რომელი თილისმა მოგიტანთ იღბალსა და წარმატებას ცხოვრებაში და რა განაპირობებს თქვენს წარუმატებლობას
ხშირ შემთხვევაში, წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზი არა ადამიანის საქმიანობა, არამედ, იდუმალი ძალებისა და ვარსკვლავების განწყობის წყალობა და დამსახურებაა. თითოეული ჩვენგანი სამყაროს ნაწილია და ყოველთვის განვიცდით მისი სასიცოცხლო ენერგიის ზეგავლენას.
საცხოვრებელი ბინა ადამიანის სხეულს ჰგავს – მასში ყოველ წუთს მიმდინარეობს ენერგიათა ცვლა. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს ბინის ფორმას. უნდა იცოდეთ, როგორი ზომის და ფორმის საცხოვრებელი მოგიტანთ სამომავლოდ წარმატებას. თუ ბინა ან ოთახი ტრაპეციის ფორმისაა, ასეთ სახლში ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან, მეტია უიღბლობა, ფულიც თავისთავად გაედინება და ბარაქას ვერ ნახავთ. თუ სამკუთხედია, სიმდიდრეს ვერასდროს დააგროვებთ. არც გრძელი ფორმის ოთახები და ბინაა სასურველი. კვადრატული ან ოვალური საცხოვრებელი კი მეტად კარგი და სასიკეთოა.
ასევე, როცა სახლში რამე ნივთს უცვლით ადგილს, ამით აუცილებლად იცვლით ცხოვრებაში რაღაცას. თუ ინტუიცია კარგად გაქვთ განვითარებული, ზუსტად მიხვდებით, რა ნივთი სად დადოთ, რა შეცვალოთ თქვენს გარშემო და როგორ გაიუმჯობესოთ ამით ყოველდღიურობა.
ვერცხლის ნივთები ადვილად იღებს სახლში არსებულ უარყოფით ენერგეტიკულ დარტყმებს და, ასევე, იწოვს უარყოფით ენერგიებს. მთელ სიბინძურეს, რომელსაც ადამიანი თავისდაუნებურად იღებს გარემოსთან ურთიერთობისას, ვერცხლი ანეიტრალებს.
თუ ისეთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, რომ ვერცხლი თქვენთვის მისაღები ლითონია, აუცილებლად ატარეთ მისი სამკაულები. ასევე, ნებისმიერი ადამიანისთვის კარგია სახლში ჰქონდეს ვერცხლის პატარა ფიგურები. ამით დაეხმარებით საცხოვრებელ ბინაში დადებითი ენერგიის შედინებას. სავსე მთვარის დროს, ღამით, შეგიძლიათ, ეს ვერცხლის ფიგურები ღია ცის ქვეშ დააწყოთ, თუნდაც აივანზე, რათა ისინი მაქსიმალურად დაიტუმბოს და „აივსოს” მთვარის ძალითა და ენერგიით.
საცხოვრებელში ნებისმიერ საგანს დიდი მნიშვნელობა აქვს.
ოჯახში დადებითი ენერგიის მოსაზიდად აუცილებელია ძველმანი, გამოუსადეგარი ნივთების მოშორება. თავისუფალ სივრცეში ხდება მეტი დადებითი ენერგიის ცირკულაცია; სისუფთავე და წესრიგი კი სახლში დადებითი ენერგიის შემოდინებას უწყობს ხელს.
გირჩევთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ სახლისა და ოთახების მოწყობა-გალამაზებას და ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინოთ, რათა მეტი სიმშვიდის, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ენერგია და ატმოსფერო შექმნათ თქვენ გარშემო.
ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ავგაროზები საშიში ცხოველების გამოსახულებიანი ნივთები უნდა ყოფილიყო. ფიქრობდნენ, რომ ამით ისინი დაცული იქნებოდნენ.
