კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა წამწამების ფერადი ტუშით შეღებვა, თუკი საქმიან შეხვედრაზე უნდა წავიდე?
პასუხი: ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს სტილზე, ასევე, იმაზე, დარწმუნებული ხართ თუ არა საკუთარ თავში და, რაც მთავარია, როგორ შედეგს მოელით ამ შეხვედრის შემდეგ. ისე კი, მაინც უფრო საქმიანი ვიზუალი გექნებათ, თუ შავ ტუშს გამოიყენებთ.
კითხვა: ხდება თუ არა SPA სალონებში კანის სილამაზეზე ზრუნვა?
პასუხი: რა თქმა უნდა, ხდება. კანის მოვლაში შედის აბანო, პილინგი და შეფუთვა. აბანოს შემდეგ ხდება დეტოქსის ეფექტი – წიდებისგან გაწმენდა; პილინგი წმენდს კანს ძველი უჯრედებისგან და ათანაბრებს (გლუვს ხდის) მის ზედაპირს; შეფუთვა ხვეწს სილუეტს, ასევე, ატენიანებს და კვებავს კანს.
კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება მაკიაჟის გაკეთება ტონალური კრემის გარეშე?
პასუხი: მაკიაჟის გაკეთების დროს ტონალური კრემი არ გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახის კანი არის იდეალურ მდგომარეობაში: სიწითლის, შავი წერტილების, გამონაყარის, პიგმენტური ლაქების ან სხვა ვიზუალური ხარვეზების გარეშე.
კითხვა: შეიძლება თუ არა, გამშრალი ან შესქელებული ფრჩხილის ლაკის აცეტონით ან ფრჩხილიდან ლაკის მოსაშორებელი სითხით გაზავება?
პასუხი: არ შეიძლება სამი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, ასეთი ლაკი არათანაბრად წაისმევა ფრჩხილზე და, მეორე, აცეტონით ან სხვა სითხით გაზავებული ლაკი აუცილებლად დააზიანებს ფრჩხილის ზედაპირს და, მესამე – მას აღარ ექნება ის სიპრიალე ან ბზინვარება, რაც თავდაპირველად ჰქონდა.