ქართული ეროვნული საგანძურით სავსე ერთი ყუთი 33 წლის განმავლობაში ავლაბრის სასაფლაოზე იყო დამარხული
დაკრძალვა
1931 წლის 2 მაისს საქართველოს „ჩეკას“ თანამშრომლის, კაპიტან აშოტ მიგრანიანის დედის, ანუშის დაკრძალვის ცერემონიალი იმართებოდა. ის-ის იყო 82 წლის ანუში უნდა გაესვენებინათ, რომ სამგლოვიარო პროცესიაზე შეკრებილი ხალხი აჩურჩულდა: აშოტის თანამშრომლები მოვიდნენო. მართლაც, სოლოლაკის ერთ-ერთი ფეშენებელური სახლის მდიდრულ სადარბაზოში თხუთმეტი ჩეკისტი შევიდა. მათ შესაბამისი უნიფორმა ეცვათ და რომც არ ცმოდათ, პირქუშ სახეებზე ეტყობოდათ, რომ ჩეკისტები იყვნენ. დაკრძალვაზე შეკრებილი პუბლიკა შეცდა. ჩეკისტები სამძიმარზე კი არა, არამედ კაპიტან მიგრანიანის დასაპატიმრებლად იყვნენ მოსული. ჩეკისტთა ჯგუფს მაიორი კოტე კოლხიდელი მეთაურობდა, რომელიც პირადად ლავრენტი ბერიას დავალებით მოქმედებდა. აშოტმა კოლეგები რომ დაინახა, სახე დაეჯღანა და სამძიმარის მისაღებად მოემზადა. მაგრამ, მაიორმა კოლხიდელმა ის გვერდზე გაიხმო და უთხრა:
– უხმოდ გამოგვყევი, დაპატიმრებული ხარ!
მიგრანიანს მიტკლის ფერი დაედო, მაგრამ მაინც ამოღერღა:.
– რატომ, კოტეჯან, რა დავაშავე?
– ამას იქ გეტყვიან, ახლა კი წავედით.
– კარგი, მოვდივარ, მაგრამ ჩემს ბიჭს, არტურს ორ სიტყვას ვეტყვი.
– ჩემთან ერთად უთხარი, – ნება დართო კოლხიდელმა.
აშოტმა თავისი ერთადერთი ვაჟი იხმო და კოლხიდელის წინაშე ქართულად უთხრა:
– არტურ, მე ჩეკაში გამომიძახეს სასწრაფოდ და როდის დავბრუნდები, არ ვიცი. აბა, შენ იცი, ბებიას როგორ დაასაფლავებო.
23 წლის არტურმა მამას თავი დაუქნია და წავიდა. აშოტი კი კოლხიდელმა წაიყვანა „ჩეკაში“ ორი ოპერის თანხლებით. დანარჩენი თორმეტი ჩეკისტი კი მიგრანიანის ბინაში დარჩა, რათა გასვენების შემდეგ, სახლი საგულდაგულოდ გაეჩხრიკათ.
მართალია, აშოტი სათადარიგო გასასვლელიდან გაიყვანეს, მაგრამ ხალხს არ გამოჰპარვია მისი დაპატიმრების ფაქტი. „ხალხის მტერი ყოფილა“... – ჩურჩულებდნენ სამგლოვიარო პროცესიაზე შეკრებილები და ისე შეშინდნენ, რომ ორ წუთში ჭიანჭველებივით დაიფანტნენ. მიცვალებული რომ გამოასვენეს, ქუჩაში ადამიანის ჭაჭანებაც არ იყო. ანუში ავლაბრის სასაფლაოზე ათმა ადამიანმა მიაცილა...
დაპირისპირება
აკანკალებული აშოტ მიგრანიანი პირდაპირ შეფის, ლავრენტი ბერიას კაბინეტში მიიყვანეს და მან დაპატიმრებულს უთხრა:
– თუ არ გინდა, რომ პირადად გაგაძრო ტყავი, თქვი, სად გადამალე ანტონ თავართქილაძისგან გატაცებული საგანძური.
– რას ბრძანებთ, ლავრენტი პავლოვიჩ, რა საგანძური, პირველად მესმის.
