როგორ მამაკაცებს ვერ იტანს მერი ნაფიშვილი და როგორ ახერხებს ის ფორმაში ყოფნას
მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო სახლ „ირაკლეონის” მოდელი მერი ნაფიშვილი ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, უკვე საკმაოდ წარმატებული და საინტერესო სამოდელო ცხოვრება აქვს. ამბობს, რომ მისი ცხოვრებაც და კარიერაც რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც დიზაინერი ირაკლი კახნიაშვილი გაიცნო და მისი სამოდელი სახლის, „ირაკლეონის” მოდელი გახდა. სულ რამდენიმე დღეში, მერი ბუქარესტში მიემგზავრება. 5 ივლისს იქ ტარდება სილამაზის კონკურს „მის ევროპა ტურიზმი 2014-ის” ფინალი, სადაც მერი წარსდგება საქართველოს სახელით. ამ კონკურსში 45 ქვეყანა მონაწილეობს. მერი, ნერვიულობს, თუმცა წარმატების იმედი აქვს. ჩვენი მასთან საუბარი, „თბილისელების” სტუდიაში, საკმაოდ ხანგრძლივი ფოტოსესიის შემდეგ შედგა.
მერი ნაფიშვილი: ერთი წელია, რაც საქართველოში ჩამოვედი და მას შემდეგ გადავწყვიტე, პირველი ნაბიჯები გადამედგა, როგორც მოდელს.
– საიდან ჩამოხევედი? მოდი, თავიდან მიამბე ყველაფერი.
– 9 წლის რომ ვიყავი, ჩვენი ოჯახი საბერძნეთში გადავიდა საცხოვრებლად. მაშინ მეოთხე კლასში ვსწავლობდი. მას შემდეგ, სალონიკში დავამთავრე გიმნაზია, მყავს ბევრი ბერძენი მეგობარი. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ისევ საქართველოში დავბრუნდით.
– ოჯახთან ერთად თუ მხოლოდ შენ?
– არა, ოჯახთან ერთად დავბრუნდი საქართველოში. მოგვენატრა ჩვენი სამშობლო.
– როგორც მოდელს, საბერძნეთში არ მოგისინჯავს ძალები?
– არა, არ მქონია ასეთი შესაძლებლობა, სამწუხაროდ.
– რატომ? სურვილი არ გამოთქვი, თუ...
– არა, სურვილი ბავშვობიდანვე მქონდა, რომ მოდელი გამხდარიყავი, მაგრამ...
– მაგრამ რა, არ მითხრა ახლა, ფიზიკური მონაცემები არ მიწყობდა ხელსო.
– არა (იცინის). ყველაფერში ჩემი ასაკი იყო დამნაშავე. საბერძნეთში, თუ სრულწლოვანი არ ხარ, უფლება არ გაქვს, სამოდელო სააგენტოში მიხვიდე და მოდელობა მოინდომო. თან, იქ ისეთი ტენდენციაა, გავლენიანი დედიკოს და მამიკოს შვილი თუ არ ხარ, ანუ ვინმემ თუ არ შეგიწყო ხელი და პროტექცია არ გაგიწია, ამ სფეროში ძნელია, საერთოდ მოხვდე. თუ როგორღაც შემთხვევით მოხვდი, წარმატების მიღწევა გაგიჭირდება. ამიტომ, ჩამოვედი თუ არა საქართველოში, მაშინვე გავედი „ელიტ მოდელ ლუქის” ქასთინგზე. მართალია, არ გამიმართლა, მაგრამ ჩემი სამოდელო ცხოვრება სწორედ ამ დღიდან დაიწყო.
– ამის შემდეგ რა მოხდა?
– ამის შემდეგ ვსწავლობდი სამოდელო სტუდია „გრაციაში”, შემდეგ, უეცრად, გამოჩნდა დიზაინერი ირაკლი კახნიაშვილი – სამოდელო სააგენტო „ირაკლეონის” დამაარსებელი და ხელმძღვანელი. ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ჩემი ცხოვრება და კარიერა შეიცვალა. „ირაკლეონში” ტარდებოდა „მის ევროპა ტურიზმის” შესარჩევი ტური, სადაც მონაწილეობა მივიღე და გავიმარჯვე. ახლა, 5 ივლისს, ბუქარესტში ტარდება ფინალი – „მის ევროპა ტურიზმი 2014,” სადაც მე წარვსდგები როგორც საქართველოს სახე.
– რამდენი კონკურენტი გეყოლება ამ კონკურსზე?
– „მის ევროპა ტურიზმი 2014-ში” 45 ქვეყანა მონაწილეობს.
– რა მოლოდინი გაქვს?
