როგორ გახდა მერაბ კოკოჩაშვილის ზურგი სტალინი და როგორ დაიწყო კოკოჩაშვილების ცნობილ აფთიაქში მუშაობა პატარა ბიჭმა, მიტროფანე ლაღიძემ
„ძალიან მიყვარდა ჩემი წინაპრების ამბების მოსმენა და ახლა სიამოვნებით ვუამბობ სხვებს“, – ასე იწყებს ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი, რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი თავის დღიურს. „მიხა”, „არდადეგები”, „დიდი მწვანე ველი”, „გზა მშვიდობისა, ჯაყო”, „გზა”, „ნუცას სკოლა”, „ხმელი წიფელი”, „კარდაკარ” – ეს მერაბ კოკოჩაშვილის ფილმების არასრული ჩამონათვალია, თავად კი ეკრანზე პირველად „გიორგი სააკაძეში” გამოჩნდა, სადაც ის სააკაძის უმცროს შვილს – პატარა პაატას თამაშობს. მოდი, ერთად წავიკითხოთ ეს საინტერესო დღიურები, დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათ.
„ერთხანს კოკოჩაშვილების გვარის წარმომავლობით დავინტერესდი. რატომღაც, მეგონა, რომ ის სიტყვა „ყოჩიდან” მოდიოდა. თურმე, ვცდებოდი. როგორც ბაბუაჩემმა მითხრა, ჩვენი წინაპარი საზანოელი აზნაური ქაქუჩა (ქაიხოსრო) ქოჩეჩაშვილი ყოფილა. ის, თუ არ ვცდები, იმერეთის მეფე სოლომონ პირველის ელჩობას გაჰყოლია თურქეთში. მიღება, საუბარი, მერე პურმარილი და, ასე გრძელდებოდა ერთი თვის განმავლობაში. ახალგაზრდა აზნაურებს, როგორც ჩანს, ეს ერთფეროვნება მოსწყინდათ და დაიწყეს აქეთ-იქით „ძრომიალი”. ჩვენი ქაქუჩა გამუსლიმანებულ ქართველ ქალს გამიჯნურებია და ყოველდღე მასთან დადიოდა, მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, შეუსწრეს... ატყდა ამბავი, ხმლების ტრიალი. ქაქუჩას ძლივს გამოუღწევია, გარეთ გავარდნილა და ახლა ვიწრო ქუჩებში გამოედევნენ დამბაჩების სროლით. ერთ სახლში მას ღია კარი დაუნახავს და შევარდნილა. იქ, თურმე, კათოლიკური მისია ყოფილა. ბერებმა კარი ჩარაზეს და მდევარი არ შეუშვეს, მაგრამ აქედან თავის დაღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა: ქაქუჩას გამო მისიის შენობა ერთი კვირის განმავლობაში ალყაში იყო. ფანჯრიდან დაუნახავს, როგორ შესხდნენ მისი თანამემამულეები ცხენებზე, ხელი დაუქნიეს და ელჩობა საქართველოსკენ გაუდგა გზას. გავიდა დრო და კათოლიკე ბერების დახმარებით თავგადასავალგამოვლილი იმერელი აზნაური შინ დაბრუნდა. არ ვიცი, როგორ შეხვდა მისი ოჯახი ამ ამბავს, მაგრამ, ფაქტია, რომ ქაქუჩას გულმა კვლავ ახალციხისკენ გაუწია – როგორც ჩანს, ის ქალი შეჰყვარებია. წასულა, სატრფო მოუნახავს, კათოლიკე ბერების მიმართ მადლობის ნიშნად კათოლიკობა მიუღია, ქალიც ქრისტეს რჯულზე მოუქცევია და ცოლად შეურთავს. ასე გავხდით კოკოჩაშვილები და კათოლიკეები. ქაქუჩას ბევრი შვილი ჰქოლია... ამ მრავალშვილიანი ოჯახის ერთ-ერთი შტოს შთამომავლები საქართველოში წამოსულან, ქუთაისში დამკვირდებულან და აქ ბევრი სასიკეთო საქმე უკეთებიათ. ქუთაისში პირველი აფთიაქი კოკოჩაშვილების იყო... აქ, სხვადასხვა წამალთან ერთად, ტკბილი წყალიც იყიდებოდა. ამ აფთიაქში დაუწყია მუშაობა პატარა ბიჭს, რომელიც, თურმე, გულმოდგინედ სწავლობდა რეცეპტებს. ეს ბიჭი მიტროფანე ლაღიძე იყო... კოკოჩაშვილების განათლებულ ოჯახში სხვადასხვა პროფესიას მისდევდნენ. მათ შორის იყვნენ ექიმები, მოსამართლეები, ადვოკატები... ბაბუაჩემი, ვასილ კოკოჩაშვილი, ადვოკატი იყო. დღემდე შენახული მაქვს მისი პორტსიგარი მადლიერების გამომხატველი წარწერით. ეს ნივთი მას აჩუქა კაცმა, რომელიც ბაბუაჩემმა ციხისგან იხსნა. ბებიაჩემი, ვასილის მეუღლე – ლუჩია ყუბჩიშვილი-კოკოჩაშვილისა, ქუთაისში ქალთა გიმნაზიის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო...
