ქალური შურისძიება
ნანიტამ ახალ სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზით თითქმის შუამდე ჩაიყვანა ღერი და მზიას თვალებში შეხედა:
– არ ვიცი, რატომ, მაგრამ, შენთან, აბსოლუტურად უცნობ ადამიანთან მომინდა გულის გადაშლა... – ქალი ცოტა ხანს ისევ გაჩუმდა, მერე რაღაცნაირი კვნესით ამოისუნთქა და განაგრძო: – ის, რასაც ახლა გეტყვით, ჩემმა უახლოესმა მეგობარმაც კი არ იცის ბოლომდე. იმიტომ კი არა, რომ დავუმალე... მას კარგი წარმოდგენა აქვს ჩემზე და არ მინდოდა, აზრი შეცვლოდა. ეს იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ საკუთარ თავზე ვიზრუნე ამით, უბრალოდ, გული არ ვატკინე. ხომ გესმის, რასაც ვგულისხმობ? – ნანიტას ხმა აუკანკალდა და თვალებზე ცრემლი მოადგა.
მზიამ ისეთი თანაგრძნობით შეხედა, ქალმა მაშინვე იგრძნო, რომ არჩევანში არ შემცდარა – ეს გოგო სწორედ ის ადამიანი ჩანდა, ვინც მას ახლა ძალიან სჭირდებოდა.
– მე ახლა ჩემს ისტორიას მოგიყვები, ოღონდ, არ შემაწყვეტინო, თორემ, ვეღარ განვაგრძობ...
მზიამ უხმოდ დაუქნია თავი და მოსასმენად მოემზადა.
ნანიტამ გუგას გაცნობის დღით დაიწყო და ყველაფერი უამბო მზიას. ყვებოდა ჩუმად და სწრაფად, თითქოს ეშინოდა, არ გადაეფიქრებინა. მხოლოდ მაშინ წყვეტდა თხრობას, როცა სიგარეტის ახალ ღერს იღებდა კოლოფიდან და უკიდებდა.
თავის სადარბაზოში გუგასთან შეხვედრამდე რომ მივიდა, ნანიტამ იგრძნო, რომ ძალა ერთბაშად გამოელია და თხრობას ვეღარ შეძლებდა. გაჩუმდა და უმწეოდ შეხედა გვერდით მჯდარ გოგოს.
– ნუ ნერვიულობთ, ქალბატონო ნანიტა, შეიძლება, ასე ნებისმიერი ქალი მოიქცეს, – მისი დამშვიდება სცადა მზიამ.
– არა, არ შეიძლება. შენ არ იცი, რა შემომთავაზა გუგამ და რა მოვიმოქმედე მე. სიმართლე გითხრა, ჩემი მთავარი ტრაგედია ამ დღიდან იწყება. ჩემი ცხოვრებისეული დრამა მაშინ დაიწყო, როცა მე არასწორი არჩევანი გავაკეთე გუგასა და დიმიტრის შორის. მართალია, ამ შეცდომის გამოსწორება ბევრჯერ შემეძლო, მაგრამ ვერ გადავდგი გადამწყვეტი ნაბიჯი – გავშორებოდი ამ გარყვნილ კაცს; შედეგად კი მივიღე ის, რომ შვილებს ბავშვობა და მომავალი წავართვი, რომ აღარაფერი ვთქვა საკუთარ თავზე...
– მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყავით, ახალგაზრდებს კი ძალიან ხშირად მოსდით შეცდომა, – თქვა მზიამ.
– ჰო, ალბათ, ეგეც არის მიზეზი. 18-20 წლისას გგონია, რომ სულ ამ ასაკში იქნები, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვს და ეს „ჯერ კიდევ წინ“ უსასრულოდ გაგრძელდება; მაგრამ, ერთხელაც, გაიღვიძებ დილით, ჩაიხედავ სარკეში და, პატარა გოგოს აციმციმებული თვალების ნაცვლად, იქიდან უკვე ჭაღარაშერეული და ცხოვრებით დაღლილი, არა, ცხოვრებით კი არა, მოლოდინით დაღლილი გამოსახულება გიყურებს, რომელიც ოდესღაც შენ იყავი და, მაშინ მიხვდები, რომ შენ – შენ აღარ ხარ, რადგან, ის ცისფერი და ვარდისფერი დღეები, რომლებიც, გეგონა, რომ აუცილებლად დადგებოდა, ისე აღმოჩნდება შენს წარსულში, რომ ვერც კი გაიგე, იმიტომ, რომ ის დღეები არც არასდროს დამდგარა შენს ცხოვრებაში – უბრალოდ, გვერდით ჩაგიქროლა... – ნანიტა გაჩუმდა და თვალი ისევ სივრცეს გაუშტერა.
– ეს ყველას ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად ასე ხდება, – სევდიანი ხმით თქვა მზიამ, – ხდება იმიტომ, რომ არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს და რაღაც განსაკუთრებულს ვეძებთ, მაგრამ, როცა ვკარგავთ იმას, რაც გვაქვს, მხოლოდ მაშინ ვხვდებით, რომ ბედნიერება გვერდით გვქონია, ჩვენ კი მას ვერ ვხედავდით.
– ჰო, – დაეთანხმა ნანიტა, – მაგრამ, ეს ბედნიერება რომ შეინარჩუნო, ან, სულაც, ნაოცნებარი ბედნიერება რომ მოიპოვო, ცოტა ხელიც უნდა გაანძრიო.
– ეგ, რაღაც, ვერ გავიგე, – უხერხულად ჩაიჩურჩულა მზიამ.
– უმოქმედო, პასიური არ უნდა იყო. არის ასეთი გამონათქვამი: „არ შეიძლება, მთელი ცხოვრება იცხოვრო ტბის ნაპირას“. ეს მართლაც არ შეიძლება. ოდესღაც აუცილებლად დადგება წუთი, როცა მისი გადაცურვა მოგინდება და ეს მაშინვე უნდა გააკეთო, არ უნდა გადადო... მე დავმარცხდი არა დიმიტრისთან ან ვინმე სხვასთან, არამედ, საკუთარ თავთან, რადგან, როცა ეს წუთი დამიდგა, თანაც, არაერთხელ, თითიც არ გავანძრიე, არაფერი მოვიმოქმედე იმისთვის, რომ შემეცვალა ჩემი ცხოვრება, რომელსაც ცხოვრებას ვერც დავარქმევ. სამაგიეროდ, ამ ტბის გადაცურვა მოვინდომე მაშინ, როცა ეს არ უნდა გამეკეთებინა. არ უნდა გამეკეთებინა იმიტომ, რომ ეს აღარ იყო ხსნის ან ახალი ცხოვრების გზა, ეს იყო ბრაზით, ტკივილით, წყენით ნაკარნახევი შურისძიება ვითომ დიმიტრიზე, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ უფრო საკუთარ თავზე ვიძიებდი შურს. ამიტომაც დავმარცხდი...
– ეს ნაბიჯი გუგას უკავშირდება? – მიუხვდა მზია.
– ჰო... – ამ პატარა სიტყვას კვნესა ამოაყოლა ნანიტამ, – ერთ დღეს გუგა სადარბაზოსთან დამხვდა, მერე ძალით ამომყვა სახლში და ისეთი რამ შემომთავაზა... ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ, გუგა თუ ამ ზომამდე დაეცემოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი... მითხრა, რისთვისაც მოვიდა, დამიტოვა ტელეფონის ნომერი და წავიდა, დარწმუნებული, რომ მე თვითონ დავურეკავდი, გესმის?! – უცებ იყვირა ნანიტამ და ტირილი დაიწყო.
– ასე ძალიან ნუ იტანჯავთ თავს, ქალბატონო ნანიტა, – მზიამ ატირებული ქალის თავი მხარზე მიიყრდნო და მოეფერა, – ეს საქციელი მის დაცემულობაზე მეტყველებს.
– არა, – ამოისლუკუნა ნანიტამ, – მე უარესი აღმოვჩნდი – მეორე დღესვე დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე... ვიცოდი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ, უმძიმესი დღეები მქონდა დიმიტრის ბოლო არაკაცობის გამო და მთელი ჩემი არსება შურისძიებით იყო მოცული. ახლა ვხვდები, რას ნიშნავს სიტყვა „შეპყრობილი“ – სწორედ ეშმაკს ვყავდი შეპყრობილი და არც კი ვცდილობდი მისგან თავის გათავისუფლებას. მერე კი მოხდა ყველაზე საშინელი და ყველაზე დამამცირებელი... – ნანიტამ მზიას თვალებში შეხედა, – ფანტაზია არ გეყოფა, წარმოიდგინო, რა მოხდა ჩემი ზარის შემდეგ – ეს არავინ იცის, ჩემმა უახლოესმა დაქალმაც კი, მაგრამ, შენ გეტყვი...
– თუ გნებავთ, მეც ნუ მეტყვით, – ჩუმად თქვა მზიამ.
