კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

ზოგჯერ თქმა ჯობს...

ქეთიმ კარი გააღო, უსიტყვოდ, თავის დაქნევით მიესალმა მოსულს და ოთახში შეუძღვა.

– ალბათ, როგორ გაგიკვირდა, რომ დაგირეკე და ჩემთან მოსვლა გთხოვე, – წარმოთქვა დარცხვენით და ბიჭს დამნაშავესავით შეხედა.

თომამ სევდანარევი ღიმილით აიჩეჩა მხრები.

– იცი, რა, გუშინდელი დღის შემდეგ აღარაფერი მიკვირს. მგონი, გაოცების უნარიც დავკარგე...

– ვინმესთან მინდოდა ლაპარაკი... ძალიან ცუდად ვარ... უცებ აღმოვაჩინე, რომ შენ გარდა ვერავის დავურეკავდი და ვერ ვთხოვდი მოსვლას. ისე არ გამიგო, რომ ნათესავები ან ახლობლები არ მყავს, მაგრამ, ამ სიტუაციაში ისეთი ადამიანი მჭირდებოდა, რომელიც მხოლოდ მომისმენდა, რჩევა-დარიგებისა და სინანულიანი „ნწ, ნწ, ნწ-ს” გარეშე. 

– საბოდიშო არაფერი გაქვს... – თომამ ბინაში მიმოიხედა, – ლამაზი სახლია, სადა და კომფორტული... არ გეკითხები, მარტო რატომ ხარ, თანაც, ტირილისგან დაწითლებული თვალებით... ქმარს ეჩხუბე? მაპატიე, რომ „შენობით” გელაპარაკები.

ქეთიმ ყავადანი ჩართო და სავარძელზე მიუთითა:

– დაჯექი. ყავას ხომ დალევ?

– თუ შენ გინდა... ჩემთვის ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, რას დავლევ. ესე იგი, სწორად მივხვდი – ქმარს ეჩხუბე.

– ჩხუბი აღარ ჰქვია იმას, რაც ჩემს ოჯახში მოხდა. სახლიდან წავიდა ვახო. არაფრის მოსმენა არ ინდომა. ისეთი სიტყვები მითხრა, გამეორებაც არ მინდა. მეშინია, რომ უკან აღარასდროს დაბრუნდება. აღარ სჯერა ჩემი და, არც ვიცი, რა უნდა გავაკეთო. ასეთი უსუსური არასდროს ვყოფილვარ, თან, მეშინია კიდეც, როგორ უნდა ვიცხოვრო მარტო...

– მგონი, იმ წვეულებამ ბევრს გაგვიფუჭა ცხოვრება, მაგრამ, ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ ამის საშუალება.

– კი მაგრამ, რანაირად?! წავიდა... შენ გითქვამს, რომ ერთად რამდენჯერმე ვიყავით კაფეში, – საყვედურნარევი კილოთი უთხრა ქეთიმ და ყავის ფინჯანი მიაწოდა.

თომა შეცბა:

– რატომ უნდა დამემალა სიმართლე? ჯერ ერთი, ტყუილი საერთოდ არ მეხერხება და, მეორეც – მიმაჩნია, რომ ტყუილი არასდროს არ არის გამართლებული. თავის მოტყუებაა ის, თითქოს ტყუილით პრობლემა გვარდებოდეს, პირიქით, კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და ახალ-ახალ პრობლემას უმატებს. მით უმეტეს, რომ კაფეში წასვლა არაფერს ნიშნავს. შენი ქმარი, ეტყობა, ძალიან ეჭვიანი და დაკომპლექსებულია.

– ასეც ვერ ვიტყვი. ჩვენ მაშინ რთული ურთიერთობა გვქონდა.

– ჰო, ვიცი. მგონი, მაშინაც წასული იყო სახლიდან.

ქეთის სევდიანად გაეღიმა:

– იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ჩემი ქმარი დაჩვეულია სახლიდან წასვლასა და უკან დაბრუნებას?

– არა, რა თქმა უნდა. იცი? მაშინ ნინიმ რომ მთხოვა, შენი თაყვანისმცემლის როლი მეთამაშა, მაშინვე არ მომეწონა ეს იდეა, არ იყო საჭირო.

– უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრეთ, – დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ქალმა.

– საქმეც ეგაა. ქალებმა კაცების ცნობა ვერ ისწავლეთ.

– არ უნდა მაგას ცნობა – ყველა კაცი ერთნაირია, – შეეკამათა ქეთი, – სხვათა შორის, უნდა ვაღიარო, რომ მაგ იდეამ იმუშავა, მაგრამ, ეტყობა, ვახოს ეჭვი მაინც ჩარჩა გულში და, იქ რომ დაგინახა...

