ადამი და ევა
ქალური სისულელეები
როგორ შევინარჩუნოთ ქალურობა ჩვენს თანამედროვე, მძიმე და პრობლემებით სავსე რეალობაში? ეს საკმაოდ რთულია და ყველას არ შეუძლია... წუწუნი გამოსავალი არ არის...
ქალები ხშირად ვსაუბრობთ პრობლემებზე, თუმცა საუბარი საუბრად რჩება და გამოსავალს ვერ ვპოულობთ.
ხშირად გვიჭირს არჩევნის გაკეთება. სწორად ვერ განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს... მამაკაცებთან შედარებით ქალები გაცილებით ლოგიკურები არიან. მიუხედავად ამისა, ხშირად დგებიან დილემის წინაშე – მაგალითად, ყველაზე მარტივი თემა: რა ჩავიცვა?! ერთი შეხედვით, შეიძლება, სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სერიოზულ პრობლემად იქცევა ხოლმე. ანუ, ქალები აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი არსებები ვართ და ამის აღიარებას ზოგჯერ გავურბივართ. ამიტომაც ამბობენ ჩვენზე: ლედი, ქალბატონი, ქალი, მშვენიერება, აშარი, ანჩხლი, ძუკნა და ასე შემდეგ... მრავალფეროვნებაა და თანაც, როგორი – ამის მიზეზი ქალური „სისულელეებია“, რომლებსაც ჯეროვან ყურადღებას ვერ ვაქცევთ, ან არ მივიჩნევთ ყურადღების ღირსად. ეს კი ისევ ჩვენ გვაზარალებს. სამწუხაროდ, ზოგჯერ მართლაც ძალიან სულელურად ვიქცევით. დროა, ამას მივხვდეთ და გამოვსწორდეთ!
ჩაიხშე მრისხანება!
მრისხანება ყველა ადამიანის ცხოვრების თანმდევი, ბუნებრივი ემოციაა. ვინ იტყვის, რომ ერთხელ მაინც არ ყოფილა მრისხანე, არ გადმოუფრქვევია თავისი აგრესია, თუმცა, მერე, შეიძლება, უნანია კიდეც. თუ მეცნიერული თვალსაზრისით მივუდგებით, ჩინური მედიცინა მიიჩნევს, რომ მრისხანება დარღვეული ენერგეტიკული არხის შედეგია, რომელსაც ღვიძლის არასწორი ფუნქციონირება იწვევს. თუმცა, არ არის გამორიცხული, მრისხანებამ ამის გარეშეც იჩინოს თავი. მოგებულია ის, ვინც იცის, როგორ მართოს თავისი ემოციები და მრისხანება. ეს განსაკუთრებით ქალბატონებს ეხებათ, ანუ, თუ ხშირად აფრქვევთ მრისხანებას, უპირველესად, შეიმოწმეთ ღვიძლი და ყურადღება მიაქციეთ საკვებს, რომელსაც მიირთმევთ. შეიძლება, არ იცით, რომ, როცა ვბრაზობთ და ვმრისხანებთ, უზარმაზარი სასიცოცხლო ენერგია მიდის ჩვენგან. მრისხანებას, ანუ, დიდი უარყოფითი ენერგიის კონცენტრაციას, ხელს უწყობს ცუდი ფილმის ყურება, არასასურველ ადამიანთან შეხვედრა და მასთან საუბარი, ემოციების ხშირი გამოხატვა და იმ საქმის კეთება, რაც ძალიან არ გიყვართ და არ გსიამოვნებთ.
არ დახარჯოთ ენერგია ტყუილუბრალოდ, გაუფრთხილდით მას ისევ თქვენთვის. შეხედეთ მოვლენებს მსუბუქად და ზოგჯერ ირონიითაც კი.
ჩინელები მრისხანებას საკმაოდ ორიგინალური მეთოდით ებრძვიან – ისინი ამბობენ: „მწვანე ფერი უყვარს ღვიძლს” – და ცდილობენ, მიირთვან მეტი მწვანე საკვები, იყვნენ მწვანე გარემოში და ხშირად წარმოთქვამენ ბგერას – შ... შ... შ... თურმე, ამით ღვიძლისთვის „მწვანე შუქნიშანი“ ირთვება და მრისხანებაც ნელ-ნელა დაიძლევა...
ნაკლები პრინციპულობა
დროა, დავივიწყოთ ეგოიზმი და აღარ ვილაპარაკოთ იმაზე, როგორი უმადურები არიან კაცები. შეიძლება, ისინი მართლაც უმადურები არიან, მაგრამ, ასეც რომ იყოს, ქალებს – ვერაფერი შეღავათი. თუკი ხვდებით, რომ ლამის იმედი გადაგეწურათ იმ ერთადერთის ძებნაში, გაითვალისწინეთ, რომ, შეიძლება, ზედმეტი პრინციპულობა გიშლით ხელს ურთიერთობის დალაგებაში. ანუ, უპირველესად – ნაკლები პრინციპულობა მერე კი, აჯობებს, თავიდანვე იცოდეთ, რომ არ ღირს, პარტნიორს მიზნად დაუსახოთ, გახდეს სუპერწარმატებული და სანიმუშო. სავარაუდოდ, ის ამდენს ვერ გაქაჩავს. აჯობებს, იცხოვროთ მარტივი ადამიანური პრინციპებით: გაუფრთხილდეთ იმას, რაც გაქვთ; შეეგუოთ იმას, რაც არ მოგწონთ და აღფრთოვანდეთ იმით, რაც მოგწონთ... მოითმინეთ, დაიცადეთ, გიყვარდეთ და სიხარულისთვის პატარა მიზეზიც იმყოფინეთ.
