 წლამდე ვადით (აქამდე ეს ვადა 3 წლამდე იყო განსაზღვრული).
იგივე ქმედება, ანუ სეპარატიზმისკენ მოწოდება, მედია-საშუალებების, მათ შორის, ინტერნეტის გამოყენებით, ითვალისწინებს იძულებით სამუშაოებს 480 საათამდე, ამავდროულად, გასამართლებულ პირებს ეკრძალებათ გარკვეული თანამდებობების დაკავება და გარკვეული ტიპის საქმიანობა 3 წლამდე ან მათ ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა, ვადით 5 წლამდე, იმავდროულად, გარკვეული საქმიანობის აკრძალვის თანხლებით.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „დუმა“ ამ კანონს მიიღებს და რფ რკინის ხელით შეეცდება განსხვავებული აზრის ჩახშობას. ყველაზე საინტერესო ამ რუსულ ლოგიკაში ის არის, რომ თავად არათუ თანაუგრძნობს, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სეპარატიზმის გაღვივების, საერთოდაც, თანამონაწილეა! მაგრამ, როგორც ჩანს, ბისმარკის შეგონებას მიჰყვა – ორთა აღიარებისა და მესამე ტერიტორიის საერთოდაც მითვისების შემდეგ – და სხვების შეცდომებზე ისწავლა, რომ სეპარატიზმი ძირშივეა მოსასპობი, ოღონდ, ბუნებრივია, ეს ხელს ვერ უშლის, ამის პარალელურად, საქართველოში მეგრულ-სვანური სეპარატიზმის გასაღვივებლად არანაკლებ მუხლჩაუხრელად მუშაობაში.