როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ცეცხლაშვილი
ბათუმში, აჭარის სხვა ქალაქებსა და რაიონებში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს გვარიშვილობის ფენომენი. გაბაიძეების საგვარეულო შეკრებაზე, რომელიც დიდი ზარ-ზეიმით ჩატარდა, პოეტმა თენგიზ ცეცხლაშვილმა დაარიგა ბოლო ხანს გამოცემული წიგნი – „მამულო, ჩემო საუნჯევ“. მისი მეორე წიგნი – „ხმა“ – ასე იწყება: „ურყევი ბურჯი საქართველოსი, მუდამჟამს იყო ჩემი აჭარა, დღესაც მზად არის, თავი გასწიროს, მამულს დაუდგეს მტკიცე აბჯარად“. ამ შეკრებაზე გადაწყდა, რომ ცნობილ საგვარეულოსთან ცეცხლაძეებთან უნისონში მოეწყოს ცეცხლაშვილების გვარის შეკრება და აირჩიონ გვარის უფროსი, რადგან, მიგვაჩნია, რომ ეს არის ორი მონათესავე გვარი.
გვარში ცეცხლაშვილი-ცეცხლაძე ფუძედაა გამოყენებული სიტყვა ცეცხლი, საიდანაც მიღებულია საკუთარი სახელი – ცეცხლა.
ცეცხლაშვილი ცეცხლაძეებიდან ატყორცნილ გვარად ჩანს. ცეცხლაძეები ცხოვრობენ აჭარაში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში, თბილისში, ქობულეთში და სხვაგანაც. საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ცეცხლაძეები 42-ე ადგილზე არიან.
იოანე ბაგრატიონი წიგნში „შემოკლებული აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა ოჯახებისა, რომლებიც შეტანილნი არიან ტრაქტატსა შინა“ ცეცხლაძეებს აზნაურებად მოიხსენიებს.
ცეცხლაძეები არიან იმერეთშიც. საგვარეულოს ისტორიული სოფელია ხინო, რომელიც აჭარასა და გურიის საზღვარზე მდებარეობს. სამეგრელოში კი გვარი გვხვდება სოფლებში: პატარა ფოთი და ეწერი.
ცეცხლაძეები, ასევე, გვხვდებიან 1781 წლის ქსნის ხეობის აღწერაში.
კახეთის მოსახლეობის აღწერის მეთვრამეტე საკუნის პირველი მეოთხედის დავთარში კი დაფიქსირებულები არიან ცეცხლაშვილები: „შილდის ნეკრასლის ყმა გოშფარ ცეცხლაშვილი, გიორგი ცეცხლაშვილი და ივანე ცეცხლაშვილი.”
საქართველოში 91 ცეცხლაშვილი ცხოვრობს: თელავში – 18, თბილისში – 9, ბათუმში – 7. არიან სხვაგანაც.
რამინაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი რამინი, რომელიც ინდურ-ირანული წარმოშობისაა და მორჩილს, დამჯერს ნიშნავს.
1941 წელს სანდრო რამინაშვილი ამბროლაურის რაიონის სოფელ კაჩაეთიდან ასურეთში გადასახლებულა.
გაბრიელ რამინაშვილი მოიხსენიება არზაში გაბრიელ რამინაშვილის ვალის თაობაზე შედგენილი გიორგი მეთორმეტის ოქმში, 1860 წელს.
საქართველოში 264 რამინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 54, ქუთაისში – 44, ხობში – 26. არიან სხვაგანაც.
სოლომონაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სოლომონი, რომელიც ებრაული წარმოშობისაა და ქართულად წყნარს, მშვიდობიანს ნიშნავს.
1690 წელს ფარსადან ციციშვილის მიერ რევაზ მაღალაძისადმი მიცემულ ყმის ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია სოლომონ სოლომონაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: სოლომნიშვილი, სოლომონია, სოლომონიშვილი, სოლომონიძე.
საქართველოში 30 სოლომონაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 11, კასპში – 14, გორში – 5.
ბუზალაძე
გვარის ფუძეა ბუზა, რომელსაც ნაწილაკი ლა და სუფიქსი ძე ემატება.
ისტორიულ დოკუმენტებში გვარი ბუზალაძე 1688-1703 წლებში გვხვდება.
დაკარგული ყმა-მამულის ნუსხაში აღნიშნულია, რომ ბუზალაძის საკომლო მიწები გუნდიაშვილს მიჰყიდეს.
ბერუკა ბუზალაძე პაპუნა ხვედიანელის მიერ ბაადურ მაჩაბლისთვის მიცემული ნასყიდობის წიგნში მოწმედ მოიხსენიება.
საქართველოში 1 249 ბუზალაძე ცხოვრობს: თბილისში – 218, ჭიათურაში – 186, ლაგოდეხში – 176. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით