შესაძლებელია თუ არა აზრისა და ფიქრის დონეზე ბედის ცვლილება და რა მოჰყვება ადამიანის გაუაზრებელ საქციელს
ბევრს აინტერესებს, არსებობს თუ არა კავშირი ადამიანის ბედისწერასა და გენეტიკას შორის. ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ გენებსა და ბედისწერას შორის პირდაპირი კავშირია. ქართველი ეზოთერიკოს-მკვლევრის, ბატონი გოგის თქმით, აზრისა და ფიქრის დონეზეც კია შესაძლებელი ბედის ცვლილება, რასაც ხშირად გაუაზრებელი ქცევითაც ვახერხებთ. რა მოვიმოქმედოთ, რომ ამ მხრივ თავი საფრთხეში არ ჩავიგდოთ, ჩვენი ცხოვრება სურვილისამებრ დავალაგოთ და მოვიწყოთ მშვიდი მომავალი, ამ თემებთან დაკავშირებით ბატონი გოგი საკმაოდ გასათვალისწინებელ რჩევებს მოგაწვდით.
გოგი: ადამიანის ბედისწერასა და გენებს შორის უდიდესი კავშირი არსებობს; ასევე, არსებობს გარკვეული პერიოდები, როცა საშიშია საკუთარ ბედზე საუბარი, წყევლა თუ გაუაზრებელი ქცევა. ამ დროს ერთმა უაზროდ გაელვებულმა და გაუაზრებელმა ფიქრმაც კი, შესაძლოა, თავდაყირა დააყენოს და რადიკალურად შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრება. ბედისწერაც და წინაპართა ცოდვებიც ნამდვილად გადადის შთამომავლებზე გენეტიკურად და სწორედ ამიტომაა საჭირო სიფრთხილე, კონტროლი და წინდახედულება თითოეული ქმედების დროს თუ სიტყვის წარმოთქმისას, რომ აღარაფერი ვთქვათ გაცნობიერებულ საქციელზე. ბევრს ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებული აზრი და შეხედულება აქვს. მაგრამ, დაფიქრდით, თუკი შეიძლება, ადამიანმა გენეტიკურად მიიღოს წინაპრისგან ნიჭი და გარეგნობა, რატომ არ არის შესაძლებელი, რომ ბედისწერაც გენეტიკურად გადავიდეს მასზე?! ზოგს არ სჯერა ბედისწერის და ძალიანაც ცდება, რადგან, გენური კოდის საშუალებით ჩვენ მართლაც ვიღებთ მემკვიდრეობით გარეგნობას, ხასიათს, ნიჭს და, ამასთან ერთად, ბედისწერასაც. შედეგად კი, წინაპართა არასწორი ცხოვრების წესი შთამომავლის ბედისწერაზე აისახება. არც ერთი ჩვენგანი არ დაბადებულა უცოდველი, რადგან, გენებით მიღებული პროგრამა შთამომავლობით დაგვყვა თან. აი, სწორედ ეს არის ბედისწერა, რომელშიც უდიდესი წვლილი ჩვენს წინაპრებს მიუძღვით. მათი კარმული დავალიანება, არასწორი თუ სწორი საქციელი, ცხოვრების წესი და ასე შემდეგ, სწორედ ჩვენს გენებშია ჩაწერილი. ასე რომ, თითოეული ჩვენგანი გენური ინფორმაციის გადამტანია. აქედან გამომდინარე კი, გამოდის, რომ შთამომავალმა წინაპრების ჩადენილი ცოდვების გამო უნდა ზღოს და საკუთარი ბედისწერა ამით დაამძიმოს. თქვენი შთამომავლების წარუმატებლობა, შესაძლოა, თქვენი ბრალი იყოს და, ამიტომ, უნდა ეცადოთ, სწორი საქციელითა და ცხოვრების სწორი წესით შეუმსუბუქოთ მათ ბედისწერა.
– ესე იგი, მშობლები თავიანთი საქციელით განსაზღვრავენ შვილების ბედსა და მომავალ ცხოვრებაში მიმდინარე ფაქტებს?
– დიახ, ახლანდელი საქციელით ჩვენი მომავალი შვილების ბედს განვსაზღვრავთ. აქვე გეტყვით, რომ გენეტიკურ ცოდვაზე დიდი ცოდვა არ არსებობს და, ვისაც ის შთამომავლობით გადაეცა, წარუმატებელი იქნება, უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება და პირადი ცხოვრებაც გამწარებული ექნება. თუმცა, არ მინდა, ისე გაიგოთ ჩემი ნათქვამი, თითქოს თავს დამტყდარი ყველა უბედურება ჩვენი წინაპრების კისერზეა და მხოლოდ ისინი არიან დამნაშავე ჩვენს უიღბლობა-წარუმატებლობაში.