– პირველად გესმის?
– დიახ, პირველად. არანაირ საგანძურზე წარმოდგენაც არ მაქვს.
ანტონ თავართქილაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი იყო და როდესაც ექვთიმე თაყაიშვილმა ქართული საგანძური უცხოეთში გაიტანა, მასთან მუშაობდა. ანტონმა ძვირფასეულობით დატვირთული ერთი ყუთის ბათუმში დროულად ჩატანა ვერ მოასწრო და კომუნისტებს ხელში რომ არ ჩავარდნოდათ, საკუთარ ბინაში გადამალა და ათი წლის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. მიგრანიანმა, როგორღაც შეიტყო ამის შესახებ და 1931 წლის 20 თებერვალს, თავართქილაძეს მარტო ესტუმრა სახლში. მტკვრის პირას გაიტყუა, ორი ტყვია დაახალა, წყალში ჩააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ძვირფასეულობით სავსე ყუთი მანქანით წაიღო, რომელსაც პირადად მართავდა. ბერიამ მიგრანიანს ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ჰკითხა:
– რას იტყვი, ეს ყოველივე ტყუილია?
– ბოდიშს გიხდით ლავრენტი პავლოვიჩ, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია და ვიღაცამ ცრუ ინფორმაცია მოგაწოდათ, – მიუგო აშოტმა.
ბერიას ჩაეცინა და კოლხიდელს უთხრა:
– თავართქილაძე შემოიყვანე!
ნახევარი წუთის შემდეგ, კოტე კოლხიდელმა ანტონ თავართქილაძე შემოიყვანა, რომლის დანახვაზეც მიგრანიანს გული გაუსკდა და ბერიას კაბინეტში გარდაიცვალა.
– ეს ლეში აქედან მოაშორეთ და სასწრაფოდ მისი ნაშიერი, არტური მოათრიეთ აქ. იმას ეცოდინება გატაცებული განძის ადგილსამყოფელი და უნდა ვათქმევინოთ, – ბრძანა ბერიამ. შემდეგ ანტონ თავართქილაძეს მიუბრუნდა და რბილად უთხრა:
– ნუ ღელავთ, ბატონო ანტონ. საგანძურს აუცილებლად ვიპოვით და საიმედოდ დავაბინავებთ. რა თქმა უნდა, თქვენი თანდასწრებით. ახლა კი ჩემი მძღოლი სახლში წაგიყვანთ და იქ კი ჩვენი საუკეთესო ექიმები მოგივლიან...
თავართქილაძე ერთმა თბილისელმა მეთევზემ გადაარჩინა. წყლიდან ამოიყვანა და თავის ექიმ ქალიშვილს ამკურნალებინა. საბედნიეროდ, ორივე გამჭოლმა ჭრილობამ რბილ ქსოვილებში გაიარა და ერთ თვეში ის ფეხზე დადგა. შემდეგ კი ანტონი მილიციაში მივიდა და ყველაფერი განაცხადა. მილიციამ ეს საქმე „ჩეკას“ გადასცა და მიგრანიანი მეორე დღესვე აიყვანეს. „ჩეკამ“ ვერც მიგრანიანის ბინაში აღმოაჩინა საგანძური და არტურიც მიიმალა, რომელიც, როგორც შემდგომ გაირკვა, თურქეთში გადავიდა არალეგალურად...
ნაკვეთი ¹25116
1964 წლის 24 მარტს საქართველოს უშიშროების კომიტეტში ლუბიანკიდან („კაგებეს“ შტაბ-ბინა) პირადად თავმჯდომარემ, სემიჩასტნიმ დარეკა და ინაურს უთხრა:
– ამხანაგო გენერალო, ხვალ თბილისში ვინმე ოსმან გუზალი ჩამოდის. ის თურქეთის მოქალაქეა. ძალიან საეჭვოდ იქცევა და შენმა ბიჭებმა თვალყური ადევნონ.
