რატომ ვაბრალებთ საკუთარ დანაშაულს მუდმივად სხვებს და როგორ ადის ადამიანი ეკლესიაში შესვლისას დედამიწიდან ზეცაში
იოანე ოქროპირი ეკლესიაში სიარულის შესახებ ამბობს: „როდესაც თქვენს მცირერიცხოვნებას შევყურებ და ვხედავ, რომ ჩვენი სამწყსო ყოველი შეკრების შემდეგ სულ უფრო მცირდება, ერთდროულად ვწუხვარ და მიხარია. მიხარია თქვენ გამო, ვინც ახლა აქ ხართ; ვწუხვარ მათზე, ვინც თქვენთან არ არის. ქების ღირსნი ხართ, რადგან, მიუხედავად სიმცირისა, არ გახდით გულგრილნი, ისინი კი განკითხვას იმსახურებენ იმის გამო, რომ თქვენებრ მოშურნენი არ არიან. ამიტომაც გიწოდებთ ბედნიერებსა და ნეტარებს, რადგან მათმა უზრუნველობამ გავლენა არ მოახდინა თქვენზე, ხოლო მათ, რადგან თქვენი მოშურნეობით ვერ ისარგებლეს, შევრაცხავ, ვითარცა საბრალოთ და ვსტირი“. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გურამი (გურამიშვილი):
– ხშირად უჩნდებათ კითხვა: აუცილებელია თუ არა ეკლესიაში სიარული? ბევრი მიიჩნევს, რომ ეს სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი. ზოგი ფიქრობს, რომ საერთოდ არ არის საჭირო. ვინც არ დადის ეკლესიაში, არ იცავს უფლის მიერ დადგენილ მცნებებს, იმასაც ვერ აცნობიერებს, თუ რამდენ ცოდვას სჩადის ნებსით თუ უნებლიეთ. ეკლესიას ყოველთვის ამოჰყავს ამქვეყნიურ საქმეთა მორევიდან მასში შემსვლელები, სიმშვიდითა და ღვთის სიტყვით დააპურებს მათ და იცავს ყოველი განსაცდელისგან. ამ ადგილს სათნოებათა სკოლა და სიბრძნისმოყვარეობის სასწავლებელი ჰქვია. ნებისმიერ დროს, როდესაც ადამიანი შედის ეკლესიაში, ის იმ წუთში გადადებს ნებისმიერ საზრუნავს და, სიჩუმე, რომელიც ეკლესიაში სუფევს, მას ღვთის შიშს შთააგონებს, გონებას გაუნათებს, დღევანდელობას დაავიწყებს და მიწიდან ზეცაში აიყვანს.
– თუ ეკლესიაში მხოლოდ შესვლაც კი ასეთი სასარგებლოა, ცხადია, უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია ღვთისმსახურებაზე დასწრებას.
– დიახ, როდესაც წინასწარმეტყველნი ღაღადებენ, მოციქულები გვახარებენ; როდესაც ქრისტე ჩვენ შორის დგას და მამისგან ყოველივე კურთხეულია; როდესაც სულიწმიდა გვაუწყებს თავის სიხარულს... რამდენს კარგავენ ისინი, ყოველივე ამას რომ არ ესწრებიან. ხშირად ადამიანები ძირითადად სასაცილო თემებზე საუბრობენ, უქმად ატარებენ დღეებს, ამქვეყნიურ საზრუნავს მისცემიან... ერთიც და მეორეც მიუტევებელია და მკაცრ სასჯელს იმსახურებს. ამაოდ მოლაყბეებზეც ზედმეტია საუბარი, ასევე, იმათზეც, რომლებიც თავს საოჯახო საქმეების მოგვარებით იმართლებენ და კვირაში ერთხელ ეკლესიაში წასვლის გამო, არ შეუძლიათ ამქვეყნიურ საზრუნავზე უარის თქმა. საქმე აუცილებელია, მაგრამ ამით ვერ გავმართლდებით, რადგან ისინი ამაოა უფლის წინაშე. უპირველეს ყოვლისა, ღმერთს უნდა მიაგოთ პატივი და მერე – სხვა დანარჩენს. რომ შეგვეძლოს იმ ადამიანის სინდისში ჩახედვა, ვინც ეკლესიაში არ დადის, დავინახავთ, თუ რამდენი ჭრილობა და ეკალია მის სულში. როგორც დაუმუშავებელი მიწა უხეშდება და ბუჩქნარით იფარება, ასევე საღმრთო სწავლებას მოკლებულ სულშიც აღმოცენდება ეკლები და მანკიერი სურვილები. თუკი ჩვენ, ვინც ყოველდღიურად ვუსმენთ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, ძლივს ვახერხებთ შურის, გესლის გულიდან ამოგდებას და საღვთო წერილებიდან განუწყვეტლივ ვუგალობთ ჩვენს ვნებებს – მძვინვარე მხეცებს, რათა როგორმე დავაცხროთ ისინი, მაშინ, განა შესაძლებელია, ხსნის რამე იმედი ჰქონდეთ მათ, ვინც არასდროს უსმენს ღვთაებრივ სიბრძნეს და ამგვარი მკურნალობით არ სარგებლობს?! როგორც ჭუჭყით იფარება კაცის სხეული, თუ ის აბანოთი არ სარგებლობს, ასევე საშინელ ცოდვის სიბინძურეში ეხვევა სულიც, თუკი ის უგულებელყოფს სულიერ სწავლებას. სულიერი განბანა კი ხდება ეკლესიაში, სადაც სულიწმიდის სითბოთი არა მარტო განიწმიდება, არამედ, ფერსაც კი იცვლის.
