რას ნანობს ყველაზე მეტად სოფო გელოვანი და ვისი დახმარებით ისრულებს ის ბავშვობის ოცნებას
დარწმუნებული ვარ, სოფო გელოვანის ნებისმიერი ნამღერი, არავის ტოვებს გულგრილს. სოფო ცხოვრებაშიც საკმაოდ გაწონასწორებული და მშვიდია, ბევრი დადებითი ემოციით, რაც სიმღერის დროსაც კარგად იგრძნობა.
სოფო გელოვანი: მინდა გითხრათ, რომ პროექტმა „ორი ვარსკვლავი“ ბევრი ადამიანი გამაცნო. მათთან დღემდე ვმეგობრობ და მაქვს ურთიერთობა. რაც შეეხება მიშას, ჩემს პარტნიორს, ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. სწორედ მათგან გავიგე, რომ მღეროდა, მეც მოვუსმინე, მომეწონა, მესიმპათიურა, როგორც მომღერალი და შემდეგ ნოეს ვთხოვე: იქნებ მოუსმინო, ნახო-მეთქი. თავიდან უარობდნენ, რადგან არ იყო ცნობილი სახე, მაგრამ საბოლოოდ, დამთანხმდნენ. ზოგადად, რთულია არაპროფესიონალთან დუეტში სიმღერა, რადგან როგორ პარტნიორობას გაგიწევს არ იცი. ეს კი საკმაოდ რთულია.
– თუმცა, შენზე სულ ამბობენ, რომ ძალიან კომფორტული მეწყვილე ხარ, პროფესიონალიზმზე აღარაფერს ვამბობ.
– მაქსიმალურად ვცდილობდი, მისთვის კომფორტი შემექმნა, რადგან ვიცი, ეს რა რთულია. განსაკუთრებით სპორტსმენისთვის, რომელსაც ცხოვრებაში არ უმღერია სცენაზე, ხალხში. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი კომფორტულად ეგრძნო. არ ვიცი, ეს რამდენად შევძელი, მაგრამ პროექტში დიდხანს დავრჩით.
– ცეკვაც მოგიწია სცენზე.
– ვერ ავცდი ცეკვას. კი ვამბობდი: არ მაცეკვოთ-მეთქი... მიშაც ასე ამბობდა. მაგრამ, როცა სხვა გზა არ გაქვს, ვერაფერს გააკეთებ. მე მინდა, სიმღერით ვთქვა ჩემი სათქმელი, მაგრამ რადგან შოუა, მომიწია ცეკვაც. გავრისკე და აჭარული ვიცეკვე, გენებმაც თავისი ქნა. ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იცის, რომ მიყვარს ცეკვა მეგობრების წრეში. უბრალოდ, სცენაზე აქამდე არ მიცეკვია. რაღაცეები ვცადე. ვიცი, რა მსიამოვნებს, ამიტომ უკვე მინდა, ვაკეთო ჩემი საქმე, ვიდრე სხვა რამ. თან, ყოველთვის ვცდილობ, არ მოვედო ბევრ რაღაცას. მომღერალმა მაინც თავისი გზა უნდა იპოვოს და აკეთოს ის – თავისი ხაზით წავიდეს.
– ბევრ ჟანრს მღერი ძალიან კარგად, მათ შორის ერთ-ერთი რომანსებია.
– კი, მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, რომანსები არ არის აქტუალური. თუმცა, სამომავლოდ, ვფიქრობ, აუცილებლად გავაკეთო რომანსის საღამო. ახლო მომავალში ახალი სიმღერა უნდა ჩავწერო. ლილიკო ნემსაძემ საოცარი სიმღერა დამიწერა – „ტანგოა”. ძალიან ახლოს არის ჩემთან ეს მუსიკა, თან ფრანგულ ენაზეა. ახლა ამ სიმღერაზე ვმუშაობთ, საინტერესო კომპოზიციაა. ერთი სული მაქვს, როდის დავამთავრებ. „ტანგო”, ზოგადად, ძალიან მომწონს, დიდ სიამოვნებას ვიღებ.
– ახლო მომავალში ევროპაშიც ხომ არ გეგმავ კონცერტის ჩატარებას?
