ყველა კაცი ერთნაირია
აქ არ მთავრდება...
ვახომ დაუფარავი სიბრალულით შეხედა განადგურებულ ზუკას და ამოიოხრა:
– არც კი ვიცი, რა მოგიხერხო. მეცოდები, მაგრამ, ვერაფერს გიშველი. ეგ ქალი შენთვის არ არის. არ უყვარხარ... კიდევ უარესი – არ უნდიხარ. აცალე, რა, ცხოვრება და საკუთარ ცხოვრებაზეც იფიქრე. გაიცნობ კარგ გოგოს და შვილებიც გეყოლება. თან, ისეთები, ეჭვი რომ არ შეგეპარება, შენია თუ სხვისი.
– არავინ მჭირდება ლიზას გარდა...
– ეს ახლა ამბობ ასე. უნდა მიხვდე, რომ უაზრო სიჯიუტით მარტო საკუთარ თავს კი არ აზარალებ, ლიზასაც შეუქმენი პრობლემა. ეს ელემენტარული ჭეშმარიტება რატომ არ გესმის? დრო აღარ არის, რეალობას შეეგუო? თუ გინდა, ლიზა ბედნიერი იყოს, გაუშვი.
– და... ბავშვი?! – წამოიძახა ზუკამ, – შვილზე უარი ვთქვა?
– ჯერ ერთი, არ იცი, ის ბავშვი მართლა შენი შვილია თუ არა და, მეორეც – შენიც რომ იყოს, რა გირჩევნია მისთვის – უზრუნველი ცხოვრება წარმატებული მშობლების გვერდით, ნორმალურ ოჯახში, თუ, „კავკასიური ცარცის წრე“? დამიჯერე, ეს მეორე ვარიანტი საშინელება იქნება მისთვის.
ზუკამ დაბინდული მზერა მიაპყრო. ვახო მასთან მივიდა და მხარზე მეგობრულად მოუთათუნა ხელი:
– მომისმინე, ვიცი, რომ ძალიან გიჭირს. ვხვდები, რომ შენს თავსა და გულში ახლა სრული ქაოსია, მაგრამ, წადი სახლში, დამშვიდდი და იფიქრე. მიხვდები, რომ, ჯობია, დამიჯერო... მოიცადე, ვიღაც მირეკავს... – ვახომ მობილურს დახედა, ნომერი ვერ იცნო და გაოცებით აიჩეჩა მხრები: – ეს ვიღაა, ნეტავ. ასეთ დროს კლიენტი ხომ ვერ დარეკავდა?! ეტყობა, ვიღაცას ნომერი შეეშალა... – გისმენთ! დიახ, ვახო ვარ. კი მაგრამ, თქვენ ვინ ბრძანდებით? რას ნიშნავს, შემხვდებით და გავიგებ, იქნებ, საერთოდ არ მინდა თქვენთან შეხვედრა? ვინ? – ვახო შესამჩნევად გაფითრდა, – გავიგე... კარგი... მე ოფისში ვარ... მისამართს გეტყვით და მოდით... – ვახომ არეული მზერა მიაპყრო ზუკას, – წადი ახლა სახლში და დილით დაგირეკავ. სისულელე არ ჩაიდინო, იცოდე... ხვალ კიდევ დაგელაპარაკები.
– შენ რომ მიემგზავრები სადღაც? – შეშფოთებულმა ჰკითხა ზუკამ.
– არსადაც არ მივემგზავრები, ნუ დარდობ. ამ ჩანთით დედაჩემთან მქონდა ჩემი პირადი ნივთები და წამოვიღე, – იცრუა ვახომ, – მოკლედ, ხვალ შეგეხმიანები.
– ვინ გირეკავდა? – დაინტერესდა ზუკა.
– ისეთი არავინ, – კლიენტია. ეტყობა, ახლა მოიცალა. რას ვიზამ, უნდა მივიღო.
– თუ გინდა, დავრჩები.
– არა, არა, წადი. დაიძინე და არაფერზე იფიქრო...