...რომ დავიბადე, აი, ამ სახლში ფაეტონით მომიყვანეს. ამ ფაქტს ჩემთვის დღემდე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სახელი ბიძაჩემის, მერაბ ჯორჯაძის პატივსაცემად დამარქვეს და ეს ძალიან საინტერესოდ მომხდარა: საფრანგეთში მერაბთან მიმოწერა ოჯახს აკრძალული ჰქონდა. ბებიაჩემი ამ ამბავს ძალიან განიცდიდა. მე რომ დავბადებულვარ და სახელის დარქმევაზე მიმდგარა საქმე, ვერ გადაეწყვიტათ, რა სახელი შეერჩიათ. მაშინ მამაჩემს უთქვამს: სახელებს ქაღალდის პატარა ფურცლებზე დავწერ და ქუდში ჩავყრი. ერთი ამოვიღოთ და, რაც ამოჰყვება, ის დავარქვათო. ასეც მოქცეულან. ქაღალდზე, რომელიც ამოიღეს „მერაბი” ეწერა. მხოლოდ ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ, რომ მამას ყველა ქაღალდზე ეს სახელი დაუწერია, ბებია რომ გაეხარებინა.
როგორც მიამბეს ფეხი უშანგი ჩხეიძემ ამადგმევინა... ჩვენს ოთახებს შორის კარი თითქმის არასდროს იკეტებოდა. ზაფხულობით ერთმანეთში გამავალი ოთახების ყველა კარს აღებდნენ და, ბინა, როგორც უფროსები ამბობდნენ, „კოჯრის ნიავით” გრილდებოდა... მე რომ დავიბადე, უშანგი უკვე ავად იყო, სწორედ იმ წელს დაანება თავი თეატრში ყოველდღიურ სიარულს, უკანასკნელი როლი 1933-ში თუ 34-ში ითამაშა... უშანგი თავის ოთახში დივანზე ყოფილა წამოწოლილი და ბალს შეექცეოდა, მე კი ჩვენს ოთახში, იატაკზე დავფორთხავდი. ეტყობა, გართობა უნდოდა – ბლის ყუნწს ძაფი გამოაბა, გადმომიგდო და ნელ-ნელა თავისკენ გაწია. მერე მიყვებოდა: ბალს რომ ვერ მისწვდი, ფორთხვით გამოჰყევი, მერე კი წამოდექი და ფეხით მოხვედი ჩემთანო… მოსკოვში, კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ჩემი გამგზავრებაც მისი „ხელდასმით” მოხდა. დედაჩემი ღელავდა, ჩემი გაშვების ეშინოდა. უშანგიმ უთხრა, ხელს ნუ უშლი, წავიდესო. მისმა სიტყვამ გაჭრა... რომ წამოვიზარდე, ძალიან მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა. საოცრად დახვეწილი პიროვნება იყო. ავადმყოფობის მიუხედავად, ფიზიკურად ძლიერი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა... პირველ სკოლაში ვსწავლობდი. ჩემი თანაკლასელი იყო ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის ვაჟი – მერაბი. ასეთ კლასებს საგანგებოდ არჩევდნენ ხოლმე... ჩვენს საკლასო ოთახს, სადაც მეორე კლასიდან დავდიოდით, „სტალინის ოთახი” ერქვა. კედლებზე სტალინის, ლენინის, ბერიას, ორჯონიკიძისა და სხვა ბელადების სურათები ეკიდა... ბუნებრივია, შესაფერის დავალებებს გვაძლევდნენ. ერთხელ ლექსის დაწერა დაგვავალეს. ოთახის აურა, როგორც ჩანს, ზეგავლენას ახდენდა ჩვენზე. ზოგმა ლენინზე დაწერა ლექსი, ზოგმა სტალინზე... მე ბერიაზე დავწერე... ერთი სული