– ოქტომბრისთვის იგეგმება ბერლინში ჩემი კონცერტი. აქამდეც უნდა ყოფილიყო. უბრალოდ, დაკავებული ვიყავი და ამის გამო გადაიდო ოქტომბრისთვის. იმედი მაქვს, აუცილებლად გავაკეთებთ – ეს იქნება ჩემი საღამო, გავაკეთებთ სიმღერებს და ჩავალთ. ამ ეტაპზე ამ საქმეებით ვარ დაკავებული. ვცდილობ, ზაფხულში ცოტა დავისვენო.
– როგორი დასვენება გიყვარს?
– ზაფხული ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ზღვასთან ასოცირდება. მთა კი მიყვარს, მაგრამ ზღვაზე თუ არ წავედი, ის ჩემთვის დასვენება არ იქნება. იმდენ ენერგიას ვიღებ ამ მცირე დროში, რომ მერე მთელი წელი ვმუშაობ. თუმცა, ვცდილობ, პასიურად დავისვენო, ვიდრე აქტიურად. ამიტომ შევეცდები, ეს ზაფხული მშვიდად, წყნარად გავატარო.
– გაძლევს ბავშვი ამის საშუალებას?
– კი, როგორ არა. თან, გაიზრდა, დიდი ბიჭია, 5 წლის. არ არის ძალიან ცელქი – ისეთი, რომ არ დაგსვას და არ მოგასვენოს. ახლა ვაწყობთ გეგმებს.
– როცა კონკურსში გამოდიოდი, ალბათ, შენი შვილი და მეუღლე ძალიან გგულშემატკივრობდნენ.
– მე არა, უფრო მიშას. მას იცნობენ და მეგობრობენ – დათას ძალიან უყვარს მიშა. ჩემზე საერთოდ არ ნერვიულობდნენ, სულ ჩემს პარტნიორზე იყვნენ გადართულები: როგორ იმღერებდა, რადგან ეს ჩემს ემოციებზეც მოქმედებდა. ძალიან ვნერვიულობდი.
– ოჯახსაც მოაკლებდი ბევრ დროს, არ აპროტესტებდნენ?
– რა თქმა უნდა, მოვაკელი დრო, მაგრამ სულ იმას ვამბობ, ამ კუთხით ძალიან განებივრებული ვარ-მეთქი. ასეთ დროს არსებობენ ადამიანები, რომლებიც ავსებენ ამ ყველაფერს – შვილთან ურთიერთობაა თუ სხვა დანარჩენი. არანაირი პრეტენზია და პროტესტი არ არის. პირიქით, უხარიათ, რომ დატვირთული ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ.
– ყოველთვის ასეთი მშვიდი ხარ?
– უფრო ასეთი ვჩანვარ. თუმცა, ზოგადად მშვიდი ვარ, არ მიყვარს კონფლიქტი. არ მიყვარს ყვირილი, აღშფოთების გამოხატვა – ჩემი თავი ასეთი არ მახსოვს. ვცდილობ, ჩემი ემოციები გავაწონასწორო.
– როგორი ბავშვი იყავი?
– მიუხედავად იმისა, რომ ახლა მშვიდი ვარ, ბავშვობაში საშინლად აქტიური ვიყავი. დედა ვერ მაჩერებდა სახლში, მეზობლებში გავრბოდი, მერე იქ მეძებდა. სულ რაღაცეებს ვაკეთებდი, ეზოში სპექტაკლებს ვდგამდით. მე ორგანიზატორი ვიყავი, სკოლაშიც ასე იყო. დროთა განმავლობაში დავმშვიდდი. ხიფათიანიც ვიყავი. 5 წლის ასაკში დიდი ვაზა გადმოვაგდე ისე, რომ ტუჩზე დავიხეთქე. პატარა ნაკერები დამადეს. დღემდე დედაჩემის ყვირილი მესმის ყურებში, იარაც ისევ მაქვს შემორჩენილი. ახლა ნაკლებად ხიფათიანი ვარ. დათა ძალიან ფრთხილია, დაკვირვებული და ეს მახარებს, უფრო მშვიდად ვარ.
– რა იყო შენთვის პირველი წარმატება, რომელიც დღემდე გახსოვს?
– პირველი ჩემი წარმატება საერთოდ არ არის დაკავშირებული სიმღერასთან, მაგრამ მაშინდელი ემოციები დღემდე მახსოვს. ხატვის გაკვეთილზე რაღაცეებს ვხატავდით და ჩემი ნახატი ისეთი კარგი გამოვიდა, გამოფენაზე გაიტანეს. ისეთი ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემი ნამუშევარი დავინახე გამოფენაზე. კიდევ მიყვარდა ცეკვა, დღემდე ვნანობ, რატომ არ შევედი ბალეტზე. მიხარია, რომ ჩემი და ასრულებს ჩემს ოცნებას.
