კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მეზობლისგან გავიგე, რომ აყვანილი შვილი ვარ

სამი და-ძმა ვართ. მე უფროსი ვარ, 13 წელი ახლახან შემისრულდა. ჩემი ძმა 11 წლისაა, და კი – 9-ის. ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით მანამ, სანამ ბებიაჩემს მეზობლის ქალთან უსიამოვნება მოუვიდოდა. ბებიამ ცოტა უხეშად იცის ხოლმე პირში თქმა, ეტყობა, იმ ქალს რაღაც ისეთი უთხრა, რაც იმან აღარ აპატია და სამაგიერო იმით გადაუხადა, რომ მეორე დღესვე დამიძახა, თავისთან შემიყვანა და მითხრა, აყვანილი შვილი ხარო. მე, ცხადია, არ დავიჯერე, რადგან, ჩემს მშობლებს სამი შვილი ჰყავდათ, რაზეც მეზობელმა მითხრა, დედაშენს რამდენიმე წელი შვილი არ უჩნდებოდა და შენ გიშვილეს, ერთი წლის შემდეგ კი დაფეხმძიმდა და იმის მერე კიდევ ერთი შვილი გააჩინა. ასე ძალიან ხშირად ხდებაო.

აღრიალებული დავბრუნდი სახლში. დედას და ბებიას ყველაფერი ვუამბე და მოვითხოვე, სიმართლე ეთქვათ. რა თქმა უნდა, ბებიაჩემი მაშინვე მიუვარდა იმ ქალს და სულ თმებით ითრია. მეზობლებმა რომ გაიგეს, რაც ხდებოდა, თქვეს, არ გააშველოთ, ახია იმ საზიზღარზეო. ბოლოს ვიღაცამ პატრული გამოიძახა და მხოლოდ იმათ შეძლეს, ხელიდან გამოეგლიჯათ მსხვერპლი ბებიაჩემისთვის. მაგრამ, ეს ჩხუბი რას მიშველიდა. მე სიმართლის გაგება მინდოდა. ვერაფრით რომ ვერ დამაწყნარა, დედამ მამაჩემს დაურეკა. ეტყობა, ტელეფონშივე უთხრა, რაც მოხდა, რადგან, ზუსტად ათ წუთში მამა სახლში გაჩნდა. მერე ყველას სთხოვა, მარტო დაგვტოვეთო. ამხელა გოგო კალთაში ჩამისვა, მომეფერა და სიმართლე მიამბო. თურმე, შვილი მართლა არ უჩნდებოდათ და ფიქრობდნენ კიდეც ბავშვის აყვანას. სწორედ იმ პერიოდში მამას ნათესავი ცოლ-ქმარი ავარიაში მოჰყვა და ორივე დაიღუპა, გადავრჩი მხოლოდ მე – რამდენიმე თვის ჩვილი, რადგან, უკანა სავარძელზე მეძინა და, მანქანა რომ დაეჯახათ, სავარძლის ქვეშ ჩავვარდი. მყოლია მხოლოდ მოხუცი ბაბუა, რომელიც ვერანაირად ვერ შეძლებდა ჩემს მოვლას და იმას უთხოვია პანაშვიდზე მისული ჩემი მშობლებისთვის (ვინც გამზარდეს), მაინც გინდოდათ, ბავშვი გეშვილათ და ჩემი შვილიშვილი წაიყვანეთ, მადლსაც იზამთ და მეც მშვიდად წავალ იმქვეყნადო. მერე კი მართლა ორჯერ დაფეხმძიმებულა დედაჩემი და ჩემი და-ძმა გაუჩენია.

მამას ახსნა-განმარტებამ დამამშვიდა, მაგრამ, ბაბუას ნახვა მოვინდომე, რაზეც მამაჩემმა მიპასუხა, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალაო. ერთი კვირის შემდეგ კი მე, მამა და დედა ჩემი მშობლებისა და ბაბუის საფლავზე წავედით.

ამ ისტორიის გაგების შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარდა ჩემი გამზრდელი დედ-მამა. იმ მეზობელს კი აღარავინ ელაპარაკება.

მარიამი, 13 წლის.

 

რძალმა ძმა წამართვა

მშობლებმა მე და ჩემი ძმა ისე გაგვზარდეს, ბავშვობაშიც კი, სათამაშოზე არ გვითქვამს, ჩემია და არ გათხოვებო. თავზე არ გადაგვდიოდა, მაგრამ, რაც აუცილებელი იყო, ყველაფერი თავის დროზე გვქონდა. რომ წამოვიზარდეთ, ლუკმას არ ჩავიდებდით პირში უერთმანეთოდ. მოკლედ, სიტყვები – „ჩემია“ და „შენი არ არის“ ჩვენთვის არ არსებობდა. ერთხელაც კი არ წავჩხუბებივართ ერთმანეთს. პატარები რომ ვიყავით, მაშინაც ერთმანეთზე ვზრუნავდით. დედა თავის მეგობრებში რომ ამბობდა, ჩემს შვილებს კამათიც კი არ მოსვლიათო, არავის სჯეროდა.

ჩემი ძმა ოთხი წლით უფროსია ჩემზე, მაგრამ, რომ წამოვიზარდე, საერთო სამეგობრო წრე შეგვეკრა და ყველგან ერთად დავდიოდით.

