მსოფლიო ჩემპიონატების წვერიანი ვარსკვლავები
მსოფლიო ჩემპიონატებზე ფეხბურთელები სხვადასხვა იმიჯით გამოირჩევიან, მათ შორის – წვერით. გთავაზობთ ყველაზე ცნობილ წვერიან ვარსკვლავებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს მუნდიალების ისტორიაში.
სოკრატესი – ბრაზილია
ბერძენი ფილოსოფოსის „სეხნია” სოკრატესი საფეხბურთო მოედანზე დიდი სიბრძნით გამოირჩეოდა, ხოლო რეალურ ცხოვრებაში დოქტორის ხარისხით იწონებდა თავს. ის 1980-იანი წლების ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც კარიერის დასრულების შემდეგ ცხოვრება მეცნიერებას დაუთმო. სოკრატესის საფირმო წვერ-ულვაში იმ დროის ბრაზილიის ნაკრების სიმბოლოა.
ალექსი ლალასი – ამერიკის შეერთებული შტატები
ექსტრავაგანტური ალექსი ლალასი ამერიკის ნაკრებში სტაბილური თამაშითა და კოლორიტული გარეგნობით გამოირჩეოდა. ლალასმა ორ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და თავი ჟღალი ფერის წვერ-ულვაშით დაგვამახსოვრა.
ოლოფ მელბერგი – შვედეთი
შვედეთის ნაკრების მცველმა, ოლოფ მელბერგმა, სანაკრებო დონეზე ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და თავისი ბრუტალური იმიჯით საიმედო დამცველის სახელი დაიმკვიდრა. სკანდინავიელი ვიკინგების შთამომავალი ოლოფი ამჟამად 36 წლისაა. ის კარიერას ჯერაც აგრძელებს, თუმცა, ბოლო ორმა მსოფლიო ჩემპიონატმა შვედეთის ნაკრების გარეშე ჩაიარა.
ჯიბრილ სისე – საფრანგეთი
ჯიბრილ სისემ 2002 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე ითამაშა, თუმცა თავი მხოლოდ ექსტრავაგანტური გარეგნობით დაამახსოვრა მსოფლიოს. შეღებული წვერ-ულვაში, გადახოტრილი თავი და უამრავი ტატუ – ეს არის ის, რაც მუნდიალებს დაუტოვა „სამახსოვროდ” ჯიბრილ სისემ.
ანდრეა პირლო – იტალია
ანდრეა პირლოსთვის ბრაზილიის მუნდიალი პირველია, სადაც ის ახალი იმიჯით – წვერმოშვებული წარდგა. 35 წლის პირლო „ფეხბურთის ფილოსოფოსის” განსახიერებაა, ხოლო მისი ხშირი შავი წვერი მის ქარიზმატულობას კიდევ უფრო მეტ შტრიხს ჰმატებს. იტალიელი ქალბატონების აზრით, ანდრეა პირლო იტალიის ნაკრებში ყველაზე სექსუალური ფეხბურთელია.