კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეხსნება ეთერ ბერიაშვილს „მესამე ფილტვი” საქართველოში ჩამოსვლისას და როგორ დაიწყო ლაიმა ვაიკულეს, ლეონიდ აგუტინისა და მისი მეგობრობა მოსკოვში

მომღერალი ეთერ ბერიაშვილი, თითქმის ოცი წელია, მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა, არც ქართული მენტალიტეტი შეუცვლია, არც მშობლიურ ენაზე მეტყველება უჭირს და, მიუხედავად დაძაბული პოლიტიკური ვითარებისა, არც ქართულად მღერას არიდებს თავს. ის ძალიან თბილი და კომუნიკაბელური ადამიანია და, როგორც თავად ამბობს, საქართველოში ჩამოსულს სულ სხვა, ამოუხსნელი გრძნობა ეუფლება, მსმენელიც სხვანაირად გემოვნებიანი ხვდება და სამშობლოში უფრო ღრმად და თავისუფლად სუნთქავს.

 

ეთერ ბერიაშვილი: რომ გადავუფრენ კავკასიონის ქედს და ვხედავ მშობლიურ გარემოს, გული სხვანაირად მიცემს, ვხვდები, სახლში ვარ.  თითქმის ოცი წელია, რუსეთში ვცხოვრობ, შევეჩვიე ამ ქვეყნის რიტმს, გარემოს, მაგრამ, როცა საქართველოში ჩამოვდივარ, თითქოს მესამე ფილტვი მეხსნება და სულ სხვანაირად, უფრო ღრმად და თავისუფლად ვსუნთქავ. სხვათა შორის, ახლახან ვიყავი თბილისში და დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი მოსკოვში. კულტურისა და დიასპორის სამინისტროების მიწვევით გახლდით თბილისში ჩამოსული. 27 მაისი დიასპორის დღეა და ამის გამო დაიგეგმა დიასპორის წარმომადგენლების კონცერტი რუსთაველის თეატრის სცენაზე. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ, ჩემი ოცნება თუ ამდენი წლის შემდეგ ახდებოდა და რუსთაველის სცენაზე დავდგებოდი, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. უამრავ დიდ სცენაზე ვდგავარ და ვმღერი, მაგრამ, რუსთაველის თეატრის სცენას სხვა ხიბლი, მისტიკა და ენერგეტიკა აქვს. თან, გაიმართა ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სამი ნახატი შევიძინე და მოსკოვში წამოვიღე. სხვათა შორის, აეროპორტში პრობლემა შეიქმნა – არ მატანდნენ. კიდევ კარგი, შემთხვევით, ჩემი მეგობარი, თეონა კონტრიძეც მოფრინავდა იმავე თვითმფრინავით, ბიზნესკლასის ბილეთი ჰქონდა და ის დამეხმარა. 

– უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები ამბობენ, რომ საქართველოში სულ სხვანაირად გემღერება, სულ სხვანაირად ცემს გული და მსმენელისგანაც სულ სხვანაირი ემოცია და აურა მოდისო. 

– ზუსტად ასეა! ქართველი მსმენელისგან მართლაც, სხვა ემოცია მოდის, გრძნობ, რომ გულით გისმენენ და გგულშემატკივრობენ. იცით, რა შევამჩნიე ამ ბოლო ჩამოსვლისას? ქართველი მაყურებელი გაიყო ორ ნაწილად: ერთი – ძალიან დახვეწილი, ინტელიგენტი, მომთხოვნი და გემოვნებიანია და, მეორე – დაბალი დონის, დამპი-დუმპის, რესტორნის რეპერტუარის მოყვარული.

– რთულია, დააკმაყოფილო ყველას მუსიკალური გემოვნება. რუსეთის ბაზარი საკმაოდ დიდია, მას თავისი წესები აქვს და თავისი მსმენელი ჰყავს, რომელიც ან მიგიღებს, ან – არა. დღეს, ერთ-ერთ მოთხოვნად მომღერლად ითვლები და უამრავ კონცერტზე გიწვევენ. ეს ბედია, გამოცდილება თუ, უბრალოდ, რუსულ ბაზარზე მორგება?

