კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ვითარებაში დაიკარგა ვახტანგ მეექვსის თავის ქალა და ვინ შეურაცხყო ასტრახანში დაკრძალული ქართლის მეფის ცხედარი

დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული რამდენჯერმე დადგა ასტრახანიდან ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის ცხედრების გადმოსვენების საკითხი, თუმცა უშედეგოდ. რუსული მხარე თითქოს თანახმაა (ან კი რატომ არ უნდა იყოს თანახმა), თუმცა ქართველ მეცნიერებს არც ჩვენს მეფეთა საძვალის მონახულების უფლებას რთავენ და არც გათხრების ჩატარების. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შეფერხებას საკმაოდ ტრაგიკული მიზეზი აქვს. რუსმა პოლიტოლოგმა პირად საუბარში არაოფიციალურად გვითხრა, რომ ვახტანგ მეექვსის ცხედარი შეურაცხყოფილია – თავის ქალის ნაწილი აკლია. ინციდენტი რამდენიმე ათეული წლის წინათ მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა სამხედრო ექიმმა მისი ცხედარი სტუდენტების საჩვენებელ მასალად გამოიყენა. ამ მიზეზის გამო რუსული მხარე არასდროს დასთანხმდება ვახტანგ მეექვსის ცხედრის საქართველოსთვის გადმოცემას ზედმეტი გართულებისა და შეკითხვების თავიდან ასაცილებლად. რამდენად რეალურია ეს ვერსია და, საერთოდაც, რატომ აღესრულნენ შორეულ ასტრახანში ქართლის მეფეები ვახტანგი და თეიმურაზი? – მოკლე ისტორიულ ექსკურსს ისტორიკოსი ვახტანგ გურული ჩაგვიტარებს.

 

– მე ამ ინფორმაციას არ ვფლობდი, თქვენგან მოვისმინე პირველად, მაგრამ ერთი რამ მართლაც საეჭვოა: ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს ჩავიდა დელეგაცია საქართველოდან ასტრახანის კრემლის კომპლექსში არსებულ მიძინების ტაძარში, რადგან ვიცოდით, რომ იქ იყვნენ დაკრძალულნი ჯერ ვახტანგ მეექვსე, მოგვიანებით კი –  თეიმურაზ მეორე. პროფესორმა გიგა პაიჭაძემ და არქეოლოგმა ვახტანგ ჯაფარიძემ გახსნეს საფლავები და ნახეს, რომ ვახტანგის საფლავში ძვლები ერთმანეთში იყო არეული, თუმცა თეიმურაზის საფლავი ხელუხლებელი დახვდათ. რაც თქვენ თქვით, ის ვერსია, ალბათ, მაშინაც არსებობდა, მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, მაგრამ ამის შესახებ ვერ იტყოდნენ, ამიტომ მათ დაწერეს, რომ ვახტანგის საფლავი გაძარცვული იყო.

– სარწმუნოა ეს ვერსია?

–  საეჭვოა, ვახტანგის საფლავი გაძარცვულიყო და იქვე მდებარე თეიმურაზის საფლავი ხელუხლებელი დაეტოვებინათ. ან რა ქონება უნდა ჩაეტანებინათ ვახტანგისთვის, რომ მას მძარცველები მიეზიდა?! ამასთან, იმ ტაძრის გაძარცვა ასე ადვილი საქმე ვერ იქნებოდა, იმას გარდა, რომ იქ ისეთი საფლავებია, რომლებშიც ათჯერ და ასჯერ მეტი სიმდიდრე იქნებოდა. ჩემთვის აუხსნელია, რატომ გახდა ვახტანგ მეექვსის საფლავი გაძარცვის ობიექტი, მაშინ უნდა გაეძარცვათ თეიმურაზის საფლავიც. ამდენად, არაბუნებრივია, თეიმურაზის საფლავი პირვანდელი სახით შენარჩუნებულიყო, ვახტანგის საფლავი კი გაეძარცვათ. თეიმურაზის კაბაც კი ჩამოიტანეს თბილისში, რესტავრაცია ჩაუტარეს და მუზეუმში ინახება.

– კაბა თუ ჩამოიტანეს, თეიმურაზისა და ვახტანგის ცხედრები რატომ არ გადმოასვენეს?

