კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იზარალებენ ქართველი ავტოდილერები სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებით და აზერბაიჯანის მიერ 2005 წლამდე გამოშვებული ავტომანქანების აკრძალვით

ჩვენი მეზობელი სომხეთი უკვე გახდა საბაჟო კავშირის წევრი და პირი რუსეთისკენ ქნა; ჩვენ 27-ში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოვაწერთ ხელს და პირს ეკონომიკურად ევროკავშირისკენ ვიზამთ. ჩვენი მეორე მეზობელი აზერბაიჯანი არც იქითაა, არც – აქეთ. ამ ორივესთან და რუსეთთან, ანუ ჯამში სამივესთან საკმაოდ აქტიური საგარეო სავაჭრო ბრუნვა გვაქვს. როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, კერძოდ, მის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელზე საბაჟო კავშირის შექმნა, (მით უფრო, უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ სომხეთში ავტომანქანების რეექსპორტს ვეღარ განვახორციელებთ, რადგან არასაბაჟო კავშირის წევრი ქვეყნებიდან პროდუქცია საბაჟო ტარიფის ოთხმაგი ოდენობით დაიბეგრება)? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძესთან ერთად შევეცდებით.

 

როგორი ეკონომიკური დამოკიდებულება იქნება საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების არასაბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებთან?

– სახელმწიფოს აქვს რამდენიმე ატრიბუტი: გერბი, ჰიმნი, ვალუტა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები და სხვა. ასევე, სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ატრიბუტია საკუთარი საბაჟო სივრცე, ანუ საქონლის მოძრაობის გაკონტროლება და შესაბამისი ბაჟის ან გადასახადის დაწესება იმ საქონელზე, რომელზეც კანონმდებლობით გათვალისწინებულია გადასახადები. ეს შეიძლება, იყოს საბაჟო გადასახადი, იმპორტის გადასახადს რომ უწოდებენ; აქციზის გადასახადი; დამატებითი ღირებულების გადასახადი იმპორტირებულ საქონელზე, ექსპორტი გათავისუფლებულია ამ გადასახადისგან. ერთიანი ეკონომიკური სივრცის ყველაზე სრულყოფილი ფორმაა საბაჟო კავშირი. ეს ნიშნავს, რომ ცალკეული სუვერენული სახელმწიფოები თავიანთი სუვერენიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის დელეგირებას ახდენენ ერთიან სივრცეზე. ანუ საქონლის მოძრაობა ამ სახელმწიფოებს შორის განიხილება არა, როგორც სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის მოძრაობა, არამედ, როგორც ქვეყნის შიგნით ერთი ტერიტორიიდან მეორე ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება.

ანუ რაღა ერევნიდან მოსკოვში საქონლის გაგზავნა და რაღა გორიდან –  ქარელში?

– დაახლოებით. ეს ნიშნავს, რომ გადასახადების გადახდას ეს საქონელი არ ექვემდებარება. ეს აჩქარებს საქონლის, კაპიტალის მოძრაობას, ამცირებს თვითღირებულებას და ასე შემდეგ. თუმცა აქ მეორე მომენტიცაა: რადგან ეკონომიკური განვითარების დონითა და პოტენციალით საბაჟო კავშირში შემავალი სახელმწიფოები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდებიან, აქ მეტ სარგებელს ნახულობს ის, რომელსაც უფრო განვითარებული ეკონომიკა, განვითარებული რეალური სექტორი აქვს და, შესაბამისად, დანარჩენი წევრები დამოკიდებულები ხდებიან მასზე.

საბაჟო კავშირის წამყვანი მოთამაშე იქნება რუსეთი.

– მაგალითად, რუსეთის ფედერაციაში მთლიანი შიგა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე 17 000 დოლარამდეა, სომხეთში –  4 000-ს ოდნავ ასცდა, თუმცა მიმდინარე ფასებში კიდევ უფრო ნაკლებია. შესაბამისად, მაღალია რისკი, რომ სომხეთის ეკონომიკა მოექცეს რუსეთის ეკონომიკის გავლენის ქვეშ და ამის ნიშნები უკვე ჩანს.

ამის ნიშნებიც და იმისიც, რომ ჩვენს მეზობელ სომხეთში საკმაოდ გაძვირდება უცხოური, ანუ არასაბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებში წარმოებული პროდუქცია.

– იმავე სომხეთში ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი მოდის ავტომობილებზე, ისევე, როგორც აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდი სახელმწიფოა აზერბაიჯანი, იქ ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი მოდის ავტომობილებზე. საქართველო მაინცდამაინც ვერ გამოირჩევა აქტიური საექსპორტო პოტენციალით და ჩვენ ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი გვაქვს რეგიონში ექსპორტის იმპორტით გადაფარვის. თუმცა, მაგალითად, სამხრეთ კავკასიის ორივე სახელმწიფოსთან გასული წლის მდგომარეობით ჩვენ გვქონდა ექსპორტის იმპორტით გადაფარვის 100-პროცენტიანზე უფრო მაღალი  მაჩვენებელი.

ეს სულ ავტომობილების რეექსპორტის შედეგია?

– ძირითადად, ეს ავტომანქანების რეექსპორტის ხარჯზეა. მაგალითად, აზერბაიჯანთან ეს მაჩვენებელი 111,3 პროცენტია, სომხეთთან  –  173,6 პროცენტი. მაგრამ ამ ბედნიერებამ, როგორც კინოფილმებშია, დიდხანს ვერ გასტანა.  

მიზეზები სხვადასხვაა: აზერბაიჯანში უბრალოდ იკრძალება 2005 წლამდე გამოშვებული ავტომანქანები, რაც ჩვენს ავტოდილერებს საშუალებას მისცემს, რომ ახალი ავტომანქანების იმპორტირებას მიჰყოს ხელი აზერბაიჯანში.

– აზერბაიჯანი აბსოლუტურად სხვა წონით კატეგორიაშია. მისი საგარეო ვაჭრობის მოცულობა თითქმის სამჯერ აღემატება საქართველოს მთლიან შიგა პროდუქტს. ცალკეული წლების მიხედვით მას უფრო მაღალი მაჩვენებელიც ჰქონია, მაგრამ გასულ წელს აზერბაიჯანს 44 მილიარდი დოლარის საგარეო სავაჭრო ბრუნვა ჰქონდა. თანაც, ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მართლაც სანატრელი მაჩვენებელი აქვს: ჩვენზე 10-ჯერ უკეთესი. ჩვენ, დაახლოებით, 35 პროცენტამდე გვაქვს, აზერბაიჯანს –  338 პროცენტი.

ნავთობისა და გაზის ხარჯზე ოღონდ.

– რასაკვირველია, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში შევიდა დიდი ოდენობით უცხოური კაპიტალი, ინვესტიციები და ამან საშუალება მისცა აზერბაიჯანს, ხელი მოეკიდა მეგაპროექტებისთვის. გაუჩნდათ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების, დუბაისთან შეჯიბრის ამბიცია: კასპიის ზღვაზე თითქმის კილომეტრიანი შენობის აგებას აპირებენ. ეს ყველაფერი მოდის ჭარბი ფულიდან. ამას ეკონომისტები ჰოლანდიურ ავადმყოფობასაც უწოდებენ. მაგრამ ეს სხვა თემაა. ფაქტია, აზერბაიჯანს აქვს ამის პოტენციალი. მოსახლეობის ერთ სულზე თითქმის 5 000 დოლარის საგარეო სავაჭრო ბრუნვა აქვს.

ამიტომ იმედია, შეისყიდიან ჩვენი ავტოდილერებისგან ახალ ავტომანქანებს, თუმცა სომხური ბაზარი ნამდვილად იკეტება ქართველი ავტოდილერებისთვის. რა ოდენობის ზარალს განიცდიან ისინი?

– სომხეთთან ვაჭრობას, მაინცდამაინც, დიდი წილი არ უკავია. საზღვრისპირა არაორგანიზებული ვაჭრობა ხილით მხედველობაში არ მიიღება. 

თუმცა სომხები უშვებენ წებოს, მასტიკას, სამშენებლო პროცესისთვის გამოსადეგ წვრილ-წვრილ საქონელს. რის წარმოებასაც მძლავრი ბაზა არ სჭირდება, მაგრამ მაინც წარმოებაა. ჩვენ, რატომღაც, წებოს წარმოებაც კი ვერ მოვახერხეთ.