მაგალითად, ზოგიერთი ქალი ძალიან ადვილად მიდის კომპრომისზე და თანდათანობით სულ უფრო იშვიათად სჭირდება ეს კომპრომისი. ვერ ხვდებით? მთავარია, უთხრათ: „კარგი, მოიქეცი ისე, როგორც შენ გსურს“ – ამ მარტივ ფრაზას მამაკაცებზე პარადოქსული ზემოქმედების უნარი აქვს – იქცევიან ზუსტად ისე, როგორც თავიდან თქვენ შესთავაზეთ. მაშ, რატომ უნდა ვიყოთ პრიციპულები?!
მე ქალი ვარ!
უთხარით საკუთარ თავს: „მე ქალი ვარ!“ და ბოლომდე გააცნობიერეთ ის განცდა, რომელიც გეუფლებათ ამ სიტყვების წარმოთქმისას. ბედნიერი უნდა იყოთ, რომ სამყაროს მშვენიერ მეორე ნახევარს მიეკუთვნებით, ამიტომ, მოახერხეთ საკუთარ სქესთან სრული იდენტიფიკაცია – ეს დაგეხმარებათ საკუთარი უპირატესობის შეგრძნებაში და ადვილად დაიმკვიდრებთ ადგილს რეალობაში.
ამბობენ, რომ ქალი ოთხივე სტიქიის შვილია – ენერგიებით, ის კი არა, თავად არის მეხუთე სტიქია. მაგრამ, ყველა ქალმა იცის, რამხელა მისია აკისრია მას და როგორი შესაძლებლობები აქვს?! – საეჭვოა.
რა უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ქალურობა ჩრდილში არ მოექცეს? ყველა როლი, რომელსაც ჩვენ ოჯახში თუ მის გარეთ ვთამაშობთ, ერთნაირი ვირტუოზულობით უნდა იყოს შესრულებული. თუ ქალს აქვს სტიქიებთან კავშირი, ის ამას შეძლებს, ანუ, სწორად უნდა მართოთ საკუთარი ენერგიები – მაშინ ყველა ფრონტზე ერთნაირად წარმატებული იქნებით და გაიმარჯვებთ კიდეც. სუსტი ქალი ისევ საკუთარ თავს ავნებს წუწუნით: მე ქალი ვარ და ამიტომ ბევრი რამე არ შემიძლია... ბევრს აქვს სურვილი ჩემი დაჩაგვრის და მათ ეს გამოსდით... დაუცველი და წარუმატებელი ვარ... ასე დაკომპლექსდებით და იმასაც ვეღარ გააკეთებთ, რასაც მანამდე აკეთებდით.
„მე ქალი ვარ!” – ამ სიტყვებმა საკუთარი თავის რწმენა უნდა შეგმატოთ და შეუძლებელი შეგაძლებინოთ...
ტრადიციები და სტერეოტიპები
მოვიდა დრო, როცა ქალს არ ეხამუშება, იყოს საყვარლის როლში. საერთოდ არ ერიდება ამის საჯაროდ აღიარება და ბედნიერიც კია, თუკი მამაკაცი მას მატერიალურ ან ფიზიკურ კომფორტს უქმნის. ურჩევნია, ყველაფერი მიიღოს და, თანაც, ერთბაშად. ცხოვრობს დღევანდელი დღით და, შეიძლება, ეს კარგიც იყოს, თუმცა, გააჩნია, ვისთვის. წარმოიდგინეთ, როგორ ცხოვრობდნენ ქალები ადრე (პრინციპში, ბევრი ქალბატონი დღესაც ასე ცხოვრობს) – ცოლად მიჰყვებოდნენ „ნახევარფაბრიკატს“, მერე კი მთელი ცხოვრება მის აღზრდა-გადაკეთებას უნდებოდნენ. შეიძლება, რაღაც ხიბლი ამასაც ჰქონდეს, მაგრამ, მამაკაცი ძაღლი არ არის, რომ წვრთნას მარტივად დაექვემდებაროს და ლაქუცში აგყვეთ, მით უმეტეს, თუ მწვრთნელის არც დიპლომი გაქვთ და არც გამოცდილება. ქალს კი ეხერხება აღზრდა – ეს მისი ერთ-ერთი ფუნქციაა, მაგრამ, მამაკაცებს ნაკლებად უყვართ დედიკო-ცოლები. თუმცა, უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ დედების, ცოლების ან მეგობარი ქალების წყალობით თუ მცდელობით, მამაკაცები უკეთესები ხდებიან. მართალია, ამას სუსტი სქესის ნერვები და ძვირფასი დრო ეწირება, მაგრამ, ჩიტი ბდღვნად ღირს, მით უფრო, როცა ეს „ჩიტი“ გიყვარს კიდეც. ნუ შეგეშინდებათ სტერეოტიპების ნგრევისა და ახალი, საკუთარი ტრადიციების დამკვიდრების – ეს ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე იცხოვრო ვიღაცის კარნახით და საკუთარი ნების წინააღმდეგ...