„საქართველოს ბანკმა“ დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამა VEGA წარადგინა
„საქართველოს ბანკი“ მუდმივად სთავაზობს საზოგადოებას საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს როგორც საგანმანათლებლო, ასევე ბიზნესის კუთხით. ქვეყნის წამყვანი ბანკი განსაკუთრებით ზრუნავს, ხელი შეუწყოს დამწყებ ბიზნესს, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს კიდეც ეკონომიკის განვითარებას და პროფესიონალური კადრების ზრდას ქვეყანაში. „საქართველოს ბანკმა“ დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამის – VEGA Startup Lab-ის (VEGA) დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის მიზანია, საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველები უზრუნველყოს საჭირო განათლებისა და კაპიტალის მიღებით. პროგრამის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე VEGA მჭიდროდ თანამშრომლობს „საქართველოს ბანკთან“ და „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან“. VEGAს დახმარებით ბიზნესის დაწყება სამი ეტაპისგან შედგება. პირველი სამი თვის განმავლობაში გამარჯვებული იდეების ავტორები გადიან ინტენსიურ საგანმანათლებლო კურსებს, რომლებიც საგანგებოდაა მორგებული დამწყები ბიზნესის მართვის საჭიროებებზე და უზრუნველყოფილი იქნებიან „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბაზაზე. საგანმანათლებლო ეტაპის შემდეგ დაიწყება იდეის დახვეწის პერიოდი და კომერციულად გამართლებული ბიზნესგეგმის მომზადება. მოსამზადებელი პერიოდის ბოლოს მონაწილეები წარმოადგენენ დეტალურ ბიზნესგეგმას საგანგებოდ შეკრებილი კომისიის წინაშე და შეირჩევა პროგრამები, რომლებიც VEGAსგან საწყის კაპიტალს მიიღებენ. პროექტის ავტორები, რომლებიც საწყის კაპიტალს მიიღებენ, იმუშავებენ VEGAს ოფისში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, დაუკავშირდნენ პროგრამის სხვა მონაწილეებს საკუთარი იდეების შემდგომი განვითარების მიზნით და მოემზადებიან შემდეგი ეტაპისთვის – დამატებითი კაპიტალის მოძიება ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისგან, რაშიც მათ ისევ VEGA დაეხმარებათ. ჯამში, სამივე ეტაპი 15 თვემდე გაგრძელდება.
ირაკლი გილაური („საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი): ჩვენ გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ დამწყებ ბიზნესს, ხელი შევუწყოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც კარგი იდეა აქვს, მაგრამ, არ გააჩნია კაპიტალი; ასევე, არ იცის, როგორ მოიზიდოს ინვესტორები. დამწყები ბიზნესმენები უამრავი პრობლემის წინაშე დგებიან, რასაც ხშირად არასწორი ნაბიჯები და შეცდომები მოსდევს. სწორედ ამის გამო შევქმენით საინვესტიციო პროგრამა VEGA Startup Lab. თითოეულ მათგანს საშუალება ექნება, „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ დაესწროს მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკისა და მათთვის საჭირო სხვა მიმართულებების ლექციებს. დამწყებ ბიზნესმენებს გამოვუყოფთ ოფისს. რაც მთავარია, როგორც სწავლა, ასევე საოფისე ფართი, მათთვის სრულიად უფასო იქნება. ამ ეტაპზე ჩვენ საშუალება გვაქვს, პროექტში 50 დამწყები ბიზნესმენი ჩავრთოთ. საუკეთესო ბიზნესიდეების განსახორციელებლად გამოყოფილი გვაქვს 200 ათასი ლარი, რომელსაც მათ კაპიტალში ჩავდებთ.
ვასილ რევიშვილი (VEGA-ს პროგრამის ხელმძღვანელი): დასაწყისისთვის მინდა აღვნიშნო, რომ პროექტს სახელი VEGA შემთხვევით არ შევურჩიეთ. მოგეხსენებათ, ვეგა დედამიწასთან ახლოს მდებარე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, ჩვენც გვინდა, რომ ქართულ რეალობაში შექმნათ ბიზნესვარსკვლავები; გვინდა, დავანგრიოთ შექმნილი მითი, რომ, თუ არ გაქვს დიდი კაპიტალი, საქართველოში ბიზნესის დაწყება შეუძლებელია. ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამა VEGA Startup Lab პირობითად შედგება ორი ეტაპისგან: პირველი – სწავლა, რომელიც დაახლოებით სამ თვეს მოიცავს. ამ პერიოდში თავიანთ ბიზნესგეგმას უფრო დახვეწენ და მოიყვანენ იმ ფორმაში, რომელიც მისაღები იქნება პოტენციური ინვესტორებისთვის; მეორე ეტაპია, როდესაც დამწყებ ბიზნესმენებს ვეხმარებით ინვესტორის მოძიებაში. VEGA-ში მოსახვედრად იდეის ავტორმა უნდა ატვირთოს საკუთარი იდეა ვებ-გვერდზე: WWW. vegalab.ge, ნებისმიერი ფორმით. ყველაზე საინტერესო იდეების ავტორები მოწვეულნი იქნებიან მათი ჩანაფიქრის წარსადგენად კომისიის წინაშე, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას აპლიკანტის VEGAში მონაწილეობაზე. VEGA უზრუნველყოფს ყველა იდეის კონფიდენციალურობას. ეს პროექტი ნამდვილად წარმატებული იქნება, რადგან ჩვენი პარტნიორია „საქართველოს ბანკი“ – ნოვატორი, საიმედო და წამყვანი ბანკი ჩვენს ქვეყანაში.