– მართალია, ჯერ ჩემს კონკურენტებს არ ვიცნობ, მაგრამ საკუთარი თავის იმედი ნამდვილად მაქვს. სურვილი და მოტივაციაც ძალიან დიდია გამარჯვებისთვის.
– მერი, შენი პარამეტრები მაინტერესებს.
– ჩემი პარამეტრებია 82X60X87. სიმაღლღმე 175 სანტიმეტრი. გარეგნულად დედას ვგავარ. ისიც მაღალია – 1.82 სანტიმეტრი. ალბათ, გათხოვებამ შეუშალა ხელი, თორემ დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევდა სამოდელო სფეროში. დედა ადრე გათხოვდა, 13 წლის. 16 წლის იყო, მე რომ დავიბადე. ასე რომ, დაქალებივით ვართ.
– შენც ხომ არ აპირებ გათხოვებას?
– არა. რამდენად ამბიციურადაც არ უნდა ჟღერდეს, სანამ სწავლას არ დავამთავრებ და ჩემს სიტყვას არ ვიტყვი სამოდელო სფეროში, მანამდე გათხოვებას არ ვგეგმავ. ამას ბევრის გასაგონად ვამბობ! (იცინის).
– ჰოდა, მეც იმ „ბევრზე” მიამბე.
– რა გიამბოთ, მყავს ძალიან ბევრი თაყვანიმცემელი, მაგრამ ჩემს სიმპათიას არც ერთი არ იმსახურებს, ჩემს კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.
– როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელიც შენს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს?
– ჩემს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს ისეთი მამაკაცი, რომელიც იქნება სერიოზული, წარმატებული, სიმპათიური, ჩემზე მაღალი, ჯენტლმენი. მარტყუარა კაცებს ვერ ვიტან და რაც მთავარია, ჩემ გვერდით უნდა იდგეს და ჩემი გულშემატკივარი იყოს სამოდელო სფეროში. ქალი ვიცი „კუხნაშიო”, – ეგეთი ქმარი არ მინდა.
– რომანტიკული უნდა იყოს, და შენი გულისთვის მთებიც უნდა გადადგას?
– რა თქმა უნდა. არაფრის გაკეთება რომ არ შეუძლიათ და აქეთ შენგან ელიან რაღაცეებს, ეგეთები არ მომწონს.
– შენ როგორი იქნები მისთვის?
– იდეალური ქმრისთვის მეც იდეალური ცოლი ვიქნები. არ მოვაკლებ ზრუნვას და საერთოდ არაფერს (იცინის). სამზარეულოშიც ვიფუსფუდებ და საყვარელ კერძსაც მოვუმზადებ.
– ესე იგი, სამზარეულოში ფუსფუსი გეხერხება?
– კი, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ძალიან მომწონს სამზარეულოში ფუსფუსი.
– ხაჭაპურს, ტოლმას, კუჭმაჭს, ჩახოხბილს... ამზადებ?
– არა, ხორციანი სამჭმელები არ მიყვარს საერთოდ. ხაჭაპურს და ლობიანს ვამზადებ, კიდევ – ბევრნაირ სალათას.
– „მის ევროპა ტურიზმი 2014-ის” ფინალისთვის როგორ ემზადები?
– ვცდილობ, ვიყო ფორმაში – ვვარჯიშობ, ვდგამთ ქართულ ნაციონალურ ცეკვა „ზეკარს”.
– როგორი შთამბეჭდავი იქნები, წარმომიდგენია.
– ჰო, იმედი მაქვს. ასევე „მის ევროპა ტურიზმი 2014-ის” ფინალზე უნდა წარვდგე ქართული ნაციონალური სამოსით.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– სამომავლოდ, „მის ევროპა ტურიზმის 2014-ის” ფინალის შემდეგ, კვლავ ვაპირებ სამოდელო საქმის გაგრძელებას, „ირაკლეონის” ფარგლებში ჩვენებებში მონაწილეობას მივიღებ. გარდა ამისა, ძალიან მინდა, ჩავაბარო იურიდიულ ფაკულტეტზე და სექტემბრიდან ამ საქმესაც სერიოზულად მივხედავ. აქტიურად დავიწყებ მეცადინეობას, რომ ეს ოცნებაც ვაქციო რეალობად. იმედია, მომავალში როგორც იურისტსაც მექნება გარკვეული წარმატებები.
მიზანს რომ დავისახავ, შრომა არ მეზარება მის მისაღწევად. ვფიქრობ, ეს ის თვისებაა, რომელიც ცხოვრებაში ძალიან გამომადგება და ბევრ საქმეში დამეხმარება. ჯერ ხომ მხოლოდ 16 წლის ვარ.