– მე რუსულ ბაზარს კი არა, რუსი ინტელიგენციის გემოვნებას მოვერგე და ეს, ალბათ, ბედისწერაცაა, გამოცდილებასთან და დიდ შრომასთან ერთად. თავიდან ვიყავი ლაიმა ვაიკულესა და ლეონიდ აგუტინის ბექ-ვოკალისტი და მათთან ერთად, ანუ, რუსული შოუ-ბიზნესის „მაზანზარებლებთან” ერთად ვიდექი სცენაზე. აგუტინი წერს მუსიკას, რომელიც მასებს ძალიან მოსწონთ, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს გემოვნებიანი მუსიკაა. მას თავისი, სწორი გათვლა აქვს როგორც მუსიკოსსა და შემსრულებელს. ის სიმღერა, რომელიც რუსულ „ვოისზე” უნდა მემღერა,  პირველად ლეონიდ აგუტინს მოვასმენინე და მისი რჩევები და შენიშვნები გავითვალისწინე, რადგან, ვიცოდი მისი პროფესიონალური  ხედვა, ვენდობოდი და ძალიან დადებითი შეფასებებიც მოჰყვა ჩემს გამოსვლას. სასწაული პროდიუსერი და წინდახედული მუსიკოსია – ზუსტად იცის, რომელ მომღერალს რომელი სიმღერა მოუხდება და როგორი არანჟირებით. ლაიმა ვაიკულესთანაც ძალიან კარგ დამოკიდებულებაში ვარ, დიდ პატივს მცემს. ბრწყინვალე ვოკალისტი ნამდვილად არ არის, მაგრამ, უცხო ტემბრის ხმა აქვს, სასწაული ქარიზმა გააჩნია და აფასებს ერთგულ ადამიანებს. ამის გამო მაფასებდა ზუსტად – ხედავდა, როგორი ერთგული ვიყავი.

– ბექებში დგომაც არანაკლებ საპასუხისმგებლოა, არ მეთანხმები?

– რასაკვირველია! როცა ბექებში ვიდექი, მომღერლის კეფას ვუყურებდი დაჟინებული მზერით და ამით ენერგიის ზღვას ვაწვდიდი სცენაზე. თან, ვმღეროდი და თან გულში ვიმეორებდი: აბა, შენ იცი, კარგად იმღერე, აბა, შენ გენაცვალე-მეთქი (იცინის). ასე რომ, კეფაზე დაჟინებული მზერით გადავცემდი ჩემს ენერგიას. ყველა მიყვარს, ვის ბექ-ვოკალშიც მიმღერია, მიხაილ შუფუტინსკიც კი. ბევრისგან მსმენია მათზე ცუდი და ვეუბნები: გაჩუმდით, როცა არ იცნობთ ადამიანს; არ იცით, როგორია და რა გემოვნება აქვს სცენის მიღმა, მას ნუ აკრიტიკებთ-მეთქი. ვხუმრობ ხოლმე – მე რუსი ვარსკვლავების უფასო ადვოკატი ვარ-მეთქი (იცინის). ლეონიდ აგუტინი რუსულ „ვოისზე” ჩემი მწვრთნელი იყო და მას ძალიან კარგად ვიცნობ, ერთად ბევრი გვიმუშავია და ვერავინ მასწავლის, როგორი ადამიანია. 

– ეთერ, შენი გვარი რუსეთში ცოტა რთულად გამოსათქმელი ხომ არ არის? არ გიფიქრია, ფსევდონიმის აღებაზე?

– არასდროს მიფიქრია გვარისა და სახელის შეცვლაზე და ფსევდონიმის აღებაზე, რადგან, ჩემი სახელიც და გვარიც ძალიან მომწონს. მამის სახელი ხომ – საერთოდ.. ჯუზეპეს ასული ვარ (იცინის). მეხუმრებიან ხოლმე, ჯუზეპეს ქალიშვილს რომ არ ემღერა, სირცხვილიც იქნებოდაო (იცინის). სხვათა შორის, რუსული „ვოისის” მერე ერთი კურიოზი მოხდა. მოკლედ, ადრე ყველა მეკითხებოდა, ეთერი სადაური სახელიაო და მეც ვპასუხობდი, ქართული-მეთქი. ამ კონკურსის მერე კი ყველამ გამიცნო და დაიმახსოვრა ეს სახელი. ჩემი მეგობრის, ეთერ ბერიძის შვილი, დედის საკრედიტო ბარათით ასხამდა ყოველთვის საწვავს მანქანაში და არავინ დაინტერესებულა მისი სახელითა და გვარით. ერთ დღესაც, ბენზინგასამართ სადგურში მივიდა, დახედეს საკრედიტო ბარათს და უთხრეს: „მოლოდოი ჩელოვეკ, ეთერი – ეტო ჟენსკოე იმია, „გოლოს” ნადო სმოტრეტ” (იცინის). ქუჩაშიც ბევრი მცნობს და მეძახის – ეთერო. იმხელა სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ ჩემს მიმართ, ვერც კი გადმოვცემ. მე რუსეთის აუდიტორიამ ეთერ ბერიაშვილად გამოცნო, შემიყვარა და, რატომ უნდა შევიცვალო სახელი ან გვარი?! რუსეთში არც ყირაზე გადასვლაა საჭირო და არც ფსევდონიმების აღება – თუ მღერი და მოსწონთ, შენი მსმენელი ყოველთვის გეყოლება. ენერგია, რასაც სცენიდან გასცემ, გრძნობს აუდიტორია. მომღერალმა მარტო ყირაზე გადასვლა კი არა, ემოციების ხელით მართვა უნდა იცოდე და, თუ ეს არ იცი, მარტო მალაყები ვერაფერს გიშველის სცენაზე. საერთოდ დაბალი წნევა მაქვს და სცენაზე რომ ვდგები, წნევა მაღლა მიწევს (იცინის) და ეს რომ მაყურებელმა არ დაინახოს, შანსი არ არის. დიდხანს მივილტვოდი სცენისკენ, თავდაუზოგავად ვშრომობდი, რომ მომღერლად ჩამოვყალიბებულიყავი და მაინც ვერ ვიჯერებ, ასეთ კარგ სიტუაციაში რომ ვარ, ყოველდღე კონცერტი და უამრავი გასტროლი რომ მაქვს დაგეგმილი წინასწარ. 

