რატომ დაინტერესდა მსოფლიოში პოპულარული „დისქავერის“ არხი ქართული ნაქალაქევითა და უძველესი, განმარხებული ძვლებით და რა სენსაციას მოახდენს ის მსოფლიო ისტორიაში
ზოგადად, საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი ადგილი არსებობს, რომელიც ჯერ კიდევ კვლევის ობიექტია, ან საზოგადოებამ ამ ადგილების შესახებ არაფერი იცის. ის კი საუკუნეებს ითვლის, ინახავს უამრავ ისტორიულ ფაქტს და უცხოელი მკველვრებისთვის ნამდვილად სენსაციაა ამ მიწაზე ფეხის დადგმა. ჯერ კიდევ, 2008 წელს, ქართულმა ექსპედიციამ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში აღმოაჩინა უძველესი ეკლესია-სამარხი. დაიწყო კვლევა და მის შესახებ, რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არხი, „დისქავერი” დაინტერესდა. რამდენიმე დღის წინ, უცხოელი მკვლევრის, ოპერატორისა და პროდიუსერის ჯგუფი საქართველოს ესტუმრა. მათ გადაიღეს ფილმი ამ ფაქტთან დაკავშირებით და მას სულ მალე ტელემაყურებელი ამერიკული „დისქავერის“ არხზე ნახავს. ამ აღმოჩენისა და ფილმის შესახებ ჟურნალისტი, ფილმის თანაავტორი, ლელა ნინუა გვიამბობს. მან თავად გაიარა უცხოელ ჯგუფის წევრებთან ერთად ის რთული გზა, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს ისტორია შეცვალოს.
ლელა ნინუა: 2008 წელს, შემომთავაზეს, უცნაურ, ავანტიურისტულ და დიდ პროექტში მონაწილეობის მიღება. იმ პერიოდში ვმუშაობდი არქეოლოგიის კუთხით, არგონავტების ქალაქი, დიმონი მქონდა გადაღებული. მოგეხსენებათ, 2008 წელს, ხელახლა გამოემგზავრა, იგივე მარშრუტით „არგო”, მაგრამ, სამწუხაროდ, გარკვეული მოვლენების გამო, ეს ყველაფერი ჩაიშალა. მოკლედ, დამიკავშირდა ქართული ექსპედიციის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლელა რაზიკაშვილი და შემომთავაზა ექსპედიციაში წასვლა. მოკლედ, ამ ექსპედიციაში იღებდა მონაწილეობას, მთავარი „დისქავერის” ჯგუფი: არხის გენერალური პროდიუსერი სტეფან მიზელესი, ეზოთერიკი, უცნაური მოვლენებისა და მისტიკური ფენომენების ექსპერტი ბრიუს ფენეტონი, სამხედრო ექიმი მაიკ ნედამი, რომელიც ბრიტანეთის სპეცნაზს წვრთნის და ხმის რეჟისორი, მარტინ ჩესქუ. ამ ჯგუფს უნდა გაევლო ის გზა ხელახლა, რომელიც 2008 წელს გავიარეთ და გადაეღო ერთსაათიანი ფილმი, რომელიც „დისქავერის” არხზე გავიდოდა. მათი მიზანი გახლდათ, საკუთარი თვალით ენახათ ყველაფერი და კამერითაც დაეფიქსირებინათ.
– წარმომიდგენია, როგორი სირთულეების დაძლევა მოგიხდათ.