მქონდა, დედაჩემისთვის მეჩვენებინა. დედა შინ არ იყო, ორ ადგილას მსახურობდა და გვიან ბრუნდებოდა. ვიდრე არ მოვიდა, არ დავიძინე. ოთახში რომ შემოვიდა, თვალი გავახილე და ვახარე, ლექსი დავწერე-მეთქი. წაიკითხა და მითხრა, არ დავინახო, კიდევ ლექსი დაწერო... კიდევ ერთი ამბავი დღესაც ღიმილს მგვრის. გერმანიასთან ომი უკვე დაწყებული იყო. პაპიდაჩემთან კახეთიდან სტუმრად ქაქუცა ჩოლოყაშვილის უფროსი ქალიშვილი, ციცნა ჩამოვიდა. სასტუმრო ოთახში მრგვალ მაგიდასთან ჩაის სვამდნენ და საუბრობდნენ. მაგიდას ხავედრის მძიმე სუფრა ჰქონდა გადაფარებული, მის ქვეშ თავს მყუდროდ ვგრძნობდი და იქ თამაში ძალიან მიყვარდა. იმ საღამოსაც მაგიდის ქვეშ ვთამაშობდი. როგორც ჩანს, ქალბატონები პოლიტიკაზე საუბრობდნენ. სიტყვამ მოიტანა და, ჩემი თავშესაფრიდან ასეთი რამ გავიგონე: „რაც არ უნდა იყოს, ჰიტლერი კაციჭამიაა,” – უთხრა პაპიდაჩემს ციცნამ. „ჩვენსას მაინც ვერ შეედრება, – უპასუხა პაპიდაჩემმა, – ამასთან შედარებით ნამდვილი ვეგეტარიანელია...” როცა წამოვიზარდე, ყველაფერს მივხვდი, ბევრი რამ შევიტყვე, მაგრამ, რაც ვიცოდი, საიდუმლოდ ვინახავდი...
13 წლის ვიყავი. ვსადილობდით. მე და დედა პირისპირ ვისხედით. უკვე დიდი ბიჭი ხარო, – მითხრა, – ყველაფერი უნდა იცოდეო და მამაჩემის შესახებ მიამბო. მაშინ გავიგე, რას განიცდიდა მთელი ამ ხნის განმავლობაში...
... სკოლაში შესანიშნავი მეგობრები მყავდა და ეს ურთიერთობა დღემდე შემოგვრჩა. ბევრი მათგანი სახელოვანი მეცნიერი თუ ხელოვანი გახდა... სკოლის დირექტორი ჯაჯუ ჯორჯიკია გახლდათ. ადრე მენშევიკი თუ ფედერალისტი ყოფილა. კონსტიტუციას გვასწავლიდა... მახსოვს, ერთხელ, მათემატიკის გადაწერით ვიყავი გართული. მეგობარმა დრო იხელთა, ფეხსაცმელი გამიხსნა და წამართვა. საქმეს არ ვუღალატე. ვიფიქრე, გადაწერას დავასრულებ და მერე დავედევნები-მეთქი. დავსვი წერტილი და წამოვხტი. ის ბიჭი კლასიდან გავარდა. სახაზავი ვესროლე, რომელიც კარში გაერჭო. ამ დროს ჯაჯუ ჯორჯიკია გამოჩნდა. ის ჩვენს ოჯახს კარგად იცნობდა. გავშეშდი... ჯაჯუ თუ კაბინეტში დაგიმარტოვებდა, უსიამოვნებას ვერ ასცდებოდი. ვიდექი და ველოდი, რას მიზამდა. მან კი გადმომხედა და მითხრა: რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, თავი დაანებე ამ ბაგრატიონებსა და რატიშვილებს, ეთამაშე ჩარკვიანსო!..“
1953 წელს მერაბ კოკოჩაშვილი მოსკოვში გაემგზავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში ჩასაბარებლად, სადაც მისი თანატოლები: რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა უკვე ეუფლებოდნენ რეჟისორის ხელოვნების საიდუმლოს. მოსკოვში მერაბ კოკოჩაშვილმა თავის „კინემატოგრაფიულ ნათლიას” – მიხეილ ჭიაურელს მიაკითხა.