– მე რომ არაფერზე ვიფიქრებ... – ამოიოხრა ზუკამ და ხელი ჩაიქნია.
***
გიგის ნინის ხელი ეჭირა და ეფერებოდა, თან ეჩურჩულებოდა:
– შე სულელო, შენა... რამდენი მანერვიულე.
– ჰმ, კიდევ მე განერვიულე? უცნაურია, პირდაპირ. ახლა მე მკითხე, როგორ ვინერვიულე! – მსუბუქად წაუთაქა ნინიმ, – საზიზღარი! ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული, სწორად ვიქცევი თუ არა, რომ გაპატიე.
გიგიმ თავი ასწია. ისეთი დამფრთხალი, შეშინებული გამოხედვა ჰქონდა, რომ გოგოს სიცილი აუტყდა:
– აუჰ, რა იყო? ასე ძალიან თუ გიყვარდი და გეძვირფასებოდი, რატომ მომეცი იმის უფლება, რომ სხვაზე მეფიქრა სერიოზულად?
გიგი შეიჭმუხნა:
– ახლა იმ იდიოტზე ლაპარაკი არ დამიწყო და არ გამაგიჟო! ჯერაც ვერ მომინელებია, ისე რომ ვერ ვცემე, როგორც ეკადრებოდა.
– ჰა, ჰა, ჰა! გეყოფა, იქ მაინც არ ვყოფილიყავი. შენ უფრო გაილახე.
– ნინი! – წარბი შეიკრა გიგიმ, – ახლა, არ მაჩხუბო.
– არა, არ მინდა ჩხუბი... აღარ მინდა... – ნინი მხარზე მიეხუტა ბიჭს, მაგრამ, მალე ისევ აუთამაშდა თვალებში ეშმაკუნები, – ისე, ძალიან ლამაზი ბეჭედი კი იყო... შენც მიყიდი ასეთს?
– უკეთესს გიყიდი და დაამთავრე ახლა ამ თემაზე ლაპარაკი. კიდევ რა გაქვს მისი ნაჩუქარი? უნდა გადაგიყარო.
ნინიმ ენა გამოუყო და ნიშნის მოგებით ჩაულაპარაკა:
– ძალიანაც ნუ იქადნები. ჯერ ქმარი არ ხარ.
– მაგრამ, მალე ვიქნები და მერე გადაგიყრი... აი, ლევანიც მოდის...
– როგორ არის საქმე?
ლევანმა ხელები გაშალა:
– არც ჩემი სისხლის ჯგუფი არ დაემთხვა... დონორი უნდა ვეძებო. ექიმმა მითხრა, ასე ხდება ხოლმეო... ხომ ვერ დამეხმარებით? იქნებ, რომელიმეს სისხლი გამოგვადგეს.
გიგიმ ხელები გაშალა:
– სიამოვნებით, მაგაზე უარს როგორ გეტყვით, ნეტავი კი გამოგადგებოდეთ რამეში.
– ჩემი სისხლიც ვნახოთ, – აფორიაქდა ნინი, – ლიზა როგორ არის?
– ლიზას შენი ნახვა უნდა. შეხვალ მასთან?
– რა თქმა უნდა...
– მანამდე მე მზად ვარ, სისხლი გავიღო პატარა ვაჟკაცისთვის, – გაიბადრა გიგი და ლევანს მეგობრულად გაუღიმა, – იცოდეთ, თუ ჩემი სისხლი გამოდგა, ბავშვის ნათლია მე უნდა ვიყო. ვხუმრობ, რა თქმა უნდა.
– რა ხუმრობა, ოღონდ ყველაფერი კარგად დამთავრდეს და, ისეთ ნათლობას გადავიხდი... ის კი არა, თქვენი ქორწილის ხარჯსაც მე ვკისრულობ... რა, არ მაქვს უფლება, ჩემი შვილის ნათლიას ქორწილი გადავუხადო?
– რა დროს ეგ არის, ეს კაცები ყველანი ერთნაირები როგორ ხართ? – ყასიდად გაცხარდა ნინი, – მე ხალათს ავიღებ და ლიზასთან შევალ, თქვენ კი საქმეს მიხედეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ დონორის მოძებნა არ დაგვჭირდება...