– არა, უნდა ვთქვა, იქნებ, დავიცალო ამ ტკივილისგან. დაქალს კი იმიტომ ვერ ვუთხარი, რომ, შემრცხვა, რადგან, როგორც უკვე გითხარი, ის ბავშვობიდან მიცნობს და ეს მისთვისაც მძიმედ გადასატანი იქნებოდა. შენ კი გუშინ გაგიცანი და ჩემზე წარმოდგენაც არ შეგეცვლება, რადგან, არ იცი, ვინ ვიყავი დიმიტრის გაცნობამდე და, არც ის მოგიკლავს გულს, როცა გაიგებ, ვინ ვარ ახლა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ გამიგებ როგორც ქალი ქალს... ამიტომ, რადგან დავიწყე, დავასრულებ კიდეც... – ნანიტამ ნერვიული მოძრაობით ამოიღო ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი და, ალბათ, მეათე ღერს მოუკიდა; ისევ ერთი ნაფაზით ჩაიყვანა შუამდე და განაგრძო: – მეორე დღესვე დავურეკე გუგას და ვკითხე, სად მოვიდე-მეთქი. თავისთან დამიბარა – იტალიური ეზოს ერთ პატარა ხუხულაში. გამოვეწყვე უკანასკნელი მეძავივით, რადგან, მინდოდა, ამით დამესაჯა თავი იმ საქციელისთვის, რასაც ჩავდიოდი. მაგრამ, გარეთ ასე გასვლა მაინც მომერიდა და გრძელი ლაბადა მოვიცვი. ზუსტად დათქმულ დროს მივედი. კარი ღია იყო და ოთახში შევედი, მაგრამ გუგა შინ არ დამხვდა. გამიხარდა კიდეც, ვიფიქრე, ცოტა აზრზე მოვალ-მეთქი. ლაბადა გავიხადე, სავარძელში ჩავჯექი და სიგარეტი მოვწიე. თითქმის ნახევარი საათი ველოდი. უკვე სიბრაზემ ამიტანა, მაგრამ, წასვლასაც ვერ ვახერხებდი – ისე ცუდად ვგრძნობდი თავს, მეშინოდა, ასე გამოწყობილი ქუჩაში არ წავქცეულიყავი და საერთოდ არ მომჭროდა თავი. მერე ოთახში ბოდიალი დავიწყე და მაგიდაზე დადგმულ შუშის ლარნაკზე დადებული შუაზე გაკეცილი ფურცელი დავინახე. მაშინვე გავშალე და წავიკითხე:
„ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის. სახლში რომ დაგხვედროდი, ამას ვერასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ დემონურ სიამოვნებას ვგრძნობ, როცა წარმოვიდგენ, რას განიცდი ახლა. შენთან რომ მოვედი, რაც გითხარი, ყველაფერი სიმართლე იყო, თუმცა, ვაღიარებ – მე დიმიტრიზე უარესი არაკაცი ვარ. არ მინდოდა, ასე მომხდარიყო, მაგრამ, ცოდვა გამხელილი ჯობს – ტკბილი ყოფილა სამაგიეროს გადახდით გამოწვეული კმაყოფილება. იყო დრო, როცა შენ უარმყავი, ახლა კი მე ვაკეთებ ამას და ეს ძალიან სიამოვნებს ჩემში ჩაბუდებულ ეშმაკს.
პატიებას არ გთხოვ, რადგან, ვიცი, რომ ჩემი საქციელის მიტევება შეუძლებელია...“ – ნანიტამ ერთი ამოსუნთქვით თქვა წერილის მთელი ტექსტი, თითქოს კითხულობსო, – ერთი წაკითხვით დამამახსოვრდა ზეპირად... ხომ წარმოგიდგენია, რა მომივიდოდა! არ მახსოვს, როგორ წამოვედი იქიდან. მახსოვს მხოლოდ ჩემი შვილების შეშინებული სახეები და სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც ვენაში ნემსს მიკეთებდა... იმ დღიდან კარგა ხანი გავიდა, მაგრამ, მთელი ეს წლები ვცხოვრობ ტკივილით, რომელსაც ვერაფრით ვიშუშებ და ვიშორებ. იმიტომ მომინდა შენთვის გულის გადახსნა – იქნებ ცოტა მომეშვას-მეთქი. ჩემი შვილები მამჩნევენ, რომ რაღაც ძალიან მაწუხებს, მაგრამ, ვერაფერს ვეუბნები, ტყუილიც კი ვერ მოვიგონე, რომ ჩემი ასეთი მდგომარეობა რაღაცით გავამართლო.
– რა ტყუილი, დედა? – იკითხა ახალგაზრდა გოგოს ხმამ.