– მართლაც, სერიოზული სირთულეების დაძლევა მოგვიხდა – წვიმა, მდინარის ფეხით გადალახვა, სიცივე, შიმშილი, უძილობა, ტალახში ჩაფლობა, ყველაფერი გამოვცადეთ. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი საოცარ პროფესიონალებთან ერთად და მათ გვერდით, ყველაფერი დავძლიე. გეტყვით, რომ პირველად, 6 წლის წინ, ნამდვილად არ ვიცოდით, სად მივდიოდით, იქ რა დაგვხვდებოდა ან რას აღმოვაჩენდით. ამიტომაც, ჩვენს ამ საქციელს, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად უყურებდნენ. სამი დღე ფეხით ალპურ ზონაში ავდიოდით. უამრავი სირთულე გადავლახეთ, მოკლედ: მთა, კლდე, მდინარე, ჩანჩქერი – ყველანაირი წინააღმდეგობის დაძლევა მოგვიხდა. დანიშნულების ადგილზე ორი დღე დავყავით, სადაც მართლაც დაგვხვდა ეკლესიის ნაკვალევი, ადამიანის განმარხებული ძვლები. მოკლედ, მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. ასევე, პირველად რომ ვეწვიეთ, ყურადღება არ მიგვიქცევია იმისთვის, რომ იქ კარგად დამუშავებული ქვის უზარმაზარი ლოდები იყო. სანამ იქ ავიდოდით, უხუცეს მოსახლეობას გავესაუბრეთ და მათი წინაპრების მოყოლილი ისტორიებიც მოვისმინეთ. მათი ნათქვამიდან და ჩვენი ნანახიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, სწორედ ამ ტერიტორიაზე ბინადრობდნენ ის დიდი ადამიანები, მსოფლიო მეცნიერები რომ ეძებენ. ეს ხომლის მთა ნიშნავს ცათა კრებულს, ანუ ხილულ კოსმოსს. საქართველოში კი ასეთი მინიშნება ბევრია. ამიტომ, არსებობს სრული საფუძველი იმისა, ვიფიქროთ, ნეფელინები, იგივე დიდი ადამიანები საქართველოშიც ცხოვრობდნენ.
– ამაზე უცხოელი ექსპედიციის წევრებს რა ვარაუდი გააჩნიათ?
– ბრიუსის ვარაუდით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ იქ კარგად განვითარებული ქალაქი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ლოდებით მოპირკეთებული ასასვლელი ჰქონდა. ეს ყველაფერი კი, ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე ხდება. დღემდე უცნობია იქ არსებული ეკლესიის აგების თარიღიც. მაშინ არც თაღისებური სამარხი შეგვიმჩნევია, ამაზე ახლა ბრიუსმა მიგვაქცევინა ყურადღება. მოკლედ, მისი აზრით, ეს ადგილი, ყველა პარამეტრით, ნაქალაქარზე მიუთითებს. საქართველოს ლანდშაფტი კი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამბობდნენ, საქართველოში რომ უნიკალური ლანდშაფტია, ასეთი არსად გვინახავსო. ჩანჩქერები, ლოდები, ტბები, მდინარეები, მცენარეები, შერეული ტყეები – მათი ობიექტივის მთავარი მიზანი გახდა. ყველაზე მაღალი მწვერვალი 2 642 მეტრი სიმაღლისაა, სადაც ჩვენი ბანაკი იყო. იქიდან კი ულამაზესი ხედები იშლებოდა. ყველაზე დიდი შოკი მათთვის მაინც განმარხებული, ანუ ქანებში მოყოლილი ძვლები აღმოჩნდა. როგორც ბრუსმა თქვა, მსგავსი რამ არსად უნახავს. ერთ რამეში დავრწმუნდი, რომ „დისქავერის” წარმომადგენლებისთვის სირთულე არ არსებობს. მათ დასახული მიზანი ჰქონდათ და ისინი სულ მუშაობდნენ. მე ერთი ქალი ვიყავი რვა კაცის გარემოცვაში და ხომ წარმოგიდგენიათ, რა რთული იქნებოდა ტალახში, წვიმაში, მდინარესა და კლდეებზე სიარული – მათ გვერდით ასეთ პირობებში ამ სირთულეების დაძლევა. როგორც აღმოჩნდა, ბრიუსისთვის, მსგავსი ექსპედიციის გადაღება დღემდე ოცნება ყოფილა და ეს ოცნება საქართველოში აიხდინა. თურმე, გადაღებაზე ჯუნგლებში აპირებდა წასვლას, მაგრამ საქართველომ უფრო დააინტერესა და არც კი დაფიქრებულა, ისე გამოემგზავრა აქ. სერიოზულად დაინტერესდნენ ქანებში განმარხებული ძვლებით. მსგავსი რამ მსოფლიოს მასშტაბით, იშვიათი სანახავია, რაც სავარაუდოდ, კლიმატურმა ცვლილებებმა გამოიწვია.
– რამდენი დრო მოანდომეთ იქ ასვლას?