ლიზა თვალებგახელილი იწვა და ჭერში ერთ წერტილზე ჰქონდა მიშტერებული მზერა. ნინიმ იფიქრა, სძინავსო, მაგრამ, როგორც კი მიუახლოვდა, ლიზამ მისკენ მოაბრუნა თავი და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა...
– ჩემი შვილი... მოკვდება?.. – ძლივძლივობით წარმოთქვა და ტუჩები აუკანკალდა. ნინის გული მოეწურა. საწოლთან მივიდა და ხელზე მოჰკიდა ხელი:
– კარგი, რა, ამას ნუ ამბობ. სისხლს გადაუსხამენ და კარგად იქნება.
– არა... არც ჩემი სისხლი აქვს და არც ლევანის... შენ იცი, რატომაც...
– არ მინდა, ამაზე ნუ ილაპარაკებ... ექიმს უთქვამს, ასეც ხდება ხოლმეო. ნუ ინერვიულებ, რა...
– არასდროს მდომებია შვილი და, შეიძლება, სწორედ ამის გამო ვისჯები. ყოველთვის საკუთარ სიამოვნებაზე ვფიქრობდი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი პაწაწინა, ერთი ციცქნა არსება ასეთი მნიშვნელოვანი გახდებოდა ჩემთვის... თანაც, ასე მალე... მზად ვარ, ლევანს ყველაფერი ვუთხრა... შენ ან გიგის შეგიძლიათ, ზუკას დაურეკოთ და აქ მოიყვანოთ?
– ამისთვის გინდოდა ჩემი ნახვა?
– ჰო... ზუკა მოვა, ბავშვს სისხლს გადაუსხამს და გადაარჩენს...
– ლიზა, მომისმინე... შენ გინდა ზუკასთან ცხოვრება? – ფრთხილად ჰკითხა ნინიმ.
– არა. ეგ რა შუაშია? მე შვილის გადარჩენა მინდა. მინდა, რომ იცოცხლოს... არავისთან არ ვიცხოვრებ. მოვკიდებ ჩემს პატარას ხელს, წავიყვან აქედან შორს და მსოფლიოში ყველაზე კარგი, ყველაზე მზრუნველი დედა ვიქნები. სულ მარტონი ვიქნებით და ერთმანეთის მეტი არავინ გვეყვარება... – ლიზას ისევ ჩამოუგორდა ცრემლები, – გეხვეწები, დაურეკე ზუკას...
პალატის კარმა ყრუდ გაიჭრიალა და ოთახში ლევანი შემოვიდა ფეხაკრეფით... ცოლის ცრემლით სველ სახეს დახედა და შეშფოთებულმა ჰკითხა ნინის:
– რა მოხდა, ცუდად არის? დავუძახო ექიმს?
– არა, ბავშვზე ნერვიულობს, თან, ცოტა არაადეკვატურადაც ლაპარაკობს. თქვენ არ ინერვიულოთ, მის მდგომარეობაში ეს ნორმალურია.
– სასიხარულო ამბავი მაქვს – გიგის სისხლი გამოდგა... ახლა ამზადებენ გადასხმისთვის... ეტყვი თუ მე ვუთხრა?
– მე ვეტყვი, თქვენ ბავშვთან წადით...
– კარგი, გარეთ ვიქნები. უთხარი, რომ არაფერზე ინერვიულოს... ისიც უთხარი, რომ დღეს უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე როდესმე მყვარებია...
ლევანი გავიდა თუ არა, ლიზამ თვალები გაახილა.
– გაიგონე? – ჰკითხა ნინიმ, – ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან გაგვიმართლა...
– შენ ფიქრობ, რომ ლევანს არაფერი არ უნდა ვუთხრა?
– ჰო, ვფიქრობ, რომ არ უნდა უთხრა – ბავშვისთვისაც ასე აჯობებს და ყველასთვის... ზუკას კი მე და გიგი დაველაპარაკებით.
