ჩხვლეტია და საშინელი!..
ჩხვლეტია და საშინელი!..
სამედიცინო შპრიცმა ადამიანები ტკივილისგან იხსნა. დიახ, იყო დრო, როდესაც შპრიცი საერთოდ არ არსებობდა და ადამიანებს მასზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. დღეს ბევრს შპრიცის დანახვაზეც კი გული მისდის, მაგრამ ეს მეტისმეტად საჭირო ნივთია. როდის „დაიბადა“ შპრიცი, ამის თქმა ზუსტად შეუძლებელია, მაგრამ მისი შექმნის ისტორია კარგად არის ცნობილი...
2000 წლის წინათ, ძველბერძენმა ექიმმა, „მედიცინის მამამ“ – ჰიპოკრატემ, შპრიცის მაგივრად პირველად გამოიყენა ბამბუკის პატარა მილაკი, რომლის ერთ ბოლოშიც ღორის შარდის ბუშტი იყო მიმაგრებული. ეს იყო შპრიცის მსგავსი პირველი მოწყობილობა. საკმაოდ დიდი დრო გავიდა, სანამ 1648 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა, მათემატიკოსმა და ფიზიკოსმა ბლეზ პასკალმა შეისწავლა სითხის მოძრაობა წნევის ქვეშ და გამოიგონა შპრიცის მორიგი პროტოტიპი-მოწყობილობა, რომელშიც შედიოდა ნემსი და პრესი. ინიექციის მცდელობა პირველად მეჩვიდმეტე საუკუნეში განხორციელდა. ამავე დროს, ერთდროულად ორმა მეცნიერმა სცადა შპრიცის მსგავსი მოწყობილობის შექმნა: ლონდონში – კრისტოფერ რენმა, ხოლო გერმანიაში – იოჰან ელსჰოლცმა. სწორედ ელსჰოლცმა სცადა, გაეკეთებინა ადამიანისთვის პირველი ინიექცია – გადაესხა სისხლი ერთი ადამიანისგან მეორე ადამიანისთვის, რისთვისაც გამოიყენა ჩიტის ბუმბულის ღერო...
ნამდვილი შპრიცი მრავალჯერადი გამოყენებისთვის მხოლოდ 1853 წელს გამოიგონეს და ისევ ერთდროულად ორი ადამიანი მივიდა აქამდე: შოტლანდიელი ალექსანდრ ვუდი და ფრანგი შარლ გაბრიელ პრავასი. პრავასმა თავისი გამოგონება პირდაპირ შესთავაზა ქირურგებს.
ეს პირველი შპრიცები იყო ნემსით დაბოლოებული კაუჩუკის ცილინდრები. 1894 წელს კი პირველი შუშის შპრიცები გამოჩნდა, რათა მოხერხებული ყოფილიყო მათი სტერილიზაცია. მათი ავტორი იყო შუშის მბერავი ოსტატი – ფრანგი, ვინმე ფურნიე. შპრიცების წარმოება მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო ფრანგულმა ფირმა „ლუერმა.“ დღეს მთელ დედამიწაზე მხოლოდ ერთჯერადი შპრიცები გამოიყენება. ერთჯერადი შპრიცის ავტორი კი გახლავთ ექიმი კოლონ მერდოკი. ეს აზრი მას 1956 წელს, თვითმფრინავის ბორტზე ყოფნისას მოუვიდა.