„ბატონ მიშას ჩემი ნამუშევრები მივუტანე და რჩევა ვთხოვე. განზრახვა არ მომიწონა. მითხრა, შენც და შენი მეგობრებიც სულელები ხართ, ფილმებს მაინც არავინ გადაგაღებინებთ. სულ 20 სურათს ვიღებთ და ყველაფერი განაწილებულიაო. იმ ოცი რეჟისორის გვარებიც ჩამომითვალა, ვისაც უახლოეს წლებში ფილმები უნდა გადაეღოთ. ყურები ჩამოვყარე და წასვლა დავაპირე. გამაჩერა, – თუ გინდა, ხუთ წუთში გეტყვი იმას, რაც ხუთი წლის განმავლობაში უნდა ისწავლოო და დაიწყო: იმისათვის, რომ რეჟისორი გახდე, სამი რამ არის საჭირო: „ერთი ადგილი“ (რბილად ვამბობ, თორემ, ბატონი მიშა ყველაფერს თავის სახელს არქმევდა) და, რადგან ამ სიშორეზე ჩამოეთრიე, ესე იგი, გქონია; მეორე – ზურგი. იცი, რა არის „ზურგი“? – თვალები მორცხვად დავხარე, ვინაიდან, მისი დახმარების იმედი მქონდა. დამეხმარა კიდეც – გაიწია და, მის უკან, კედელზე, სტალინის სურათი დავინახე. აი, ეს არის ზურგიო, – მითხრა; მესამე – ნიჭი და, ამასთან ერთად, მოთმინებაო. გამოცდები „ფრიადზე” ჩავაბარე, მაგრამ ჩემი გვარი სიაში ვერ ვიპოვე. დეკანატში მითხრეს, კიდევ ერთი კომისია უნდა გაიაროო. გასაუბრებაზე ოჯახის, მამაჩემის ამბავი მკითხეს და გამიშვეს. ბატონი მიშას გავლენა რომ არა, შესაძლოა, ჩემი ოჯახის წარსულის გამო, ინსტიტუტში ვერც მოვხვედრილიყავი. „ვგიკში” სწავლის წლები სულ სხვა ცხოვრებაა: ახალი მეგობრები, ნაცნობები... ეს იყო ხანა სამყაროს ახლად აღმოჩენისა. მხიარულად ვცხოვრობდით. ჩვენ შორის მხოლოდ სიყვარული და ერთმანეთის თანადგომა იყო…”
1959 წელს მერაბ კოკოჩაშვილმა სადიპლომო ფილმისთვის მზადება დაიწყო და მიხეილ ჯავახიშვილის ნოველა – „მუსუსი” შეარჩია. ხელის შემშლელი თითქმის არაფერი იყო: „ვგიკში” მოიწონეს, კინოსტუდია „ქართულ ფილმში” სცენარი დამტკიცდა, მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, მოულოდნელად ფილმი გააჩერეს. მათი აზრით, ჯავახიშვილის ნოველა ანტიეროვნული ნაწარმოები გახლდათ. „ახალ თემაზე ფიქრის დრო არ მქონდა. უდიპლომოდ ვრჩებოდი. ამ დროს, ოთარ აბესაძე, რომელიც „ვგიკში” ჩემს პარალელურ ჯგუფში სწავლობდა, თავის სადიპლომო ფილმზე – „კარდაკარ” – იწყებდა მუშაობას.” სცენარის ავტორი რეზო თაბუკაშვილი იყო. სწორედ მან შესთავაზა სტუდიას, ფილმის მოცულობა რვა ნაწილამდე გაეზარდათ, რაც შესაძლებელს გახდიდა, ფილმს ორი დამდგმელი რეჟისორი ჰყოლოდა.