კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეარჩია გამოცდილმა კრიმინალმა სამიზნედ მარტოხელა ბიზნესმენი და როგორ კლავდა ის შემთხვევის ადგილზე ორ ადამიანს

 39 წლის გიზო მ-ია ყაჩაღობის, მკვლელობის მცდელობისა და იარაღის ტარების ბრალდებით მას შემდეგ დააკავეს, რაც ის დანაშაულის ჩადენიდან ორი კვირის შემდეგ, ყალბი საბუთებით ცდილობდა ქვეყნიდან გასვლას. ოპერატიული ინფორმაცია ძებნილი გიზო მ-იას მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდილობის შესახებ სამართალდამცველებისთვის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებითა და კონფიდენციალური წყაროს მეშვეობით იყო ცნობილი.  გიზო მ-იამ დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რამაც მისი ისედაც მძიმე დანაშაული კიდევ ერთი პუნქტით დაამძიმა. 

საქმის მასალების მიხედვით, გიზო მ-ია წარსულში  ერთხელ ყაჩაღობისთვის, ორჯერ კი ქურდობისთვის იყო ნასამართლევი. ბოლო სასჯელისგან ის პირობით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც გიზო მ-იამ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა –  დედის კუთვნილი საცხოვრებლის გაყიდვის შემდეგ მან იგირავა ბინა ეგრეთ წოდებულ „იტალიურ ეზოში”, სადაც მისი წარსულის შესახებ არავინ არაფერი იცოდა და, შესაბამისად, გიზო მ-იამ მეზობლებთან კარგი ურთიერთობის დამყარებაც შეძლო და რამდენიმე თვეში მათი ნდობის მოპოვებაც. მან სამიზნე  სწორედ სამეზობლოში შეარჩია –  57 წლის ბიზნესმენი, დავით ბ-შვილი, რომელსაც ცოლ-შვილი  უცხოეთში ჰყავდა, თავად კი მარტო ცხოვრობდა. 

საქმის მასალების მიხედვით, გიზო მ-იამ  კარგად შეისწავლა დავით ბ-შვილის ცხოვრება და წინასწარ დაგეგმა მისი ბინის გაქურდვა.  გამოცდილი კრიმინალისთვის ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი სახლში გვიან ღამით ბრუნდებოდა, თვეში ერთხელ კი  მოხუც დედასთან  მიდიოდა რაიონში  ორი-სამი დღით. გიზო მ-იამ ისიც დაადგინა, რომ დავით ბ-შვილთან ბინაში დადიოდა ქალბატონი, რომელიც  მას საოჯახო საქმეში ეხმარებოდა.  ბიზნესმენის ყოველდღიური გრაფიკის დადგენის შემდეგ, გიზო მ-იამ მისი ბინის დეტალური შესწავლა დაიწყო და ბინაში მოსახვედრი  ერთადერთი გზაც იპოვა – მიშენება, სადაც ბიზნესმენს გისოსები არ ჰქონდა ჩასმული.                

როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, გიზო მ-ია  წინასწარ შერჩეულ დროს, სახლის  ღიად დატოვებული ნაწილიდან მოხვდა ბინაში. ის დარწმუნებული იყო, რომ საღამოს სახლიდან გასული მასპინძელი უკან   არ დაბრუნდებოდა, ამიტომ, სასურველი ნივთების შერჩევა და ჩანთებში მოთავსება განსაკუთრებულად არ უჩქარია, უფრო მეტიც, მან ბიზნესმენის ბინაში ჯერ ივახშმა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო სასტუმრო ოთახის „გასუფთავება.” გიზო მ-იამ  საძინებელში მიაგნო კედლის სეიფს, რომლის გახსნასაც  საკმაოდ დიდი დრო მოანდომა.  მისი ვარაუდით, ფული და ძვირფასეულობა, რასაც სახლში ვერ მიაგნო, „მასპინძელს” სწორედ ამ სეიფში უნდა ჰქონოდა გადამალული. საქმის მასალების მიხედვით, სეიფის გახსნით გართულ ქურდს, ბინაში სახლის პატრონის შესვლა შეუმჩნეველი დარჩა.  დაზარალებულ დავით ბ-შვილის განცხადებით, რომელიც, ორი მძიმე ჭრილობის მიუხედავად, სიკვდილს გადაურჩა, გიზო მ-იას დანაშაულის ჩადენის მომენტში დაადგა თავზე. 