– ვიცი, ბევრ ინსტრუმენტზე უკრავ. თუმცა, სცენაზე არასდროს დაგიკრავს. რატომ? 

– იმდენი პროფესიონალი ინსტრუმენტალისტი დგას სცენაზე, ცოტა მრცხვენია, მათ გვერდით მეც დავუკრა. თუმცა, კლავიშებზე დაკვრა მიწევს ხოლმე, ვიოლინოზე და გიტარაზე აკომპანემენტს კი სხვები მიწევენ და ამის საჭიროება არც არის. სხვათა შორის, სახლში რომ ვუკრავდი პიანინოზე, ერთი ჭიჭყინა მეზობელი მყავს და მითხრა: ძალიან ხმამაღალი ხარ, 10 საათზე ვიძინებ, დილით ადრე ვდგები და, იქნებ, თავი შეიკავო დაკვრისგანო. ეს მოვყევი მეგობრებთან და დაბადების დღეზე გიტარა მაჩუქეს. ასე რომ, გადაარჩინეს ჩემი ჭიჭყინა მეზობელი ჩემ გამო უძილობას (იცინის). ამას წინათ კი, ჩემს კონცერტზე სასწაულად უკრავდა ვიოლინოს, უნიჭიერესი, მსოფლიოში ცნობილი სომეხი მევიოლინე ელდორ აკოფიანი, რომელმაც უცბად ისე მომაჩეჩა ვიოლინო შუა სცენაზე, ვერ ვიუარე და გაუცნობიერებლად დავიწყე „თბილისოს” დაკვრა. რა ვიცი, ძალიან კი მოეწონა რუსულ მსმენელს (იცინის).

– როგორც მივხვდი, დაძაბული პოლიტიკური ვითარება რუს მსმენელზე არ მოქმედებს და ისევ მოსწონთ კავკასიური სტილი და შესრულების მანერა. 

– გეთანხმებით, პოლიტიკური სიტუაცია არანაირად არ მოქმედებს მუსიკაზე. რუსებს ძალიან უყვართ კავკასიური შესრულება და სიმღერები, თუმცა, ამას თავისი მსმენელი ჰყავს და ვერ გეტყვით, ყველა უსმენს ქართულ სიმღერებს-მეთქი. ქართული სიმღერის შესრულება ბევრჯერ უთხოვიათ და არც არანაირი პრობლემა არ შემქმნია მოსკოვში იმის გამო, რომ ქართველი ვარ. პირიქით, ყველა პატივს მცემს და მეფერება, არა იმიტომ, რომ ქართველი ვარ, არამედ, იმისთვის, რომ გრძნობენ როგორი გულით ვმღერი და როგორ პატივს ვცემ დარბაზში მჯდომ საზოგადოებას. იცით, რაზე მწყდება გული? ჩემზე გაცილებით კარგი ქართველი მომღერლები მუშაობენ აქ რესტორნებში. ცრემლები მდის ხოლმე, ისეთი ლამაზი და ნიჭიერები არიან, მაგრამ მათ იცნობენ როგორც რესტორნის მომღერლებს. ვეუბნები: გადით, ხალხნო, კონკურსებზე, ფართო აუდიტორია გაგიცნობთ, თქვენნაირ შემსრულებლებს სანთლით ეძებენ და მეტად გაგეხსნებათ პოპულარობის გზა-მეთქი. მაგრამ, ეს მათი ნებაა და ამას ვერავის დააძალებ. დღეს ქუჩაში რომ ვხედავ ბანერებს, სადაც ჩემი სურათი და გვარი და სახელია, ლამის გული გამისკდეს. ეს ისეთი შერეული გრძნობაა, როცა ჩაისუნთქავ და ამოსუნთქვა აღარ გინდა. არც კი მჯერა ხოლმე, ამხელა რუსეთში ქართველი ეთერ ბერიაშვილი რომ ვარ „გამოკიდებული” ქუჩებში (იცინის).

 

скачать dle 11.3