ნანიტამ შეშინებულმა მიიხედა გვერდზე და სიგარეტი ხელიდან გაუვარდა.
– ნუცა?! – მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და იგრძნო, როგორ ჩაიძირა წყვდიადში.
***
მზიამ და ნუცამ, როგორც იქნა, მოასულიერეს გულწასული ნანიტა, გაჭირვებით მიიყვანეს ვაკის პარკის ქვედა შესასვლელამდე და ტაქსი გააჩერეს.
– ქალბატონო, შეგიძლიათ, რომ წამოგვყვეთ? – სთხოვა ნუცამ მზიას, – მეშინია დედასთან მარტო დარჩენა, ვაითუ გაუმეორდეს.
– რა თქმა უნდა, წამოგყვებით, მაგრამ, ნუ გეშინია, აღარ გაუმეორდება, – დაამშვიდა შეშინებული გოგო და მძღოლს ნანიტას მისამართი უთხრა.
– შენი ძმა სახლში იქნება? – ჰკითხა ნუცას და თან ქალს გახედა – ისევ ცუდად ხომ არ არისო.
– თორნიკე სამი თვის წინ წავიდა ამერიკაში. იქ ჩვენი ნათესავი ცხოვრობს, ვიზა გამოუგზავნა და სამსახურსაც შეჰპირდა.
– ქალები მარტო როგორ დაგტოვათ? – აღშფოთდა მზია, მაგრამ, უცებ მიხვდა, რომ სხვის საქმეში ყოფდა ცხვირს და შერცხვა, – ბოდიშს გიხდი... მაპატიე ჩემი უტაქტო სიტყვები.
– არა უშავს, – გაეღიმა გოგოს, – ყველას ასეთი რეაქცია აქვს, მაგრამ, თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე ხომ ვერ აუხსნი, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი... – ნუცა ზრდასრული, ცხოვრებით დაღლილი ქალივით ლაპარაკობდა და მზიამ ახლა გააცნობიერა, უფრო სწორად, თითქოს კანით შეიგრძნო ნანიტას წეღანდელი სიტყვები – შვილებს ბავშვობა წავართვითო. 16-17 წლის გოგოს ხმაში ბავშვობაგაუვლელი ქალის სევდა იგრძნობოდა.
შევიდნენ თუ არა სახლში, მზიამ ნანიტა აიძულა, დივანზე წამოწოლილიყო, თვითონ კი წნევა გაუზომა და დამამშვიდებელი წამალი დაალევინა. ნანიტა პატარა ბავშვივით ემორჩილებოდა, თითქოს სიამოვნებდა კიდეც, რომ მასზე ვიღაც ზრუნავდა.
ნუცამ დივანთან, პირდაპირ ხალიჩაზე მოირთხა ფეხი, დედას ხელები დაუკოცნა და სახეში სიყვარულითა და შიშით აღსავსე თვალებით შეაცქერდა.
– ჩემი დედიკო... – ჩურჩულებდა გოგო, – ნუ გეშინია, დე, სულ შენთან ვიქნები და აღარასოდეს აღარ გაგაბრაზებ... არც შენს თავს დავაჩაგვრინებ ვინმეს... ერთი გაბედოს და კიდევ გატკინოს გული, ნახავს, რაც მოუვა...
ნანიტამ მძიმედ გაახილა თვალი და შვილს გაოცებით შეხედა:
– ვის ემუქრები, ნუციკო?
– ყველას, ვინც შენ გაწყენინებს, – თქვა ნუცამ და თვალებში ავი ნაპერწკალი გაუკრთა, – შენ მაგივრად ყველას მე გადავუხდი სამაგიეროს! კაცებმა არ იციან, როგორი შურისძიება შეუძლია დაუმსახურებლად გულნატკენ ქალს!
– ნუცა, ნუ მაშინებ! – ხმა აუკანკალდა ნანიტას.
– ნუ გეშინია, დედიკო, შენს საწყენს არაფერს გავაკეთებ, მე მხოლოდ დაგიცავ.
– რას ამბობ, შვილო, – ისევ შეეშინდა ქალს, – მშობლები იცავენ შვილებს და არა პირიქით.
– კარგი, დე, ნუ ნერვიულობ, ეს ისე ვთქვი, – გაუღიმა შვილმა, – ცოტაც მოითმინე და მალე ჩვენც წავალთ თორნიკესთან.