– მაშინ არც დასმულა ეს საკითხი. ერთი ქვეყანა იყო ან ვინ დასვამდა: ეროვნული ხელისუფლება ჩვენ არ გვყავდა და ეკლესიას ამის უფლებას არავინ მისცემდა. მეტიც, ჩვენ დღესაც არ ვიცით, ვისი ინიციატივით მიეცათ ქართველ მეცნიერებს ასტრახანში ჩასვლისა და საფლავების გახსნის უფლება. 

– ამ დელეგაციის გარდა, სხვა ქართული დელეგაცია იქ აღარ ჩასულა?

– ასტრახანის კრემლის კომპლექსში არსებული მიძინების ტაძარი პირველად და უკანასკნელად,  რამდენადაც ვიცი, გიგა პაიჭაძემ და ვახტანგ ჯაფარიძემ გახსნეს.

– რატომ ვერ მოხერხდა ამ პროცესის დაძვრა? რა ფასეულობა აქვს რუსეთისთვის ამ ჩვენი ორი მეფის ცხედარს, რომელთა ტრაგიკული ბედი სწორედ რუსეთის დამსახურებაა? მათი ძვლები ხომ მხოლოდ ჩვენთვისაა ძალიან ფასეული?

– რუსებს საერთოდ ახასიათებთ ერთი რამ: არაფერს თმობენ, მიუხედავად იმისა, სჭირდებათ თუ არა.

– ნამდვილად ვახტანგი და თეიმურაზია იმ საფლავებში?

– თეიმურაზ მეორეზე ეჭვი არ არის, მისი საფლავი აბსოლუტურად დაუზიანებელია. მართალია, მის გვერდით ვახტანგის ამოცნობა შეუძლებელი იყო, მაგრამ, აბა, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო?! წარწერაც ამას ადასტურებს. დოკუმენტურ წყაროებშიც წერია, რომ ვახტანგ მეექვსე გარდაიცვალა ასტრახანში 1737 წლის 26 მარტს და 30 მარტს დაკრძალეს. ამას გარდა, მაშინ იმ საფლავს ხომ პატრონი ჰყავდა?! თუმცა გამორიცხულია, რომ 1917 წლამდე ეს საფლავი ვინმეს გაეძარცვა. მიძინების ტაძარი ასტრახანის კრემლის კომპლექსშია და მთავარი საკრებულო ტაძარია, მაგრამ 1917-1919 წლებში ასტრახანის გარშემო ისეთი ამბები ტრიალებდა, რომ საფლავი შეიძლებოდა, გაეძარცვათ, მაგრამ ამის შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობს. ასე რომ, გაძარცვის თარიღს ახლა ვერავინ დაადგენს.  

– როგორ მოხვდნენ სიცოცხლის ბოლო წუთებში ვახტანგი და თეიმურაზი ასტრახანში გავიგეთ, მაგრამ გავიხსენოთ, როგორ მოხვდნენ ისინი რუსეთში?

– 1722 წელს პეტრე პირველმა კასპიისპირეთში ლაშქრობა დაიწყო. უნდოდა, დაეკავებინა დარუბანდიდან ბაქომდე ზღვის სანაპირო ზოლი, რომ იქიდან მოესინჯა ინდოეთში გასასვლელი გზა. მაგრამ პეტრემ იმავე წელს შეწყვიტა ლაშქრობა, ვერ შეუერთდა ვახტანგს, რომელიც განჯაში იდგა და ვახტანგი, ფაქტობრივად, მარტო დარჩა ირანის წინააღმდეგ, როგორც რუსეთის კავკასიაში მომყვანი. მთელი უბედურება ის იყო, რომ პეტრე პირველმა ირანის შიშით კი არ შეწყვიტა ლაშქრობა, არამედ ოსმალეთი დაემუქრა, ამიტომ მაშინვე, 1723 წელს, ზავი დადო ირანთან. ზავი 1724 წელსაც დაიდო, მაგრამ ერთი სიტყვაც არ დაუსველებია ვახტანგის სასარგებლოდ –  ჩემი მოკავშირე იყო და დააბრუნეთ ტახტზეო. პეტრე პირველმა ვახტანგი სრულიად დაუცველი დატოვა, რის გამოც ვახტანგი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. 1725 წელს პეტრე გარდაიცვალა, მისი მემკვიდრეები ერთი მეორეზე უნიჭოები და უღირსები აღმოჩნდნენ და ვახტანგს აღარანაირი ყურადღება არ მიაქციეს. 1723 წლის შემდეგ რამდენიმე ზავი დაიდო ირანთან, მაგრამ არც ერთ ხელშეკრულებაში რუსეთმა ვახტანგის ინტერესები არ დაიცვა. 1735 წელს, როდესაც იმ ეპოქის ბოლო ხელშეკრულება გაფორმდა განჯაში, ვახტანგი დარუბანდში იყო წასული, როდესაც უთხრეს, რომ ხელშეკრულება დაიდო, რომელშიც ქართლის ინტერესები არ იყო დაცული, ის დაბრუნდა ასტრახანში. ჯანი უკვე გატეხილი ჰქონდა. გადაწყვიტა, კიდევ ეცადა ბედი და ბაქარი, ტახტის მემკვიდრე, გაგზავნა პეტერბურგში რუსეთის იმპერატორთან მოსალაპარაკებლად. თვითონ შედეგებს ასტრახანში ელოდა. ამ მოლაპარაკებებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და ამ მოლოდინში ვახტანგი 1737 წლის 26 მარტს ასტრახანში გარდაიცვალა.

რაც შეეხება თეიმურაზს: ის 1760 წელს გაემგზავრა რუსეთთან მოლაპარკებისთვის. ამ დროს ერეკლე კახეთის მეფეა, ქართლის –  თეიმურაზი. ეს სტაბილურობის პერიოდია, ქართლ-კახეთს აწყობილი აქვს ურთიერთობა ოსმალეთთანაც და ირანთანაც.

– აბა, რა უნდოდათ მოსკოვში?!

– ერეკლე და თეიმურაზი ხვდებოდნენ, რომ პროირანულმა ორიენტაციამ გაამართლა, ქერიმ-ხანი მათთან კარგად არის, მაგრამ ირანი სუსტდება, ქერიმ-ხანი, ზენდების დინასტიიდან, ვერ გახდა შაჰი, აღა-მაჰმად ხანის ტომი, ყაჯრების დინასტია, ემტერება მას. ერეკლე და თეიმურაზი მიხვდნენ, როდესაც ირანი დასუსტდება ხომ შეიძლება, ირანის ტერიტორიის გადანაწილება მოინდომონ რუსეთმა და ოსმალეთმა? ამიტომ დაიწყეს რუსეთთან იმის გარკვევა, ირანის დასუსტების შემთხვევაში თუ აეწყობოდა რუსეთთან ქართლ-კახეთის ურთიერთობა. სამომავლოდ ზვერავდნენ საქმეს, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება, ყაჯრებს დაემარცხებინათ ზენდები. ყაჯრებთან ურთიერთობის აწყობას ერეკლე მაინცდამაინც არ ელოდა, იმიტომ რომ ქერიმ-ხანის მეგობრებს ყაჯრები არ დაინდობდნენ. ამიტომ წავიდა თეიმურაზი რუსეთში, მაგრამ რუსები ხომ მშვენივრად მიხვდნენ, რატომ ჩავიდა თეიმურაზი მათთან? და კარტი არ გაუხსნეს. ბოლოს, როდესაც თეიმურაზმა დააყენა საკითხი, თუ დაგვეხმარებით ჯარითო, რუსებმა ომი მოიმიზეზეს. იმ დროს რუსეთი ჩაბმული იყო 7-წლიან ომში. 1757 წელს დიდი ევროპული ომი დაიწყო, რომელიც 1763 წლამდე არ დამთავრებულა. ამიტომ თეიმურაზს უთხრეს, ომია და კონკრეტულ დაპირებებს ვერ მოგცემთო. რით დასრულდებოდა ეს მოლაპარაკება უცნობია, რადგან სრულიად მოულოდნელად თეიმურაზი პეტერბურგში გარდაიცვალა.

რით?