საერთოდ, ავგაროზისა და თილისმის მაგიური ძალა ნებისმიერ ადამიანზე ერთნაირად მოქმედებს. თილისმას ზოგი სახლის კარზე კიდებს, ზოგი სამკაულად ატარებს, ზოგს კი მანქანის სარკეზე აქვს დაკიდებული. ძველად მიღებული იყო თილისმის მშენებარე სახლის საძირკველში ან კედელში ჩაყოლება. ნალი ყველაზე გავრცელებული თილისმაა და არა მარტო საქართველოში. მას კარზე ზემოთ აღმართული ღია ბოლოთი კიდებენ და სჯერათ, რომ ბედნიერებისა და სიხარულის მომტანია, რადგან, ცუდი ენერგეტიკისგან იცავს სახლს. თილისმის ძალამ მის მფლობელს წარმატება უნდა მოუტანოს, დაიცვას მავნე ზემოქმედებისგან.
ავგაროზისგან განსხვავებით, თილისმას სხვა თვისებები აქვს, კერძოდ, თილისმად შეიძლება იქცეს ნებისმიერი ნივთი, თუ გრძნობთ, რომ მას თქვენთვის ბედნიერება და წარმატება მოაქვს. ასეთი შეიძლება იყოს: საფულე, ბეჭედი, გულსაბნევი, ცხვირსახოცი, მონეტა და ასე შემდეგ.
თილისმა იდუმალი ნივთია. ეცადეთ, არასაიმედო ადამიანის ხელში არ მოხვდეს და ამით სამომავლოდ უსიამოვნებები არ მოგიტანოთ.
ავგაროზისა და თილისმის საიდუმლო ძალა მათი ძლიერების რწმენას უკავშირდება. მათში ჩადებულია უდიდესი ფასეულობა, კერძოდ, ავგაროზში – ადამიანის ძალა და ნებისყოფა, თილისმაში კი – კონკრეტული აზრები, ემოციები და ადამიანის გრძნობები. ეს ნივთები გვახსენებს, რომ მათთან ახლოს ყოფნის დროს ჩვენ უფრო ენერგიულები და იმპულსურები ვართ. ასევე, საყვარელი ნივთების ტარება და მათთან სიახლოვე ადამიანს თავდაჯერებულობას და უსაფრთხოებას ანიჭებს.
წარმატებისა და იღბლის მოსაპოვებლად ყოველ წელს, ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის არსებობს კონკრეტული თილისმა, მაგალითად, წელს ვერძებისთვის კარგია თილისმად საფულეში ვერცხლისფერი ხურდა ფულის ტარება; კუროსთვის – გიშრის ქვა, რომელიც ჩასმული იქნება ოქროში და მას სამკაულის სახით ატარებთ; ტყუპებისთვის კარგია სპილენძისგან დამზადებული ნებისმიერი სამკაული; კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა კი უნდა ატაროს რკინისგან დამზადებული თილისმა, რომელზეც გამოსახული იქნება რომელიმე მტაცებელი ფრინველი; ლომისთვის კარგია ოქროს თილისმა, რომელზეც ამოტვიფრული იქნება რაიმე ჭურჭლის გამოსახულება; ქალწულებისთვის – სპილენძის სამკაული, რომელზეც გველი იქნება გამოსახული; სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის წარმატების მომტანია ამეთვისტოს ან ქალცედონის ქვა; მორიელებისთვის – ამეთვისტოს ქვა, ჩასმული ოქროში, ასევე, წიგნის ფორმის სპილენძის გულსაკიდის ტარება; მშვილდოსნისთვის კარგი და წარმატების მომტანია ქრიზოპრაზის, იასპის ან ქალცედონის ქვისგან დამზადებული სამკაულის ტარება, ასევე, სპილენძის სამკაულები; თხის რქისთვის – ქრიზოლითის ან საფირონის ქვა, ასევე, ვერცხლის მონეტა, რომელსაც საფულეში ჩაიდებთ და სულ თან ატარებთ; მერწყულებისთვის კარგია ალუმინისგან დამზადებული თილისმა, რომელზეც გამოსახული იქნება გემი ან ნავი; თევზებისთვის კი ყველაზე კარგი თილისმაა სპილენძის რაიმე ნივთი.