ექიმის რჩევები
კითხვა: 2 წლის ბავშვისთვის უზმოზე სისხლში შაქრის დონე 98 როგორი მაჩვენებელია? ჯდება თუ არა ნორმის ფარგლებში?
პასუხი: მაჩვენებელი ნორმის ზედა ზღვართან არის, გადაამოწმეთ გარკვეული დროის შემდეგ.
კითხვა: მაინტერესებს, შეუძლია თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოსხივებას 2 წლის ბავშვის სისხლში სერიოზული ცვლილებების (ლეიკოციტოზი-ლეიკემია) გამოწვევა ან პროვოცირება? ბავშვს თავბრუხვევები აწუხებს.
პასუხი: კომპიუტერული ტომოგრაფია ასეთ ცვლილებებს არ იწვევს. ეძიეთ სხვა მიზეზები.
კითხვა: რამდენიმე კვირაა ადგომისას კუდუსუნის არეში მაქვს ტკივილი, სიმძიმე, ძლივს ვდგები ხოლმე, მაგრამ ჯდომისას არაფერს ვგრძნობ. მეორე ბავშვზე მშობიარობის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მქონდა ტკივილი დიდი ნაყოფის გამო. სამსახურშიც ძირითადად ჯდომა მიწევს.
პასუხი: კოქციკოდინიას ხშირად „ტელემაყურებლების დაავადებასაც” უწოდებენ. ის არცთუ იშვიათია და სწორ ნაწლავსა და კუდუსუნის ბოლო ნაწილში ძლიერი ტკივილები ახასიათებს. ტკივილი სიარულის, დეფეკაციის, ჯდომის, მუცლის კუნთების დაჭიმვის დროს ძლიერდება და ხშირად გადაეცემა შორისის მიდამოში, ბარძაყსა და მუცლის ქვედა ნაწილში. ამ დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს კუდუსუნის მიდამოს ტრავმირება, კუდუსუნის ანომალიური განლაგება, მოტეხილობა, ანალური მიდამოს ანთება ან გაღიზიანება. სხვათა შორის, ტკივილის სინდრომი, დეფორმაციაზე მეტად, ხერხემლის ბოლო სეგმენტის პათოლოგიური მოძრაობით არის გამოწვეული. დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს, აგრეთვე, მარილების ჩალაგება ხერხემლის ბოლო ნაწილში და სხვა.
კითხვა: მაინტერესებს, არსებობს თუ არა ონიქომიკოზის დროს ფრჩხილის მოშორების უსისხლო და უმტკივნეულო მეთოდი? მქონდა შემთხვევა და ფრჩხილი ქირურგმა მომაშორა, რაც საკმაოდ მტკივნეული და სისხლიანი იყო.
პასუხი: ფრჩხილის მოშორება შეიძლება არა ქირურგიულად, არამედ, მალამოს დაკვრით.
კითხვა: რას უხდება აევიტი? კარგია თუ არა სუსტი ფრჩხილებისთვის და რამდენი ცალი უნდა მივიღო დღეში და რამდენი ხნის განმავლობაში?
პასუხი: დიახ, შეგიძლიათ, მიიღოთ აევიტის თითო კაფსულა, დღეში ერთხელ, ერთი თვის განმავლობაში, ან, კერკავიტი – თითო აბი, 2-ჯერ დღეში.
კითხვა: რა იწვევს ძირმაგარის ამოსვლას? თუ რამდენიმე ძირმაგარა მიყოლებით ამოვიდა, როგორია მკურნალობა?
პასუხი: ძირმაგარა ანუ ფურუნკული არის კანის ჩირქოვანი ინფექციის ერთ-ერთი სახე. მისი აღმოცენების მიზეზია მიკრობების გააქტივება და კანის დამცველობითი ფუნქციის დაქვეითება. რამდენიმე ძირმაგარა ერთდროულად სამედიცინო ტერმინით არის ფურუნკულოზი, მისი მკურნალობა უნდა ჩატარდეს ქირურგის მიერ. აუცილებელია სისხლში შაქრის შემცველობის გამოკვლევაც, რადგან, კანის ჩირქოვანი ინფექციებისადმი მიდრეკილება ხშირია დიაბეტის დროს.