კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელია დღეს გავრცელებული ყველაზე მძიმე ცოდვები, რომლებიც ადამიანის სულს დაღუპვას უქადის და რა სასჯელს იღებს ის სიცრუისთვის

„დიდი მამა იოანე კრონშტადტელი წერდა: „უდიდესია სიტყვა, ძეს ღვთისას სიტყვა ეწოდა“. ჩვენ მიერ წარმოთქმული არც ერთი სიტყვა არ იკარგება, არამედ, რჩება. ჯოჯოხეთი არსებობს არა მხოლოდ იმქვეყნად, სადაც ცოდვილები იტანჯებიან, არამედ, ამქვეყნადაც არსებობს ჯოჯხეთის ძალა, ხოლო ჯოჯოხეთი სოფელში არის ბოროტების საშინელი, უხილავი საუფლო. არც ერთი ტყუილი, პირმოთნე ნათქვამი, რომელსაც ადამიანის ენა წარმოთქვამს, უკვალოდ არ იკარგება და ბოროტების უხილავ საუფლოში ინახება. სწორედ ჩვენი ცოდვები, სიცრუე გროვდება და, საბოლოოდ, გადაიქცევა დამანგრეველ ძალად და ენერგიად, რომელიც შემდეგში თავს დაგვატყდება სხვადასხვა გამოცდის სახით...“ ამ ცოდვას კი ხშირად ჩვენ მიერ წარმოთქმული ცრუ სიტყვები, დაპირებები, პირფერობა იწვევს, რომელიც ხშირად მრისხანების ცოდვაშიც გადაიზრდება. როგორ ვებრძოლოთ ამ ვნებებს, როდის იჩენს ის თავს ყველაზე ხშირად – ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 

 – სიცრუის ცოდვის შესახებ წმიდა მამები შემდეგს გვასწავლიან: „გონიერთაგან არავინ ჩათვლის სიცრუეს მცირე ცოდვად, რადგან, არ არსებობს ცოდვა, რომლის წინააღმდეგაც ყოვლადწმიდა სული ისეთ სასტიკ სიტყვებს ამბობდეს, როგორსაც სიცრუის შესახებ გვეუბნება: „რომელი იტყუდეს სიცრუესა, არა წარემართოს წინაშე თვალთა ჩემთა“. ისრაელის დიდი მეფე, ფსალმუნთმგალობელი დავითი, შემდეგს ბრძანებს: „წარსწყმიდენენ შენ ყოველნი, რომელნი იტყუენ სიცრუესა“. უფრო მეტიც, პავლე მოციქული გარკვევით ამბობს: „ვინც ცრუობს, მამამისი არის ეშმაკი, რამეთუ პირველმა მან იცრუა“. თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი დანაშაული ის არის, რომ მათ დაივიწყეს ადამიანის ღმერთთან მსგავსება,  დაივიწყეს ადამიანის პატივისცემა. ისინი ხშირად სხვა ადამიანებს აღიქვამენ როგორც უბრალო ნივთს და ამიტომაც ასე გაუუცხოვდნენ თვით უახლოესი ნათესავები ერთმანეთს. გაუცხოება, სიცივე ადამიანებს შორის – ჩვენი დროის უბედურება და სენია. ადამიანი თითქოს ებრძვის ყველას, ყველა კი თითქოს მის წანააღმდეგაა მიმართული და, როგორც ომშია აუცილებელი ეშმაკობა და შენიღბვა, ასეა ჩვენს ცხოვრებაშიც – გაუთავებელი სიცრუე და გაუთავებელი პირფერობა. ტყუილი კი, როგორც მამები გვასწავლიან, აშრობს ადამიანის გულს და საბოლოოდ ქვად აქცევს მას. 

– ალბათ, დღეს იშვიათია ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანს არ ეპირფერება, არ ცდილობს, ტყუილი ემოციებით, პირმოთნე სიტყვებით არ მოიპოვოს მისი კეთილგანწყობა და ამით  მიაღწიოს იმას, რაც თავად სურს. ესეც ცოდვად მიიჩნევა?

