რა შეტყობინება გაუგზავნა ალეკო ელისაშვილს პრეზიდენტმა და როგორ მოხვდა ის კოშმარში
ალეკო ელისაშვილი საკრებულოს დეპუტატის მანდატს ოფიციალურად რამდენიმე დღეში აიღებს – საარჩევნო მარათონი, რომელიც მან მშობლიურ საბურთალოს რაიონში მოიგო, თბილისური არჩევნების ყველაზე დიდ პრეცენდენტად იქცა. რთული საარჩევნო კამპანიის შემდეგ, გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო, ისე ჩაერთო საქმეში – „შავჯიპიანებს” ახლა უკვე ახალი ამპლუიდან შეუტია და როგორც ჩანს, არც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მოაკლებს მათ „სიურპრიზს”, ისეთს, როგორიც „წინა” ცხოვრებაშიც საკმაოდ ბევრი ჰქონდა.
– ალეკო, გამარჯვებას გილოცავთ! როგორია გამარჯვების განცდა საკრებულოს მძიმე მარათონის შემდეგ?
– ვერაფრის გააზრებას ვერ ვასწრებ. გამარჯვების განცდაც კი ვერ მოვასწარი, ისე ვარ დაქოქილი და ისე უცებ გადავერთე სამუშაო რეჟიმში. აქამდე ხალხს ვუყვარდი ტელევიზორით, რაც ნაკლები პასუხისმგებლობა იყო. აქ კი, რომ ჰპირდები, ამას და ამას გავკეთებო, და მათ შენი იმედი აქვს, ეს რთული ამბავია. თუმცა, ამისთვის მზად ვარ. ის, რაც გავიარე თვე და ერთი კვირის განმავლობაში, როცა მძიმე საარჩევნო კამპანიაში ვიყავი ჩართული, იყო ძალიან რთული. არჩევნები მოვიგე 12 ათასი ლარით, რომელიც შემიგროვეს ჩემი ბავშვობის მეგობრებმა. ისინი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არ არიან, მაგრამ ყველა წარმატებული ტიპია და საბურთალოზე მათ ყველა იცნობს. ფული დაიხარჯა მხოლოდ ბილბორდებსა და ოფისის ქირაში. ზოგმა პლაკატი დამიბეჭდა. მოდიოდა ხალხი – ზოგი რას მთავაზობდა, ზოგი რას. მამაჩემის ტოლი ხალხი მოდიოდა და დახმარებას მთავაზობდა. მე ჩემი ხელით ვარიგებდი ბუკლეტებს, პლაკატებსაც ვაკრავდი. ახლაც ჩემი ხელით არის ჩამოსახევი ის პლაკატები. მთელი სანათესაო და სამეგობრო მყავდა ჩართული. მათ შორის ჩემი უახლოესი ნათესავებიც კი ჩამოვიყვანე სამტრედიიდან.
– თან, როგორ კანდიდატს მოუგე, რომელსაც თავიდანვე მოიზარებდნენ საკრებულოს თამჯდომარედ. როგორ ფიქრობ, რა გახდა გადამწყვეტი ამ გამარჯვებაში, რაც ჩვენი სოციუმის ახალ პრეცენდენტად იქცა?
– საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა რთულია, მაგრამ ერთს გეტყვით. ჩვენთან პოლიტიკა ხომ ბინძურ თემად არის ქცეული. ბევრი იმედგაცრუებული ადამიანი მეუბნებოდა: ვაიმე, რა გინდა ამ პოლიტიკაში, შენც არ გაისვარო, შენც ხომ იმას არ აპირებ, რაც ხდებაო. ამომრჩეველთან შეხვედრებზე, ხალხი თან რაღაც დავალებებს მაძლევდა, თან ვგრძნობდი, როგორ უნდოდათ, რომ ჩემი იმედიც არ გაცრუებოდათ. ყველას ვეუბნებოდი, რომ მეც მომბეზრდა ამდენი ბინძური პოლიტიკოსის ყურება, მათი გარიგებები იმისთვის, რომ ორ კაპიკს დახამდნენ. მე ყველასთან მომყავდა ეს მაგალითი – საქმე ისაა, რომ ჩვენ გვყავდა პოლიტიკოსები: ილია ჭავჭავაძე, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრი იყო, მერე რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი; ქალაქის მერი იყო დიმიტრი ყიფიანი; ნიკო ნიკოლაძე გახლდათ ოთხგზის თბილისის საკრებულოს წევრი, შემდეგ ფოთის მერი და პარლამენტის წევრი; ექვთიმე თაყაიშვილი იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერი. ამ ოთხიდან სამი წმიდანია და ოთხივე მთაწმინდის პანთეონში წევს. რატომ არ უნდა გავაკეთო სწორება ამ პოლიტიკოსებზე და რატომ უნდა მივბაძო იმ ჩანჩურებს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკაში არიან და ერთი სული აქვთ შავ „ჯიპებში“ ჩასხდნენ. მე სწორება ასეთ ხალხზე მაქვს და არა დღევანდელ პოლიტიკოსებზე, რომელთა უმეტესობა თავისი ცხოვრების მოწყობისთვის მოდის პოლიტიკაში.
– საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის დატოვე ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, სადაც ასევე ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგეძლო. საკრებულოს მანდატი ამად გიღირდა? რატომ გააკეთე ეს არჩევანი?
– თანამდებობრივად შეწყალების კომიისიის ხელმძღვანელობა, უფრო მაღალი პოზიციაა, ვიდრე საკრებულოს დეპუტატობა. თან, იქ უვადოდ ხარ დანიშნული. მთელი სულით და გულით ვემსახურებოდი იმ საქმეს, ოთხი თვის განმავლობაში 2 300 ადამიანი მივიღე. კარგი ამბის სათქმელად იქ არავინ მოდიოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რეებს მიყვებოდნენ. იმ პერიოდში დამაწყნარებლების დალევა დავიწყე. ისეთ კოშმარებს ვისმენდი, ღამე ვერ ვიძინებდი. იმ საქმის კეთება რომ მოგწონდეს ან მანიაკი უნდა იყო, ან კორუმპირებული. მე არც ერთი ვარ და არც მეორე. თუმცა, იმ ოთხ თვეში თავი არ დამიზოგავს. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, პატიმრების შეწყალება და კორუფცია ერთმანეთთან ბმაში აღარ ყოფილიყო, კომისიის მუშაობა გათავისუფლებულიყო კორუფციისგან.
– არანაკლები „ასპარეზია” საკრებულო, არც მას აქვს ნაკლებად მძიმე კულისები.
– მე მიყვარს თბილისი და ამ ქალაქის სამსახური. კულისების მცდელობა აქაც იყო საარჩევნო პერიოდში. მომისინჯეს კბილი, იყო შეთვლა-შემოთვლები, პატარა გარიგების მცდელობები, რაც ძალიან მარტივად აღვკვეთე. ვუთხარი იმ ადამიანს, რომელიც ზუსტად აქ იჯდა, სადაც თქვენ ზიხართ და მეფუთფუთებოდა: მე ასეთ რამეებში რომ გამოგყვეთ, ზუსტად ისეთი ტიპი გავხდები, რომლებიც არ მომწონდნენ-მეთქი. მე ვთქვი, მირჩევნია წავაგო, ვიდრე წამოვიდე გარიგებებზე და ეს ასეც იქნება ყოველთვის.
– მარტო, თანამოაზრეების გარეშე, რის გაკეთებას შეძლებ?