– კი მაგრამ, როგორ მიცნო? მას ხომ ერთხელაც არ დავუნახივართ ერთად?

– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ქალმა, – ეგ კითხვა მეც გამიჩნდა, მაგრამ, ვერ ვხვდები, ვის შეიძლებოდა, ასე ზუსტად მიეთითებინა შენზე. თუმცა, ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს. გამოსავალი უნდა ვიპოვო როგორმე... არ უნდა გეთქვა, ერთად რომ ვიყავით კაფეში.

– რას ამბობ, ძალიან სწორად მოვიქეცი, რომ ვუთხარი და არ ვიუარე. მე ხომ არ ვიცოდი, რა ინფორმაცია ჰქონდა ჩვენზე? ამიტომ, ვთქვი, რომ შენი პაციენტი ვიყავი... რომ არასდროს შენსავით ყურადღებიანი, პროფესიონალი სტომატოლოგი არ მყოლია... რომ სერიოზული ფობიისგან განმკურნე და მადლიერების გრძნობით აღსავსემ დაგპატიჟე კაფეში – სულ ეს იყო.

– და, მაგის გამო დაგიშინა მუშტები?!

თომამ ირონიულად ჩაიღიმა.

– რას იზამ... კომპლექსები გაქნევინებს ხოლმე მაგ მუშტებსაც. მისი მეგობარია მთავარი დამნაშავე – ვერ აიტანა, მისი ყოფილი შეყვარებული მე რომ მომყვებოდა ცოლად.

– უი, ჰო, ნინი... ეგ საერთოდ არ გამახსენდა! კი ვიცოდი, გიგის შეყვარებული რომ ჰყავდა, მაგრამ, ნინი თუ იყო ის გოგო, ჩემთვის არავის უთქვამს. მერე?

– მერე ის, რომ, ახლა ვხვდები, რა მოხდა რეალურად.

ქეთიმ ყურადღება დაძაბა.

– რა მოხდა? – ჰკითხა დაუფარავი ცნობისმოყვარეობით.

– გიგია ყველაფრის თავი და თავი, მასში დაგროვილი ბოღმა და აგრესია. მე, თურმე, სხვის ქალებზე ვნადირობ და, ამიტომ ჭკუა უნდა ესწავლებინათ. სასაცილოა, მაგრამ, მე ამ „ვაი-რაინდობამ“ სიყვარული დამაკარგვინა, თუკი ნინის საერთოდ ჰქონდა რაიმე გრძნობა ჩემ მიმართ.

– ნინიც გეჩხუბა?

– არა, არ მეჩხუბა. უბრალოდ, ადგა და იმასთან წავიდა – გიგის დაუბრუნდა.

– უი, საავადმყოფოშიც ერთად იყვნენ! – გაახსენდა ქეთის, – მაგრამ, ისე ვიყავი ჩემი პრობლემებით გაოგნებული, რომ ყურადღება არ მიმიქცევია.

– საავადმყოფოში? გიგი რომ ასე მაგრად არ მიცემია? – გაუკვირდა თომას, – თუმცა, მისგან მინი-სპექტაკლები მოსალოდნელი იყო. ალბათ, ნინის შეაცოდა თავი.

– არა, გიგი არაფერ შუაშია, მართლა. ლიზას შეექმნა პრობლემა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

– მართლა? რატომ? ეგ ვიღამ სცემა? – ირონიულად ჩაილაპარაკა ბიჭმა.

– ასე ნუ ამბობ, ცოდოა. ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და, არავინ იცის, როგორ დამთავრდება ეს ამბავი.

– მართალი ხარ, ცუდად გამომივიდა.  ლიზას პატივს არ ვცემ, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისთვის ცუდი მინდა. ესე იგი, ნინი და გიგი ერთად იყვნენ საავადმყოფოში? ყველაფერი გასაგებია...

– რა არის გასაგები?

– ის, თუ რატომ დამიბრუნა ნინიმ ბეჭედი, –  ამოიოხრა თომამ, – თუმცა, არ გვინდა ამაზე, ისევ შენს პრობლემას დავუბრუნდეთ. აქ ხომ ამისთვის დამიძახე?

– ჰო, მაგრამ, არ ვიცოდი, შენც თუ ასეთი სერიოზული პრობლემა გქონდა.

– უკვე აღარ მაქვს. ვისაც არ უნდიხარ, უნდა გაუშვა.

– ვაიმე, ესე იგი, ვახო მეც უნდა გავუშვა? – შიშნარევი ხმით წამოიძახა ქეთიმ.

– არა, ეგ არ მითქვამს. შენ სხვა ხარ, შენ და ვახოს ოჯახი გაქვთ და უნდა შეინარჩუნოთ, მით უმეტეს, რომ ბავშვიც გყავთ. რატომ უნდა დაანგრიოთ ურთიერთობა არაფრის გამო?