ამონაწერი დაზარალებულის ჩვენებიდან: „სახლიდან გვიან გავედი დიდი ჩანთით ხელში, რის გამოც, როგორც ჩანს, ჩასაფრებულმა ქურდმა   ჩათვალა, რომ სახლში მალე არ დავბრუნდებოდი. ჩემს ნათესავს რაღაც  წავუღე და მალე უკან დავბრუნდი. გზაში ჩემს დამხმარე ქალბატონს ვთხოვე, რომ, იმის მიუხედავად, გვიანი იყო, ჩემთან მოსულიყო და სადილი მოემზადებინა ორ-სამ კაცზე, რადგან, მეორე დილით რაიონიდან სახლში სტუმარს  ველოდი.  ჩვენ შევთანხმდით, რომ მარინა ჩემთან ნახევარ საათში მოვიდოდა, რის შემდეგაც მე პირდაპირ  სახლისკენ წავედი.  ბინაში ისე შევედი, თავიდან  ვერაფერს მივხვდი – სასტუმრო ოთახისკენ არც გამიხედავს. მერე შევნიშნე, რომ სამზარეულოს გასასვლელთან სკამი იყო წაქცეული, სამზარეულოში, მაგიდაზე კი საჭმლის ნარჩენები ეყარა. ამაზე დავეჭვდი. უჩემოდ სახლში ვერავინ მოხვდებოდა,  არც საჭმელს დავტოვებდი მაგიდაზე და არც  წაქცეულ სკამს. სასტუმრო ოთახში ორი ჩანთა შევნიშნე და დაუფიქრებლად შევაღე საძინებლის კარი, სადაც უცნობი მამაკაცი კედელთან იყო ჩაცუცქული. ერთადერთი, რაც მოვასწარი, ვკითხე, ვინ ხარ და აქ რა გინდა-მეთქი. პასუხად მან მოულოდნელად ამოიღო ქურთუკიდან პისტოლეტი და მესროლა. მაშინვე გონება დავკარგე, გონზე საავადმყოფოში, ოპერაციის შემდეგ მოვედი”. 

როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც გიზო მ-იამ დავით ბ-შვილის მიმართულებით გაისროლა,  საძინებელი მიატოვა და  ბინიდან  თავის დაღწევა ოფიციალური გასასვლელით სცადა. კართან მას ოჯახის დამხმარე ქალბატონი, მარინა მ-ძე შეეჩეხა, რომელსაც  გიზო მ-იამ ჯერ ხელი ჰკრა და  კიბეზე დააგორა, შემდეგ კი, ძირს დავარდნილს, ცეცხლსასროლი იარაღიდან  ესროლა.  ქალმა  თავის არეში მიიღო მძიმე  დაზიანება,  რის გამოც მას ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. სროლის ხმაზე, რომელიც  დავით ბ-შვილის ბინიდან გვიან საღამოს გაისმა, მისი  მეზობლები  სადარბაზოში გამოცვივდნენ,  ერთ-ერთმა მათგანმა  შემთხვევის ადგილიდან გაქცეულ მამაკაცში გიზო მ-ია ამოიცნო და სწორედ მისი მეშვეობით გავიდა გამოძიება დამნაშავის კვალზე.  მოწმის განცხადების მიხედვით, ქალბატონი, რომელმაც შემთხვევის ადგილზე გიზო მ-ია ამოიცნო, სახლის წინ მდებარე მინიმარკეტში გამყიდველად მუშაობდა,  გიზო მ-ია მისი ხშირი კლიენტი იყო და ქალბატონი მას სწორედ აქედან იცნობდა.                       

სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დაიწყო გამოძიება და დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილის კვალის ძებნა. მისი დაკავება დანაშაულის ჩადენიდან ორი კვირის შემდეგ მოხდა. ამ პერიოდში ის სამართალდამცველებს კონსპირაციულ ბინაში, მეგობარ ქალთან  ემალებოდა.  დაკავებული გიზო მ-ია თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ, მის მიმართ მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის, შემთხვევის ადგილზე დატოვებული ანაბეჭდისა და სხვა გარემოებების, ასევე, მოწმისა და დაზარალებულების ჩვენებათა საფუძველზე, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა.  გიზო მ-იამ ვერ შეძლო დანაშაულის იარაღის წარდგენა, რადგან, როგორც მან გამოძიებასთან განაცხადა, იარაღი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში მოიშორა თავიდან – მდინარეში გადააგდო. განსასჯელის განცხადებით, მას დავით ბ-შვილის მოკვლა განზრახული არ ჰქონდა და მხოლოდ დაბნეულობის გამო ესროლა.  „მის დაბრუნებას არ ველოდი, რადგან, გვიან გავიდა, და, მეგონა, რომ რაიონში მიდიოდა. ისე მშვიდად ვიყავი,  ბინაში შესულმა  ჯერ საჭმელი ვჭამე და ნივთების შეგროვება მერე დავიწყე,” – განაცხადა გიზო მ-იამ, რომელიც გისოსებს მიღმა მეოთხედ მოხვდა და გამოძიებასთან აღიარა, რომ დავით ბ-შვილსა და მის  მოსამსახურეს ორი-სამი კვირა სამხედრო დურბინდით უთვალთვალებდა, რომელიც ძველი ნივთებით მოვაჭრისგან სპეციალურად შეიძინა. მან ისიც აღიარა, რომ   მშიერი იყო და ისე გაერთო ვახშმობით, რომ მთავარი მიზანი – სახლის გაქურდვა –  დროებით დაავიწყდა.   სასამართლოზე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობის უნებლიე თვითმხილველი, რომელიც თავადაც მძიმე დანაშაულის მსხვერპლი გახდა – ქალბატონი მძიმე მოტეხილობის გამო   დაინვალიდდა. მან დეტალურად გაიხსენა ის ღამე, როცა ამ დანაშაულს შეესწრო.   საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, პროკურატურამ წაყენებული ბრალდება დადასტურებულად ცნო და განსასჯელისთვის 12  წლით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და, მამაკაცს, რომელმაც ორ ადამიანს მძიმე დაზიანებები მიაყენა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 

скачать dle 11.3