ნანიტა რამდენიმე წუთს ჩუმად იყო და ნუცას თვალებით ეფერებოდა, მერე კი ძალიან ღრმად ჩაეძინა. მზია და ნუცა სამზარეულოში გავიდნენ
– ყავას დალევთ თუ ჩაის? – ჰკითხა გოგომ, – მურაბებიც გვაქვს, შოკოლადიც, ნაყინიც... რომელი გირჩევნიათ? ძალიან გთხოვთ, არ მოგერიდოთ.
– ცივი ყავა და ნაყინი მირჩევნია, ოღონდ, მე თვითონ გავაკეთებ.
– კარგი, მაშინ, მე გიყურებთ და ვისწავლი.
– სასწავლი ბევრი არაფერია, უნდა გააკეთო ცივი ყავა, მაღალ ჭიქაში შუამდე ჩაასხა და დარჩენილი ადგილი ნაყინით უნდა შეავსო. მერე ცოტა მოურიო და – მორჩა, მზად არის. ოღონდ, საწრუპელებით უნდა დაილიოს – ასე უფრო გემრიელია.
– სად ისწავლეთ? მართლა ძალიან მაგარია! – მოეწონა ნუცას, – გლიასეს წააგავს, მაგრამ, ბევრად უკეთესია.
– მგონი, ბათუმში ვისწავლე, აღარც კი მახსოვს.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. მზიას ძალიან უნდოდა, რამდენიმე კითხვა დაესვა გოგოსთვის, მაგრამ, ვერ ბედავდა – ეშინოდა, არ დაეფრთხო ან აგრესია არ გამოეწვია და სულ არ ჩაეშალა ყველაფერი. მერე გადაწყვიტა, ცოტა შორიდან მოვუვლიო, მაგრამ, ნუცამ თვითონ დაუწყო გამოკითხვა:
– ვინ ბრძანდებით და დედაჩემს საიდან იცნობთ?
მზიას ტყუილები ისედაც არ ეხერხებოდა, მით უმეტეს, ახლა არ ჰქონდა აზრი ტყუილის თქმას და ძალიან მშვიდად უპასუხა:
– მზია მქვია. მე მამაშენის ექთანი და მომვლელი ვარ იმ დღიდან, ავარია რომ მოუვიდა და საავადმყოფოში მოიყვანეს.
– აა... ახლა გამახსენდით – რეანიმაციაში თქვენ არ იყავით, პალატიდან რომ მაგდებდით?
– რეანიმაციაში გარეშე პირთა შესვლა აკრძალულია და ამიტომ გთხოვდი, გადი-მეთქი, – იუხერხულა მზიამ
– ჰო, კარგი, არა უშავს, – ხელი ჩაიქნია გოგომ, – მამაჩემის ექთანი რომ ხართ, გავიგე, მაგრამ, დედაჩემს საიდან იცნობთ და რა გინდოდათ მასთან ერთად ვაკის პარკში?
– დაკითხვას მიწყობ? – გაბრაზდა მზია, – მე და ქალბატონი ნანიტა, მართალია, ძალიან ახლოს არა, მაგრამ, ვიცნობდით ერთმანეთს და მან თვითონ მთხოვა, იქ მივსულიყავი.
– რატომ დაგიბარათ?
– ასე მითხრა, რაღაცა მაქვს სათქმელიო.
– მერე?
– რა – „მერე“? – ისევ გაბრაზდა მზია.
– გითხრათ, რისი თქმაც უნდოდა?
– ნაწილობრივ, ანუ, ბოლომდე ვერ მოასწრო – მერე გული წაუვიდა.
– მე რომ დამინახა, იმიტომ წაუვიდა გული, – თქვა გოგომ და მზიას თვალებში შეხედა, – შეეშინდა, მისი სიტყვები ხომ არ გავიგონე. ასეა?
– ალბათ... – აღარ დამალა მზიამ.
– ახლა თქვენ მკითხეთ, რაც გინდათ, – ნება დართო ნუცამ და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, – თუ არ გეწყინებათ, მოვწევ.
– დედამ იცის?
– ხვდება, მაგრამ არ იმჩნევს.
– ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ, ფილტვებს გაიფუჭებ.
– არ მიყვარს ნატაციების კითხვა, საქმეზე გადავიდეთ. აშკარად რაღაცის გარკვევას ცდილობთ და იმიტომ შეხვდით დედაჩემს, მაგრამ, როგორც ვხვდები, ბევრი ვერაფერი გაარკვიეთ. მკითხეთ, რაც გინდათ, იქნებ მე დაგეხმაროთ, – გოგოს ხმაში მსუბუქმა ირონიამ გამოჟონა, მაგრამ მზიამ იგრძნო, რომ ნუცას თვითონ უნდოდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის თქმა, თუმცა, ვერ ბედავდა. ასეთი მომენტი, შეიძლება, აღარასდროს მომეცესო, – გაიფიქრა და, გადაწყვიტა, მიეღო ნუცას გამოწვევა.
