რატომ დაშორდა ანიტა რაჭველიშვილი მეუღლეს და როგორ შეავსო „თავადმა იგორმა“ მისი კალენდარი 2019 წლის ჩათვლით
ანიტა რაჭველიშვილი გამოირჩევა არა მხოლოდ არაჩვეულებრივი, უძლიერესი ხმით, მაღალი პროფესიონალიზმით და საოცარი არტისტიზმით, არამედ ბევრი ადამიანური თვისებითაც. ამიტომაც, მასთან ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებულად სასიამოვნოა და ასევე, იმის მოსმენა, მსოფლიოში წარმატებული მომღერალი როგორ ცდილობს, ჩვენი ქვეყნისთვის, კულტურის განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტში მიიღოს მონაწილეობა. ის ამჟამად, უფრო სწორად, უკვე დიდი ხანია, სხვა მუსიკოსებთან ერთად ცდილობს, გადაარჩინოს ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური ცენტრი, რომელიც წლებია, საშინელ მდგომარეობაშია და იქ, კონცერტის ჩატარება კი არა, შესვლაც წარმოუდგენელია.
ანიტა რაჭველიშვილი: რამდენიმე დღის წინ, ფოტოგრაფ ლევან ჭყონიასთან ერთად გვქონდა ფოტოსესია, რომელიც ისევ მიქელაძის სახელობის მუსიკალური ცენტრის დახმარების საკითხს ეხება, რადგან, მოგეხსენებათ, რა საშინელ მდგომარეობაშია. გაზაფხულზე დარბაზი ჩამოინგრა, შესვლა შეუძლებელია. ორკესტრი იძულებულია, რეპეტიციებზე აქეთ-იქით იაროს. ამიტომ, გავაკეთეთ ფოტოსესია ჩაბნელებული, დანგრეული დარბაზის ფონზე, ანუ პროტესტის სახე აქვს – ამ ცენტრს აუცილებლად სჭირდება დახმარება. აქციას ერქმევა „დავეხმაროთ მიქელაძის ცენტრს“. ის ტარდება ორგანიზაცია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ სახელით, რომელიც პიანისტ დათუნა ალადაშვილის დაარსებულია. ერთ დღეს, როცა მე და დათუნა დარბაზში რეპეტიციისთვის შევედით, დათუნამ მითხრა: დადექი, მაგარი ფოტო გამოვაო და უცებ მოგვივიდა აზრად, ფოტოსესია გაგვეკეთებინა სხვა მუსიკოსებთან ერთად. მე და დათუნას დაგეგმილი გვაქვს კამერული მუსიკის ტურნე. ერთ-ერთი პირველი ქალაქი იქნება ბერლინი, შემდეგ – ნიუ-იორკი, სანკტ-პეტერბურგი. თუმცა, ამ ტურნეს პროგრამა გვინდა, პირველად ჯერ თბილისში დავუკრათ. სწორედ ამ კონცერტის დროს მოეწყობა მიქელაძის მუსკალური ცენტრის დასახმარებლად გაკეთებული ფოტოების გამოფენა. თვითონ კონცერტი 1 ივლისს გაიმართება ფოიეში და ამით კიდევ ერთხელ გვინდა, გავუსვათ ხაზი იმას, რომ კონცერტი კი ტარდება, მაგრამ ვერ შევდივართ დარბაზში – ფოიეში ვართ, ძალიან ვიწროდ და ულამაზოდ. როგორც „ულამაზოდ“ ვატარებდით აქამდე კონცერტებს, რადგან დარბაზი დანგრეული იყო, ასე გავაგრძელებთ მანამდე, სანამ ხმა არ მივა მათ ყურამდე, ვისაც ეს ეხება, რომ ცენტრი უნდა გარემონტდეს. ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია ნიკას და მისი ორკესტრის ბედი. ის ფაქტი, რომ საქართველოში არიან ძალიან კარგი მუსიკოსები და ფანტასტიკური ორკესტრი, რომელსაც არ ჰყავს პატრონი – სირცხვილია.
– როგორ შედგა შენი და დათუნას არაჩვეულებრივი ტანდემი?