– მოწამვლის ან ძალადობრივი სიკვდილის ვერსია გამორიცხულია, რადგან ასეთ შემთხვევაში ცხედარი ასე კარგად ვერ შეინახებოდა საუკუნეების განმავლობაში. უკვე ასაკოვანი იყო თეიმურაზი, ასეთ დიდ გზაზე მოგზაურობამ დაღალა. 1761 წელს ყიზლარსა და ასტრახანში არ შეუშვეს და რამდენიმე თვეს აცდევინეს. პეტრე პირველის მიერ დაწესებული წესით, იმ ქალაქში, სადაც სამხედრო გარნიზონი იდგა, როდესაც გვირგვინოსანი შედიოდა, სალუტი უნდა მიეცათ, მაგრამ რუსეთის იმპერატორს ეშინოდა, თეიმურაზისთვის სალუტის მიცემას არ გაეღიზიანებინა ირანი და ოსმალეთი. ამიტომ არ მისცა კომენტატმა სალუტი და თეიმურაზიც არ შევიდა ქალაქში, სანამ სალუტი არ მისცეს. ვერაფერი გაარკვია თეიმურაზმა, თუმცა კარგი დიპლომატი იყო. მაგრამ ცოცხალიც რომ ყოფილიყო, ალბათ, მიზანს მაინც ვერ მიაღწევდა, რადგან რუსეთს არ მოსწონდა, რომ ქრისტიანული ქვეყანა იდგა პროირანულ ორიენტაციაზე.

– აბა, როგორ გადარჩენილიყვნენ?

– რუსეთს არ აინტერესებს, გადარჩები თუ არა. ის არ გეხმარება, მაგრამ მაინც მის მხარეს უნდა იყო.

– რაც უნდა ვაძაგოთ აღმოსავლური იმპერიები, ისინი, თვით მონღოლების ველური იმპერიაც კი, თამაშის რაღაც წესს იცავდნენ, ვახტანგის მაგალითით გამოჩნდა, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც არ ცნობს არანაირ წესს. როგორ გაბრიყვდნენ ვახტანგის ტრაგიკული მაგალითის შემხედვარე?

– ლოგიკური კითხვაა. სხვათა შორის, თქვენს სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ ივანე ჯავახიშვილსაც უკვირდა ეს. საქმე ის არის, რომ ახსნა ყველაფერს აქვს. ერეკლე და თეიმურაზი არავითარ შემთხვევაში არ შეცვლიდნენ პროირანულ პოლიტიკას, ირანი რომ ძლიერ სახელმწიფოდ დარჩენილიყო. ისინი ფიქრობდნენ, დაინგრევა ირანი და დანგრეულ ირანს მიეტანებიან ოსმალეთი და რუსეთი. ვინმეს გავლენის სფეროში მოვხვდებით, ისინი ვარაუდობდნენ, რომ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი დარჩებოდა რუსეთს და გინდა თუ არა, მასთან უნდა გაგერკვია ურთიერთობა. გავიხსენოთ ვახტანგ მეექვსის ისტორიაც: 1712 წელს ჩაიყვანეს ირანში, მაგრამ მაჰმადიანობა მიიღო მას შემდეგ, რაც სულხან-საბა ხელცარიელი დაბრუნდა ევროპიდან. 1716 წლამდე იცდიდა ვახტანგი, მაგრამ ევროპიდან არანაირი იმედი არ იყო. იქ პეტრე პირველმა მიუგზავნა არტიომ ვოლინსკი, ცნობილი დიპლომატი, საიდუმლო შეხვედრები ჰქონდათ კურიერებით. ოდნავ დამაიმედებელი ცნობა რომ ყოფილიყო ევროპიდან, ვახტანგი არ მიიღებდა მაჰმადიანობას, მაგრამ არავინ ეუბნებოდა ირანის შაჰს, გაუშვით საქართველოშიო. მეფედ იყო დამტკიცებული და მაინც ირანში ჰყავდათ. ვახტანგი მიხვდა, რომ ევროპამ ის გასწირა და ვა-ბანკზე წავიდა.

– პეტრესთან მოლაპარაკებას ოფიციალური სახე ჰქონდა?