– ვინ ნათესავი გყავთ ამერიკაში? – შორიდან მოვლა არჩია მზიამ.
– ჩემი რძალი, თორნიკეს ცოლი.
– თორნიკეს ცოლი ჰყავს? – გაუკვირდა მზიას, – პირველად მესმის. ნანიტას ერთხელაც არ უხსენებია თავისი რძალი. ამერიკაში რა უნდა?
– ამერიკელია. აქ ერთი წლით იყო ჩამოსული და სადღაც შემთხვევით გაიცნო თორნიკემ. მერე ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ, იმას აქ დარჩენა არ უნდოდა, თორნიკეს კი – ამერიკაში წასვლა და ჩვენი დატოვება, თუმცა, უერთმანეთოდაც ვერ ძლებდნენ. მერე ის გოგო დაფეხმძიმდა. ჩემმა ძმამ გადაწყვიტა, გაეოფიციალურებინა თავიანთი ურთიერთობა და ხელი მოაწერეს. მშობიარობის დრო რომ მოუახლოვდა, სამანტამ ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა – იქ ვიმშობიარებ და მერე ბავშვთან ერთად ჩამოვალო, მაგრამ, ისე მოხდა, რომ ვეღარ ჩამოვიდნენ და ჩემს ძმას ვიზა გამოუგზავნა. რადგან ოფიციალური ცოლ-ქმარი არიან, წასვლა არ გასჭირვებია დედამ მხოლოდ მაშინ გაიგო, ბებია რომ გახდა, როცა თოკომ ვიზა მიიღო. ერთ-ორ თვეში ჩვენც გამოგვიგზავნიან მოწვევას და წაგვიყვანენ.
– სულ წახვალთ?
– არა, რამდენიმე თვით. მე კი სიამოვნებით დავრჩებოდი ამერიკაში, მაგრამ, ნანიტას არ უნდა. რა დარჩენია ამ ნაცრისფერ და მოსაწყენ თბილისში ვერ გამიგია. მეცოდება, მარტო როგორ დავტოვო, თორემ, აღარც კი გამოვიხედავდი აქეთ, იმდენი ტკივილი მახსოვს. მე და თოკოს გვინდა, აქაურ სიტუაციას მოვაშოროთ ცოტა ხნით მაინც. თან, შვილიშვილი ცოტას გაახალისებს. გარდა ამისა, ჯანმრთელობაც მაინცდამაინც ვერა აქვს წესრიგში და, იქნებ, იქ ვუმკურნალოთ. სამანტას მშობლები ექიმები არიან და, ალბათ, რამეს მოგვიხერხებენ.
– შენ რას საქმიანობ? – ჰკითხა მზიამ გამომცდელად, – ოღონდ, არ მომატყუო, იცოდე.
ნუცა რამდენიმე წამს შეყოყმანდა, მერე გაიღიმა და გადაწყვეტით თქვა:
– კარგი, არ მოგატყუებთ. არაფერსაც არ ვაკეთებ. მეთერთმეტე კლასში ვარ, მაგრამ, იმდენი გაცდენა მაქვს, ალბათ, ჩამტოვებენ, თუმცა, სიმართლე გითხრა, მკიდია.
– რომელი საგანი გიყვარს უფრო მეტად?
– არც ერთი, – გაეცინა ნუცას, – ერთადერთი, რაც მიყვარს, სიმღერაა; როგორც ამბობენ, ნიჭიც მაქვს, მაგრამ, პატრონი არ მყავს და, ამიტომ, აღარც კი ვოცნებობ მომღერლობაზე. იმედის ერთადერთი ნაპერწკალი ამერიკაში წასვლაა – სამანტა შემპირდა, ისეთ ხალხთან მიგიყვან, რომლებიც ხელს მოგკიდებენ და ბოლომდე გიპატრონებენო. ვნახოთ...
– წეღან მითხარი, მკითხეთ, იქნებ მე დაგეხმაროო.
– დიახ...
– რას გულისხმობდი, რაში უნდა დამეხმარო?
– იმაში, რასაც იკვლევთ, – ნუცამ ეშკმაკურად მოწკურა თვალები.
– იმ დღეს რატომ მოხვედი მამაშენთან საავადმყოფოში? – თემას გადაუხვია მზიამ.
