როდის ეშინია ნანიკო ხაზარაძეს საკუთარი თავის და რატომ არ ერევა ის შვილის ცხოვრებაში
ნანიკო ხაზარაძე მუშაობის აქტიურ ფაზაშია. მუშაობს ტელევიზიაში, იღებენ ფილმში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გეგმიანია და ცდილობს მის ცხოვრებაში ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართოს, მაინც იჩენს ხოლმე თავს მოულოდნელობები, რომლისაც ნანიკოს არ ეშინია. თუ როგორი დედაა ნანიკო, სად ისვენებს ყველაზე უკეთ და რას ანდობს ის მკითხველის ფანტაზიას, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ნანიკო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გული გიხატია და მინაწერი გაქვს: ნანიკო არის მასთან (ანუ ამ გულთან) ურთიერთობაშიო. რას გულისხმობ?
– რაც ნახეთ, იმას (იცინის). არავისთვის კონკრეტული პასუხი არ გამიცია ამასთან დაკავშირებით. მე ეს დავწერე და დანარჩენი თქვენი ფანტაზიისთვის მიმინდვია. ეს არის ძალიან პირადი, რომელიც მხოლოდ ჩემია. დიდი ნაბიჯი გადავდგი, რომ საერთოდ გამოვდე ჩემი პირადი – იყოს ისე, როგორც არის იქ, სოციალურ ქსელში.
– შესაძლოა, უახლოეს მომავალში ნანიკოს ცხოვრებაში ცვლილებები მოხდეს?
– არაფერი ვიცი.
– მარტო ის იცი, რომ ნანიკო ბედნიერია?
– კარგად არის ნანიკო.
– სამუშაო სიტუაციაზე გადავიდეთ. როგორც ვიცი, ფილმში გიღებენ შენ და დუტა სხირტლაძეს.
– ჰო, გვიღებენ „ცელქი ბავშვები 2-ში”. გადაღება ძალიან მალე დამთავრდება. ილუზია მაქვს, რომ მე და დუტა ისევ მთავარ როლში ვართ. იმიტომ რომ, ძალიან ბევრი გადაღების დღე გვაქვს, მაგრამ საბოლოოდ, აღმოჩნდება, რომ 10 წამი გავირბენთ. ვფიქრობ, ეს, მეორე ნაწილი ბევრად უფრო კარგი იქნება, ვიდრე პირველი იყო. თუმცა, პირველმაც ძალიან დიდი რაოდენობით მაყურებელი მიიღო.
– ნანიკო არის უშუალო და მისთვის მისაღებია ყველანაირი ბრძოლის ხერხი, რაც ნორმებში ჯდება. იმისთვის რომ მისი ოჯახი იყოს კარგად, ნანიკო არანაირ სამსახურზე არ ამბობს უარს, ასეა?
– არ ვთაკილობ არანაირ სამუშაოს, რაც ნორმებში ჯდება და მე ეს რეალურად მჭირდება. ხშირად ხდება, რომ მატერიალურად, რაღაცნაირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ჩემთვის აღარ მრჩება ფული. ამიტომ, ხან მიმტანი ვარ და ხან ასე შემდეგ. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სამუშაო, პროფესია დასაფასებელია და ის ადამიანი, ვინც ამ რგოლში მუშაობს. რომ არა ისინი, არ ვიცი, ჩვენი ქალაქი რას დაემსგავსებოდა. ასე რომ, აქედან მინდა, ყველას ძალიან დიდი მოკითხვით, პატივისცემითა და თავის დახრით მივესალმო, იქნება ეს მიმტანი, ქუჩის დამლაგებელი, რომელიც დილის 5 საათზე ყინვასა თუ თოვლში გამოდის და ქუჩას მილაგებს და ასე შემდეგ. ყვველას ვერ ჩამოვთვლი, ძალიან ბევრნი არიან.
– ამ ზაფხულს გაქვს მსგავსი გეგმები?
– წინა ზაფხულს ვერ დავისვენე. რაღაცნაირად ვერ მოხერხდა სამსახურის გამო. მოკლედ, არ ვიცი. ასეთი არეული ზაფხული, ჯერ არ მქონია. მაგრამ, რამეს ვიზამ, არ დავიკარგები.
– საერთოდ, გეგმიანი ხარ?
– კი, მიყვარს, როცა დაგეგმილი მაქვს ყველაფერი.
– მიუხედავად ამისა, მოულოდნელობები მაინც იჩენს ხოლმე თავს შენს ცხოვრებაში?
– იჩენს, მაგრამ არ მეშინია. ავანტიურისტი ვარ. მივდივარ ნებისმიერ რაღაცაზე, არ მეშინია სიახლეების და საერთოდ, რისკიანი ვარ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მიყვარს, როცა დაგეგმილი მაქვს ყველაფერი და გეგმაზომიერად, ასე, ეტაპობრივად რაღაცისკენ მივდივარ – იქნება ეს სამუშაო, ფულის დაგროვება, თუ კიდევ ბევრი სხვა რამ.
– როგორ მოხვედი ტელევიზიაში წამყვანად?
– ეს პროფესია მე არ ამირჩევია და არც არასდროს მიოცნებია მასზე. აკადემია დავამთავრე და თეატრალურში ვსწავლობდი სამსახიობოზე, როცა ცოტნე ნაკაშიძემ დამირეკა – გიორგი ნაკაშიძის მამამ და მითხრა, რაღაცა გადაცემაა და იქნება უკან დაჯდე, სადღაც რაღაც გააკეთოო. დავიწყე უკან ჯდომით, ნელ-ნელა გადმოვედი წინ და იმის მერე, გავიდა 20 წელი და მე ჯერ კიდევ აქ ვარ.
– წინ ხარ და კიდევ დიდხანს იქნები...
– არ ვიცი, ვნახოთ. ეს ხომ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ამას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ვნახოთ, როგორ იქნება.
– ბავშვზე მინდა, მიამბო – როგორ და რამდენად ერევი მის ცხოვრებაში. როგორ ასწრებ იყო აქტიური დედა?
– ვასწრებ. ჩემი შვილი, ლილუ ნუცუბიძე უკვე 10 წლისაა. მას არასდროს ჩემი ყურადღება არ დაჰკლებია, იმიტომ რომ, ჩემი გრაფიკი ყოველთვის ისეა აწყობილი, მას არაფერი მოაკლდეს. ძიძა არ მყოლია, თვითონ გავზარდე და სულ ვცდილობ, ერთად ვიყოთ. ყველაზე მთავარი, რაც შეგნებული მაქვს ისაა, რომ ლილუ არის ჩემი შვილი, მაგრამ არ არის ჩემი საკუთრება. ის არის დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც თავისი დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს. თუ რამე სჭირდება, მკითხავს – ვეტყვი, თუ არა და მე ზოგადად არ მიყვარს რჩევის მიცემა არავისთვის, მით უმეტეს, შვილისთვის. თუ მივხვდი, რომ ცოტა იქით არის, სადაც არ უნდა იყოს, ჩემი პირადი მაგალითით ვუყვები, რომ ამის და ამის გამო, მე ეს და ეს დამემართა. სტრესისგან არავინ ვართ დაზღვებული და ჩემს შვილსაც, ალბათ, ბევრჯერ ექნება ცხოვრებაში ტკივილი – მეგობრებისგან, რა ვიცი, სამსახურიდან და ასე შემდეგ... ეს მისი ცხოვრებაა და ჯობია, თვითონ გაუმკლავდეს და ისწავლოს თავის შეცდომებზე. იმიტომ რომ, სხვის შეცდომებზე არავის, არასდროს არაფერი უსწავლია.
– კი არის მსგავსი გამოთქმა, მაგრამ...
– მე ვერ ვიზიარებ მაგ გამოთქმას.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
– თავისუფალ დროს სახლში ვატარებ. თუ კი მაქვს თავისუფალი დრო, პირდაპირ სახლში მივდივარ.
– ბევრი ამბობს, სახლში ვისვენებ და ამ დროს არ მიყვარს მაკიაჟი, ან დალაგება...
– მაკიაჟი არ მიყვარს ნამდვილად. ესეც დასჯაა ჩემთვის, ეთერში რომ მაკიაჟი უნდა მეკეთოს. მიყვარს დალაგება, იმიტომ რომ, დალაგების დროს თვითონაც ვლაგდები. არ მიყვარს არეული სახლი. მიყვარს ყველაფერი თავის ადგილზე რომ დევს. ჩემი სახლი მუდმივად დალაგებულია. თუ სახლი არეულია, ეგ ნიშნავს, რომ მეც რაღაც არეული ვარ...
– სამზარეულოში ტრიალი გიყვარს?
– ჩემი და ჩემი შვილის რაციონი ძალიან მწირია. ამიტომ, მხოლოდ ის პროდუქტები გვაქვს, რითაც ვიკვებებით. ეს არის ქათამი, გაყინული პელმენი, რომელიც მუდამ არის ჩვენს სახლში, კვერცხი და კიდევ რაღაც რაღაცეები. აი, ამით ვცდილობთ, რომ გავიდეთ ფონს.
– შენს შვილს მოსწონს დედას სამსახური, არ გამოუთქვამს სურვილი, რომ თვითონაც ასევე ეცხოვრა მომავალში?
– არა. ლილუს მოსწონს, რომ დედა კარგად მუშაობს, მაგრამ ის, რომ დედის კვალზე გააგრძელოს მოღვაწეობა, ამაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რა ვიცი, მომავალში რა იქნება, ჯერ პატარაა.
– როგორვ ვიცი, თქვენ და გურამ შარაძის ქალიშვილი ძალიან კარგი მეგობრები ხართ.
– ასეა. ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, ბევრი წლის. ფაქტობრივად, ბავშვობიდან ერთად ვართ. ძალიან მიყვარს. ახლა ჩამოსულია და გუშინდელი საღამო მასთან ერთად გავატარე. იმასაც შეზღუდული აქვს დრო, მეც და გუშინ მოვახერხეთ შეხვედრა.
– გაბრაზებული ნანიკო როგორია?
– გაბრაზებული ნანიკო არის ავი.
– ხშირად ბრაზდები?
– არა, ხშირად არ ვბრაზდები, მოთმინება მაქვს საკმაოდ კარგი, მაგრამ თუ გავბრაზდი, ჩემი თავის მეც მეშინია.
– შენი რა თვისება მოგწონს და რას გამოასწორებდი?
– გამოვასწორებდი ჩემს სიავეს და სიფიცხეს. რა მომწონს, არ ვიცი, საკუთარ თავზე ვერ ვისაუბრებ.
– თავის დროზე შენს პროფესიულ არჩევანში თუ ჩაერივნენ მშობლები?
– არა. მე ავყევი ტენდენციას, როცა ყველა ხატავდა – წავალ მეც დავხატავ-მეთქი. წავედი, მერე აკადემიაში მივხვდი, რომ ჩემი ადგილი თეატრალურშია. თეატრალურის დასრულება ვერ მოვასწარი, რომ ტელევიზიაში მოვხვდი და მას შემდეგ აქ ვარ, უკვე ამდენი წელია.