– დათუნა 2011 წელს მოვიდა ნიუ-იორკში ჩემს სპექტაკლზე. მაშინ გავიცანით ერთმანეთი და იმის მერე ვმეგობრობთ. წელს, ფაქტობრივად, 6 თვე ნიუ-იორკში ვიყავი, იქ გადავსახლდი, რადგან ძალიან ბევრი პროექტი მქონდა, „მეტროპოლიტენში“ სამთვიანი გასტროლების გარდაც. თავიდან ხუმრობით დავიწყეთ რაღაცეების კეთება: ის უკრავდა, მე ვმღეროდი. 13 აპრილს, დათუნას დაბადების დღეზე, დაგეგმილი იყო მისი პირველი დისკის პრეზენტაცია, ასევე, კონცერტი და მთხოვა: შენც იმღერეო. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი, ფანტასტიკური კონცერტი გამოვიდა. დათუნამ არაჩვეულებრივად დაუკრა, საღამოს დიდი წარმატება მოჰყვა. კონცერტი ერთობლივი ორი ნომრით დავამთავრეთ, ეს იყო: თაქთაქიშვილის „მზეო თიბათვისა“ და სეგიდილია „კარმენიდან“, რაც კარგი ხუმრობა იყო. ბევრი ვიცინეთ, სეგიდილიას თემაზე ბევრი ვიმაიმუნეთ. კარგად გამოგვდის სცენაზე ერთად მუშაობა. ხალხი ხალისობს ამ სიტუაციით. ჩემი აგენტი ნიუ-იორკში დათუნას კონცერტზე იყო და აბსოლუტურ შოკში ჩავარდა ჩვენი ტანდემით, რაც ძალიან იშვიათია პიანისტსა და მომღერალს შორის. მით უმეტეს, იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ დათუნა არ არის კონცერტმაისტერი, ძალიან ძლიერი სოლისტია და სცენაზე, მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ამიტომ, ძალიან რთულია დათუნასნაირ პიანისტთან ითანამშრომლოს მომღერალმა. მაგრამ, ჩვენ იმდენად ბუნებრივად გამოგვივიდა ყველაფერი, გადავწყვიტეთ, კონცერტების დაგეგმვა დაგვეწყო.
– სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა თქვენი ერთ-ერთი ნომრის ფრაგმენტი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა და დათუნას ძირს დავარდნილი ნოტებიც მიაწოდა. თქვენი პროფესიონალიზმი, იუმორის გრძნობა და შეხმატკბილებული მუშაობა ამ პატარა მონაკვეთშიც კარგად ჩანდა.
– ეს იყო ბერლინში. სასიამოვნო საღამო გამოვიდა. მოულოდნელად გადმოვარდა ნოტები პულტიდან. ფურცლები სპეციალურად არ დავაწებეთ, რადგან ბოლო ორი გვერდი ჯერ მე უნდა მომესროლა: „ეს ხაბანერა ამომივიდა ყელში” და მერე დათუნას: „აჰა, არ გინდა, აი, მეც აღარ ვუკრავ.” მაგრამ, შემთხვევით ჩამოვარდა ერთი ფურცელი, ბატონი პრემიერ-მინისტრი კი ადგა და ჯენტლმენურად მოგვაწოდა – ჩვენც გადაგვარჩინა და სიტუაციაც.
– ანუ, თქვენს კონცერტებზე ყველაფერია მოსალოდნელი?!
– მზად იყავით ყველაფრისთვის, რადგან ისეთი რაღაცეები გვაქვს დაგეგმილი, დავშოკავთ ხალხს. ახლა ყოველდღიურად გავდივართ ძალიან დიდი პროგრამის რეპეტიციებს. აქედან მივდივართ სანკტ-პეტერბურგში, შემდეგ – ბერლინში, ნიუ-იორკში და კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩასვლა იგეგმება. აქამდე კამერული კონცერტების შესრულება არ დამიწყია, სულ ორკესტრებთან ვმუშაობდი, მომღერლისთვის კი აუცილებელია კამერული პროგრამა გააკეთოს და კონცერტმაისტერთან იმუშაოს. ისე დაემთხვა, რომ მე შემხვდა „ჯულიარდის“ ფანტასტიკური, წარმატებული პიანისტი. თუმცა, მას კონცერტმაისტერს მაინც ვერ დავარქმევ, რადგან, ალბათ, მოხვალ ჩვენს კონცერტზე და ნახავ, რომ ორი სოლისტი დგას სცენაზე. ნამდვილად გამიჭირდებოდა სუსტი პოტენციალის მქონე პიანისტთან თანამშრომლობა, რადგან სცენაზე ენერგია მჭირდება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ხმა დიდია და კიდევ სხვა დეტალებს, სწორედ დათუნას ტიპის პარტნიორი მჭირდებოდა სცენაზე. ასე რომ, ის სულ შემთხვევით ვიპოვე. ისე, ნიკას შემთხვევაშიც ასე იყო. ჩამოვიდა მილანში სპექტაკლის სანახავად და შემდეგ დაიგეგმა ჩვენი ხანგრძლივი, დიდი თანამშრომლობა და მეგობრობა. ცოტა ხნის წინ ნიკა და ბენდი ნიუ-იორკში ჩამოვიდნენ. ფანტასტიური კონცერტი ჩავატარეთ, რომელსაც დღესაც ითხოვენ. აღფრთოვანებულები იყვნენ ქართველი მუსიკოსების ნიჭიერებით. სააგენტოში მოდიოდა მსმენელისგან მოთხოვნები: კიდევ გააკეთეთო. შემოდგომაზე ისევ ჩავატარებთ. თბილისშიც გვინდა, გავიმეოროთ ეს პროგრამა.