–  ვახტანგი და პეტრე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან და არც ხელშეკრულება გაუფორმებიათ, კურიერებით საუბრობდნენ. პეტრეს არანაირი ვალდებულება არ აუღია. მან 1722 წელს დაიწყო ლაშქრობა და მარტო დატოვა ვახტანგი 40 000-ანი ლაშქრით განჯაში. 32 000 ქართველი იყო, 8 000 –  სომეხი. ვახტანგის შეცდომა ის იყო, რომ მთელი პოლიტიკა ააგო რუსეთის მიერ ირანის დანგრევაზე. თუ რუსეთი ირანს ვერ დაშლიდა, ვახტანგი დაიღუპებოდა. მასში ირანის დიდი ზიზღი იყო: თვითონ ძალით გაამაჰმადიანეს, გიორგი მეთერთმეტე, მისი ძმები ქაისხოსრო და როსტომი ირანში დაიღუპნენ. საერთოდაც, უამრავი ქართველი შეეწირა ირანელების ავღანელებთან ბრძოლას. ვახტანგი ფიქრობდა, როგორც ადამიანი: როდემდე უნდა იღუპებოდნენ საუკეთესო ქართველი ვაჟკაცები?! და მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. ვახტანგს გონება დაუბინდა ამ ზიზღმა.

– მონარქს არ შეშვენის ასე ჩვეულებრივი ადამიანივით ემოციურად აზროვნება.

– რა თქმა უნდა, თან, ისეთ განათლებულ ადამიანს, როგორიც ვახტანგი იყო. როდესაც ვახტანგის ძმა როსტომი დაიღუპა, ირანის შაჰმა ვახტანგის შვილი ბაქარი დანიშნა სარდლად და უთხრა, ჯარი მომაშველე ავღანეთის წინააღმდეგო. ბაქარმა ჯარი შეკრიბა და ჯავახეთში იყო გასული 5 000 კაცით, ვახტანგმა რომ უკან დააბრუნა. ბაქარი უხსნიდა –  მე ამ ჯარით ირანის შაჰთან წავალ, შენ შენი ჯარით პეტრესთან წადი, ბოლოს და ბოლოს, თავს ვიმართლებთ, მე ხომ მოგაშველე ჯარი, მაგრამ პეტრე ამხელა ჯარით მოდიოდა და შესაკავებლად დავრჩითო, მაგრამ ვახტანგმა მაინც არ გაუშვა ბაქარი. სიფრთხილისკენ მოუწოდებდა მეფეს სამეფოს დარბაზიც. ჩვენ დღეს გვიჭირს ამის წარმოდგენა, მაგრამ ვახტანგს, მართლმადიდებელ მეფეს, მეორე მართლმადიდებელი მეფის დიდი იმედი ჰქონდა.

– ოსმალეთს რატომ არ მიმართა დახმარებისთვის?

– ოსმალეთმა თვითონ შესთავაზა ვახტანგს დახმარება, მაგრამ ვახტანგმა უარი თქვა. მაინც არ გამოვიდოდა აქედან არაფერი. სამი მოთამაშე ართულებდა ვითარებას: თუ ირანი რუსეთს დარჩებოდა, ვახტანგის პოლიტიკა სწორი აღმოჩნდებოდა, მაგრამ ირანი არ დარჩა რუსეთს. ერეკლეს დილემაც ეს იყო: სამი მოთამაშე და ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, ვინ ვის სძლევდა. როდესაც პეტრე დარუბანდიდან შემოვიდა და ბაქოსკენ დაიძრა, ოსმალეთმა ჯარი მცირე აზიაზე კი არ დააყენა, ყირიმის ხანს უბრძანა, 40 000 ცხენოსნის აყრა და პეტრეს ზურგში ჩაუყენა დარუბანდში. პეტრემ მაშინვე შეწყვიტა ლაშქრობა. ამიტომ აქ რუსეთი ირანის პრობლემას ვერ წყვეტდა ოსმალეთისგან დამოუკიდებლად. ვახტანგი ხედავდა, რომ ირანი კვდებოდა, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, სამოღვაწეო ასპარეზზე ნადირ-ხანი გამოვიდა და მან 10-15 წლით გააცოცხდა მომაკვდავი ირანი: ოსმალეთსაც უწევდა წინააღმდეგობას და რუსეთიც აბარგდა კასპიისპირეთიდან, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ვახტანგი საბოლოოდ გაკოტრებულიყო. მაგრამ 1747 წელს მოკლეს ნადირ-შაჰი, ისევ აირია ირანი და ერეკლემ და თეიმურაზმა არ იციან, ვისთან ჰქონდეთ ურთიერთობა. თორემ ქერიმ-ხანი რომ გამხდარიყო შაჰი, ირანი დიდხანს იქნებოდა ძლიერი სახელმწიფო და ერეკლე და თეიმურაზი არავისთან კავშირზე არ იფიქრებდნენ.

 

скачать dle 11.3