25 მარტს 56 წლის ოსმან გუზალს საქართველოს კონტრდაზვერვა კუდზე დააჯდა... და ყველგან „აძოვებდა“ (უთვალთვალებდა). ერთი შეხედვით, უწყინარი თურქი ტურისტის საქციელში საეჭვო არაფერი იყო. მას თბილისში ოთხდღიანი ყოფნის უფლება ჰქონდა და ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდა, სურათებს იღებდა. ქართველი კონტრმზვერავები კი მას ფირზე იღებდნენ, რომელსაც შემდეგ განყოფილების უფროსს უჩვენებდნენ. იმ პერიოდში განყოფილებას კოტე კოლხიდელი ხელმძღვანელობდა, მაგრამ შვებულებაში იყო და მხოლოდ თურქის სტუმრობის მესამე დღეს გამოვიდა სამსახურში. საღამოს ხელქვეითებმა უკვე მას უჩვენეს იმ დღეს გადაღებული ფირი და მან თქვა:
– რა ნაცნობი სახეა, ნეტავ, სად მინახავს?
უცებ პოლკოვნიკმა თავი გააქნია და მაიორ ჯინჭარაძეს, რომელიც მოთვალთვალეთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, უთხრა:
– გივი, სასწრაფოდ დამიდგინე, თუ სადაა დასაფლავებული 1931 წლის 2 მაისს ანუშ მიგრანიანი. მიდი, იმოქმედე.
ჯინჭარაძე დავალების შესასრულებლად წავიდა, კოლხიდელმა კი 74 წლის ანტონ თავართქილაძეს დაურეკა, მოიკითხა და „კაგებეში“ მისვლა სთხოვა.
– ბატონო ანტონ, ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ ერთი სასწრაფო საქმეა და ჩემი მძღოლი მოგაკითხავთ.
– კეთილი. მე ხუთ წუთში მზად ვიქნები, – მიუგო კოლხიდელს თავართქილაძემ და ყურმილი დადო.
თავართქილაძე ნახევარი საათის შემდეგ უკვე კოლხიდელთან იჯდა. კიდევ ნახევარი საათის შემდეგ კი, ჯინჭარაძე მოვიდა და პოლკოვნიკს უთხრა:
– ანუშ მიგრანიანი 1931 წლის 2 მაისს ავლაბარის სასაფლაოზე ¹ 25116 ნაკვეთზეა დაკრძალული.
– ძალიან კარგი. სასაფლაოზე ოპერატიული ჯგუფი გაგზავნეთ და ის ადგილი მოძებნონ, თან ჩასაფრება ისე მოაწყვეთ, რომ არავინ შეგნიშნოთ. მალე ჩვენც მოვალთ.
1964 წლის 27 მარტს ავლაბრის სასაფლაოზე თურქი ტურისტი გამოჩნდა, რომელსაც ჩანთაში მესანგრის ნიჩაბი ჰქონდა. ღამის 3 საათი იყო. მან მძლავრი ფანარი აანთო და საფლავის თხრას შეუდგა. ერთი საათი რომ გავიდა, იქაურობა პროჟექტორებმა გაანათა. ტურისტი შეხტა და გაქცევა სცადა, მარამ ქართველმა კონტრმზვერავებმა ის ადგილზევე დააკავეს. კოლხიდელმა კი უთხრა:
– განძს ეძებთ, ხომ, არტურ მიგრანიანო?
თავის დაძვრენის მცდელობას აზრი არ ჰქონდა და „თურქმა ტურისტმა“ გამართული ქართულით მიუგო:
– თქვენი კანონებით, დაპატიმრება არ მეკუთვნის და კონსული გამოიძახეთ. მე თურქეთის მოქალაქე ვარ.
– კონსული გზაშია და ბათუმიდან თბილისში მოემართება. თქვენ დაპატიმრებას კი არც ვაპირებთ. უბრალოდ, დაგაკავებთ, შემდეგ კი ქვეყნიდან გაგაძევებთ, – მიუგო კოლხიდელმა მიგრანიანს...
ქართული ეროვნული საგანძურით სავსე ერთი ყუთი 33 წლის შემდეგ ავლაბრის სასაფლაოს საფლავიდან ამოიღეს და შესაბამისი პროცედურების შემდეგ, თავის ადგილზე დააბრუნეს.