– „მეტროპოლიტენის“ სამთვიანი გასტროლი ძალიან წარმატებული იყო.
– „თავადმა იგორმა“ დიდი წარმატებით ჩაიარა. ჩერნიაკოვს ძალიან საინტერესო სპექტაკლი გამოუვიდა. პირდაპირი ტრანსალაცია იყო მთელ მსოფლიოში. კინოთეატრებში ახლაც პერიოდულად გადის სპექტაკლები და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი მეგობრები მწერენ ხოლმე: ვიყავით, ვნახეთ. ჩემი პარტია ძალიან ლამაზი გამოვიდა: ყაყაჩოების მინდორში ნახევრად გაშიშვლებული, გრძელთმიანი ქალი.
– მახსოვს, მითხარი, ჩერნიაკოვი, იმედია, გაშიშვლებას არ მომთხოვს და თუ მომთხოვს, აუცილებლად გადავარწმუნებო.
– არ დავთანხმდი, ამიტომაც მეცვა თხელი, კრემისფერი ღამის პერანგი, არსად არაფერი მიჩანდა. დამიგრძლეს თმა, ძალიან გრძელი შავი თმა მქონდა, რომელიც მოუხდა ყაყაჩოების მინდორს: მე შავი თმით, კრემისფერი ღამის პერანგით, გარუჯული კანით. სპექტაკლმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა. სულ 9 წარმოდგენა გაიმართა, ბოლო 4 სპექტაკლზე საერთოდ აღარ იყო ადგილები. მეგობრებისთვის მინდოდა ბილეთები, მაგრამ ვერ ვიშოვე. იმედი მაქვს, ამ რეჟისორთან კიდევ ვითანამშრომლებ. „თავად იგორს“ ძალიან დადებითი გამოხმაურება ჰქონდა. საუბარი იყო: ჩემს ხმაზე, სცენიურ, ფიზიკურ მონაცემებზე. „ნიუ-იორკ თაიმსშიც“კარგი შეფასება დაიწერა ჩემზეც, სპექტაკლზეც. საბედნიეროდ, ამ გამოცემისგან სხვაგვარი გამოხმაურება არასდროს მქონია. ამის შემდეგ მიუნხენი მოვიარე და დავბრუნდი ისევ ნიუ-იორკში, დათუნას კონცერტში მივიღე მონაწილეობა და მერე ტორონტოში წავედი, სადაც ფანტასტიკურ დადგმაში მივიღე მონაწილეობა. ეს იყო „დონ კიხოტი“. დულსინეას პარტია ვიმღერე, რომელზეც ვგიჟდები, ძალიან მიყვარს. სპექტაკლი იყო ტრადიციული, ძალიან საინტერესო. არაჩვეულებრივ ბანთან – ფერუჩო ფურლანეტოსთან მომიწია თანამშრომლობა. იტალიელი ბანია, ასაკოვანი, ფანტასტიკური მომღერალი და მასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მისგან რაღაც შემოთავაზებებიც იყო. ნიუ-იორკის „თავადი იგორის“ შემდეგაც ძალიან ბევრი შემოთავაზება წამოვიდა, რამაც ჩემი კალენდარი შეავსო 2019 წლის ჩათვლით. თან, ისე შეავსო, რომ არც კი ვიცი, სახლში როდის ჩამოვალ. მომავალ წელს პარიზის ოპერის თეატრის სეზონს ვხსნი „დალილათი“ და ვხურავ „კარმენით“. მერე მაქვს „აიდა“ პარიზის თეატრში. „ლა სკალაში“ თებერვალ-მარტში „აიდაა“ დაგეგმილი, „კარმენი“ კი – ზაფხულში.