– ნინი, იქნებ...
– არავითარი „იქნებ,” დაივიწყე ეს ამბავი... შენ ახალ ცხოვრებას იწყებ ლევანთან და შენს პატარა ბიჭთან ერთად. წარსულის აჩრდილებს თავი არ შეაწუხებინო, – ნინი დაიხარა და ლიზას შუბლზე აკოცა.
... ვახომ თავიდან ფეხებამდე „გაზომა” მეტოქე და მოღუშულმა შენიშნა, რომ ბიჭი უჩვეულოდ კეთილმეგობრულად უღიმოდა,
– შეიძლება შემოვიდე? – დიდი ხნის ნაცნობივით ჰკითხა თომამ.
– შენ ისე შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში, რომ არ გიკითხავს, ახლა კი ოფისში მივარდები ბევრად უფრო ცივილიზებული მეთოდით. ჯერ დამირეკე და შეხვედრა მთხოვე... რა გინდა ჩემგან? გზა გაგითავისუფლე, ჯერ არ გაგიგია? ქეთი მარტოა და, მიდი, დაამშვიდე. დარწმუნებული ვარ, უკვე დაგირეკა, – დამცინავად მიმართა ვახომ და მწარედ ჩაიცინა.
– ვიცი, ვიყავი უკვე, – მშვიდად წარმოთქვა თომამ და ვახოს თამამად შეხედა სახეში. ვახო გაფითრდა:
– რა თქვი? ქეთისთან იყავი? ესე იგი, არ ვცდებოდი! როგორი სიამოვნებით დაგიმტვრევდი თავ-ყბას, მაგრამ, რა აზრი აქვს, ამით არაფერი შეიცვლება, მე კი მხოლოდ ხელებს გავისვრი შენს ბინძურ სიფათზე. გირჩევნია, წახვიდე, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია.
თომამ მშვიდად აიტანა მიყენებული შეურაცხყოფა, იდგა და იღიმებოდა. მერე ასევე მშვიდად უთხრა:
– მე მოვედი, რომ სიმართლეში გაგარკვიოთ და მერე უკვე თქვენ გადაწყვიტეთ, როგორ მოიქცევით.
– რა სიმართლეზე მელაპარაკები? სიმართლე ის არის, რომ თავხედი ხარ, ჩემი ცოლი კი უსინდისოა. ახლა წადი, თორემ, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი და, შეიძლება, საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა დავარღვიო. იმან გამოგგზავნა, – მიდი, ქმართან ურთიერთობა მომიგვარეო? ჰმ, თუმცა, რატომაც არა?! სულელი – ქმრად, კუნთებდაბერილი კი – საყვარლად... როგორი თავხედი უნდა იყო, რომ აქამდე მიხვიდე. .მეგონა აღარფერი გამაოცებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვცდებოდი.
– საკუთარ თავს შეურაცხყოფას ტყუილუბრალოდ აყენებთ. თუ მომისმენთ და არ გამაწყვეტინებთ, მიხვდებით... აქ იმ იმედით მოვედი, რომ საქმე შეგნებულ, სერიოზულ ადამიანთან მექნებოდა, რომელსაც ფასეულობებიც აქვს და პასუხისმგებლობაც.
– არ გინდა, მე არანაირი პასუხისმგებლობა არ შეიძლება მქონდეს იმ ქალის მიმართ, რომელმაც ფეხებზე დამიკიდა. აუ, წადი, რა! ვატყობ, ნერვები მეშლება და მართლა არ მინდა, დაგარტყა... იმიტომ კი არა, რომ ამას არ იმსახურებ, ისევ საკუთარ თავს ვზოგავ, თან, არც ღირხარ ამად...
თომამ გაიღიმა
– მხოლოდ ათი წუთი მჭირდება. შეგიძლიათ, უბრალოდ, მომისმინოთ? კომენტარების გარეშე, მხოლოდ მომისმინოთ.