– ეს ვახოს უნდა უთხრა, მე არაფრის დანგრევას არ ვაპირებ.

– ვეტყვი კიდეც, რა პრობლემაა?

– მართლა?

– ჰო. თუ შენ გინდა და მიგაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება, შემიძლია, დაველაპარაკო ვახოს.

– კიდევ რომ იჩხუბოთ? – დაფრთხა ქეთი, – არა, არა, სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ.

– არ ვიჩხუბებთ.

– ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?

– იმიტომ, რომ მე უკეთესად ვიცნობ კაცის ფსიქოლოგიას. თქვენგან განსხვავებით, ანუ, ქალებისგან განსხვავებით, ჩვენ ბრაზი მალე გაგვივლის ხოლმე. შეიძლება, შენი ქმარი ნანობს კიდეც, რომ არ მოგისმინა.

– მეეჭვება. ვახო ძალიან უცნაურია და აშკარად ძალიან იყო გაბრაზებული. მითხრა კიდეც, შენი უპასუხისმგებლო საქციელის გამო ისეთი რაღაც ჩავიდინე, რასაც ჩემს თავს არასდროს ვაპატიებო – ალბათ, შენთან ჩხუბს გულისხმობდა.

– მე რას გეუბნებოდი? აღარ ვიჩხუბებთ, დამიჯერე. წავალ, დაველაპარაკები. სად იქნება?

ქეთიმ მხრები აიჩეჩა:

– წარმოდგენა არ მაქვს. ამას წინათ რომ წავიდა, გიგისთან ცხოვრობდა.

– ეგ ცუდია. გიგისთან მისვლის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. ტელეფონის ნომერი მომეცი, დავურეკავ და შევხვდები.

ქეთი შეყოყმანდა:

– მართალი გითხრა, არ ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა. მე შენთვის ყველაფერი არ მითქვამს.

– მერე, მითხარი.

– მერიდება. ეს ამბავი არავინ იცის, საერთოდ არავინ. ჯერ მეც არ ვარ კარგად დარწმუნებული და...

– ძალიან მაბნევთ, ქეთი, – რატომღაც, ისევ „თქვენობით“ მიმართა ბიჭმა.

– მე თვითონ ვარ დაბნეული და იმიტომ... მოკლედ, მგონია, რომ ორსულად ვარ... – როგორც იქნა, თქვა ქეთიმ და ამოიოხრა, – ახლა ხვდები, რა საშინელ მდგომარეობაში ჩავიგდე თავი? ვახოს არ ვეუბნებოდი, მინდოდა, ბოლომდე დავრწმუნებულიყავი. ახლა თუ გაიგებს, შეიძლება, პირიქით, საერთოდ შემიძულოს. ვერაფრით დავაჯერებ, რომ ბავშვი მისია.

– რა სისულელეა! აი, ეგ სულ ტყუილი ეჭვია. არა მგონია, ვახო ასეთი უპასუხისმგებლო და არაადეკვატური იყოს. მე არ ვაპირებ მაგის თქმას, ჩემი ნუ შეგეშინდება. ეგ ისეთი რამეა, თვითონ უნდა უთხრა. მხოლოდ იმას შევეცდები, დავარწმუნო, რომ ჩვენ შორის არაფერი ყოფილა და მოგისმინოს.

– მეორე მიზეზიც არსებობს, ვიფიქრო, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაში ვარ – ვახო იტყვის, რომ ორსულობას მის დასაბრუნებლად, შესაჩერებლად ვიყენებ.

– სულ ნუ დამაკარგვინებ შთაბეჭდილებას შენს ქმარზე. მართლა არა მგონია, რომ ვახო ამაზეა წამსვლელი. არ ვიცნობ, მაგრამ, შენ რომ მითხარი, ნანობს შენთან ჩხუბსო, ამით მივხვდი, რომ კარგი ტიპია და ღირებულებებიც გააჩნია. მოკლედ, უნდა დაველაპარაკო... თუ შენ უკეთესი ვერსია გაქვს, მითხარი.

– არა, არანაირი ვერსია არ მაქვს, – თავი გააქნია ქეთიმ, – მოგცემ ვახოს მობილურის ნომერს. დღესვე დაურეკავ?

– არ ვიცი. უნდა მოვიფიქრო, რას ვეტყვი. როგორც კი გადავწყვეტ დარეკვას, მაშინვე გაგაგებინებ.

***

ზუკამ ვახოს კაბინეტის კარი შეღო და უფროსს გაოცებულმა ჰკითხა:

– აქ რა გინდა ამ შუაღამისას, ან, ეს ჩანთა რას ნიშნავს? მიემგზავრები სადმე და შენს მაგივრად მტოვებ? ამიტომ გამომიძახე?

– აი, შენს ადგილას ხუმრობის გუნებაზე ნამდვილად არ ვიქნებოდი, – ნიშნის მოგებით მიმართა ვახომ და სიგარეტს მოუკიდა.

– აუ, იმ „ფლეშ-მობის” გამო თუ უნდა მისაყვედურო, ეს მარტო ჩემი საქმეა. სამუშაო საათებში არ გამიკეთებია და თქვენი ძვირფასი დრო არ გამიფლანგავს.

– გეყოფა! შენმა უპასუხისმგებლო საქციელმა იმ ქალს საავადმყოფოში ამოაყოფინა თავი და ძალიან ცუდად არის.

– ვინ ქალს, რას მელაპარაკები? – ვერ მიხვდა ზუკა, – მეც მოვწევ, თქვენის ნებართვით, თორემ, მეტისმეტად ავღელდი იმ ვიღაც ქალის ბედით. 

– მე ლიზაზე გელაპარაკები.

ზუკას სანთებელა და სიგარეტი გაუშეშდა ხელში:

– რა? რა თქვი? ლიზა საავადმყოფოშია? რა დაემართა?

– „ფლეშ-მობს” ვერ უყურა გულგრილად და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.

– მითხარი, რომ მატყუებ! – იბღავლა ზუკამ.

– არ გატყუებ. ჩავთვალე, რომ ეს უნდა გცოდნოდა, ამიტომაც დაგირეკე და მოგიყვანე. ტელეფონში ხომ ვერ გეტყოდი?

– რომელ საავადმყოფოშია? ახლავე მითხარი! – წამოხტა ზუკა.

– არ გაგიჟდე და იქ არ მიხვიდე, ქმარი თავზე ადგას. შენ, საერთოდ, ნორმალური ხარ?

– მითხარი, როგორ არის...

– არ ვიცი. რომ წამოვედი, ისევ გონდაკარგული იყო. სერიოზულად გეუბნები და გაფრთხილებ, იქ ფეხი არ მიადგა. სულ ნუ დაუნგრევ მაგ ქალს ცხოვრებას, მით უმეტეს, თუ გინდა, რომ კარგად იყოს.

– რომ მოკვდეს? ვაიმე, ეს რა ჩავიდინე, – თავზე იტაცა ხელები ზუკამ.

– ხომ ხედავ, შენი წინდაუხედაობითა და უპასუხისმგებლობით საქმე სადამდე მიიყვანე. ახლა მაინც მოიქეცი გონივრულად. გიგია იქ ნინისთან ერთად. დაურეკე და გეტყვის, როგორ არის.

– ვინ? გიგი? მაგას რაღა უნდა იქ?

– ლიზა ნინის მეგობარია, გიგი კი ნინის შეურიგდა. თუ გინდა, მე დავრეკავ.

– ჰო, რა... ძალიან გთხოვ, შენ დაურეკე. მე ხელები ისე მიკანკალებს, ნომერსაც ვერ ავკრეფ, – შეეხვეწა ზუკა და მუდარით სავსე მზერა მიაპყრო.

გიგიმ მობილურის ეკრანს დახედა და ნინის მიუბრუნდა.

– ვახო რეკავს. რა ვქნა, ვუპასუხო?

– რატომ არ უნდა უპასუხო? – გაოცდა ნინი.

– რა ვიცი, ასე გვიან რა უნდა უნდოდეს?

– ალბათ, ქეთის ლიზას ამბავი აინტერესებს. უპასუხე, რაღას ელოდები?

– კარგი... გისმენ, ვახო! რა ვიცი, აქ ვართ ისევ... ლიზა? მგონი, უკეთ... ბიჭი შეეძინა... ვერა, ჯერ ვერ მოვდივართ. ბავშვი არ არის კარგად, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და სისხლიც სჭირდება, უნდა გადაუსხან... ჰო, რა, მაგ პონტში ველოდებით მე და ნინი... შეიძლება, ჩვენ დავჭირდეთ დონორებად... რა? ზუკა? არ გაგიჟდეს და აქ არ მოვიდეს!.. მერე დაველაპარაკები!

ვახომ მობილური გათიშა და ზუკას შეხედა:

– გესმოდა?

– არა. ყურებში რაღაც ხმაურობს. მითხარი, ძალიან გთხოვ.

– ბიჭი ჰყავს... ოღონდ, არ დაიწყო ახლა, რომ, შეიძლება, ეს ბავშვი შენი შვილი იყოს, თორემ, ისედაც გაბრაზებული ვარ და მთელი ქვეყნის ჯავრს შენზე ვიყრი.

– და... თუ მართლაც ასეა? – შესაბრალისად ამოიოხრა ზუკამ და თავი ჩაქინდრა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3