– მახსოვს, დეტროიტში, „აიდაში“ შენ და შენი მეუღლის დებიუტი შედგა. ახლაც ხომ არ იგეგმება მსგავსი რამ?
– ჩვენ დავშორდით. არ იცოდი?
– არა, არ ვიცოდი. სიყვარულით შექმნილი ოჯახი გქონდათ, ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა...
– სიყვარულით შექმნილი ოჯახი იყო, მაგრამ რაღაც ეტაპზე გართულდა. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ, ერთმანეთისგან შორს ვიყავით. მეორე მხრივ, სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ იყო ეჭვიანობისა და გარკვეულწილად, შურის მომენტიც, ამის გამო ძალიან გაგვირთულდა ურთიერთობა, თუმცა მეგობრობა შევინარჩუნეთ. ხანდახან ვკონტაქტობთ. როცა ურთიერთობა მეგობრობიდან იწყება და მერე ჩნდება სიყვარული, ძირითადად, ეს მთავრდება იმით, რომ მეგობრობა რჩება, სიყვარული კი ქრება. სწორედ ასე მოგვივიდა მე და ჩემს მეუღლეს. ვიმეგობრეთ, მერე ვიცხოვრეთ ერთად და ბოლოს ისევ მეგობრობით დავამთავრეთ ყველაფერი. ორივემ გადავიტანეთ რთული პერიოდი, ასე ვთქვათ, მუშაობას შევაკალით თავი. ამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ჯობია, დროზე მიხვდე, ვიდრე უფრო შეტოპო და მერე აღმოაჩინო, რომ 20 წელი უბედური ყოფილხარ.
– ძალიან ლამაზი სახელი გქვია, რომელიც ჩემთვის ოპერასთან, სიმღერასთან, ხელოვნებასთან ასოცირდება. მგონი, ერთგვარი „კოდი“ ჩადეს ამ სახელში შენმა მშობლებმა.
– პრინციპში, იტალიასთან ასოცირდება, რადგან გარიბალდის ცოლს ერქვა ანიტა. ბებიას უყვარდა ეს სახელი, იტალია, საოპერო მუსიკა. ეს სახელი მისი არჩეულია. შეიძლება, მართლაც არის წარმატების კოდის მატარებელი. სახელი აშკარად სწორად მაქვს შერჩეული, გვარიც კი ვასწავლეთ უცხოელებს. იყო პერიოდი, როცა „ლა სკალას“ აკადემიიდან მოდიოდა ძალადობა: შეიცვალე გვარი, ძალიან გრძელია, ვერ გამოვთქვამთო. ბოლოს, ჩემდა დაუკითხავად შეცვალეს, რადგან სტუდენტი ვიყავი და ბევრს არაფერს მეკითხებოდნენ. მაგრამ, მერე, როცა დადგინდა, რომ ვმღეროდი „კარმენს“ „ლა სკალაში“, მაესტრო ბარენბოიმმა მოითხოვა: გვარი დაუბრუნეთ – ქართველია, ეს მამამისის გვარია და უნდა ჰქონდესო. მახსოვს, ამ მოთხოვნის მერე პირველივე აფიშაზე დაიწერა ჩემი გვარი და არა ფსევდონიმი – „რაველი“, რომელიც მათი გადაწყვიტილებით უნდა ამეღო.
– თუ არ ვცდები, პარიზის ოპერაში ჯერ არ გიმღერია.
– ლონდონში, „კოვერ გარდენში“ მქონდა დებიუტი, „მეტროპოლიტენში“. ყველა ამ დონის თეატრი მოვლილი მაქვს და პარიზი დამრჩა ობლად – იქ არასდროს მიმღერია. მომავალი წლიდან, მგონი, მთელი წელი მომიწევს პარიზში ყოფნა, რადგან სამ სხვადასხვა დადგმაში უნდა მივიღო მონაწილეობა. თითო დადგმას, მინიმუმ, ორი თვე უნდა. ასევე, ვბრუნდები „ლა სკალაში“, ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი ბედნიერება. 2010 წლის მერე აღარ ჩავსულვარ მილანში, თან, ჩემი „კარმენით“ ვბრუნდები. თუმცა, მანამდე „აიდა“ მაქვს. რაც მთავარია, ეს ახარებთ ჩემს მილანელ ფანებს. ბევრთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, ზოგჯერ დასასვენებლადაც ერთად მივდივართ. თუმცა, არიან დაავადებული ადამიანები, ვისაც უნდა გაექცე.
– შენი ფანების რიცხვშიც არის ასეთი?
– ნიუ-იორკში არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე მოდის „მეტროპოლიტენთან“ სპექტაკლამდე ორი საათით ადრე და მელოდება. არასდროს ესწრება სპექტაკლს, მაგრამ დაწყებამდე და დამთავრებისას აუცილებლად თეატრის შესასვლელთან დგას საჩუქრებით. წელს, სიყვარულის დღეს ნიუ-იორკში ვიყავი. ჯერ მოვიდა საჩუქრები და მერე ტიპი საჩუქრებით. მეშინია მისი, უცნაური ტიპია. ისეთი საჩუქრებია, ცოტა შოკში ვვარდები: გულები, დათუნიები. ვცდილობ, არ გავაღიზიანი, ვიყო ზრდილობიანი და აქ დამთავრდეს ყველაფერი. რაც მთავარია, კოლეგებმა იციან და მარტო არასდროს მიშვებენ თეატრიდან, ყოველთვის ვიღაც მყავს გვერდით.
– მუდმივად გიწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ეს არ იქნება ადვილი.
– ძალიან რთულია, კარგია, როცა შენი სახლი გაქვს, სადღაც ბრუნდები. ისე, წელს იმდენი დრო გავატარე ნიუ-იორკში, რომ ჩავდიოდი, ვამბობდი: სახლში მოვედი-მეთქი. რთულია სულ გზაში ყოფნა, ურთიერთობებსაც ვერ აგებ ადამიანებთან. მიჯაჭვული ხარ ინტერნეტს, რადგან სხვა გზა არ გაქვს. ყველაზე რთული ისაა, რომ რა დიდი წარმატებაც არ უნდა გქონდეს, ჩვენნაირი ადამიანები საბოლოოდ მარტო რჩებიან. მე და დათუნა, მე და გიორგი მიქაძე ვსაუბრობთ ხოლმე ამ თემაზე. მახსოვს, ტორონტოში მქონდა პრემიერა, გიორგის კი არაჩვეულებრივი კონცერტი – ბოსტონში, დიდ სცენაზე. მერე ერთმანეთს დავურეკეთ, გავუზიარეთ ემოციები: რა კარგად ჩაიარა ყველაფერმა... და უცებ ვამბოთ: რა ცუდია, რომ მარტო ხარ. ასეთ დროს ძალიან გინდა, ვიღაცას მოუყვე შენი ემოცია, თან, საქართველოში დილაა, ვერავის დაურეკავ, ვერ მოუყვები. ძალიან რთულია ჩვენთვის, მუსიკოსებისთვის სახლიდან შორს ყოფნა. როცა დიდი წარმატება გაქვს, აპლოდისმენტები, ასეთ დროს მსმენელისგან ძალიან დიდი ადრენალინი მოდის, მაგრამ მერე ჯდები ტაქსიში, მიდიხარ სახლში და აღმოჩნდება, რომ მარტო ხარ. ეს სიცარიელის დიდ შეგრძნებას გიტოვებს. თუმცა, საწუწუნო არაფერი მაქვს, ვმუშაობ, ამისთვის ვშრომობ ამდენს...
– იმედია, მომავალში ეს გრძნობა აღარ გექნება და გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელსაც ამ დიდ ემოციებს მუდმივად გაუზიარებ.
– არ მინდა, ვიცხოვრო ისეთი ადამიანთან, რომელიც მე დამყვება კუდში და საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია. იმისთვის, რომ ვიღაცასთან ბედნიერი იყო, ის ადამიანიც საკუთარ თავთან უნდა იყოს ბედნიერი. ამიტომ, მარტომ უნდა ისწავლო, იყო ბედნიერი და მერე სხვა დანარჩენი...