– ბალეტზე დადის?
– კი, დადის ბალეტზე. ვიზუალურად და ისედაც, ძალიან მგავს. რაც მთავარია, თვითონაც ძალიან მოსწონს ბალეტი და როგორც ამბობენ, კარგი მონაცემები აქვს. ჩემს პატარაობის ოცნებას მასში ვხედავ და მიხარია, ყველანაირად ვუდგევარ მხარში, ვცდილობ, მის გვერდით ვიყო.
– სხვა ოცნებაც გაქვს?
– რაც დრო გადის, უფრო მეტად ვნანობ იმას, რატომ არ ავირჩიე კლასიკური მუსიკა და არ წავედი ამ განხრით. მქონდა ამის მონაცემი და ბევრი მირჩევდა წავსულიყავი ამ ხაზით. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ სწორედ ის არის მუსიკა და ძალიან ახლოს არის ჩემთან. დღემდე, რომ ვუყურებ კლასიკური მუსიკის მომღერლებს, ძალიან მაღალ დონეზე რომ არიან, სადღაც გულში გავიფიქრებ ხოლმე: რატომ არ წავედი.
– რატომ არ წახვედი?
– მშობლებმა არ დამაძალეს. ხანდახან დედ-მამას საყვედურს ვეუბნები: რატომ არ დამაძალეთ-მეთქი. ბავშვური აკვიატება მქონდა: თან მომწონდა, თან არ მომწონდა. ისეთ ასაკში ვიყავი, მაშინ ამ ყველაფერს სწორად ვერ ვაანალიზებდი. დღესაც ვამბობ, ჩემს შვილებს თუ გამოჰყვებათ ნიჭი, ყველანაირად შევუწყობ ხელს და ვეცდები, იმ მხარეს წავიყვანო. ახლა, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. ჩემი გეგმებიც მომწონს და ვცდილობ, განვახორციელო.
– ზოგადად, გჭირდება ვინმეს მხრიდან ბიძგი, დაძალება?
– აუცილებლად. არ ვარ მიზანდასახული. რა თქმა უნდა, ჩემი მიზნები მაქვს: ამას გავაკეთებ, ამას... მაგრამ ვინმე თუ არ მყავს გვერდში და არ მეტყვის: სოფო, აბა ახლა დროზე გააკეთეო, მაინც ვზარმაცობ. მჭირდება ადამიანი, რომელიც შემომიძახებს და საბედნიეროდ, გარშემო მყვანან ისეთები, ამ სტიმულს რომ მაძლევენ. რა თქმა უნდა, მათ შორის მთავარი ნოდია – ისე ვერ იტანს, რაღაცას რომ ვერ ვაკეთებ, წუხდება. საერთოდ, მიმაჩნია, რომ როდესაც არაფერს ვაკეთებ, ძალიან უინტერესო ვხდები, ჩემი თავი ყველაზე უინტერესო მგონია და ვითრგუნები. მერე ვცდილობ, რამე გავაკეთ, დავსაქმდე და ამიტომაც მჭირდება ისეთი ვინმე, ვინც შემომიძახებს. ნოდი რომ არ მყავდეს, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ის უფრო აქტიური, მიზანდასახულია – იცის, რა უნდა ცხოვრებაში და მეც ზუსტად ისეთი ადამიანი მჭირდებოდა, როგორიც მყავს. შემომიძახებს, მეტყვის ხოლმე: აბა, რა, რისკზეც უნდა წახვიდე, ეს უნდა გააკეთო. მე კი სულ ვშიშობ: ამას ვერ გავაკეთებ და ის მეუბნება: კარგი, არ უნდა ამას ამდენი ფიქრიო. თან, ხელოვან ადამიანებს სჭირდებათ ახალი ემოციები, ახალი სიხარული, რომ ამან უკეთესად აამღეროს, სხვანაირად იმღეროს. ბოლო დროს ცოტა უხასიათობა მჭირს – ამაში დავიჭირე თავი. მაგრამ, ის, რაც ჩემს გარშემო ხდება, ამის საშუალებას არ მაძლევს. უბრალოდ, როცა საქმე არ მაქვს, ეს მაშინ მემართება. დასვენებაც არ მიყვარს ათ დღეზე მეტი. როგორც კი ათ დღეს გადასცდება, მაშინვე ვცდილობ, რამე ვაკეთო.