ინსტიტუტს რომ ამთავრებდა, თავისი თანაკურსელი გოგო მოიყვანა სახლში და გაგვაცნო – ერთმანეთი გვიყვარს და დიპლომებს ავიღებთ თუ არა, დაქორწინებას ვაპირებთო. მე რომ ჩემი ძმისთვის წარმომედგინა და მინდოდა, მთლად ისეთი გოგო არ იყო, მაგრამ, რადგან უყვარდა, გულით მივიღე. დედამ და მამამ სუფრა გაუშალეს, ერთად ვისადილეთ და მათი ბედნიერი მომავალი დავლოცეთ. წასვლისას დედაჩემმა ძალიან ძვირფასი ფრანგული სუნამო აჩუქა და უთხრა, ხშირად მოდი ჩვენთანო. საბას (ჩემს ძმას) მართლაც ხშირად მოჰყავდა ანანო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობდი მასთან დაახლოებას, ვერაფრით გამოვნახე საერთო ენა. ყოველთვის ცივად ხვდებოდა ჩემს მცდელობებს და ირონიული ღიმილით მელაპარაკებოდა. ეს ისე მწყინდა, რომ ტირილამდე მივდიოდი, მაგრამ არავისთვის არაფერი მითქვამს.

ერთხელ საბას და ჩემი მეგობრები პიკნიკზე აპირებდნენ წასვლას. ცხადია, მეც მოვემზადე. ამ დროს საბა და ანანო მოვიდნენ პიკნიკისთვის რაღაცეების წასაღებად. ჩაცმული რომ დამინახა, ანანომ, როგორც სჩვეოდა, ირონიულად შემომხედა და მკითხა, შენც სადმე მიდიხარო? მეც მოვდივარ თქვენთან ერთად-მეთქი. ამის გაგონებაზე საბას მიუბრუნდა, ჩემკენ ცერი თითი გამოიშვირა და უთხრა: ეს თუ წამოვა, უჩემოდ მოგიწევს წასვლაო. ჩემს ძმას, რომელსაც მთელი ცხოვრება საფიცარ ხატად ვყავდი, მიზეზიც კი არ უკითხავს, წარბიც არ შეუხრია, ისე მომიგდო: შენ სახლში დარჩი, სხვა დროს წამოდიო, – და ჩანთებიანად გავიდა. ანანომ გამარჯვებული მზერით გადმომხედა და, ჩუმად, ისე, რომ სხვას არ გაეგო, მითხრა: დამთავრდა შენი გულაობა, ეგ „სხვა დრო“ აღარასოდეს დადგება და ამას უნდა შეეგუოო.

მთელი დღე ტირილში გავატარე. დედა ვერც იმას მიხვდა, რატომ აღარ წავედი და ვერც იმას, რატომ ვტიროდი. საბა გვიან ღამით დაბრუნდა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი. მე არც კი მომიკითხა, ისე დაწვა დასაძინებლად.

მეორე დილით, სანამ საუზმეს გაგვიწყობდა, გავიგონე, როგორ ეუბნებოდა დედა საბას ჩემზე: რა დაემართა ამ ბავშვს, არ ვიცი, თქვენთან ერთადაც აღარ წამოვიდა და მთელი დღე ტირილში გაატარა. მე არაფერს მეუბნება და იქნებ შენ დაელაპარაკოო. საბამ კი უპასუხა: მე რა ვუთხრა, დიდი გოგოა და როგორც თვითონ უნდა, ისე იქცევაო. აი, მაშინ ვიგრძენი, რომ ძმა, რომელსაც ვაღმერთებდი, რომელიც მთელ დედამიწაზე ყველას მერჩივნა, ვიღაც უცხო ადამიანმა წამართვა.

საქორწინო მოგზაურობიდან რომ დაბრუნდნენ, მე სახლში აღარ დავხვედრივარ – გაუთხოვარ მამიდასთან გადავედი საცხოვრებლად. მშობლებთან აღარ მივდიოდი, მხოლოდ მობილურით ვეკონტაქტებოდი, საბას კი ერთხელაც არ დაურეკავს და არ უკითხავს, რატომ წახვედიო.

რამდენიმე დღის წინ კი, ჩემი ძმა ჩვენთან მოვიდა, მე შორიდან, ხელის აწევით მომესალმა, მერე მამიდა ცალკე ოთახში გაიყვანა და უთხრა, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, დედაჩემი და მამაჩემიც შენთან რომ გადმოვიდნენ საცხოვრებლად, დიდი ბინა გაქვს და ყველანი დაეტევითო. მამიდა გაოცდა, მაგრამ, მაინც ჰკითხა, მე თანახმა ვარ, მაგრამ, თვითონ თუ უნდათ გადმოსვლაო. მაგაზე ამ საღამოს უნდა დაველაპარაკო და დავითანხმოო, – უთხრა საბამ.

ალბათ, ხვდებით, ვის ბრძანებასაც ასრულებდა. არ ვიცი, დაეთანხმებიან თუ არა მშობლები თავიანთ სანაქებო ვაჟკაცს, მაგრამ, იმ დღეს საბოლოოდ ვიგრძენი, რომ ძმა აღარ მყავს.

ლიზი, 19 წლის.

скачать dle 11.3