– არანაირად არ ვარ მარტო კაცი. მე საკრებულოში ამირჩია საბურთალოს ამომრჩეველმა 41 000-იან ოლქში, რატომ ვარ მარტო? გავიაროთ ერთად ქუჩაში და ნახავთ, რამდენი კაცი გამაჩერებს და მკითხავს რაიმეს. აბა, მე მარტო ვარ? ისინი, ვინც საკრებულოს დეპუტატები გახდნენ, მიხვდნენ, რომ მათ ხალხმა დაუჭირა მხარი და იქ იმიტომ მოხვდნენ. „ქართულმა ოცნებამ” ამ არჩევნებზე ძალიან კარგი გაკვეთილი მიიღო მეორე ტურის პრეცენდენტით. წელიწად-ნახევრის წინ ეიფორიითა და ზარზეიმით მოსული ხელისუფლება დედაქალაქში ვერ იგებს მერის არჩევნებს და მეორე ტური სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამით იმედია, მიხვდნენ, რომ ხალხის დავიწყება არ შეიძლება. ის საკითხები, რასაც მე დავსვამ ზეციური საკითხები კი არაა, ეს ის თემებია, რაც ხალხს აწუხებს. „სითი პარკის” თემა ავიღოთ, ამ ამბავში მარტო ვარ? რომელი დეპუტატი ადგება და იტყვის, რომ ეს არაა პრობლემური საკითხი? 7 წელია, ძარცავავს „სითი პარკი” თბილისს და ისეთი მდგომარეობაა, ბავშვს ტროტუარზე ვერ გაატარებ, ეგრე სადაა? ცაგარელის ქუჩაზე, კორპუსთან, რომელიც ლამის დაინგრეს, გაყიდეს მიწა, რომ მშენებლობა დაიწყონ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სახელმწიფომ უკან გამოისყიდოს ის მიწა და იქ გაკეთდეს სკვერი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქალაქს ჰქონდეს დაგეგმარების დოკუმენტი, რომ იპოდრომზე იყოს პარკი, რომ ინფექციური საავადმყოფოს ეზოში არ გაიჩეხოს ფიჭვები, რომ 52-ე სკოლის ეზოში არ გაიხსნას ლუდის რესტორანი. გახსნან წიგნის მაღაზია, ბატონო! ყველაფერზე წავალ და სკოლის ეზოში ლუდის რესტორანს არავის გავახსნევინებ. ამ ყველაფერს ანგარებით და მამაძაღლობით კი არ ვუყურებ, როგორც აქამდე იყო. ბევრს ჰგონია, რომ გიჟი ვარ, ან პოპულისტი. მე ის მიყვარს, რომ ბევრი დამირწმუნებია, არც ერთი ვარ და არც მეორე. თუ მოინდომებ, ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ჩემი უპირატესობა ისაა, რომ მე არ მექნება კულისები. ვისაც რა ექნება სათქმელი, პირდაპირ მითხრას. ამ კულისებში რომ შეჰყვები ვინმეს, ჩაგითრევენ და „შეგჭამენ”. დარწმუნებული ვარ, „სითი პარკის” ხალხიც „ვინმეს” გამოძებნის ჩემთან გამოსაგზავნად. აქედანვე ვეტყვი მათ: ჯობია, ჩაალაგონ ჩემოდნები, ზოგ-ზოგიერთი კი ციხისთვისაც გაემზადოს და თბილი ტანსაცმელი ჩააწყოს იმ ჩემოდნებში.
– პრეზიდენტი როგორ შეგელია?
– პრეზიდენტმა მომილოცა ესემესებით. ძალიან აღტაცებული შეტყობინება მომწერა, ოღონდ არ დამიმალა, შენს წაგებას ვგულშემატკივრობდიო (იცინის). იყო დრო, ორივე თავისუფალი მოქალაქეები ვიყავით და ლუდსაც ხშირად ვსვამდით ერთად. ბოლოს ისეთ დავიდარაბაში ვიყავი, პრეზიდენტს კი არა, ცოლ-შვილს ვერ ვხედავდი.
– ახლა, უკვე ბევრ რამეს შეელევი წარსულიდან.
– არა მგონია, თუმცა საარჩევნო კამპანიის დროს მომიხდა ჩემს საყვარელ ბათინკებთან შელევა. ბოლო ექვსი წელი, ზამთარ-ზაფხულ სულ სამხედრო ბათინკები მეცვა. ასე ვიჯექი „კავკასიის” ეთერში, ასე დავდიოდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ცოტა ისე მიყურებდნენ, სამხედრო შარვლითა და „ბათინკით” რომ მხედავდნენ. საარჩევნო კამპანიის დროს გავიხადე ჩემი „ბათინკები”, რთული იყო ფეხსაცმელებთან შეჩვევა. როგორც კი არჩევნების დღე დასრულდა და შედეგებს ველოდებოდით, გავიქეცი სახლში და „ბათინკები” ჩავიცვი. ეს იყო ერთადერთი კმაყოფილება, თორემ ისეთი სტრესული იყო უბნებიდან შედეგების მიღების მოლოდინი – არ ვიცი, ლამის გადავირიე. 25 უბანი იყო დათვლილი, ვიცოდი შედეგები, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდი გამარჯვებას. იქამდე მაგარ „დუხზე” ვიყავი, მაქსიმუმი გავაკეთე. არჩევნების დღეს კი ცოტა სკეპტიკურად განვეწყვე, უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი. ჯობდა, სკეპტიკურად ვყოფილიყავი და მომეგო, ვიდრე პირიქით. გამარჯვება პირველად უახლოესმა მეგობრებმა მომილოცეს – შამპანურით გამწუწეს.