– სხვათა შორის, სომხეთში რეალური სექტორი, მათ შორის, მრეწველობა საკმარის დონეზეა განვითარებული და ეკონომიკაში მრეწველობის წილი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოს მრეწველობის წილი საქართველოს მთლიან შიგა პროდუქტში. გასაგებია, სომხეთს ატომური ენერგეტიკა აქვს და ამინდს უქმნის, მაგრამ მრეწველობა საკმაოდ აქვს განვითარებული და სოლიდურ შემოსავალს აძლევს დასაქმებულებსაც და ბიუჯეტსაც.

თუ დავითვლით, გამოვა, რომ სომხეთში ავტომანქანების გატანის შეზღუდვა 150 მილიონი დოლარის ზარალს გვაძლევს. ამდენით შეიძლება, შემცირდეს ბრუნვის მოცულობა, თუ ოთხმაგი ტარიფები იქნა შემოღებული სომხეთში, რითაც დღეს რუსეთი აჩერებს იმპორტის მოძალებას საკუთარ შიდა ბაზარზე. ვიცი, რომ ისინი ზრდიან გადასახადებს თამბაქოს ნაწარმზე, აპირებენ აქციზის მომატებას ნავთობპროდუქტებზე, თუმცა ეს იქნება შიდა კამპანია.

შიგნით რუსული თამბაქო და ნავთობპროდუქტები თავისუფლად იმოძრავებს?

– რა თქმა უნდა და შედარებით იაფად, აქციზის გადასახადის ფარგლებში. მაგრამ, მაგალითად, ჩვენთან, როდესაც 2005 წელს სიგარეტზე აქციზის განაკვეთი სამჯერ გაძვირდა, ქართული ბაზარი დაიპყრო კონტრაფაქტურულმა სიგარეტმა; მაშინ ჩვენმა საგადასახადო სამსახურმა 110 მილიონი ლარი იზარალა. შემოსავალი, რაც მას უნდა მიეღო აქციზური განაკვეთის ზრდის ხარჯზე, კი არ გაიზარდა, პირიქით, შემცირდა. კურიოზი მოხდა: აქციზის განაკვეთმა აიწია, მაგრამ შემოსავალმა იკლო, იმიტომ რომ რუსეთში აქციზური განაკვეთი იყო 9 ცენტის დონეზე, სომხეთში –  18 ცენტის დონეზე, როდესაც ეკონომიკური საზღვრები არ არის დაცული, იქ იაფი საქონელი იკავებს ძვირად ღირებულის ადგილს.

რუსეთთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ის, ასევე, არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, ისევე, როგორც სომხეთი. გარდა ავტომანქანებისა, სომხეთში შედის ქართული მედიკამენტები, რომლებიც, როგორც ამბობენ, უფრო იაფად იყიდება იქ, ვიდრე საქართველოში. სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ მედიკამენტებიც გაძვირდება?

– შეიძლება, გაძვირდეს, თუმცა არ ვიცი, რამდენად საინტერესო იქნება ისევ სომხეთისთვის ქართული ფარმაცევტული პროდუქციის შეტანა. რადგან, მაგალითად, ბელორუსში ჩვენთან შედარებით, დაახლოებით, 4-5-ჯერ უფრო იაფია წამლები. ამიტომ იქიდან შეიტანს. თუ აქამდე გეოგრაფიული სიახლოვის ფაქტორი მუშაობდა, ახლა იმუშავებს დაბალი ფასების ფაქტორი.

ქართული ვაჭრობისა თუ ეკონომიკის რა სფეროები დაზარალდება საბაჟო კავშირის ამოქმედებით?

– მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს ერთიანი ეკონომიკური სივრცე არსებობდა, ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკას შორის კოოპერირების დონე არ იყო მაღალი და დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კავშირი აქვს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც, მაგრამ ჩვენს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წილი 10-15 პროცენტია. გაცილებით ნაკლებია ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანისთვის საქართველოსთან მიმართებაში. აზერბაიჯანში საერთოდაც რომ არ შევიდეს ავტომობილები საქართველოდან, შეიძლება, ვერც იგრძნონ. აზერბაიჯანის იმპორტის მხოლოდ 0,8 პროცენტი მოდის საქართველოდან იმპორტზე.

ჩვენთვის კი რა დიდი მაჩვენებელია ის, რასაც ჩვენგან აზერბაიჯანელები ყიდულობენ.

– დიახ, ჩვენ აზერბაიჯანში გასულ წელს 710 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიტანეთ და აქედან 52 პროცენტი ავტომობილებზე მოდიოდა. მათთვის ეს თანხა არ არის, როგორც გითხარით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 44 მილიარდი დოლარი ჰქონდათ.

რა ტიპის პროდუქციაზე შეიძლება, მოიმატოს ფასებმა სომხეთში და ზოგადად საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნებისთვის?

– ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც სომხეთში შევა საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნებისგან, ანუ დანარჩენი მსოფლიოსგან, გარდა რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთისა.

მიუხედავად იმისა, ის ქვეყნები არიან თუ არა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები?

– დადგინდება თამაშის საერთო წესები, რომ საბაჟო კავშირის არც ერთმა წევრმა ქვეყანამ არ იზარალოს. თუ რომელიმე ქვეყნიდან პროდუქციის მიწოდებაზე მაღალია დამოკიდებულება, მაშინ საბაჟო ტარიფი იქნება დაბალი. ამას მარტო საბაჟო კავშირი კი არ აკეთებს, არამედ ევროკავშირიც. მაგალითად, იმ შეთანხმებით, რომელსაც 27 ივნისს ვაწერთ ხელს, საქართველოსთვის პროდუქციაზე კვოტებია დაწესებული. ხოლო, თუ შეტანისას მათი ფასი იქნა ევროკავშირში მოქმედ ფასზე დაბალი, ევროკავშირს შეუძლია, მაღალი ტარიფი დააწესოს ამ პროდუქტებზე, რომ არ აღმოჩნდეს ევროკავშირში არსებულ ფასებზე დაბალი. როგორც იტყვიან, გარკვეული პროტექციონისტული პოლიტიკაა და საბაჟო კავშირის პრინციპი ერთია: იცავს შიდა მწარმოებელთა ინტერესებს.

ცოტაა თუ ბევრი, არაერთი ადამიანი სარგებლობს სომხეთში პროდუქციის გატანით: რა ზარალს ნახავენ ისინი?

– სომხეთთან საქონელბრუნვის მოცულობა არ არის დიდი: ექსპორტი არის 300 მილიონზე მეტი და იმპორტი 200 მილიონზე ნაკლები.

500 მილიონი არ არის ცოტა ჩვენთვის.

– მაგრამ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11 მილიარდს აღემატება.

ბელორუსთან, რუსეთთან და ყაზახეთთან?

– ბელორუსთან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა, მაგრამ ის ათეულშიც არ შედის. ჩვენს საგარეო ვაჭრობაში ლიდერის მაისური ისევ თურქეთს აქვს, თუმცა შესაძლოა, რუსეთმა ჩამოართვას; მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, მესამეზე –  რუსეთი, შემდეგ –   უკრაინა, სომხეთი. მართალია, უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვა ოდნავ, 30 პროცენტით, შემცირდა ამ წლის პირველ ოთხ თვეში წინა ოთხ თვესთან შედარებით.

რუსეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანება როგორ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე?

– ჩვენი საზოგადოება იდეოლოგიურ შტამპებშია მოქცეული და არ ითვლის ეკონომიკურ მიზანშეწონილობას. ამიტომ ამ თემაზე საუბრის დაწყება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის შესაძლოა, არაპოპულარული აღმოჩნდეს. თუმცა მე ვფიქრობ, ეკონომისტები, ექსპერტები, პოლიტოლოგები უნდა დასხდნენ და აწონ-დაწონონ რას იძლევა ევროკავშირი ან საბაჟო კავშირი და დაიდოს მათემატიკური ფორმულა, პირობითად: რა უპირატესობა აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საბაჟო კავშირში გაწევრიანებასთან შედარებით? თუ ვამბობთ, რომ ევროკავშირი კარგია, უნდა ინახოს ციფრებში, რა სარგებელს ნახავს საქართველო თუ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას. მაგრამ აქ ნდობის საკითხია: ევროკავშირის უპირატესობა აღიარებულია.

ანუ საბაჟო კავშირის შექმნა და ჩვენი ევროკავშირის სივრცესთან ინტეგრირების მცდელობა დააზარალებს ჩვენს ეკონომიკურ მაჩვენებლებს?

– ნებისმიერი ბარიერი და აკრძალვა თავისუფალ მოძრაობას აზრი იქნება ეს, საქონელი თუ კაპიტალი, რა თქმა უნდა, აზარალებს. როდესაც სამეზობლოში ასეთი ვითარება იქნება, ვინ გვრჩება პარტნიორად? სომხეთი და აზერბაიჯანი…

скачать dle 11.3