– რისთვის? კიდევ ერთხელ რომ დავრწმუნდე, ვისთან ერთად ვიცხოვრე ამდენი წელი და ვინ მიყვარდა? დამანებეთ თავი. შენც და იმ ქალმაც! – ვახომ დააპირა, კარი ცხვირწინ მიეხურა თომასთვის, მაგრამ მან არ დაანება – ჯიუტად ცდილობდა ოფისში შეღწევას და მიაღწია კიდეც მიზანს – ფაქტობრივად, აიძულა ვახო, გზა დაეთმო. შევიდა თუ არა, კარი მიხურა, ზურგით მიეყრდნო და გულხელდაკრეფილმა ჯიუტად გაიმეორა: – თქვენ ახლა მომისმენთ, აუცილებლად...
მის სიტყვებშიც, ხმაშიც რაღაც ისეთი ჟღერდა, რომ ვახო მონუსხულივით გაჩუმდა და გაოცებით მიაჩერდა...
* * *
გიგიმ შუბლზე აკოცა მის მხარზე მიძინებულ გოგოს. ნინიმ თვალები გაახილა.
– უჰ, რომელი საათია? – იკითხა ნამძინარევი ხმით.
– მალე გათენდება. არ წავიდეთ? მგონი, აქ საჭირონი აღარ ვართ. ლიზაც კარგად არის და ბავშვიც. მეც არა მიშავს, მხოლოდ ერთი კარგი გამოძინება მჭირდება და ფორმაში ვიქნები. წავიდეთ, ხო?
– კარგი, წავიდეთ. ლევანი სად არის?
– აქ იყო და ახლა გავიდა, ექიმს ვნახავო. რად გინდა?
– დავემშვიდობები. ლიზასთან აღარ შევალ. საღამოს მოვალ და მაშინ ვნახავ. მეძინება, თან, სამსახურშიც უნდა წავიდე. აუჰ, სამსახური საერთოდ ახლა გამახსენდა. როგორ მეზარება...
– ჰო, მეც უნდა მივიდე ოფისში და ზუკა უნდა ვნახო და დაველაპარაკო. ღმერთმა უწყის, მის ტვინში რა ხდება. საღამოს დაგირეკავ და მოგაკითხავ. აქაც ერთად მოვიდეთ, მანამდე კი ერთი პატარა საქმეც მაქვს მოსაგვარებელი, – მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა გიგიმ.
– რა საქმე? – ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ნინიმ.
– ერთ ძალიან ლამაზ გოგოს პირობა უნდა შევუსრულო და ბეჭედი ვუყიდო, თუ პირობას მომცემს, რომ თითიდან არასოდეს მოიხსნის.
* * *
ქეთიმ ტირილისგან შესიებული თვალები მუჭით მოისრისა და მკლავზე მიხუტებულ ბავშვს ფრთხილად გამოაცალა ხელი. ტანსაცმლიანს ეძინა. შარვალი მჭიდროდ მიეკრო ტანზე და მოძრაობაში უშლიდა ხელს. გვერდზე მოქცეული მაისური გაისწორა და კარის გასაღებად გაემართა – ვიღაც გაუჩერებლად რეკავდა ზარს. ეტყობა, ძიძა მოვიდაო, – იფიქრა ისე, რომ საათისთვის არ შეუხედავს და იმ უხერხულ და უსიამოვნო კითხვებზე პასუხის გასაცემად მოემზადა, რომელიც მოელოდა. მაგრამ, ზღურბლზე ვახო იდგა და დამნაშავესავით იღიმებოდა, ან, შეიძლება, ქეთის მოეჩვენა ასე.
– გასაღები არ მქონდა... ბავშვი ხომ არ გავაღვიძე?
– არა, შემოდი, – ქეთი გვერდზე გადგა და ქმარს გზა დაუთმო. იგრძნო, კაცი სიტყვებს რომ ეძებდა და ძალდაუტანებლად უთხრა:
– მოდი, ყავა დავლიოთ... მარტო მე და შენ, სანამ მარიშკა გაიღვიძებს...
ვახომ შვებით ამოისუნთქა და ცოლს ბედნიერი ღიმილით დაუქნია თავი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში