„ნადირობა“
თუმცა ფაქტი 2006-ში მოხდა, როდესაც ჩვენი თანამემამულეები ნახირივით გამოაძევეს რუსეთიდან და ეთნიკურ ქართველებზე ნადირობა იყო გამოცხადებული (სხვათა შორის, ჩრდილო კავკასიელებზე ახლაც ზუსტად ასე ნადირობენ), სტრასბურგის სასამართლოს კი 2007-ში მიმართეს, ამ უკანასკნელმა, როგორც იქნა, საშველი დააყენა და 7 წლის შემდეგ დაადგინა, რომ რფ-მ საქართველოს დაზარალებულ მოქალაქეებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. მაგრამ კომპენსაციის ოდენობა 12 თვის განმავლობაში, თანაც, მოლაპარაკებების გზით უნდა განისაზღვროს.
საქმე დიდმა პალატამ განიხილა. 2011 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლამდე დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე მოწმეები დაკითხეს. 2012 წლის 13 ივნისს გაიმართა ბოლო საჯარო სხდომა და პროცედურა დაიხურა. თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ 2 წლის შემდეგ მიიღეს (ბუნებრივია, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს).
რუსულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია და, ნაკლებად სავარაუდოა, კომპენსაციის გადახდას დათანხმდნენ, ან კი როგორ გადაიხდიან, როდესაც აჟურული საცვლების აკრძალვა შემოსავლების კლებას გამოიწვევს?!