– ჟურნალისტობა არ მოგენატრა?
– პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში ჩემი თავი ამოვწურე. მე ის მომწონდა, როცა სხვები ვერ ბედავდნენ სიმართლის თქმას და რამდენიმე კაცი ვბედავდით ამას მხოლოდ. აი, აქ ვხედავდი ჩემს ფუნქციას. თავიდან ცოტა მეც მეშინოდა, ვიფიქრე, „დამერხა-მეთქი”, მერე და მერე მივეჩვიე. ახლა საშიში არაფერია – ყველა ყველაფერს ლაპარაკობს. ამდენად, მე აღარ ვარ საჭირო პოლიტიკური ჟურნალისტიკისთვის, თუმცა არ გამოვრიცხავ, პუბლიცისტურ ჟურნალისტიკაში დავრჩე – ვწერო თბილისზე, ისევე როგორც არ შევწყვეტ ექსკურსიებს ჩემს ქალაქში, რაზედაც ჭკუა მეკეტება. იმ ხალხის გასაგონად ვიტყვი, ვინც საარჩევნო კამპანიის დროს ხშირად ამბობდა, ნეტავ, მეც საბბურთალოზე ვცხოვრობდეო. მე არ ვიქნები მხოლოდ საბურთალოს დეპუტატი. საბურთალო ცალკე კუნძული ხომ არაა, ყველა უბნის პრობლემები ხომ ერთმანეთზეა გადაბმული. მე ვითანამშრომლებ ყველასთან, ვისაც ამ ქალაქისთვის კარგი საქმეების გაკეთება უნდა. ყველას დავუჭერ მხარს, ვისაც ქალაქისთვის სასარგებლო ინიციატივები ექნება. მე გიგი უგულავაც კი შემიქია, ჩემი მისდამი დამოკიდებულების მიუხედავად, ლეღვთახევის რეაბილიტაციის შემდეგ. მართალია, ამ პროექტის გაკეთება უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ იქაურობა ადრე ნაგვის ბუდედ იყო ქცეული. ლეღვთახევის გაკეთება ჩემი ოცნება იყო.
– გიგი უგულავამ აგისრულა ოცნება?
– ეს ერთი ოცნება ამისრულა. გიგი უგულავა კიდევ ამისრულებს ოცნებას, როცა ციხეში ჩაჯდება. ეს ოცნებაც მაქვს, რომ მან პასუხი აგოს და დააბრუნოს ის თანხა, რაც ჩვენი ჯიბეებიდან აქვს მოპარული.
– როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდი, ძველებურად დადიოდი ფეხით და უარი თქვი სახელმწიფო ავტომობილზე. ზოგი ამას კეკლუცობად გითვლიდა, ზოგი მანევრად. შენს ასეთ „ორიგინალურობებს” უნდა ველოდოთ საკრებულოშიც, განსხვავებული ჩინოვნიკი იქნები?
