ოქროს შუალედი
ახალგაზრდა კანი საზოგადოებაში იმ დონეზე იქცა კულტად, რომ ლამის ბავშვობის ასაკიდან დაიწყონ ქალბატონებმა ნაოჭების გაჩენის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა, თან, კანის მდგომარეობისა და ასაკისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და შეუფერებელი საშუალებებით. რეალური ესთეტიკური პრობლემების მოსაგვარებლად კი ქალების უმრავლესობა „მძიმე არტილერიას“ მიმართავს, რადგან მათთვის მთავარია მინიმალურ დროში მაქსიმალური ეფექტის მიღება.
„ზედმეტად მოვლილი კანის ფენომენი დღეს ეპიდემიის მასშტაბებს იღებს და ამას ჩვენ რეგულარულად ვაწყდებით,” – აცხადებენ ამერიკელი და ფრანგი კოსმეტოლოგები. მათი თქმით, ქალბატონებმა არ იციან, რომ მოვლის ნაადრევად დაწყებით ამოიწურება კანის რეზერვები. მაგალითად, დღეს ბევრი კოსმეტოლოგიური პროცედურა და აპარატული მეთოდიკა მიმართულია კანის უჯრედების მუშაობის გაძლიერებისკენ, რის შედეგადაც წარმოიქმნება კოლაგენი, ელასტინი და ჰიალურონის მჟავა – ფიბრობლასტები. მაგრამ, შეუძლებელია, ეს პროცესები უსასრულოდ გაგრძელდეს. ერთხელაც, დგება დრო, როცა კანი უარს ეუბნება მასტიმულირებელ კოსმეტიკურ პროცედურებს.
ამიტომ, ყველაფერში აუცილებელია ბალანსის დაცვა. როგორი შედეგიანიც არ უნდა იყოს ესთეტიკური პროცედურა, დაუშვებელია, რომ მას ორგანიზმის ფუნქცია მივანიჭოთ. კანის მოვლის ნებისმიერი მეთოდის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ბალანსის აღდგენა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დროულად შეჩერება, ანუ, კანის ნებისმიერი დეფექტის აღმოფხვრის დროს კოსმეტოლოგმა მიზნად არ უნდა დაისახოს ასპროცენტიანი შედეგი, 70-80 პროცენტიც აბსოლუტურად საკმარისია, რადგან ამ შემთხვევაში კანს შერჩენილი ექნება იმის უნარი, რომ დამოუკიდებლად განაგრძოს თვითრეგულაციის პროცესები.
ზედმეტად მოვლილი კანის ნიშნებია:
ა) გამოშრობა, რასაც იწვევს ჭარბცხიმიანი კანის მოვლისას პილინგებისა და პროფესიონალური პროცედურების გადაჭარბებით გამოვნება.
ბ) გაძლიერებული ტენიანობა წარმოიქმნება ბიორევიტალიზაციისა და „გამაახალგაზრდავებელი“ მეზოთერაპიის პროცედურების ზედმეტად ხშირად ჩატარების შედეგად.
გ) გამოთეთრებული სახე აქვთ მათ, ვინც „გატაცებულია“ კანის გათეთრების მიზნით მჟავაშემცველი და C ვიტამინის შემცველი პრეპარატებით პროცედურების, ასევე, ქიმიური პილინგებისა და მიკროდერმობრაზიის ჩატარებით. ამ პროცედურების ხშირად ჩატარების შედეგად კანი ძალიან თხელდება და ჩნდება კუპეროზი.
დ) სახის ზოგიერთი ზონის ჰიპერკორექცია გვხვდება იმ ქალბატონებში, რომლებსაც უყვართ „სილამაზის ნემსები“, ანუ, შინაურულად რომ ვთქვათ, ტუჩების, ქუთუთოებისა და სახის სხვა მონაკვეთების დაბერვა ან ფორმის შეცვლა. ამ ნემსებისა თუ გელების ხშირად გამოყენების შემთხვევაში, შეინიშნება სახის ყველა უბნის ჰიპერკორექცია, რის შედეგადაც სახე გამოიყურება არაბუნებრივად და უსიამოვნოდ.
ასე რომ, არჩევანი თავად გააკეთეთ.