ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ზოგადად რა სახის ქმედება შეიძლება შეფასდეს ოჯახურ ძალადობად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის ქმედება შეიძლება შეფასდეს იძულებითი ხასიათის ქმედებად, ოჯახური ძალადობის ფაქტების შეფასებისას?
პასუხი: გაცნობებთ, რომ იძულებად ოჯახური ძალადობის ფაქტების შეფასებისას ითვლება: ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ან/და, საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ვინ შეიძლება იყოს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა).
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ზოგადად რა სახის მექანიზმები იგულისხმება საქართველოში ოჯახური ძალადობის ფაქტების პრევენციისათვის?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს: იმ ფაქტორების ანალიზს, შესწავლასა და შეფასებას, რომლებიც ოჯახში ძალადობის მიზეზებია; ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად; შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას; პრევენციული ღონისძიებების გატარებას იმ პირების მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობის ჩადენის რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან ან რომელთაც ოჯახში ჩადენილი აქვთ ძალადობა; სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვას, რათა ადამიანები ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების, ასევე, დაცვის გარანტიების თაობაზე, მათ შორის, იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს ოჯახის წევრთა თანასწორობასა და ურთიერთვალდებულებებს; ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მოძალადის პასუხისმგებლობის, მსხვერპლის უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას; ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში, მსხვერპლთათვის დახმარებისა და დაცვის, ხოლო მოძალადეთათვის – სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელებას; ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ ინსტიტუტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მხარდაჭერას.