– ჩინოვნიკი საერთოდ არ ვიქნები, არ მაქვს ის უნარ-ჩვევები, რაც კლასიკური გაგებით, ჩვენთან პოლიტიკოსებს აქვთ და ღმერთმა ქნას, არც გამომიმუშავდეს არასდროს. ჩვენთან რაც უფრო გაიძვერა ხარ, მით უფრო კარგი პოლიტიკოსი ჰგონიხარ ვიღაცას – ჩემთვის ეს ასე არაა. ვიღაცას შეიძლება, ჰგონია, რომ ეს პოპულიზმია, მაგრამ მე ასე მგონია – ასე ვცხოვრობ. წუხელ ველაპარაკებოდი ჩემს მეგობრებს ამაზე. დღეს სახელმწიფო სამსახურში ყოფნა „გულაობასთან” არის დაკავშირებული. „ჯიპი”, დაცვა – ვიღაცეებისთვის კარგი ამბავია. მე ვამბობ, რომ სახელმწიფო სამსახური უნდა იყოს დიდი ტვირთი. ჩინოვნიკობა ცხოვრების აწყობის საშუალება კი არა, პასუხისმგებლობა და ტვირთი უნდა იყოს. ვიცი, რომ მათ შორის, ვინც ახლა დეპუტატის მანდატი მოიპოვა, ბევრი ფიქრობს ასე. თუმცა, ისეთებიც არიან, ერთი სული რომ აქვთ, მანქანებს მოახტნენ. ნურას უკაცრავად! საკრებულოში არავის არ უნდა ჰყავდეს პერსონალური მანქანა. საკრებულოშიც ისე უნდა იყოს, როგორც ტელევიზიებში, ჰყავდეს თავისი ავტოპარკი. ყველა მიდის სამსახურში, ვისაც სჭირდება ის სარგებლობს სამსახურის მანქანებით და საღამოს საკუთარი ფეხით მიდიან სახლში.
– ყველას კი არ უყვარს შენსავით ფეხით სიარული.
– საქმეს რომ დასჭირდება, მაშინ ისარგებლონ სამსახურის მანქანებით. მე მინახავს, ლერმონტოვის ათი ნომრიდან, სადაც საკრებულოა. თავისუფლების მოედნამდე მანქანით ჩამოდიოდნენ დეპუტატები. 20 მეტრია, ჰო, მეტი არა. აწიე რა, ერთი ადგილი და ჩადი ფეხით. ამისთვის ბენზინი რატომ უნდა დახარჯო? მარტო ბენზინისთვის 452 ათასი ლარი იხარჯებოდა, დავიყვანოთ ეს თანხა 50 ათას ლარამდე, დანარჩენი ფული გაცილებით ხეირიან საქმეს მოვახმაროთ. ხელფასსა და პრემიებში 138 მილიონი ლარი რომ არ გადავიხადოთ, იმ ადამიანების 90 პროცენტი, ვინც პრემია აიღო, უსაქმურია, ასე არ შეიძლება. სახელმწიფო უნდა იმართებოდეს როგორც კერძო კომპანია, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული. სახელმწიფომ ოპტიმიზებული ხარჯებით უნდა მოახერხოს თავისი თანამშრომლების დატვირთვა. ხელფასებსა და პრემიებზე ზედმეტი თანხები არ უნდა დაიხარჯოს და გაიფლანგოს. სახელმწიფომ ჩინოვნიკები, მე ვიქნები თუ სხვა, მაქსიმალურად უნდა გამოწუროს, რომ რაც შეიძლება, მეტი სარგებელი მიიღოს. მათზე ზედმეტი ხარჯის გაწევა, რაც ხშირად „გულაობასთანაა” ასოცირებული, არ არის საჭირო. მე მაინტერესებს თბილისი. ჩვენი პოლიტიკოსები სადღაც რომ „გაფრინდებიან”, ძირს უნდა დავაფრინო და იმ ორმოებთან ჩამოვიყვანო, რაც ამ ქალაქში გაჩნდა.
– როგორ შეცვლის ახალი ამპლუა შენს ცხოვრებას?
– ძალიან დავიტვირთები, ვეღარ ვივლი სამხედრო „ბათინკებით” (იცინის). ვფიქრობდი, არჩევნების მერე რამდენიმე დღე დავიძინებ, მერე ტყეში წავალ-მეთქი, მაგრამ არ გამომივიდა. იქით კვირაში აუცილებლად წავალ რამდენიმე დღე მეგობრებთან ერთად, კარვით. ივლისში საკრებულო შეიკრიბება და მერე ვეღარსად წავალ. ცოტა ხანს სულ სხვა სამყაროში რომ არ მოვხვდე, წარმოუდგენელია. იმის წუწუნიც კი არ მაცალეს, რომ დაღლილი ვარ, პირდაპირ გადავეშვი საქმეში. სიმართლე გითხრათ, თვითონაც ერთი სული მაქვს, რაც შეიძლება, მალე დავიწყო ის ყველაფერი, რასაც ხალხს დავპირდი.