– და მაინც, როდის და საიდან იღებს ცოდვა სათავეს?
– როდესაც ღმერთმა ადამი და ევა სამოთხეში დაასახლა, მათ აუკრძალა იმ აკრძალული ხის ნაყოფის ჭამა, რომელიც ორივეს ცოდვაში ჩააგდებდა. „აკრძალულ ხილში“ კი იგულისხმება ის მანკიერებები და ცუდი თვისებები, რომლებიც ადამიანებისთვის დამღუპველია. როდესაც ევა გველმა აცდუნა, სწორედ მაშინ იშვა ამქვეყნად ცოდვა და მას ეზიარნენ პირველი ადამიანები – ეს არის საწყისი ცოდვისა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამქვეყნად არსებობს ისეთი რამეები, რომლებიც კარგია ადამიანის სულისთვის, ზოგი კი, პირიქით – იწვევს ადამიანის სულისა და ხორცის დაღუპვას. ამიტომ, ეკლესია გვიდგენს წესებს, რომელთა დახმარებით შეგვიძლია, საკუთარი სული დავიცვათ საცდურისგან. ეკლესიური წესების დაცვით შევეცდებით, რომ შორს დავდგეთ ცოდვებისგან. ნათქვამია: არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოსო. აქედან გამომდინარე, ეკლესიური ცხოვრება დაგვეხმარება, შეძლებისდაგვარად, გავხდეთ სრულყოფილები, თავდაჭერილები, ღვთისნიერები და მოწყალეები. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ, ერთი ცოდვა ძალიან ბევრ სხვა ცოდვას შობს. მაგალითად, ამპარტავნება ძალიან ბევრი მომაკვდინებელი ცოდვის საწყისი ხდება. ცუდია, როდესაც ადამიანი ამ ვნებით შეპყრობილი ხდება. ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია – სიმდიდრე, ძალაუფლება, თანამდებობა – უფლის მიერ არის მომადლებული და, შესაბამისად, ეს ყველაფერი ღმერთის, ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ, არ უნდა ჩავვარდეთ ამპარტავნებაში.
– ყველანი ღვთის ქმნილებები ვართ, თუმცა, ეს ბევრს ავიწყდება და, იმის ნაცვლად, რომ სხვებს დაუდგნენ გვერდში, პირიქით, მათ შეურაცხყოფას აყენებენ.
– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანობა არის ერთადერთი სჯული, რომელიც აკმაყოფილებს კაცის სულიერ მოთხოვნილებებს. ამ სჯულმა არ იცის გარჩევა ეროვნებისა, სქესისა და ასაკისა; თვით სახარება კი არის წიგნი სამარადისო, ყველა დროისა და ყველა ხალხისთვის გამოსადეგი, საჭირო და გასაგები. თვით უფალი იესო ქრისტე ძველი აღთქმის წიგნებს უწოდებდა ღვთის სიტყვას, სულიწმიდის სიტყვას, ღვთის ბრძანებას. სასოწარკვეთილების წუთებში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი კი არ გვტოვებს ჩვენ, არამედ, ჩვენ ვტოვებთ მას. ღვთის ბრძანების თანახმად, ყველანი ასე უნდა ვცხოვრობდეთ: როდესაც მარტონი ვიქნებით, როგორი მწუხარეებიც არ უნდა ვიყოთ, რომც არ გვინდოდეს, ყოველთვის უნდა მოვუხმოთ ჩვენს გულებში მცხოვრებ უფალ იესო ქრისტეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, როდესაც სხვებთან ერთად ვცხოვრობთ, მათ უნდა ვემსახუროთ კიდეც, როგორც თავად ღმერთს და ნუ მოვითხოვთ სიყვარულის წილ სიყვარულს, სიმდაბლის წილ – ქებას, სამსახურის წილ – მადლიერებას. რითაც შეიძლება, რომ დააბრკოლოთ ან შეურაცხყოთ მოყვასი, იმას საერთოდ ნუ გააკეთებთ. ხოლო, თუ ის შეურაცხგყოფთ, ეს მიიღეთ არა როგორც შეურაცხყოფა, არამედ, როგორც ღვთისგან თქვენთვის გამზადებული იარაღი, რომლითაც, თუკი ისურვებთ, შეგიძლიათ, მოსპოთ თქვენში არსებული ყოველგვარი უწმიდურება გულისა. ყველანაირად წინ უნდა აღვუდგეთ სიფიცხეს და ის ღვთის შეწევნით შესუსტდება. ყოველთვის ვეცადოთ, რომ არაფერზე გავბრაზდეთ. არასდროს არ უნდა განსაჯოთ სხვა. დგას ის თუ ეცემა, მას ჰყავს ღმერთი, რომელსაც ძალუძს, შეაჩეროს მისი დაცემა და აღადგინოს ის დაცემის შემდეგაც. ჩვენ ყველამ საკუთარ დაცემასა და აღდგომაზე უნდა ვიფიქროთ; ვიღვაწოთ იმისთვის, რომ მყარად ვიდგეთ ფეხზე, რადგან, შეიძლება, მეორე წუთს ისე დავეცეთ, რომ ადგომა ვერ მოვახერხოთ. არ უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, ვინ გაწყენინათ და რისთვის. მხოლოდ ერთი რამ უნდა გახსოვდეთ: ვერავინ გაბედავდა თქვენს წყენინებას, ღმერთს რომ არ სდომებოდა ამის დაშვება. ამიტომ, უმჯობესია, მადლობა შესწიროთ უფალს, რამეთუ, თავსდატეხილი მწუხარებით ის ნათლად გიჩვენებთ, რომ თქვენ მისთვის უცხო არ ხართ და სასუფეველში მიჰყავხართ. თავი ანებეთ ადამიანებთან ურთიერთობისას სიმკაცრეს და ღვთის წინაშე ყოველთვის იყავით როგორც ბავშვები. მუდამ ღვთის სიყვარულში უნდა იმყოფებოდეთ, სწავლობდეთ მას, სუნთქავდეთ მისით. ხსნა მრავალსიტყვაობაში კი არ არის, რომელსაც ხშირად მივმართავთ, არამედ, საკუთარი თავისადმი სრულ ყურადღებაში. უნდა გადაეჩვიოთ კამათს, რადგან ის აღელვებს გულს, გართმევთ სულის მშვიდობიან განწყობას. აღშფოთების წუთებში უნდა შეეცადოთ, რომ გაჩუმდეთ და ამ დროს უნდა ილოცოთ იესოს ლოცვა. მოყვასთან განცდილი ნებისმიერი ურთიერთობისას უნდა ჩაიხედოთ საკუთარ სულში და თითქმის ყოველთვის აღმოაჩენთ, რომ თავად იყავით უკმაყოფილების მიზეზი. ნუ იმართლებთ თავს, ნუ იკამათებთ, უნდა ანუგეშოთ ყველა, მოყვასს უნდა მიმართოთ მხიარულად, სიყვარულით. მოყვასს უნდა ემსახუროთ, რადგან ისიც ქრისტეს ასოთაგანია და ოდნავ შესამჩნევი მიმიკითაც არ უნდა შეურაცხყოთ. როდესაც უცებ თქვენში აღმოაჩენთ მის მიმართ ზიზღს, შეეცადეთ, რომ დაამარცხოთ ეს ცოდვიანი შეგრძნება. უფრო მძიმე ცოდვაა, როდესაც არ გაგვაჩნია სინანული და თავის მართლებას ვიწყებთ.