– სანახავად. გავიგე, რომ მამა მიკვდებოდა და მაშინვე გამოვიქეცი, შეშინებული.
– ტყუი.
– აბა, რისთვის ვიყავი მოსული, თქვენი აზრით?
– არ ვიცი, მაგრამ, ის კი კარგად მახსოვს, რომ მამის დაკარგვით შეშინებულ შვილს ნამდვილად არ ჰგავდი და ეს აზრი იქ მარტო მე არ გამჩენია.
– დიახ, მართალი ხართ, ტირილით ნამდვილად არ დავითხრიდი თვალებს, თუმცა, თორნიკეზე უკეთესი ურთიერთობა დიმიტრისთან მე მქონდა.
– ჰო, ეს ჩემთვისაც არაერთხელ უთქვამს, – თქვა მზიამ და მერე პირდაპირ დაუსვა მთავარი კითხვა: – ნუცა, ოდნავ მაინც თუ გიყვარდა მამა?
– სიყვარულს დამსახურება უნდა – მშობლის სიყვარულსაც კი.
– გძულდა?
– თავიდან არც ისე.
– აბა, როდიდან?
– როცა ძალიან მნიშვნელოვანი და საშინელი რამ გავიგე, იმ დღიდან ვეღარ ვიტანდი.
– ასეთი რა გაიგე?
– ამას ახლა ვერ გეტყვით.
– აბა, როდის მეტყვი?
– არ ვიცი, მაგრამ, ოდესმე შეიძლება გითხრათ.
– რომ მომკვდარიყო, გაგიხარდებოდა?
– არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, გული არ გამისკდებოდა... ვიცი, ახლა რასაც ფიქრობთ ჩემზე, მაგრამ, მშობელმა თავიდანვე უნდა იფიქროს ამაზე. მე და თოკოს კარგი არაფერი გვახსოვს დიმიტრისგან, ნანიტაზე რომ არაფერი ვთქვა.
– პირადად შენ ცუდად გექცეოდა?
– ნანიტას და თოკოს როგორც ექცეოდა, ეს არ იყო საკმარისი? – აღელდა ნუცა, – მე, უბრალოდ, ძალიან პატარა ვიყავი, თანაც – გოგო და, შესაბამისად, არაფრად უღირდა თავისი „ვაჟკაცობის“ ჩემთან გამომჟღავნება. პრავების კაჩავი ნანიტასთან და თორნიკესთან უფრო მოსწონდა.
– მე უკვე კარგა ხანია, მამაშენს ვიცნობ და, დარწმუნებით შემიძლია, გითხრა, რომ არ არის ცუდი ადამიანი, შეცდომები კი ყველას მოსდის.
– იმას, რასაც მამაჩემი აკეთებდა, შეცდომები არ ჰქვია. როგორც პაციენტი, თანაც, თითქმის მომაკვდავი, რომელსაც, უკაცრავად და, პრავების კაჩავის ტრაკი აღარ აქვს, შესაძლოა, ახერხებდა, თავი მოეწონებინა მედპერსონალისთვის, მაგრამ, დიმიტრი იყო ცუდი მამა, საშინელი ქმარი, კიდევ უფრო საშინელი მეგობარი და, განა ეს საკმარისი არ არის მისი პიროვნების შესაფასებლად?
– შენ რა იცი, როგორი მეგობარი იყო მამაშენი, იცნობ მის ძმაკაცებს? – ნელ-ნელა მიუახლოვდა მიზანს მზია.
– თქვენ გუგაზე თუ გსმენიათ რამე? – კითხვა შეუბრუნა ნუცამ, – დიმიტრიმ მას მთელი ცხოვრება დაუნგრია.
– იქნებ, გუგაც არ იყო მასთან მართალი?
– თქვენ მართლა არაფერი იცით თუ მე მცდით? – დაეჭვდა ნუცა.
– შენ რა იცი გუგას შესახებ? – კითხვა შეუბრუნა მზიამ.
– ყველაფერი, – თქვა ნუცამ ჩუმად და თავი ჩაღუნა.
– რა ყველაფერი? – ჩაეძია მზია.
– აბსოლუტურად ყველაფერი, იმის ჩათვლით, რომ დედაჩემმა მას დაურეკა და შეხვედრაზე დათანხმდა, მაგრამ უკან კიდევ ერთხელ დამცირებული დაბრუნდა. თუმცა, იმას, რაც შეიძლებოდა, მომხდარიყო, ჩემთვის, როგორც შვილისთვის, მაინც ის ჯობია, რაც მოხდა – გუგას წერილს ვგულისხმობ.