– ორივე ცოდვაა და, შეიძლება ითქვას, რომ ეს ცოდვები ერთმანეთის უახლოესი ნათესავები არიან. თანამედროვე ადამიანი მიეჩვია, ატაროს ნიღაბი. მაგალითად, სამსახურში ვხვდებით უფროსს და მაშინვე აღტაცებული გამომეტყველება და პირმოთნე ღიმილი გვიჩნდება სახეზე, მაგრამ, როგორც კი ის თვალს მიეფარება, მაშინვე ვიწყებთ მასზე რაიმე ბინძური ჭორის შეთხზვას, ან ცუდი რაღაცის თქმას, ცხადია, ჩვენისთანა პირმოთნე ადამიანებთან ერთად. მაშინ კი, როცა ჩვენს ხელქვეითებს ვხვდებით, სახე უფრო მედიდური გვიხდება, თითქოს ყველა სიკეთეს ვფლობთ და ზეადამიანები ვიყოთ. ან, როდესაც ვინმე გვჭირდება, მას ალერსიანად შევციცინებთ თვალებში, პირმოთნედ ველაპარაკებით, მაგრამ, როცა უკვე მათ უჩნდებათ ჩვენ მიმართ სათხოვარი, თვალს ვარიდებთ და, თუ ამას ვერ ვახერხებთ, ისე შევცქერით, როგორც მოსისხლე მტერს. თუმცა საკმარისია, ვინმემ მხდალი, ფარისეველი, თვალთმაქცი გვიწოდოს, რომ მაშინვე შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს და ვერ გაგვიგია, რას ითხოვს ეს ადამიანი ჩვენგან. მინდა, გახსოვდეთ, რომ სიტყვა და საუბარი განასხვავებს ადამიანს სხვა არსებებისგან. წმიდა მამები ხშირად მოიხსენიებდნენ ადამიანს „სიტყვიერ არსებად.” სიტყვით ის მიმართავს ღმერთს და ეს სიტყვა არის მისი ღირსება და უპირატესობა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ პირუტყვმა აჯობა ადამიანს, რადგან, ჩვენ ვცრუობთ და ვპირფერობთ, იაკობ მოციქულმა ისიც თქვა: „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია“. იმისთვის, რომ ადამიანი ჭეშმარიტი ღვთისმოსავი, მორწმუნე გახდეს, საკუთარ თავზე სიმართლის  თქმა და მოსმენა უნდა ისწავლოს. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ, როგორც დამბლადაცმული ავადმყოფი დიდი ძალისხმევით, ტკივილით აკეთებს თითოეულ მოძრაობას, დგამს თითოეულ ნაბიჯს, ასევე ჩვენც, სულიერად დადამბლავებულებმა, ძალდატანებით უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე სიმართლის ლაპარაკი. უფრო კონკრეტულად ამას მამათა სწავლების დახმარებით აგიხსნით: „როგორც ყველა ვნებაში, ასევე სიცრუეშიც, სხვადასხვა სიმძიმის ბოროტება არსებობს, რადგან, სხვადასხვაგვარად განისჯება ის, ვინც სასჯელის შიშით ცრუობს და, ის, რომელიც უმიზეზოდ ტყუის. ერთი მხიარულებისთვის ტყუის, რომ გარშემო მყოფნი გააცინოს; ზოგიერთი კი სულაც, იმისთვის, რომ მოყვარეს მახე დაუგოს და ბოროტს მიაგოს“. სულიერი მოძღვრის მიერ დადებული შესაბამისი სასჯელი, ანუ ეპიტიმია, განდევნის სიცრუეს, ხოლო სინანული, ცრემლის სიმრავლე, სრულად კლავს მას. ამიტომ, სასჯელის მიღებამდე, აჯობებს, განვერიდოთ ამ, ერთი შეხედვით, „უწყინარ ცოდვას“. 

– სიცრუის ცოდვას ხშირად მოჰყვება მრისხანების ცოდვა, რომელიც ადამიანს კიდევ უფრო მძიმე ცოდვებში აგდებს. 

– მრისხანება რამდენიმე სახედ იყოფა: პირველი – ეს არის მძვინვარება, დაუოკებელი მრისხანება, რომელიც ისე იპყრობს  ადამიანს, რომ ის შეშლილივით იქცევა. მრისხანების მეორე სახეა ღვარძლი, როცა ადამიანი დიდხანს ვერ ივიწყებს წყენას. ეს მრისხანების ყველაზე საშინელი და საშიში ფორმაა. ამ ვნების ერთი ფორმაა სიძულვილი, ასევე წყენა, ეჭვიანობა. ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ მისი არაფერი მოსწონთ, ყველა სიტყვაში განკითხვასა და დაცინვას ხედავს. ყოველგვარი მრისხანების მთავარი მიზეზი, თუკი საფუძვლიანად გავაანალიზებთ, ის არის, რომ საკუთარ თავს არ ვადანაშაულებთ (ამბა დოროთე). რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მრისხანება, უპირველეს ყოვლისა, სიმშვიდეს გაგვაშორებს, არადა, ადამიანები ყველაზე მეტად ამქვეყანდ სიმშვიდეს ვეძებთ. „სიმშვიდე სიფრთხილესთან შერწყმით, ისეთი განწყობაა სულის, რომელსაც არაფერი და არავინ არ გააღიზიანებს“, – ბრძანებს ღირსი მამა ფილარეტ მოსკოველი. თანამედროვე ადამიანის სულში კი მუდმივი გაღიზიანება ბუდობს, გვაღიზიანებს ყველა და ყველაფერი, ჩვენი გული მოცულია შფოთვით, თანაც, ჩვენი მრისხანება სამართლიანი გვგონია. თუმცა, ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი არ კამათობს, არ ყვირის, მაგრამ, შეიძლება, მას გულში ედოს მრისხანება. ყველა მდუმარე როდია მშვიდი. მაგრამ, უფალი ხედავს კაცის თვალთაგან დაფარულ, ჩვენს გულში ჩადებულ მრისხანებას. 

– ადამიანები ხშირად სხვის მხილებას, მათთვის მითითებების მიცემას სწორად მიიჩნევენ, არადა, ეს ხშირად, საბოლოოდ, ორივე მხარეს მრისხანების ვნებაში აგდებს.

– ადამიანს არ აქვს უფლება, ყველა ამხილოს. მხილება მაშინ უნდა მოხდეს, როცა გვაქვს ჭეშმარიტი სიყვარული და სიბრალული ცოდვაში მყოფის მიმართ. დღეს კი ყველაფერი პირიქით ხდება – სხვისი დაცემა კი არ გვწყინას, არამედ, გვიხარია; ერთმანეთში გვაქვს არეული ცოდვა, სათნოება, განკითხვა და მხილება. იმისთვის, რომ სხვა ვამხილოთ, თავად უნდა ვიყოთ თავმდაბლები, სათნოებათა აღმსრულებელნი. რაც მთავარია, ადამიანის შეფასებისას არ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრები, რადგან, უფალი გვეუბნება, რა საზომითაც განიკითხავთ, იმავე საზომით განიკითხებითო. არასდროს არ უნდა განვრისხდეთ, როცა პირიქით, ჩვენ გვამხილებენ. ბიბლია გვასწავლის: თუ ამხელ უგუნურს, შეიძენ მტერს, ამხილე ბრძენი და შეიძენ მეგობარსო. თუ გვინდა, რომ მრისხანების ცოდვას შევებრძოლოთ, უნდა ვიყოთ თავმდაბლები; ყოველგვარ წყენას, გულისწყრომას თავმდაბლობით უნდა შევხვდეთ, სიმშვიდითა და სიმდაბლით უნდა მივიღოთ. წმიდა იოანე კიბისაღმწერელი გვირჩევს: „უპირველეს ყოვლისა, როცა ჩვენს გულში დუღს ცოდვა, არ არის საჭირო მასზე ლაპარაკი, აუცილებელია მისი თავიდანვე მოშთობა“. თუკი სულიწმიდა არის სიმშვიდე გულისა, ხოლო მრისხანება – აღშფოთება გულისა, არაფერი ისე არ დააბრკოლებს ჩვენს არსებაში სულიწმიდის დამკვიდრებას, როგორც მრისხანება. მრისხანების დროს მამები გვირჩევენ, გავიხსენოთ მათი ღირსებები, ვისაც ვურისხდებით; გავიხსენოთ ჩვენ მიმართ  მათი კეთილგანწყობა, მათ მიერ ჩადენილი კეთილი საქმეები, რაც მთავარია, უნდა გავიხსენოთ საკუთარი ცოდვები და მაშინ ჩვენი მრისხანებაც დაცხრება. წმიდა მამები გვირჩევენ, ვიდრე რამეს ვიტყოდეთ, გონებაში რამდენჯერმე წარმოვთქვათ ლოცვა და, თუ მაინც ვერ შევძლებთ გაჩუმებას, დაცხრომას მრისხანებისა, მაშინ იესოს ლოცვა რამდენჯერმე უნდა გავიმეოროთ გულში და მხოლოდ ამის შემდეგ ვუპასუხოთ სხვას. მრისხანებაზე გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ენის დამორჩილებას ნიშნავს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ადამიანს, შეებრძოლოს საკუთარ თავში დაბუდებულ მრისხანე აზრებს. 

 

 

скачать dle 11.3