– ორი დღის განმავლობაში ავდიოდით. ორი დღე იქ დავყავით და ჩამოსვლასაც ორი დღე მოვანდომეთ. ბორჯომ-ხარაგაულის ალპურ ზონაში, კომპასიც კი არ მუშაობს, ისეთი ადგილებია. ერთმანეთზე ვიყავით ორიენტირებულები. დამიჯერეთ, მსგავსი გუნდური მუშაობის პრინციპი ჯერ არ მინახავს. ბრიუსმა რომ ფილმის თანაავტორად გამოაცხადა, ამას კი ნამდვილად არ ველოდი (იცინის). ისეთ პროფესიონალ ებთან მუშაობა, როგორებიც ამ ექსპედიციაში იყვნენ, ნამდვილად საამაყოა. ბრიუსი, ზოგადად დაკარგულ ქალაქებს ეძებს და თქვა კიდეც: მე საქართველოში, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის, აკრძალულ ზონაში, 2 300 მეტრზე, დაკარგული ქალაქი უკვე აღმოვაჩინე და ვამტკიცებ, რომ ეს უბრალო ქალაქი არ იყო ოდესღაც. ეს მსოფლიო მეცნიერებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენააო. ის, აპირებს ახლო მომავალში უცხოელი მეცნიერების, პალეონტოლოგების ჩამოყვანას საქართველოში. სხვათა შორის, იქვე აღმოვაჩინეთ უძველესი ეკლესია, რომელიც არ არის დათარიღებული და მის გვერდით გაუხსნელი სამარხია. ვარაუდით, ამ სამარხში 12 დიდი ადამიანის ჩონჩხი უნდა იყოს. ასევე, არის მოსაზრება, რომ ისინი დამჯდარ მდგომარეობაში არიან დამარხული. ზედაპირული დათვალიერების შედეგადაც ნათელია, რომ იქ უძველესი ნაქალაქარია, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს. ექსპედიციის ხელმძღვანელი, სტეფან მიზელესი ამბობდა: ასეთი ექსპედიცია პირველად ჩავატარე და ამით ოცნება ავიხდინე, ბედნიერი ვარო. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღმოჩნენა უამრავ ტურისტს ჩამოიყვანს საქართველოში. ეს იქნება მზიას და ზეზვას შემდეგ, ერთ-ერთი, მორიგი სენსაცია, რომელზედაც მსოფლიო ალაპარაკდება. მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს ამერიკულ „დისქავერს“ და დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა მოინდომებს აქ ტურისტულად ჩამოსვლას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ექსპედიცია, უპირველესად, მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება.
სხვათა შორის, ერთი საინტერესო ფაქტიც მოხდა. ეკლესია რომ აღმოვაჩინეთ და უკან ვბრუნდებოდით, გზაში შეგვხვდა ცხენით მომავალი მამაო – ზესტაფონის მარგვეთისა და უბისას ეპარქიის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელთმსახური პანტელეიმონ ჩუბინიძე, ვაჟებთან ერთად. მან იქვე გადაიხადა პანაშვიდი. ბარში ჩამოსულმა კი პატარა, ხის, მოსასვენებელ სახლში გვიმასპინძლა. ბრიუსმა, სუფრასთან მამაოს უთხრა საკმევლის სუნი მომეწონა, მესიამოვნა. სანამ საქართველოში წამოვიდოდი, სიზმარში, გარდაცვლილი მეუღლე გამომეცხადა და მითხრა: საქართველოში რომ წახვალ, დალოცვილი იქნები. ამიტომ, ვარ დღეს აქო. მამაომ კი უპასუხა, მარტო მაგის გამო არ ხარ აქ, გარდაცვლილი ცოლის სიზმარში გამოცხადება სხვა რამეზეც მიგანიშნებდა. აგერ მდინარე ჩამოდის და მოდი, მე მოგნათლავ ქრისტიანად ისე, როგორც ქრისტე მოინათლა მდინარეშიო. ბრიუსმა ხმაამოუღებლად გაიხადა და შევიდა მდინარეში. ასე გახდა ეკვადორელი, კათოლიკე ბრიუსი, ქართველი მართლმადიდებელი ანდრია. ნათლიები კი გავხდით მე და პროფესორი ოთარ ბაღათურია.
ასვლისას ვამბობდით, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ჩამოსვლისას კი ვთქვით: ჩვენ, უკვე, ერთი ოჯახი ვართო.