– შენ საიდან იცი ეს ყველაფერი? – მზიას ხელები გაეყინა მღელვარებისგან.
– ჩემი მშობლების არანორმალურმა ურთიერთობამ ერთი ცუდი თვისება გამომიმუშავა, – აღიარა ნუცამ, – სხვების საუბრებზე ყურის მიგდება ვისწავლე.
– როგორ... – მზია ისე გააოგნა გოგოს სიტყვებმა, რომ, აღარ იცოდა, რა ეკითხა.
– რა – „როგორ“? – ჩაეცინა ნუცას.
– როგორ აკეთებდი ამას?
– თავიდან ცოტა მიჭირდა – კიდეც მეშინოდა და კიდეც მრცხვენოდა, მაგრამ, მერე შევეჩვიე და ნამდვილ მზვერავად ვიქეცი.
– და, ეს არ გთრგუნავდა?
– პირიქით. საერთოდ, ცნობილია, რომ, რაც მეტი ინფორმაცია იცი, მით უკეთ ფლობ სიტუაციას. რა თქმა უნდა, მაშინ, როცა ეს „საქმიანობა“ დავიწყე, ამ თეორიის ეს ფორმულირება არ ვიცოდი, მაგრამ, ინფორმაციის ცოდნით სიტუაციის ფლობა გამოცდილებამ მოიტანა და უსუსურობისა და დაუცველობის კომპლექსი მომიხსნა.
– ნუცა, რამდენი წლის ხარ? – დაინტერესდა მზია.
– რამდენიმე თვეში ჩვიდმეტის გავხდები. რატომ მეკითხებით?
– შენ რომ გისმენ, მგონია, ჩვიდმეტის კი არა, ოცდაჩვიდმეტი წლის ქალი მელაპარაკება, – არ დაუმალა მზიამ, – რაც, სიმართლე გითხრა, ცოტა არ იყოს, მზაფრავს.
– სამწუხაროდ, მე თვითონაც ასე მემართება, – ჩაილაპარაკა ნუცამ, – მაგრამ, ეს ჩემი ბრალი არ არის.
– ჰო, ალბათ, მართალი ხარ, – დაეთანხმა მზია, – მეგობრები გყავს?
– არც ისე ბევრი. ძალიან ახლო მეგობარი მხოლოდ ორი მყავს – ერთი ბიჭი და ერთი გოგო, დანარჩენები ისე რა მეგობრები არიან, უბრალოდ, კარგი ურთიერთობა გვაქვს. თქვენ?
– მე სამი უახლოესი მეგობარი მყავს, რომელთაგან ერთი სოფელში ცხოვრობს, ერთი გერმანელს გაჰყვა ცოლად და იქ გადავიდა საცხოვრებლად, ერთი კი თბილისშია, მაგრამ, ოთხი შვილი გააჩინა ზედიზედ და ტელეფონზე დასალაპარაკებლადაც ვერ იცლის. ასე რომ, ვერც ერთს ვეღარ ვხედავ, მხოლოდ ტელეფონით ან სკაიპით ვლაპარაკობთ. ნანიტას ბევრი მეგობარი ჰყავს?
– რამდენიმესთან დაქალობს, მაგრამ, ყველაზე ახლოს ელენესთან არის. იცნობთ?
– არა.
– ახლა სად არის დიმიტრი, ისევ საავადმყოფოშია?
– არა, გიორგისთან არის, ძმასთან და მე ვადგავარ თავზე.
– დიდი ხანია, ბიძაჩემი არ მინახავს, – რაღაცნაირი დანანებით თქვა ნუცამ, – კარგი კაცია, მაგრამ, ცოტა დისტანციური. მე და თოკოს გვინდოდა, ბიძასთან მაინც ვყოფილიყავით ახლოს, თუმცა, რაღაცნაირად, არ აეწყო ჩვენი ურთიერთობა. არადა, ვიცი, რომ ძალიან ვუყვარვართ და ნანიტასაც პატივს სცემს. ახლა რომ ვუფიქრდები, ესეც მამაჩემის ბრალი იყო – ახლოს არ გაიკარა და ჩვენც ჩამოგვაშორა. თან, წლების განმავლობაში ხან რომელ ქვეყანაში მუშაობდა, ხან – რომელში და ამანაც დაგვაშორა.
– გიორგი ძალიან კარგი კაცია, – უთხრა მზიამ და მოუყვა, რაც ბიძამისმა გუგასთვის გააკეთა.
– მართლა?! – გაუკვირდა გოგოს, – კაი ტიპი ყოფილა, ახლა უფრო მეტად ვცემ პატივს.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში