ჯერ მოაშენეს, მერე – დახოცეს
გასულ კვირას ფრიად სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ: კერძოდ, კოლხური ხოხბის აღდგენის პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროში ადგილობრივ მცხოვრებლებს კოლხურ ხოხბებს დაურიგებენო (ცოცხლებს, რასაკვირველია). გარემოს დაცვის სამინისტროს ამ ინიციატივის მიზანი კოლხური ხოხბის გამრავლებაა, ამიტომაც მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოაშენებენ და გაუშვებენ.
მეტიც, დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ (ღმერთმა მეგობრები არ მოგვიშალოს!), დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, „კოლხური ხოხბის საშენი ცენტრის დაარსების“ პროექტიც შეიმუშავა. –
ამ საქმეში ჩართულები ბრძანდებიან: კომპანია „ბრითიშ პეტროლეუმი”, მისი პარტნიორი კომპანიები, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი,” გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამა. პროექტის გენერალური მიზანი კოლხური ხოხბის გამრავლება და მეხოხბეობის, როგორც სოფლის მეურნეობის დარგის, განვითარებაა.
ამიტომაც, ბუნებიდან ველური ხოხბის კვერცხები ამოიღეს და მათი ინკუბაცია მოახდინეს. შესაბამისად, ვოლიერებში უკვე ფრთიანდება 100 ზრდასრული და 150-მდე ლაპი, რომლებიც მეგობართა ხელშეწყობით, სავარაუდოდ, კიდევ და კიდევ იბარტყებენ.
ინიციატივა, უდავოდ, მისასალმებელი და სასიხარულოა, რომ არა ერთი „მაგრამ”: კოლხურ ხოხობს იმიტომაც ამრავლებენ, რომ შემდეგ მსურველები მათზე წარმატებით ანადირონ. –