– თითოეული ჩვენგანი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ პროგრამასაც ხომ ქმნის და იწერს გენებში?
– რასაკვირველია, მაგრამ, როცა მემკვიდრეობითი პრობლემების გადახედვა და დამუშავება შეუძლებელი ხდება გენეტიკური ხაზით, ამ დროს გვარი არსებობას წყვეტს, ანუ, ასეთ ოჯახში არ იბადება გვარის გამგრძელებელი. როცა დედა შვილს სწყევლის, ესეც საკუთარი გენის დაწყევლა და შთამომავლის ბედში არასწორი, გაუაზრებელი, საშიში ჩარევაა. ამ დროს გენური კოდი აქტიურდება და უფრო მეტად იწყებს მოქმედებას. გაბრაზებულ გულზე ერთმა ცუდმა გაფიქრებამაც კი კონკრეტული ადამიანის მიმართ, შესაძლოა, გენური პროგრამა შეუცვალოს და მის ბედში ნეგატიური ცვლილებები შეიტანოს. შვილები იტანჯებიან არა მშობლების ცოდვათა გამო, არამედ იმიტომ, რომ მათმა მშობლებმა ცოდვის ჩადენით დაიზიანეს სული და სხეული, შემდეგ კი არ მოინანიეს და ეს ფაქტი მათ შვილებზე აისახა. ამიტომ, საკუთარ სულში უნდა ვეძებოთ იმ ყველაფრის მიზეზი, რაც ჩვენ და ჩვენს შვილებს გვჭირს, მათ შორის იმ დაავადებებისაც, რომელთა მიმართაც გვაქვს მიდრეკილება. ზოგადად, სულსა და ხორცს შორის ბრძოლა დედამიწაზე მუდმივად მიმდინარეობს. მიწიერი ცდუნებების დათრგუნვისა და წინააღმდეგობებთან ბრძოლის დროს იწრთობა და განიწმინდება ჩვენი სული, ამისთვის კი ერთი სიცოცხლე არ კმარა. ადამიანის სული რამდენჯერმე იბადება და კვდება, ის რამდენიმე სხეულს იცვლის და, თითოეულ სხეულში ჩასახლებული, უშვებს შეცდომებს, აგროვებს გამოცდილებას, იძენს ახალ შეგრძნებებს, ემატება იმის გაცნობიერების უნარი, ვინ არის კეთილად განწყობილი მის მიმართ და ვინ – ბოროტად. ასევე, ადამიანების დიდი ნაწილი განსაკუთრებული, გამძაფრებული ინტუიციით გამოირჩევა; ზოგი ცუდი ჩვევებისკენაა მიდრეკილი, ზოგიც ცხოვრებაში ბევრ შეცდომას უშვებს. ეს ყოველივე კი წინა ცხოვრებაში სულის მიერ დაგროვილ გამოცდილებასთანაა კავშირში.
– მართალია, რომ სახელს ადამიანის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს?
– რასაკვირველია, სახელი დიდ როლს თამაშობს ჩვენს ბედ-იღბალში. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მშობელმა შვილს უიღბლო ადამიანის სახელი დაარქვას, რადგან, ახლობლის სახელის დარქმევით, ახალშობილს მის გარკვეულ ბედისწერასაც უზიარებ. ხოლო, როცა მშობელი შვილს თავის სახელს არქმევს, ფაქტობრივად, ბავშვს მშობლის ენერგეტიკა აქვს გაზიარებული. ყველა სახელს თავისი ენერგეტიკა აქვს, ანუ, ყოველი სახელი, თავისთავად, ცუდ ან კარგ ენერგეტიკას ატარებს, აქვს საკუთარი კოდი და, ამიტომ, ერთმანეთის მოსახელე ადამიანები რაღაცით ყოველთვის ჰგვანან ერთმანეთს. სეხნიები, ასევე, თავისებურად, ერთმანეთის ბედ-იღბალს იზიარებენ, ერთნაირი შეხედულებები და მისწრაფებები გააჩნიათ. ასე რომ, უმჯობესია, მეტსახელი შეირჩიო, თუკი გრძნობ, რომ წინაპრის სახელის გამო არ გიმართლებს. ასე უფრო ადვილად დააღწევ თავს შესაძლო უიღბლობას. ყველას თავისი მისია და ვალი გვაქვს დედამიწაზე, ხოლო მსგავსება გენეტიკურ კარმასა და ერთნაირი სახელების ენერგეტიკებს შორის ნამდვილად არსებობს.