ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
რამდენიმე ყმაწვილ კაცს ქართული სადილი გაეკეთებინათ და ქეიფობდნენ. ანტონ ლორთქიფანიძეც იქ იყო.
„მოთალი, თევზი, მწვანილი აუჭრელებდნენ წინ სუფრას...“
მოვიდა ბეჭი, ზედ მოჰყვა ჩიხირთმა, ჩიხირთმას მოჰყვა ფლავი.
ანტონი ფლავის ეშხმა უფრო წაიღო. და ისე სხაპასხუპით დაუწყო ჭამა, რომ კარგა მოგრძო ბეწვი გადააყოლა. წაავლო ბეწვს ხელი ამოსწია, ამოსწია და, რომ ძალიან გაგრძელდა, თვითონაც გრძლადა სთქვა:
– ვაიიიჰ! ქართულად არის გაკეთებულიო...
***
ერთს აზნაურიშვილს, გ. ტ-ძეს დუხჭირი ცოლი ჰყავდა. ერთხელ გადაეკიდა ქმარს: დღეობაში წამიყვანეო. ქმარმა ჰკითხა: რა გინდა დღეობაშიო? ცოლმა უპასუხა: მეც თვალს გავახელო.
– შენ კი გაახელ თვალს, მარა, მე უნდა დავხუჭოვო, – წარმოთქვა გულდაწყვეტილმა ქმარმა.
***
სენაკის სათავადაზნაურო სკოლა რომ აკურთხეს, აკაკიც დაესწრო და სიტყვაც წარმოთქვა. სადილზე სხვათა ღვინოთა შორის, კახური ღვინოც მოიტანეს ბოთლებით, დავით ჭავჭავაძის ნაფარეულის ზვრიდან. აკაკიმ მოატრიალა ბოთლი, ბოთლზე წარწერილს თითი დაადვა და თქვა:
– საკვირველი ხალხია ეს მეგრელები! ღვინოც კი ნაპარეული აქვთ.
„ნაფარეულის“ მაგიერ ბოთლზე რუსულად „ნაპარეული“ ეწერა.
***
ერთი წიგნი დაიბეჭდა, სათაურად ეწერა: „აკაკის ოხუნჯობანი“. აკაკიმ წაიკითხა ის წიგნი, ბევრი ოხუნჯობა თავისად ვერა სცნო და თქვა:
– ეს რამდენი აკაკი ყოფილა ქვეყანაზედაო!
***
რაღაც ძველებურ საათს ყიდდა მეზობელი. დედაჩემს უნდოდა ყიდვა, აუტყდა მამას, ვიყიდოთ, ვიყიდოთო.
– რად გინდა, ქალო, ეს საათი, ციფერბლატი მეზობელთან იქნება და მე გირების კონწიალს ვუყუროო?!
(მანანა დუმბაძის ნაამბობიდან).