ჯეიმს ფრანკო – სასურველი მამაკაცი ახალი თაობისთვის
ჯეიმს ფრანკო ჰოლივუდის ახალი თაობის ვარსკვლავი და ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცია მსოფლიოში. მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც.
* ჯეიმს ედვარდ ფრანკო დაიბადა 1978 წელს, პალო-ალტოში, კალიფორნიაში. მის მშობლებს საკმაოდ მრავალეროვანი წარმომავლობა აქვთ: დედა – პოეტი, მწერალი და რედაქტორი ბეტსი ვერნე – რუსი ებრაელების შთამომავალია (ფრანკოს შორეული ნათესავები რუსეთში, ტამბოვის ოლქში ცხოვრობენ), ხოლო მამას, დაგ ფრანკს, პორტუგალიური და შვედური სისხლი აქვს. ჯეიმსი უმცროს ძმებთან, ტომთან და დევიდთან ერთად პალო-ალტოში იზრდებოდა. თანაკლასელების აზრით, მას „საუკეთესო ღიმილი” ჰქონდა მთელ სკოლაში.
* საინტერესო ეპიზოდი უკავშირდება ჯეიმსის მაღალ კლასებში სწავლის პერიოდს. ერთ-ერთ ინტერვიუში ფრანკომ აღიარა, რომ თანაკლასელებთან ერთად ის ხშირად ძარცვავდა სკოლასთან ახლოს მდებარე სუნამოების მაღაზიას, შემდეგ კი ოდეკოლონებს გაცილებით იაფად ყიდდა სკოლაში. ეს ყველაფერი 1996 წელს ხდებოდა, 2008 წელს კი „გუჩიმ” მსახიობი ჯეიმს ფრანკო საკუთარი წარმოების მამაკაცის ოდეკოლონის სარეკლამო სახედ გამოაცხადა.
* 2002 წელს კინოეკრანებზე კომიქსების მიხედვით გადაღებული „ადამიანი – ობობას” პირველი ნაწილი გამოვიდა, სადაც ჯეიმს ფრანკომ ჰარი ოზბორნის, პიტერ პარკერის მეგობრისა და მომავალი მეტოქის როლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ფრანკო სუპერგმირის როლზე ისინჯებოდა, თუმცა, საბოლოოდ, როლი ტობი მაგუაიერს შეხვდა, ჯეიმსი კი მნიშვნელობით მეორე როლს დასჯერდა. წარმატებულ ბლოკბასტერს კიდევ ორი გაგრძელება მოჰყვა და ორივე ფილმში ჯეიმს ფრანკო მოწოდების სიმაღლეზე იყო.
ფრანკოს სხვა როლებიდან აღნიშვნის ღირსია: ისტორიული ჟანრის დრამა – „ტრისტანი და იზოლდა”, სადაც მან ლეგენდარული ტრისტანი განასახიერა; „ლაფაიეტის ესკადრილია”, რომლისთვისაც მან სპეციალურად გაიარა საავიაციო-გამანადგურებლის პილოტირების კურსები და მიიღო მფრინავის სერტიფიკატი; „ჰარვი მილკი” – სკანდალური ავტობიოგრაფიული ფილმი, სადაც ფრანკომ პირველი ამერიკელი გეი პოლიტიკოსის, შონ პენის გმირის საყვარლის – სკოტ სმიტის როლი განასახიერა, რომლისთვისაც მან მიიღო კინოჯილდო – „დამოუკიდებელი სული.”
* აღსანიშნავია, რომ, წარმატებული სამსახიობო კარიერის პარალელურად, ჯეიმს ფრანკომ გადაწყვიტა განათლების გაღრმავება ფილოლოგიაში და 2008 წელს მან ბაკალავრის დიპლომით დაასრულა სწავლა კალიფორნიის უნივერსიტეტში, რომელიც წლების წინ მსახიობობის გამო მიატოვა. ბაკალავრის დიპლომის გარდა, ფრანკო კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის წოდებას ფლობს ლიტერატურაში და, ასევე, ნიუ-იორკის ტიშის ხელოვნების სკოლის დიპლომს – კინოწარმოებაში. ასევე, ფრანკოს გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული „პალო-ალტო”, რომელიც შეერთებულ შტატებში ბესთსელერი გახდა. წიგნში შესულია 11 მოთხრობა და მათ უმეტესობაში მოქმედება ფრანკოს მშობლიურ პალო-ალტოში ვითარდება.