კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხვდებიან თუ არა მამაკაცები, რატომ მიჰყვებიან ქალები მათ ცოლად

ქალი მამაკაცზე გაცილებით მგრძნობიარე და მიხვედრილია. შეიძლება, იმიტომ, რომ ქალს ეს უფრო სჭირდება... თუნდაც, თვითგადარჩენისთვის, კაცები ხომ ისე ხშირად სტკენენ მათ გულს. თუმცა, არსებობენ კაცები, რომელთაც იგივე პრობლემები უჩნდებათ, როგორიც ქალბატონებს. ანუ, მოტყუებულები რჩებიან და მათ უბრალოდ, იყენებენ. სიყვარული ადამიანებს სიფხიზლეს უჩლუნგებს. ეს ის შემთხვევაა, როცა გული უფრო ბევრს ლაპარაკობს, ვიდრე გონება. ამიტომ, გასაკვირი არ არის, როცა ზოგჯერ თავს შეგნებულად ვიტყუებთ და საკმაოდ შესაბრალის მდგომარეობაშიც ვვარდებით. უბრალოდ, არ გვინდა, სიმართლე ვიცოდეთ. მამაკაცების უმრავლესობა საერთოდ ვერ ხვდება, როდის აღარ უყვარს ცოლს... ვერ ამჩნევს მის ღალატსაც...

 

ლიზა (27 წლის): ბევრი მსმენია მამაკაცების მიუხვედრელობაზე. ყველა ამაზე ლაპარაკობდა და მე არ მჯეროდა, რადგან მე და ჩემი ქმარი ყოველთვის კარგად ვუგებდით ერთმანეთს – შეყვარებულობის პერიოდშიც და მერეც, რამდენიმე წელი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყოველთვის ასე გაგრძელდებოდა და მართლა ბედნიერად ვდრძნობდი თავს მის გვერდით...

– დარწმუნებული იყავით, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ და იმიტომ არ გაჰყევით ცოლად, რომ იმ მომენტში გათხოვება გინდოდათ?

– მეც ხშირად დამისვამს ეს კითხვა საკუთარი თავისთვის და პასუხზე ბევრი მიფიქრია. მგონი,  მაშინ მიყვარდა და კარგად ვიყავი მის გვერდით. მარტო იმიტომ არ გავთხოვილვარ, რომ გათხოვება მინდოდა. თუმცა, არც უმისობა იყო. ოცდასამი წლის ვიყავი. კარგი ბიჭი გამოჩნდა, რომელიც მზად იყო, ბედნიერი გავეხადე. რატომ უნდა მეთქვა უარი?

– „მზად იყო, ბედნიერი გავეხადე“ – რას გულისხმობთ ამაში? მატერიალურ კეთილდღეობასაც?

– დიახ. არ დავმალავ და არ უარვყოფ – დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ ჩემს შეყვარებულს არ უჭირდა. საკმაოდ შეძლებული მამა ჰყავდა და თვითონაც კარგი სამსახური ჰქონდა. გარეგნობითაც მომეწონა და რატომ უნდა მეთქვა უარი?

– ანუ, ეს მაინც გათვლა იყო და არა სიყვარული...

– არა. სიყვარული იყო, თუმცა, მისი დეიდაშვილი – გოგო ყოველთვის უნდობლად მიყურებდა და აშკარად ჭორაობდა ჩემზე:  ვატყობ, მაგას გრძნობა საერთოდ არა აქვს ჩემი დეიდაშვილის მიმართ და საკუთარი კეთილდღეობისთვის ჩამოეკიდა კისერზეო...

– იყო ამაში სიმართლის მარცვალი?

– არა. არ იყო. მაშინ გრძნობა ნამდვილად მქონდა. ხომ არ დაგიფიცებთ ახლა. ვხვდებოდი მანამდე სხვასაც, მაგრამ მის მიმართ ლტოლვა არ გამჩენია. გათხოვება ამაზე მომინდა, ესე იგი, ეს იყო სიყვარული. მე ისეთი გარეგნობა მაქვს, გათხოვება ნამდვილად არ გამიჭირდებოდა. ბევრად უფროსი კაცები ირეოდნენ ჩემზე და ყველა მათგანს საკმაოდ ბევრი ფული ჰქონდა. მარტო მატერიალური კეთილდღეობა და თითზე საქორწინო ბეჭედი რომ მდომოდა, რომელიმეს ამოვირჩევდი. ანუ, მაინც გრძნობა იყო გადამწყვეტი – ამისი თქმა მინდა.

– საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობთ?

– არა. მე ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული და სამართლიანადაც. ზუსტად ვიცი, რა მინდა და რა მჭირდება. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი ჩემს ქმარზე. დღემდე ვერ ხვდება, რა ხდება მის თავს.

– და, რა ხდება?

– აღარ მიყვარს. საერთოდ აღარ მაქვს გრძნობა, სამწუხაროდ. მე მართლა ძალიან ვარ შეწუხებული. რადგან ბუნებით წესიერი ადამიანი ვარ და არ მინდა, ვატყუებდე. არც ის მინდა, გული ეტკინოს, ან ჩემ გამო დეპრესიაში ჩავარდეს. ბევრს ვფიქრობ ბავშვზეც. იმას ხომ საერთოდ არაფერი დაუშავებია, დედაც სჭირდება და მამაც. მაგრამ, საკუთარი თავიც ძალიან მეცოდება. როგორ გავაგრძელო ცხოვრება იმ ადამიანის გვერდით, რომელიც საერთოდ არ მიყვარს. თვალთმაქცობა და თამაში რომ შემეძლოს, კიდევ მესმის. თან, უკვე სხვა მიყვარს და კიდევ უფრო მიმძიმდება სიტუაცია.

– როგორც თქვით, ქმარი ვერაფერს ხვდება...

– საერთოდ ვერაფერს. არადა, ძალიან შევიცვალე. ჩვენი ურთიერთობა აღარ არის ისეთი, როგორიც იყო – სითბოთი, სინაზით და სიყვარულით სავსე. სულ მის გვერდით მინდოდა ყოფნა. ერთი წუთი ვერ ვძლებდი. როცა ჩემ გვერდით არ იყო, ვურეკავდი, ვეკითხებოდი, რას საქმიანობდა იმ მომენტში. ვინტერესდებოდი ყველაფრით, რაც მას ეხებოდა. ეს ყველაფერი ახლა უკვალოდ გაქრა. მე კი არ მინდა, ასე რომ იყოს. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ეგოისტად ნუ ჩამთვლით, მართლა ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი.

– რატომ არ დაელაპარაკებით?

– იმიტომ, რომ მეცოდება. შეიძლება, ძნელი ასახსნელია, მაგრამ ვეცდები, გასაგებად ვთქვა. ამდენი წელი გავატარე მის გვერდით. ეს ბევრს ნიშნავს, ძალიან ბევრს: ჯერ ერთი, რომ შევეჩვიე, მეორეც – დავალებული ვარ მისგან.

– რას გულისხმობთ?

– ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი ქმარია. ბევრი კაცი არ გააკეთებს იმას, რასაც ის ჩემთვის აკეთებს. მესმის, რომ ვუყვარვარ და ჩემზე ზრუნვით სიამოვნებას იღებს, ანუ მისი მხრიდან ეს არ არის მოსაბეზრებელი ვალდებულება. საოცარი ქორწილი ხომ გადავიხადეთ... მანქანა მიყიდა, კარგი სამსახური მიშოვა – თუ რამეს წარმოვადგენ, მთლიანად მისი დამსახურებაა... ხომ ხედავთ, როგორი გულახდილი ვარ. ფაქტობრივად, ჩემ საწინააღმდეგოდ გაძლევთ ჩვენებას. ყოველ წელს, ჩვენი შეხვედრის დღეს, წარმოუდგენელ სიურპრიზებს მიწყობს, უცხოეთში მივყავარ და იქ აღნიშნავს. თავზე მევლება. ჩემთვის აუხდენელი სურვილი ან ოცნება არ არსებობს. ამიტომაც, ვიკავებ თავს. ენა არ მიბრუნდება, რომ ვუთხრა, აღარ მიყვარხარ-მეთქი. ველოდები, თვითონ როდის მიხვდება ამას. მერე, ალბათ, უფრო გამიადვილდება მასთან საუბარი ამ თემაზე.

– ანუ, თქვენ ქმართან გაშორება არ გინდათ.

– როგორ გითხრათ, საერთოდ, მინდა. იმიტომ, რომ სხვა მიყვარს და საბოლოოდ ჩემი თავი მის გვერდით წარმომიდგენია. მაგრამ, არ ვიცი, როგორ გავაკეთო ეს ისე, რომ ქმარს გული არ ვატკინო და შვილზეც მძიმედ არ აისახოს. სულ ვფიქრობ, როგორ შეიძლება, ვერ ხვდებოდეს კაცი, რომ ცოლს აღარ უყვარს. ქალები ხომ ვგრძნობთ ამას.

– ყოველთვის ვერც ქალები ვგრძნობთ.

– არა. ვერ დაგეთანხმებით. ყოველთვის ვგრძნობთ. უბრალოდ, არ ვაღიარებთ და სიმართლეს თვალს არ ვუსწორებთ. ყველა საშუალებით ვცდილობთ, შევინარჩუნოთ საყვარელი ადამიანი. ზოგჯერ საკმაოდ ცუდადაც ვიქცევით. არ ვუშვებთ კაცს ჩვენგან, როცა მას რეალურად, აღარ ვუნდივართ.

– იქნებ, თქვენი მეღლეც ასე ფიქრობს – „მიუხვედრელობით“ ცდილობს თქვენს შენარჩუნებას.

– ანუ, იმისი თქმა გინდათ, რომ ასე იქნება და ხმას საერთოდ არ ამოიღებს? საკმაოდ მძიმე პერსპექტივა დამისახეთ. გამოდის, მთელი ცხოვრება უნდა დავიტანჯო? მეცოდება საკუთარი თავი. საშინელებაა, როცა ერთი კაცის გვერდით წევხარ და მეორეზე ფიქრობ. ახლა მესმის იმ მამაკაცების, რომლებიც ორ ცეცხლს შუა იწვიან. უყვართ სხვა ქალი, უნდათ მასთან ყოფნა, მაგრამ ოჯახზეც მიჯაჭვულები არიან მთელი წყება ვალდებულებებით. მათაც, ალბათ, ისევე ეცოდებათ საკუთარი ცოლები, როგორც მე მეცოდება ჩემი ქმარი. სიბრალული კი, ვერასოდეს შეცვლის სიყვარულს.

– გამოდის, შვებას იგრძნობთ, თუ თქვენი მეუღლე მიხვდება, რომ ღალატობთ?

– არ ვღალატობ, ხომ გითხარით, ბუნებით წესიერი ადამიანი ვარ. ვერ დავუშვებ, რომ საყვარელი გავიჩინო. ძალიან ვებრძვი საკუთარ თავს.

– ხვდებით მას?

– დიახ. ეს გარდაუვალია გარემო პირობებიდან გამომდინარე. ორივე ძალიან ვიკავებთ თავს და არ ვიმჩნევთ სიყვარულს. საკმაოდ წესიერი, შეგნებული და ცივილიზებული ადამიანია. ესმის ჩემი და რაც მთავარია, მასაც ძალიან ვუყვარვარ.

– იქნებ, მის მიმართაც თქვენი სიყვარული არ იყოს სტაბილური. ამაზე გიფიქრიათ? ხომ ამბობთ, რომ ქმარიც გიყვარდათ?

– ეს აბსოლუტურად სხვა გრძნობაა. მე ვთქვი, რომ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ჩემს ქმარზე გათხოვებით მივიღე, სიყვარულიც იყო. თუმცა, არა დიდი დოზით. ახლა ეს გრძნობა უზარმაზარია.

– ანუ, თქვენი ქმარი თავიდანვე ვერ მიხვდა, რატომ გაჰყევით ცოლად და შეცდა, როცა იფიქრა, რომ ძალიან გიყვარდათ?

– შეიძლება. მას ვუყვარდი და მისთვის მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი, გვერდით ვყოლოდი... ფაქტია, რომ ახლა სხვა მიყვარს და არ ვიცი, ჩემი მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი როგორ მოვნახო.

 

скачать dle 11.3